შოუბიზნესი

რა ოცნების ახდენას აპირებს ამერიკაში მალიბუ ტუღუში და რის გამო მოუწია მას საქართველოს დატოვება

№46

ავტორი: ნონა დათეშიძე 11:00 22.11, 2022 წელი

მალიბუ ტუღუში
დაკოპირებულია

ცოტა ხნის წინ მომღერალმა მალიბუ ტუღუშმა სამშობლო დატოვა და ამერიკაში ახალი ცხოვრება დაიწყო. მართალია, თავისი ქვეყნიდან შორს არის, თუმცა ფიქრობს, რომ სწორედ იქ ჩავიდა, სადაც თავის დიდი ხნის ოცნებას აიხდენს. უცხო გარემოში, სრულიად მარტო დარჩენილს, ნოსტალგიაც ჰქონდა და შიშებიც, თუმცა ფიქრობს, გადაულახავი არაფერია, თუ იმ მიზნისკენ მიდიხარ და იმისთვის იბრძვი, რაც შენი ბედნიერებისთვის აუცილებელია.

– მალიბუ, რამდენი ხანია, რაც სამშობლოდან გაემგზავრე და რა მიზნით ჩახვედი ამერიკაში?

– დაახლოებით, ორი თვეა, ამერიკაში ვარ. თავიდან კალიფორნიაში ჩამოვედი, სამი კვირა გავჩერდი და ახლა ნიუ-იორკში ვცხოვრობ. ვინც მიცნობს, იცის, რომ ბავშვობიდან ოცნებად მქონდა ამერიკაში წამოსვლა. თითქოს, ჩემი ხმა მეუბნებოდა: აუცილებლად უნდა წახვიდეო. რომ მკითხოთ აქ ჩამოსვლის განსაკუთრებული მიზეზი, ნამდვილად ვერ გიპასუხებთ, უბრალოდ გეტყვით, რომ ეს ჩემი ოცნება იყო. ყოველთვის მქონდა შეგრძნება, რომ ჩემი ადგილი აქაა და ამერიკაში უნდა ვიყო.

– ხომ არ იყო წასვლის მიზეზი ის, რომ ფიქრობ, აქ შესაბამისად ვერ დააფასეს შენი ნიჭი, მონაცემები და შესაძლებლობები?

– ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო და იმაზეც მიფიქრია, ჩემს ქვეყანაში უფრო მეტი შესაძლებლობა რომ მქონოდა, ალბათ, უკან მოვიტოვებდი სხვა ქვეყანაზე ფიქრს-მეთქი. თუმცა, საქართველოში ბევრს უყვარს ჩემი სიმღერები და ჩემ მიმართ დიდ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ. სხვათა შორის, ქართველ ემიგრანტებს ძალიან გაუხარდათ ჩემი ჩამოსვლა. დამირეკეს: აქ ხარ? იქნებ, საღამო მოაწყო ჩვენთვის და გვიმღეროო. ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, ჩემს ქვეყანაში არ მაფასებდნენ და სიყვარულს ვერ ვგრძნობდი-მეთქი, თუმცა არის რაღაცები, რაც ადამიანებს არ გვყოფნის და უფრო მეტი გვინდა. იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, რასაც ვაკეთებ, მეტი და მეტი მინდა, გავაკეთო და შედეგით მეტი სიამოვნება მივიღო. მინდა, უფრო დიდი რაღაცები ვაკეთო, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში სიმღერაა. ასაკით, ჯერ საკმაოდ პატარა ვარ – 24 წლის და მგონია, გამოცდილების მიღებისთვის, ამერიკა ჩემთვის ზუსტი ადგილია და არც იმაზე ვფიქრობ, ვაიმე, რომ არ გამომივიდეს, მერე რა ვქნა-მეთქი. არ გამომივა და ვიცი, ჩემი ქვეყანა სულ მელოდება და სიამოვნებითა და სიხარულით მიმიღებს.

– თქვი, ჩემს ქვეყანაში მეტი შესაძლებლობები რომ მქონოდა, სხვა ქვეყანაზე არც ვიფიქრებდიო, ანუ ბავშვობის ოცნებაზე უარს იტყოდი?

– ტყუილი არ მიყვარს, ძალიან პირდაპირი ვარ და იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ, ამიტომ ვერ ვიტყვი და ვერ მოვიტყუები, თავგადაკლული პატრიოტი ვარ-მეთქი. თუმცა, რაც არ უნდა შესაძლებლობები გაგიხსნას სხვა ქვეყანამ და სითბო იგრძნო, მგონია, შენი სამშობლო მაინც შენი სახლია. დანამდვილებით არ ვამბობ, ჩემს ოცნებაზე უარს ვიტყოდი-მეთქი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ვეცდებოდი, ჩემს ქვეყანაში ვყოფილიყავი და ოცნება იმით ამეხდინა, ამერიკაში კი, უბრალოდ ტურისტად ჩამოვსულიყავი, მენახა აქაურობა და მერე დავბრუნებულიყავი ჩემს ქვეყანაში.

– ანუ, როგორც მივხვდი, დიდი ხანი აღარ აპირებ უკან დაბრუნებას. ასეა?

– კი, ნამდვილად ასეა.

– ამბობენ, როცა უცხო ქვეყანაში ჩადიან და იციან, დიდი ხანი უკან არ დაბრუნდებიან, ნოსტალგია იჩენს თავსო. შენში თუ იყო ასეთი ნოსტალგიური მომენტები?

– ზოგადად, მოგზაურობა ძალიან მიყვარს და ხშირად, მინიმუმ, ორ თვეში ერთხელ, ვსტუმრობდი უცხო ქვეყნებს, ათი-ოცი დღით. მაშინაც კი მქონდა ნოსტალგიის მომენტები. მახსოვს, ბოლოს ბერლინში ვიყავი ორი კვირით და სიგიჟემდე მომენატრა თბილისი და ჩემი სახლი. მეცინებოდა, ემიგრანტის განცდები რატომ მაქვს-მეთქი (იცინის). ნოსტალგია, ბუნებრივია, როცა სახლიდან შორს ხარ. მანდ სხვა სიყვარულია, სხვა გარემო. აქ კი უცხო გარემოა და მონატრება და ნოსტალგია, რასაკვირველია, ჩნდება. ყველას ექნება ეს განცდა.

– თან, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი დატოვე – დედა. ვიცი, განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ დედა-შვილს და როგორ ეგუება შენთან განშორებას?

– როცა ჩემს კარიერას ეხებოდა საქმე და გადაწყვეტილებები იყო მისაღები, დედიკო სულ ამბობდა: მე შენ იმდენად გენდობი, როგორც პიროვნებას, ზუსტად ვიცი, ისეთს არაფერს გააკეთებ, რაც შენთვის არასწორი იქნებაო. იცოდა დედამ; რომ ბავშვობიდან მინდოდა ამერიკაში წამოსვლა, მართალია, ერთი პერიოდი მაინც მეუბნებოდა, იქნებ აქ აეწყო და დარჩეო, მაგრამ ვპასუხობდი: დედა, როცა ადამიანს გულით უნდა რამის გაკეთება, ის აუცილებლად უნდა გააკეთოს, თუ არ გააკეთა, ვერასოდეს მიხვდება, რა არის სწორი და რა არასწორი-მეთქი.

– და მაინც, რა არის შენი ამერიკული ოცნება?

– ბევრს უკითხავს: რა არის შენი ამერიკული ოცნება, რას გინდა მიაღწიოო. მგონია, კონკრეტული – ამას უნდა მივაღწიო-მეთქი, არ მაქვს. ჩემთვის მთავარია, შინაგანად ვიყო ბედნიერი, ემოციებით სავსე, ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე, არ მომენატროს მუსიკა – ვიმღერო, როცა მუზა მოვა, დავჯდე კლავიშთან და სიმღერა დავწერო, წავიდე სტუდიაში და ჩავწერო. კონკრეტული მიზანი, რომ თუ ვარსკვლავებს არ მოვწყვეტ, მორჩა, დამთავრდაო, მე ეს არ მგონია და არც ასე ვარ. მუსიკოსისთვის მთავარი მიზანია ის, რომ ყოველთვის ჰქონდეს მუზა, სურვილი და შინაგანი შესაძლებლობა, აკეთოს მუსიკა და თუ სწორი გზით მიდიხარ, შენს ადგილს აუცილებლად ნახავ, სადღაც აუცილებლად დაგიფასდება. ასე რომ, ჩემთვის მთავარია, ვიპოვო ადგილი, სადაც ბედნიერი ვიქნები და ჩემი დედიკოც მყავდეს მშვიდად და ჩემ გვერდით.

– ამ სიტყვებით, შენი ბედნიერების ფორმულა განმარტე. მაგრამ, ამ ბედნიერებასთან ახლოს ხარ?

– არა, ჯერ ბედნიერებაზე საუბარი ზედმეტია, თუმცა ამისთვის ვარ აქ და იმისთვის ვშრომობ და ვაკეთებ ყველაფერს, რომ ეს შეგრძნება ერთხელ მაინც მქონდეს ცხოვრებაში, რასაც სრულყოფილი ბედნიერება ჰქვია. ასე რომ, ძალიან შორს ვარ ბედნიერებისგან, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვარ. საკუთარ თავთან სრულყოფილებაში რომ მივალ, მერე შევიგრძნობ და ვიტყვი – მე ბედნიერი ვარ!

– მუშაობა დაიწყე, თუ ჯერ აკლიმატიზაციისა და ძებნის პროცესში ხარ?

– პირველივე დღიდან, რაც ჩამოვედი, სულ იმაზე ვლაპარაკობ, რომ ჯერ საქმეს უნდა მივხედო და მერე დავათვალიერო ლამაზი ადგილები. მეუბნებოდნენ: დაიცადე, ჯერ ნახე და მერე იფიქრე საქმეზეო. არ შემიძლია, უსაქმურად ვიყო, ვისეირნო და ვათვალიერო რაღაცები. ამიტომ, როგორც კი ჩამოვედი, მაშინვე დავიწყე სამსახურის ძებნა. ეს ამერიკაა და აქ არავის აინტერესებს, ვინაა მალიბუ ტუღუში, შენ თვითონ უნდა შექმნა შენი თავი. ყველაზე მეტად, იცით, რა მომწონს ამერიკაში? სულ თავიდან უნდა შევქმნა ჩემი პიროვნება.

– და თავიდან დაიწყო ცხოვრება.

– დიახ, ზუსტად. ნულიდან ვიწყებ ცხოვრებას და ამისთვის მზად ვარ. მოკლედ, ვეძებდი ყველანაირ სამსახურს. საოცარი შეგრძნებები დამეუფლა, როცა სამსახურს მანჰეტენზე ვეძებდი. შევდიოდი რესტორნებში, მაღაზიებში... ვეუბნებოდი: ყველაფერს გავაკეთებ, ჭურჭელსაც დავრეცხავ-მეთქი...

– და, ამას შეძლებდი?

– რასაკვირველია, შევძლებდი. მინდოდა, იგივე ამერიკული შეგრძნებები მიმეღო, რასაც ადამიანებისგან ვისმენდი. თუმცა, ვიპოვე სამსახური და ახლა ბრუკლინში, ქართველების გახსნილ რესტორანში ვმღერი, პლუს ბენდთან შეთანხმების დონეზე ვარ და კიდევ ვეძებ სამსახურს. მინდა, სულ დატვირთული ვიყო და სულ ვიმუშაო. ისე მოვედი 24 წლამდე, არასოდეს მქონია შიშის შეგრძნება. აქ რომ ჩამოვედი, თავიდან ძალიან შემეშინდა. სრულიად მარტო აღმოვჩნდი, მეგობრების გარეშე, ადამიანიც კი არ მყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდი. ახლაც სრულიად მარტო ვარ.

– ქართველი ემიგრანტები რომ ახსენე?

– აქ ყველას თავისი ცხოვრება აქვს. ზედმეტად არც არავინ ფიქრობს შენზე და არც არავინაა ვალდებული, იფიქროს. სხვა ქვეყანაში უცებ რომ ეჯახები სხვა რეალობას და გააზრების პროცესში ხარ, რთულია და ცოტა შიშის შეგრძნებაც ჩნდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი