რა საახალწლო რიტუალი აუკრძალა მამამ რუსკა ქარქაშაძეს და ვინ გადაარჩინა ის თოვლში გაგუდვას
ავტორი: ნონა დათეშიძე 23:00 27.12, 2021 წელი

18 წლის რუსკა ქარქაშაძე 12 წლიდან დამოუკიდებლად ცხოვრობს. საკუთარი შემოსავლით ცდილობს, თავიც გაინებივროს და ოჯახის წევრებიც საჩუქრებით გაახაროს. ეს წელი მისთვის ნამდვილად წარმატებული იყო, თუმცა მომავალ წელს გაცილებით დიდი გეგმები და იმედები აქვს. ფაქტია, მისი შრომისმოყვარეობის წყალობითა და მიზანდასახულობით, თანატოლებისგან განსხვავებით, ბევრს მიაღწია და როგორც თავად ამბობს, ამის გამო არასტანდარტული ბავშვობა გამოიარა.
რუსკა ქარქაშაძე: წელს უამრავი სიახლე მოხდა ჩემს ცხოვრებაში – პროფესიულად ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე, მეორედ გავხდი მეჯვარე, გავხდი სტუდენტი, ტელევიზიაში კი წარმატებით დავიწყეთ გადაცემის ახალი სეზონი. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ჩემთვის ეს წელი საკმაოდ წარმატებული იყო, ნამდვილად არ ვემდური, გაცილებით კარგი წელიწადი იყო, ვიდრე წინა. და, კიდევ, სახლი შევიცვალეთ და გადაბარგების პროცესში ვართ. იმედია, მოვასწრებთ ახალ წლამდე გადასვლას. თუმცა, ბევრი სირთულეც იყო, მაგალითად, კოვიდი გადავიტანეთ მთელმა ოჯახმა. იმედს ვიტოვებ, მომავალი წელი გაცილებით წარმატებული და პოზიტიური იქნება ჩემთვის. ახალი წელი განსაკუთრებულად მიყვარს, ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. მშობლები ყველაფერს ცდილობდნენ, რომ ახალი წელი ჩემთვის და ჩემი და-ძმისთვის ჯადოსნური ყოფილიყო.
– ოჯახში განსაკუთრებული საახალწლო ტრადიცია გაქვთ?
– ოჯახური ტრადიციაა, ახალ წელს ყველანი სახლში შევხვდეთ, ერთად აღვნიშნოთ დღესასწაული და მერე ნათესავებთან და მეგობრებთან წავიდეთ ან მოვიდნენ და ერთად ვიზეიმოთ. თუმცა, ეს ჩვენი ოჯახური ტრადიცია ბოლო ორი წელია, მე „შემომერღვია“. კონცერტები მიმყავდა და ამიტომ, ორი წელია, ოჯახის გარეშე ვხვდები ახალ წელს. არ დამავიწყდება, ერთხელ, მითხრეს, ასეთი საახალწლო რიტუალია, თუ გინდა, სურვილი აგიხდეს, ფურცელზე სურვილი დაწერე, დაწვი, შამპანიურიან ჭიქაში ჩაყარე და 12 საათი რომ ჩამოჰკრავს, დალიეო. ჩამოვაწერინე ოჯახის წევრებს სურვილები დიდ ფურცელზე, დავწვი, ჩავუყარე ჭიქებში და იმხელა ფურცელზე დავწერე და დავწვი, კინაღამ დავახრჩე და გავგუდე (იცინის). მამაჩემმა ამიკრძალა, მეორედ ასეთი რამე აღარ მოიგონოო (იცინის). საახალწლო ტრადიცია კიდევ ის გვაქვს, რომ ოჯახის წევრები ახალი წლის დადგომამდე, წინასწარ ვჩუქნით საჩუქრებს ერთმანეთს და მერე, ახალი წლის ღამეს, მთავარ საჩუქარზე გადავდივართ. არ დამავიწყდება, რაც თავი მახსოვს, ყოველ ახალ წელს, როგორც კი თორმეტი საათი ჩამოჰკრავდა, კარზე იყო კაკუნი, ვაღებდით და გვხვდებოდა საჩუქრები. ეს დიდი სიურპრიზიც იყო და სიხარულიც.
– კართან საჩუქრებს თოვლის ბაბუა გახვედრებდათ თუ მშობლები?
– მშობლები სახლში იყვნენ, თოვლის ბაბუა არ ჩანდა და დღემდე არ ვიცი, ვის მოჰქონდა ის საჩუქრები (იცინის). ინკოგნიტო თოვლის ბაბუა იყო, სავარაუდოდ.
– მეკვლედ თუ გეპატიჟებიან და როგორი ფეხი გაქვს?
– სხვათა შორის, ძალიან კარგი მეკვლე ვარ, კარგი ფეხიც მაქვს. ბიძაჩემი იყო ფეხბურთელი და თამაშის წინ სულ მირეკავდა: ხვალ თამაში გვაქვს და მოდი, რომ მოვიგოთო (იცინის). წელს მეგობრის მეკვლე ვიყავი, ცოლი მოიყვანა და მისი მეჯვარეც გავხდი. ასე რომ, დაოჯახების კუთხითაც კარგი ფეხი მაქვს და ამ მხრივ, უკვე მითხრეს კომპლიმენტი. ძალიან მიყვარს თოვლი და რადგან თბილისში არ მოდიოდა, მშობლებს ბაკურიანსა და გუდაურში დავყავდით. ბევრს ვსრიალებდით, ბევრჯერ გადმოვყირავებულვარ და თოვლში თავითაც გავჭედილვარ (იცინის).
– თოვლში თავით როგორ გაიჭედე?
– ძალიან დიდი თოვლი იდო. მე და ჩემმა დამ ვთქვით: მოდი, სიმაღლიდან გადმოვხტეთ და ჩავხტეთო. მოკლედ, გადმოვხტით, ჩავხტით და გავიჭედეთ თავებით (იცინის). კინაღამ გავიგუდეთ, მშობლებმა გადაგვარჩინეს.
– პატარა ასაკიდან მუშაობ, შენი შემოსავალი გაქვს, დამოუკიდებელი ხარ, თუმცა, ასე რომ არ ყოფილიყო, ზუსტად ვიცი, მშობლები არაფერს მოგაკლებდნენ. რატომ გადაწყვიტე პატარა ასაკიდან პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ჰქონდა ამას?
– 12 წლიდან მაქვს ჩემი ხელფასი და ამ ასაკიდან მშობლებისთვის, ფული არ მითხოვია. ასე რომ, 12 წლიდან დამოუკიდებელი ვარ და ჩემს კარიერას თავად ვიქმნი. მშობლები ხშირად მეკითხებიან: ეს ხომ არ გინდა, ის ხომ არ გიყიდოთო... თუმცა, უარს ვეუბნები. აბიტურიენტობისას მომზადების ფულს რეპეტიტორებს ჩემი შემოსავლიდან ვუხდიდი. მშობლები კი მეუბნებოდნენ, ეს ჩვენი ვალდებულებააო, მაგრამ მკაცრად დავსვი საკითხი და ულტიმატუმი წავუყენე, რომ ჩემს განათლებაში ფულს თავად ჩავდებდი, რომ მე თავად მსურდა ასე. კარგია ადრეული ასაკიდან დამოუკიდებლობა, რადგან უფრო პასუხისმგებლიანი და მიზანდასახული ხდები, თუმცა უარყოფითი მხარეებიც აქვს. როცა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებ, გინდა არ გინდა, ბოლომდე უნდა მიიყვანო, მიზანს არ გინდა ჩამორჩე და გარშემომყოფებიც მეტს გთხოვენ. მაგალითად, ჩემი ასაკის ბავშვები სხვა რამით იყვნენ დაკავებული, ერთობოდნენ, მე კი, სულ გადარბენებზე ვიყავი. ვგრძნობ, რომ ჩემს ტოლებზე დიდი ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა, 12 წლის მერე მე ბავშვობა არ მქონია. თუმცა, ყველაფერი მქონდა, რაც მჭირდებოდა. ჩემი ტოლები რომ ქალაქგარეთ მიდიოდნენ დასასვენებლად ან გასართობად, მე ამ დროს ვმუშაობდი, გადაღებები მქონდა, ღამეებს ვათენებდი. შესაბამისად, სტანდარტული ბავშვობა არ მქონია. ოჯახში თუ რამე საკითხი იყო გადასაწყვეტი, მშობლები აუცილებლად ითვალისწინებდნენ ჩემს აზრს, დღესაც, პირველი ვისაც ურეკავენ, ვარ მე. როცა გადაწყვეტილებას ეხება საქმე, ამ მხრივ, ტოლები ვართ. მოკლედ, ადრეულ ასაკში დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყებას ბევრი პასუხისმგებლობები მოჰყვება. რაც მეტ ვალდებილებას იღებ საკუთარ თავზე, მეტს და მეტს გთხოვენ და სწორიცაა. მე მომწონს. ერთი სიტყვით, არასტანდარტული ცხოვრების გამო ადრე მომიწია გაზრდა.
– მანქანაც შენი ფულით იყიდე. ცალკე, ოჯახისგან დამოუკიდებლად ცხოვრებასაც ხომ არ გეგმავ?
– კი, მანქანაც ჩემი გამომუშავებული ფულით ვიყიდე. რაც შეეხება ცალკე ცხოვრებას, მიფიქრია და ჩემს მშობლებსაც მოსწონთ ეს აზრი. თუმცა, ჯერ არ მინდა, სხვა გეგმები მაქვს. უცხოეთში მინდა სწავლის გაგრძელება, თუმცა წინასწარ არ ვამბობ, ცუდად მაქვს დაცდილი. რაც ვთქვი, ისე არ გამოდის, სჯობს, ჯერ გამოვიდეს და მერე ვილაპარაკო. თან, ჩემი გრაფიკის გამო დილით ადრე გავდივარ და გვიან შევდივარ სახლში და მიყვარს, როცა ვიღაც მხვდება. არც სახლში მარტო ყოფნა მომწონს და არც მარტო ძილი. მე და ჩემს დას ცალ-ცალკე ოთახები გვაქვს, მაგრამ ვცდილობ, ერთად გვეძინოს. მიყვარს, როცა ოჯახის წევრები ფუსფუსებენ, სახლში სხვა აურა და გარემო იქმნება. კომფორტსა და განწყობას ოჯახური გარემო მიქმნის, მათ გარეშე, დამოუკიდებლად ცხოვრება უცხოეთშიც მეყოფა. აქ მაქსიმალურად ვტკბები მათ გვერდით ყოფნით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან