რა მტკივნეული გზა გაიარა ლალიტა ლომთაძემ მიზნის მისაღწევად და რატომ აუგორეს მას საშინელი ჭორები
ავტორი: ქეთი მოდებაძე 21:00
ლალიტა ლომთაძე და გიორგი ჭიალაშვილი მსმენელის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ. მათი, როგორც პირადი, ისე შემოქმედებითი გზა საკმაოდ საინტერესოა.
ლალიტა ლომთაძე: ყველაფერი გიორგის პროექტში მონაწილეობით დაიწყო. ჩვენ ხუთი წლის წინ დავოჯახდით. მანამდე მე უფრო ხშირად საზღვარგარეთ მქონდა კონცერტები: ისრაელი, საფრანგეთი, გერმანია, შვეიცარია და ასე შემდეგ. გასტროლებით ვიყავი დაკავებული და უფრო კარგად ჩვენი ემიგრანტები მიცნობდნენ, ვიდრე აქ მცხოვრები ქართველები. როცა დავოჯახდით და დუეტში დავიწეთ მუშაობა, სოციალური ქსელებით ნელ-ნელა საქართველოშიც მასშტაბურად გაგვიცნეს და საკმაოდ დიდი აუდიტორია გვყავდა, თუმცა არა ისეთი მასშტაბის, რომელიც 2025 წელს შევიძინეთ.
მას შემდეგ, რაც გიორგიმ პროექტ „საქართველოს ხმაში“ მიიღო მონაწილეობა, მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდა. როგორც ამბობდნენ, გიორგი პროექტის მუსიკალური ლიდერი იყო და შესაბამისად, ყურადღების ცენტრში მოექცა. რომ გაიგეს მეუღლეც მომღერალი ჰყავდა, ყველა დაინტერესდა. ფინალის შემდეგ გიორგიმ ძალიან მთხოვა, მეც მიმეღო მონაწილეობა ამ პროექტში.
– როგორც ვიცი, კონკურსში მონაწილეობის ფობია გქონდათ.
– შემეძლო, ძალიან დიდი აუდიტორიის წინაშე მემღერა, რამდენიმე ათასიან დარბაზშიც მიმღერია და მეც და ჩემს მსმენელსაც ძალიან დიდი სიამოვნება მიგვიღია. დიდ სცენაზე დგომის პრობლემა არ მქონია. საქმე ისაა, რომ მე პირველად 2016 წელს ვცადე ბედი ერთ-ერთ მუსიკალურ პროექტში. ძალიან კარგად ვიმღერე, მაგრამ ჟიურის აზრი გაიყო, ნაწილმა გადამიყვანა შემდეგ ტურში, ერთმა ადამიანმა კი მითხრა: მე არ ვცემ პატივს ადამიანს, რომელიც რესტორანში მღერის და ამ დროს ვიღაც მის წინ ბარკალს ივლებს პირშიო. ეს სიტყვები ძალიან მწარედ დამამახსოვრდა. აღარც შემდეგ ტურში გადაყვანა მინდოდა და საერთოდ, აღარც პროექტში მონაწილეობა. კი არ მეშინოდა, ტანში მზარავდა ნებისმიერი პროექტის გაგონებაზე. ზუსტად ამ მიზეზით, გიორგიმ რომ პროექტში გადაწყვიტა მონაწილეობა, მე წინააღმდეგი ვიყავი. წარმოიდგინეთ, ძალიან დიდი აუდიტორია გვიცნობს, უამრავი შეკვეთა გვაქვს კორპორატიური საღამოებიდან, ქორწილებიდან თუ სხვა ღონისძიებებიდან, ჩვენთან თარიღები თვეებით ადრე იჯავშნება, რადგან ზუსტად ვიცით, რომელ აუდიტორიას, რა ტიპის სიმღერა უნდა შევთავაზოთ, რომ ყველამ ისიამოვნოს, ამიტომ შემეშინდა. გიორგის ვუთხარი, ჟიურიმ რამე მსგავსი შეფასება რომ გააკეთოს და ეს ჩვენმა მსმენელმა ნახოს, კარიერა არ გაგვიფუჭდეს-მეთქი. კიდევ კარგი არ დამიჯერა და გავიდა. მეგობრებმაც მითხრეს, დაანებე ამ ბიჭს თავი, შენი შიშების გამო ხელს ნუ შეუშლიო. მაშინ ვუთხარი, თუ მიდიხარ, გამარჯვებისთვის წადი-მეთქი. მისდამი მაქსიმალურად მომთხოვნი ვიყავი, რადგან მართლა ფანტასტიკური მომღერალია. ჩანდა კიდეც, რომ პროექტში გამორჩეული იყო და ამან ნელ-ნელა დამამშვიდა. მერე გიორგის დამსახურებით მეც გადავდგი იგივე ნაბიჯი.
– გახვედი, მაგრამ არ გააგრძელე და ამას ბევრი ეჭვი მოჰყვა. რა მოხდა რეალურად?
– სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ჭორები ააგორეს. რეალურად, „საქართველოს ხმაში“ გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ქორწილში ვიმღერე და ხმა დავკარგე, საერთოდ ვეღარ ვლაპარაკობდი. სად მივდიოდი, რა უნდა მემღერა, არ ვიცოდი და ვერ წარმოიდგენთ, რა აღარ გავაკეთე, რომ ხმა მომეყვანა. როგორღაც გავედი ჩაწერაზე – უკმაყოფილო არ ვარ ჩემი ნამღერით, მაგრამ ეს ის არ იყო, რაც მე შემეძლო. გავიდა ორი კვირა, ხმა ისე არ მომივიდა. მაშინ კეთილი ვინებე და ექიმთან მივედი – ირინა ქაცარავასთან, რომელიც ფანტასტიკური სპეციალისტი გახლავთ. მან აღმოაჩინა, რომ იოგზე მაქვს კისტა. ვერ გეტყვით, რა გადავიტანე ამ პერიოდის განმავლობაში, როცა მეტყველება არ შემეძლო და უნდა მემღერა. რა თქმა უნდა, შესაბამის ადამიანებს შევუთანხმდი და პროექტიდან გამოსვლა გადავწყვიტე, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვანაირად მოქცევის საშუალებას არ მაძლევდა. ამას მოყვა ათასი ბოროტი ჭორი. წერდნენ, „თავი აარიდა და აღიარება გაუტყდაო“. ღმერთმა ყველა დაიფაროს იმ მდგომარეობისგან, რაც მე გამოვიარე.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მონაწილეობა ამ პროექტში ტრიუმფით არ დასრულდა, ერთმა ტურმაც კი ხალხის განსაკუთრებული სიყვარული მომიტანა, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. მე ნოემბერში დავასრულე მკურნალობა და ახალი სიმღერისა და კლიპის პრეზენტაციაც გავმართე. ასე რომ, ჩვეულ ფორმას ვუბრუნდები.
– პირველ პროექტთან დაკავშირებული მძიმე გამოცდილება გავიხსენეთ და იმ ამბავს კიდევ უფრო რთული ისტორია უძღოდა წინ...
– იმ პერიოდში ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი. ის რესტორანი, რომელიც მაშინ ჟიურიმ გალანძღა და ყველას, ვინც რესტორანში ვმუშაობთ, შეურაცხყოფა მოგვყანა, ჩემთვის გადარჩენის გზა იყო.
ბებოს სიმსივნე აღმოაჩნდა და მთელი ოჯახი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავით. ბაბუ დარდს გადაყვა. ძალიან ბევრი პრობლემა გაჩნდა. აუცილებლად უნდა მემუშავა და მაშინ მე ზუსტად ამ რესტორანმა გადამარჩინა. მე ჩემი სიმღერითა და შრომით მივაღწიე ყველაფერს, სხვების დახმარების გარეშე. ამ რესტორნით ვიყიდე სახლიც, მანქანაც და კარგი პირობები შევიქმენი. თითო დღეს თითო ლურსმანს ვამატებდი ჩემს სახლს. დილით ონკოლოგიურში მივდიოდი, ბებო მიმყავდა, იქიდან უნივერსიტეტში და საღამოს რესტორანში ვმღეროდი, რომ სარჩო გვქონოდა. სამწუხაროდ, ბებოს მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.
მე ისე გავიზარდე, სახლის საქმის გაკეთებაც კი არ მჭირდებოდა. ოჯახი ძალიან მანებივრებდა, რადგან პირველი შვილიშვილი ვიყავი, სახლში დედოფალივით დავდიოდი. ოჯახიც ძალიან შეძლებული იყო, ქუთაისის ერთ-ერთი კოლორიტი იყო. ბებია არასრულწლოვანთა კომისიიის თავმჯდომარე, იურისტი გახლდათ, ბაბუა – პროფესორი, ლექციებს კითხულობდა. ძალიან ძლიერი ოჯახი გვქონდა, მაგრამ ყველაფერი უცებ ჩამომეშალა თავზე და 20 წლის გოგოს მომიხდა მძიმე რეალობასთან გამკლავება. შოკში ვიყავი, ხელის გულზე გაზრდილი ადამიანი, მაგრამ ყველაფერი შევძელი, რადგან ბებიის მებრძოლი ხასიათი გამომყვა. ასეთ მდგომარეობაში ვიფიქრე, იქნებ გზა გავიკვალო-მეთქი და პროექტში გავედი, სადაც „მაზოლზე“ ფეხი დამაჭირეს და ლამის გამანადგურეს.
თუმცა მას შემდეგ რაც დამოუკიდებლად გზის გაკვალვა გადავწყვიტე, არ გავჩერებულვარ. უკვე წლებია, თბილისში ვცხოვრობ და სულ ვშრომობ. საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, ჩვენს ემიგრანტებთან, მე ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ და ყველაფერი ძალიან კარგად მიდის.
– გიორგი როდის გაიცანით და როგორ მოხდა, რომ საკმაოდ მოკლე დროში გადაწყვიტეთ ოჯახის შექმნა?
– ჩვენ ერთ სამსახურში ვმუშაობდით, მაგრამ სხვადასხვა ფილიალებში. ერთ დღეს მეპატრონემ მთხოვა, მეორე ფილიალშიც გადავსულიყავი და ჩემებური ენერგიული სიმღერები შემესრულებინა. არ მოვიტყუები, არ მინდოდა ამის გაკეთება და ჯანდაბას-მეთქი, ვთქვი (იცინის). რომ მივედი, ყველას ზრდილობიანად მივესალმე, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება არავისთვის მიმიქცევია და მათ შორის, არც გიორგისთვის. ცოტა ხანში ვიღაც სცენაზე ავიდა და სიმღერა დაიწყო. მისი ხმა რომ გავიგონე, ჟრუანტელმა დამიარა და მაშინვე შემოვბრუნდი რომ დამენახა ვინ იყო (იცინის). ასე აღმოვაჩინე გიორგი. მას თავიდანვე შევუმჩნევივარ (იცინის).
არც გიორგის ჰქონია მარტივი ცხოვრება. აღმოვაჩინეთ, რომ ორივეს გვჭირდებოდა გვერდით ადამიანი, ვინც ზუსტად გაგვიგებდა. წარმოიდგინეთ, სამსახურიდან შუაღმით რომ ბრუნდებით სახლში ყოველდღე, როგორ შეეგუება ამას თქვენი მეუღლე?! თუ თვითონაც ამ სფეროში არ არის, გაუჭირდება თქვენი გაგება. ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და ნელ-ნელა სიყვარულში გადაიზარდა. გიორგიმ პირველი ეს მითხრა, მინდა გვერდით მყავდეს ადამიანი, ვინც გამიგებს, ვინც ჩემი ცხოვრების წესს გაიგებს, რომელსაც ზუსტად ეცოდინება, რას ემსახურება ჩემი თითეული გამოხედვა და მოძრაობა სცენაზე და ამის გამო პრობლემები არ შეიქმნება. მომღერალმა შეიძლება, სიმღერის დროს, ვინმეს შეხედოს, ვიღაცას უმღეროს, მოძრაობები შეასრულოს და ამის გამო თუ მეორე ნახევარს პრობლემა ექმნება, ასეთი ურთიერთობა დიდხანს ვერ გაგრძელდებაო. გიორგიმ რომ ეს მითხრა, ძალიან კარგად გავუგე, რადგან მეც ზუსტად ასე ვფიქრობ.
დღეს უკვე ორი შვილი გვყავს, მადლობა ღმერთს. ვამბობ ხოლმე, რომ მე ძალიან გამიმართლა. გიორგი ასეთი კარგი რომ არ იყოს, მე ისეთი აუტანელი ხასიათი მაქვს, აუცილებლად დამშორდებოდა (იცინის).
ხელის სათხოვნელად რომ ჩამოვიდა, ბავშვობის ალბომები გადმოვალაგე და ერთ-ერთ ფოტოში აღმოვაჩინეთ, რომ ბავშვობაში ერთად ვმღეროდით. ასეთი კარგი დამთხვევები ჩვენს ცხოვრებაში, საბედნიეროდ, ბევრია და უფლის მადლობლები ვართ, რომ ჩვენი ცხოვრების გზები გადაიკვეთა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





