რა პირობა შეუსრულა დეა აფციაურმა საკუთარ თავს და როგორ ქმნის ის ჰარმონიულ გარემოს ოჯახში
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 01.08

დეა აფციაურს მეორე შვილი შეეძინა. ის და ოთო აბესაძე ბიჭუნას მშობლები გახდნენ. როგორია ყოველდღიურობა, როგორ ზრუნავს უფროსი და პატარაზე და რა აღმოჩნდა რთული ამ პროცესში, ამ ყველაფერზე დეა გვესაუბრა.
დეა აფციაური: ორი შვილის დედობა ჩემთვის, დედისერთა ადამიანისთვის, ძალიან ემოციური და გულისამაჩუყებელია. სულ ვამბობდი, რომ მინდოდა, მინიმუმ, ორი შვილი მაინც მყოლოდა ერთმანეთის იმედად და ბედნიერი ვარ, რომ ეს პირობა შევუსრულე ჩემს შვილებს და საკუთარ თავს.
სხვა მხრივ, როგორც ხდება ხოლმე, საკმაოდ ქაოტურია ოჯახში ახალი ადამიანის შემობრძანება. ნელ-ნელა ვეჩვევით ერთმანეთს და ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდებით.
- კირა როგორ შეხვდა პატარა ძმას?
– უნდა ვაღიარო, ველოდი, რომ კირას ექნებოდა ეჭვიანობის მომენტები. მშობელი როგორც არ უნდა ცდილობდეს ყურადღების თანაბრად გადანაწილებას, რაც მგონია, რომ გამოგვდის კიდეც, მაინც არის ხოლმე დედმამიშვილებში ეჭვიანობის მომენტები. მით უმეტეს, რომ კირაც არ არის დიდი, ჯერ მხოლოდ ხუთი წლისაა. ამიტომ არ გამიკვირდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, საერთოდ არ ეჭვიანობს. უფრო მეტიც, ძალიან მზრუნველია. ცოტა ხნის წინ, ძალიან სასაცილო ამბავიც მოხდა, ოთახიდან გამოვედი და ვერ დავინახე, კირა რა დროს შევიდა, მაგრამ ცოტა ხანში გამოცვლილი პამპერსი გამოიტანა. შოკში ვიყავი, რა თქმა უნდა, კირას არავინ აკისრებს ძმის მოვლის პასუხისმგებლობას. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, როცა უფროს დედმამიშვილს ავალებენ უმცროსის გაზრდას. კირას თავისი ბავშვობა აქვს გასავლელი და რა თქმა უნდა, არაფერს ასეთს არ ვთხოვთ, მაგრამ თვითონ მოიფიქრა, მივიდა და პამპერსი გამოუცვალა (იცინის). მართალია, უკუღმა ჩააცვა, მაგრამ მისი სურვილი უკვე ძალიან სასიამოვნო და გულისამაჩუყებელი იყო ჩემთვის. ძალიან ამაყობს თავისი ძმით, უნდა, ყველას აჩვენოს. ეზოში რომ გამყავს, ყველას ეძახის, მოდით, ნახეთ, როგორი ძმა მყავსო. მოკლედ, იმედი მაქვს, ბოლომდე შევინარჩუნებთ ამ განწყობას (იცინის).
– ხუმრობდი კიდეც, ზოგადად, შვილი მშობლის ანარეკლია, მაგრამ ჩემი ორივე შვილი მამის ანარეკლიაო. არცერთი არ გგავს, ხომ?
– ეს ფაქტია, რომელსაც ვერ გავექცევით (იცინის). ყველა ვთანხმდებით, რომ ორივე მამიკოს ჰგავს. თუმცა, კირა რაც გაიზარდა, თითქოს ცოტათი დამემსგავსა და ძალიან ბედნიერი ვარ. გიო ამ ეტაპზე გარეგნულად ნამდვილად მამის ასლია. რაც შეეხება ხასიათს, ძალიან კარგი ბიჭია, იდეალური ჭამის და ძილის რეჟიმი აქვს. ამ ეტაპზე სხვა არაფერი მოეთხოვება. მშვიდია, კარგი რეჟიმით ავეწყვეთ და გვიხარია, თუმცა, მქონდა მოლოდინი, რომ შეიძლებოდა, ღამეების თენებაც დაგვჭირვებოდა. შესაძლოა, მომავალში ასეც მოხდეს, მაგრამ არც ეს არის პრობლემა, მზად ვარ.
– სხვა მოლოდინი, ალბათ, საკმაოდ რთული ფეხმძიმობიდან გამომდინარე გქონდა.
– საერთოდ, ყველაზე მეტ მოლოდინს საკუთარი გამოცდილება გიქმნის. კირას შემთხვევაში, ორსულობაც უმარტივესი მქონდა და მშობიარობაც, ყველაფერმა იდეალურად და მარტივად ჩაიარა. გიოს შემთხვევაში ძალიან რთული ფეხმძიმობა მქონდა. ტოქსიკოზი, სისუსტე – ყველაფერი გამოვცადე. იყო დღეები, როცა ფეხზე დგომა არ შემეძლო და თავს ძალას ვატანდი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მომენტამდე აქტიური ვიყავი, ვმუშაობდი და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს იმიტომ ვახერხებდი, რომ საკუთარ თავს ვაძალებდი, სახლში არ დავმჯდარიყავი და თვითნებურად წოლით რეჟიმში არ გადავსულიყავი. ანუ, ბავშვს ყველაფერი კარგად ჰქონდა, უბრალოდ, მე ვიყავი ძალიან სუსტად. უკვე ვფიქრობდი, რომ მშობიარობა და შემდგომი პერიოდიც რთული იქნებოდა, ბავშვის რეჟიმიც – არეული და ასე შემდეგ. საბედნიეროდ, მშობიარობამ, ისევე, როგორც კირაზე, გიოზეც ძალიან მარტივად ჩაიარა. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის სამყაროს და ექიმებს. ჩემი მოლოდინები არც შემდეგ პერიოდთან დაკავშირებით გამართლდა და ყველაფერი მშვიდად გრძელდება. ამიტომ ორსულებს ვეტყვი, რომ რამდენად სუსტადაც არ უნდა გრძნობდნენ თავს, განწყობა არ გაიფუჭონ და არ იფიქრონ, რომ მერეც ყველაფერი რთულად იქნება.
– რაც მეორე პატარა დაიბადა, შენი ყოველდღიურობა როგორ შეიცვალა?
– ახალ რეჟიმზე გადავეწყვეთ. საკმაოდ პასიური დღეები მაქვს. ზოგადად, ყოველდღიურობაში ძალიან აქტიური და დატვირთული ვარ და ახლა ასე არ არის, მაგრამ მე ამასაც ძალიან პოზიტიურად ვუყურებ. არ მაქვს ის მომენტი, რომ „სახლში ჩავჯექი“ და თავს არასასიამოვნოდ ვგრძნობ. პირიქით, ბოლომდე ვტკბები ამ დღეებით და ვცდილობ, შვილებს მაქსიმალური მივცე.
არ მინდა, მოწოდებებივით გამომივიდეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამაზე ქალებმა ბევრი უნდა ვისაუბროთ, პასიურად ვარ სტანდარტულ რეჟიმთან შედარებით, თორემ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ეტაპზეც ძალიან აქტიური არ ვარ. მინდა, ყველა ქალს ვუთხრა, რომ არასდროს „ჩაჯდეთ სახლში“, კლასიკური გაგებით, არ აქვს მნიშვნელობა პირველი შვილი შეგეძინათ თუ მეხუთე. თუ ხვდებით, რომ თქვენთვის ეს მდგომარეობა სტრესულია, ბევრ რამეს აკლდებით და ასე შემდეგ, აუცილებლად გამონახეთ გზა, რომ შვილებზე ზრუნვის პარალელურად, ყოველდღიურობაც გაიხალისოთ. თუ მოვინდომებთ, ამისთვის გზას აუცილებლად ვიპოვით. მე მართლა მჯერა, რომ, თუ მოვინდომებთ, ქალებს ყველაფერი შეგვიძლია და ჩვენ ამას ყოველდღიურად ვამტკიცებთ. მით უმეტეს, დღეს სოციალური ქსელები ბევრ საშუალებას გვაძლევს, თუნდაც იმ მხრივ, რომ შეგვიძლია, ამ პერიოდში, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, სხვებსაც უამრავი რჩევა გავუზიაროთ. მეც ვცდილობ, ასე მოვიქცე და გამომდის.
– ოთოს როლი როგორია ამ პროცესში?
– შეიძლება ცოტა უხერხული იყოს ცოლის მხრიდან ქება, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, ოთო იდეალური მეორე ნახევარი და იდეალური მამაა.
მის ჩართულობას რაც შეეხება, არ ვთვლი, რომ მეხმარება, ის ყველაფერს აკეთებს საკუთარი შვილებისთვის. ძალიან მინდა, მალე გაქრეს ეს ფრაზა თანამედროვე რეალობიდან „მამა ეხმარება“ და მამა თუ ეხმარება, გმირია. მამამ თუ ბავშვი გაასეირნა, აღფრთოვანებას იწვევს და ასე შემდეგ. ეს, რა თქმა უნდა, დასაფასებელია და შეიძლება აღმაფრთოვანებელიც, მაშინ იგივენაირ აღფრთოვანებას უნდა გამოვხატავდეთ, როცა დედა ასეირნებს შვილს. რატომღაც მამისგან გმირობად თვლიან მსგავს ნაბიჯებს, დედისგან – ნორმად. ნებისმიერ შემთხვევაში, ოთოზე მართლა ვიტყვი, რომ სამაგალითოა. მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან ბევრი საქმე აქვს დღის განმავლობაში, დღის ბოლოს ბავშვს ხელიდან „მგლეჯს“ (იცინის). რაც არ უნდა სჭირდებოდეთ ჩვენს შვილებს, ყველაფერს ერთად ვაკეთებთ.
– ამბობდი, მეხუმრებიან, სულ ოთო გაკერია პირზე და ასეა, რადგან მართლა სამაგალითო ადამიანიაო. შენ რამდენად ახერხებ მეუღლისთვის დროის დათმობას, ორ შვილზე ზრუნვის პარალელურად?
– თეორიულად საუბარი მარტივია, მაგრამ საკითხავი ის არის, პრაქტიკაში რეალიზება რამდენად გამოგდის. ძალიან ძნელია, ყურადღება გაანაწილო. კარგი რომ არის, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ არც ეგეთი მაგრები ვართ, რომ ყველაფერი იდეალურად გამოგვდიოდეს. ამ ილუზიას არ ვქმნი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ არ არის წარმოუდგენელი, ქმარსაც სათანადო ყურადღება დაუთმო, მიუხედავად იმისა, რომ შვილები დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვენ. თუ გინდა, თუ ადამიანი იმსახურებს, თუ ეს ყველაფერი ორმხრივია, აუცილებლად გამონახავ დროს, შეძლებ, რომ შენც, ქმარიც და შვილებიც ბედნიერები იყოთ. ცხოვრება ატრაქციონივითაა, დინამიკაში ხან აღმაფრენაა, ხან სირთულეები. შეყვარებულობის დროს რომ პაემნებზე დავდიოდით, ისე ახლა, რა თქმა უნდა, ვეღარ ვიქნებით, მაგრამ ჩემთვის კანონივითაა, რომ წყვილს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი დრო, რადგან თუ მშობლებს შორის არ არის ჰარმონია, ვერც შვილები იქნებიან ჰარმონიულ გარემოში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან