რა „საჩუქრები“ დაუტოვა მარიამ გაფრინდაშვილს მძარცველმა და ვინ იტაცებდა მას პირდაპირ ეთერში
ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 31.01, 2022 წელი

გასულ კვირას ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილის ავტომობილი გაქურდეს. ძარცვა უცნაური აღმოჩნდა, მძარცველმა იმაზე მეტი დატოვა, ვიდრე წაიღო.
მარიამ გაფრინდაშვილი: წინამძღვრიშვილზე ვცხოვრობ. რამდენიმე დღის წინ ავტომობილი სახლთან ახლოს დავაყენე, იქ, სადაც საერთოდ ვაყენებ ხოლმე და სახლში შევედი. მეორე დღეს მივედი, ავტომობილის კარი გავაღე და ვხედავ, რომ შიგნით ყველაფერი თავდაყირაა, საშინელი არეულობაა. უცებ საკუთარ თავზე გავბრაზდი, ასეთი არეულობა როგორ დავტოვე-მეთქი, მაგრამ რამდენიმე წამში მივხვდი, რომ ეს მე არ გამიკეთებია. უცებ მეგონა, რაღაც თამაშში აღმოვჩნდი, სადაც ტურიდან ტურში გადავდიოდი და თითოეულ ტურში სიახლე მხვდებოდა. პირველ ტურში ყავა აღმოვაჩინე ჩემს მანქანაში, რომელსაც მე არ ვსვამ. შემდეგ ტურში დანა, რომელიც იმხელაა, ხანჯალს ვეძახი. შემდეგი ტური ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა, აღმოვაჩინე, რომ მობილურიც დამიტოვეს. თავიდან გამეცინა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მერე პოლიციაში დავრეკე და გამოძიება დაიწყეს.
– იმდენად აბსურდული ამბავია, ალბათ, ვერსიებზე საუბარიც რთულია.?
– ახლა უკვე ვხუმრობ, მარტო მე თუ დამიტოვებდნენ ასეთ რამეს ავტომობილში. ვერსიებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან გამოძიების პროცესი მიდის, თუმცა, მე რა ინფორმაციაც მაქვს, იქიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ სავარაუდო დამნაშავე ნასვამი იყო და შესაძლოა, ჩემს ავტომობილში ღამეც კი გაათია (იცინის). წაღებულია ჩემი საფულე და ყველაზე მეტად რაზედაც გული მწყდება, ეს არის ჩემი აკრედიტაციების ნაწილი და ყველა პრესბარათი, მართვის მოწმობა და სხვა დოკუმენტები. მანქანაში „ჯიპიარეს“ მოწყობილობა იყო და ესეც წაუღია. ორი დღის განმავლობაში ვუყურებდი, სად გადაადგილდებოდა ეს ადამიანი, პოლიციამაც იცის მისი გადაადგილების შესახებ და ვნახოთ რა იქნება, ველოდები. ჩემი მხრიდან არასწორია ამის თქმა, მაგრამ უბრალოდ, მინდა, ვნახო ეს ადამიანი და ვკითხო, რა ღონისძიებები ჩაატარა ჩემს ავტომობილში (იცინის). უცნაური ამბავია, ყველანაირი მტკიცებულება დატოვა და ადრე თუ გვიან, ყველაფერს გავიგებთ.
– შეიძლებოდა ეს დაშინების მცდელობა ყოფილიყო?
– ამ ეტაპზე ასე არ ვფიქრობ. ამ ადამიანის იდენტიფიცირებას ველოდები. კამერა უყურებდა იმ ადგილს, სადაც ჩემი მანქანა იდგა და ჩანაწერებსაც ველოდები. უცნაური ამბავია და არ მინდა, ვერსიებზე წინასწარ ვილაპარაკო. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანს პირადად გავიცნობ (იცინის).
– ამ ფაქტმა ძალიან ბევრს გაახსენა შენი მოტაცების მცდელობა, რომელიც პირდაპირ ეთერში ვნახეთ და ბევრს ეჭვი გაუჩნდა, რომ ამას შენი „თაყვანისმცემელი“ გააკეთებდა.
– როგორც იქნა გამოჩნდაო, მეუბნებოდნენ (იცინის). მოტაცების მცდელობას რაც შეეხება, მაშინ პირდაპირ ეთერში შემოვარდა „ბატონი მაჩო“ და ხელი დამავლო. ადამიანების ნაწილი, ძირითადად, ბოტები და ტროლები, წერდნენ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ დავდგით. არ ვიცი, ეს ვერსია როგორი ადამიანის ტვინში უნდა მოიხარშოს, სრული ბოდვაა. რეალურად, თავიდან მეგონა, რაღაც დანაშაული ჩავიდინე და პოლიცია მაკავებდა. აზრზე ვერ მოვედი, რა ხდებოდა და რამდენიმე წამი ისტერიკულად მეცინებოდა, რაც კადრშიც ჩანს. ამიტომ ჩათვალეს, რომ დადგმული იყო. როგორც შემდეგ ოფიციალურმა უწყებებმა მითხრეს, ამ ადამიანს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და როგორც ვიცი, ის დღემდე მკურნალობს ფსიქიატრიულ კლინიკაში. რომ მახსენდება, ან იმ კადრებს ვუყურებ, დღემდე მეცინება, თუმცა ამ ვიდეოს გამო ძალიან ბევრი მაბულინგეს.
– რეალურად, ეს ადამიანი მართლა მარიამს იტაცებდა თუ შენ შემთხვევით აღმოჩნდი ამ მდგომარეობაში?
– იმ მომენტში ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გვქონდა ეთერი. მე ავტომობილში ვიჯექი. მანამდე პირდაპირი ჩართვები ჩემს სხვა კოლეგებს ჰქონდათ. მე ჩემს ჩართვას ავტომობილში ველოდი და როცა დრო მოვიდა, მაშინ გადავედი. იმ პერიოდში სულ ბადრი ესებუაზე ვსაუბრობდი, მასზე მქონდა რეპორტაჟების სერია და წამიერად ვიფიქრე, ბადრი ხომ არ დამადგა-მეთქი (იცინის). მე რომ გადავედი მანქანიდან, მაშინ მოვიდა ეს ადამიანი, მანამდე ჩემს კოლეგებთან არ მისულა და მერე ბევრი ამბობდა, რომ ის ჩემი შეყვარებული იყო, იმიტომ, რომ თურმე იძახდა, მარიამი მიყვარსო. დღემდე მესმის ეს აზრი და კიდევ გავიმეორებ: არა, ის ადამიანი არ არის ჩემი შეყვარებული, პირველად ვნახე იმ დღეს. მერე მართლა ძალიან ვინერვიულე, იმიტომ, რომ უკიდურესი ლანძღვა მივიღე იმის გამო, რაც მოხდა, რაც მართლა არ დამიმსახურებია. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს, რომ მე დავდგი. ან რატომ უნდა დამედგა ასეთი რამ, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან მლანძღეს.
– ეთერში ძალიან ბობოქარი და შეუპოვარი ხარ, რეალურად?
– ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, მშვიდად ყოფნა არ შემიძლია. ნელი ტემპით ვერაფერს ვაკეთებ, მგონია, რომ დრო არ მეყოფა. არ მიყვარს საქმის გადადება, მინდა, ყველაფერი დღეს გავაკეთო. სულ იმის განცდა მაქვს, რომ ძალიან ცოტა დრო მაქვს და ვცდილობ, ყველაფერი მოვასწრო. საერთო ჯამში, ეკრანული და რეალური მარიამი ძალიან არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
– როგორი ბავშვობა გქონდა?
– გავიზარდე, ჩემი აზრით, ამ ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და საინტერესო ქალაქ ჭიათურაში. უკიდურესად მიყვარს ეს ქალაქი, ჩემს ბავშვობასთან, უკარგეს მოგონებებთან ასოცირდება. ბავშვობაშიც ასეთი ვიყავი, შარიანი (იცინის). სულ რაღაცები მემართებოდა, „შრამები“ მქონდა, სიფრიფანა და ჰაეროვანი არასდროს ვყოფილვარ. ძალიან მიყვარს ის პერიოდი და ჩემი ქალაქი. ორი დღეც რომ მაქვს თავისუფალი, ვცდილობ, ჩავიდე. განსაკუთრებულად მიყვარს ჩემი სახლი. გულწრფელად ვიტყვი, მე მაინტერესებს ხალხი ჩემზე რას იტყვის და ყველაზე მეტად მაშინ მიხარია, როცა ჩემს ქალაქში მეუბნებიან, რომ კარგი რეპორტაჟი გავაკეთე ან ჩემს სიუჟეტს ელოდებიან – ეს განსაკუთრებით სასიამოვნოა.
– ბავშვობაშივე ამბობდნენ, ამ გოგოსგან რაღაც გამოვაო?
– კი, ამბობდნენ, იმიტომ, რომ ყოველთვის ძალიან აქტიური ვიყავი. თუმცა ვიღაცები ფიქრობდნენ, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა და შესაძლოა, ახლაც ფიქრობენ, რომ არაფერი არ გამოვიდა, მაგრამ მე არ მწყინს (იცინის).
– ამდენი წელია, ეკრანი შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ წამყვანის ამპლუა ბოლო პერიოდში მოირგე. როგორი აღმოჩნდა?
– მე მაინც ქუჩის რეპორტიორი ვარ. დღემდე, როცა რაღაც ხდება, მინდა, ქუჩაში ვიდგე და გადაღებებზე ახლაც დავდივარ. სტუდია ჩემთვის ახალი გამოცდილებაა, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტი ისევ ქუჩის რეპორტიორობა და შემთხვევის ადგილზე მუშაობაა. როცა სტუდიაში ვზივარ და გარეთ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, ყველა ჟურნალისტის მშურს, ვინც შემთხვევის ადგილზე მუშაობს. მზად ვარ, გავიქცე და იქ მივიდე. ჩემთვის ჟურნალისტიკა ქუჩის რეპორტიორობაა და ვფიქრობ, რომ თუ ეს ეტაპი არ გაქვს გავლილი, ისე კარგი ჟურნალისტი ვერ იქნები. არ ვაპირებ ამ პროფესიაში დავრჩე და არ ვიყო ქუჩის რეპორტიორი. ამის გარეშე მართლა არ შემიძლია. ამაზე რომ უარი ვთქვა, საერთოდ უნდა წავიდე ჟურნალისტიკიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან