რა კარი გაიხსნა ბაჩო რამიშვილისთვის პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ და როგორ შეცვალა თურქმა წინასწარმეტყველმა მისი ცხოვრება
ავტორი: ქეთი მოდებაძე 11:00 25.07, 2023 წელი
ბაჩო რამიშვილმა შემოქმედებითად აქტიური ცხოვრება ჯერ კიდევ ბავშვობის წლებში დაიწყო, თუმცა საკუთარი პოეზია და შემდეგ უკვე სიმღერა ფართო საზოგადოებას ზრდასრულ ასაკში წარუდგინა.
ბაჩო რამიშვილი: ბავშვობაში მეოცნებე ბიჭი ვიყავი. ვთამაშობდი ფეხბურთს და ვსწავლობდი მოზარდ მაყურებელთა თეატრში. სპორტს და ხელოვნებას დიდი ადგილი ეჭირა ჩემს ცხოვრებაში. ფეხბურთის თამაში 7 წლიდან დავიწყე, ისე, რომ სახლში არც იცოდნენ. სკოლაში შემომთავაზეს და ისე მომწონდა, სიხარულით დავთანხმდი. მერე ოჯახშიც გაიგეს. კარგად ვთამაშობდი და 10-11 წლის ასაკში უკვე თბილისის „დინამოში“; ვახტანგ კოპალეიშვილის გუნდში ვიყავი, პროფესიონალურ დონემდე მივედი. პარალელურად იყო მსახიობობა, სხვადასხვა წრეზე დავდიოდი და ფაქტობრივად, მთელი ბავშვობა სცენაზე გავატარე. სიამოვნებით ვუკრავდი გიტარაზე.
– ფეხბურთზე რომ დავდიოდი, მშობლებმა არ იცოდნენო, თეატრშიც ასე იყო?
– მოზარდ მაყურებელთა თეატრში სამი თვე ისე დავდიოდი, სახლში არ იცოდნენ. ლექციები დღის საათებში ტარდებოდა და ესეც ხელს მიწყობდა ამ ამბის დამალვაში. იმდენად საინტერესო იყო და ისე მომწონდა, არავის გავუზიარე ეს ამბავი. მერე ვეღარ დავმალე ემოციები და სახლშიც გავაჟღერე. ოჯახს მაინცდამაინც არ უნდოდა ჩემი თეატრში დარჩენა. მაშინ ის პერიოდი იყო, როცა მშობლების აზრი იყო გადამწყვეტი.
– და დედის სურვილით ჩააბარეთ სტომატოლოგიურზე?
– კი, ასე იყო, ოჯახმა იქონია გავლენა და არ გაგრძელდა ჩემი და თეატრის ამბავი. განვიცადე, მაგრამ მერე რეალურად შევხედე მდგომარეობას და მივხვდი, რომ მამაკაცისთვის ნამდვილად რთული იქნებოდა თეატრით ოჯახის რჩენა ან რამის მიღწევა. დღემდე ვხედავთ, რა მდგომარეობაში არიან ძალიან დიდი არტისტები. მართალია, დღეს ექიმი არ ვარ, ამ პროფესიით არ ვსაქმიანობ, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომი მაქვს, მაგრამ მაშინ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება მივიღე. თუმცა, ჩემი სურვილები მთლიანად ხელოვნებისკენ იყო მიმართული. ბავშვობიდან ვწერდი ლექსებს და ვაკეთებდი ჩანახატებს. როდესაც სპორტს დავემშვიდობე, პოეზიაზე გადავერთე და ბევრს ვწერდი. ის ნაწერები დღეს უკვე ჩემი სიმღერების ტექსტებია. ბევრი მათგანი 13-14 წლის ასაკშია დაწერილი.
– როგორი ბავშვი იყავით ხასიათით?
– ცელქი, ძალიან ცელქი და მოუსვენარი გურული. ერთ ადგილას ვერ ვჩრდებოდი და ეს თვისება დღემდე მომყვება. უზრდელი არასდროს ვყოფილვარ, ცელქი და უზრდელი ერთად ძალიან ცუდია და მიხარია, რომ ასეთი არ ვიყავი. ჯიუტიც გახლდით, მიყვარდა ჩემი აზრის ბოლომდე გატანა (იცინის). ძალიან მიზანდასახული ვიყავი, რისთვისაც სპორტს ვუხდი დიდ მადლობას. სწორედ მან გამომიმუშავა ბრძოლის ჟინი, უნარი და შრომისუნარიანობა. სპორტი იქნებოდა, თეატრი თუ პოეზია, ყველგან მიზნისკენ მივდიოდი, მაგალითად, არასდროს დამზარებია წერა, ფურცელთან მისვლა და ჩემი სათქმელის გადმოტანა. კარგი იყო თუ ცუდი – ეს სხვა საქმეა. სხვათა შორის, ბევრი ლექსი მაქვს დახეული და გადაგდებული (იცინის). საკუთარი შემოქმედებისა და თავის მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ. ლექსებს ყველას არ ვუკითხავდი, მხოლოდ ბებოს და დედას. ძალიან გვიან დავიწყე ჩემი პოეზიის გარეთ გამოტანა, გასაჯაროება. გარკვეული პერიოდი ემიგრაციაში ვიყავი. იქ ძალიან ბევრს ვწერდი. მოდიოდა და მოდიოდა მუზები. როდესაც საქართველოში ჩამოვედი, მეგობარმა, რომელმაც იცოდა, რომ ლექსებს ვწერდი, შემოქმედებით საღამოზე ერთი ლექსის წაკითხვა მთხოვა. დიდი აუდიტორია გვესწრებოდა. როცა ლექსი წავიკითხე, მათგან განსაკუთრებული ემოცია ვიგრძენი. კიდევ ერთხელ მთხოვეს წაკითხვა. ამან სტიმული მომცა. სითამამე ვიგრძენი და საკუთარ თავს მივეცი უფლება, შემოქმედებითი საღამოები გამემართა. ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა ჩემს პოეზიის საღამოებზე. წლების განმავლობაში დიდ ღონისძიებებს ვმართავდი. იმ პერიოდში გამოვუშვი წიგნიც, სახელწოდებით, „ცრემლები სამოთხეში“. ვხედავდი, რომ ჩემს ლექსებს საკმაოდ კრიტიკული ადამიანებიც არაკრიტიკულად აფასებდნენ. ეს დიდი სტიმულია. საქართველოში, სადაც ყველას მიმართ ძალიან კრიტიკულები ვართ, პოეტები რომ კარგად გაფასებენ, მგონი, ძალიან კარგია. როცა გეუბნებიან, არ გაჩერდეო, ეს დიდ ბიძგს გაძლევს. მეც ვწერდი და დღესაც ვწერ.
– სიმღერა როდის დაიწყეთ?
– სიმღერა სულ იყო ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, კარიერულად, ცოტა მოგვიანებით გადავდგი ნაბიჯები. მინდოდა, საკუთარი ჟანრი შემექმნა. დღეს კი ძალიან რთულია მუსიკალურ სამყაროში საკუთარი ხელწერა შექმნა. შეიძლება, ითქვას, ძალიან გამიმართლა. მანამდე პოეზიაში რაღაც ეტაპები გავიარე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პატრიარქის ჩემი ლექსისადმი დამოკიდებულება იყო... როდესაც პატრიარქს შევხვდით, მან ჩემი ლექსიდან ციტირება გააკეთა და მადლობა გადამიხადა. ეს იყო ლექსი „როგორ დამიბერდი, ჩემო საქართველო“. როდესაც პატრიარქმა ამ ლექსზე შექმნილი სიმღერა მოისმინა, მაშინ მასში დიდი ემოციები დავინახე. ეს ჩემთვის უდიდესი სტიმული იყო, უფრო მეტად გულწრფელი ვყოფილიყავი ჩემი შემოქმედების მიმართ, უფრო მეაქტიურა. მაშინ დავიწყე სიმღერაც. ჩვენი უწმინდესი უდიდესი პიროვნებაა და მასთან შეხვედრის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი კარი გაიღო.
– განსაკუთრებული ურთიერთობა გაკავშირებდათ ოთარ რამიშვილთან და ალბათ, ამ ურთიერთობის გაგრძელებაა თქვენი დუეტი მიშა რამიშვილთან...
– ლექსი, რომელზეც „მარტის თვეა“ შეიქმნა სწორედ ოთარ რამიშვილს დავუწერე ემიგრაციაში წასვლამდე. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, ეს სიმღერა ერთად შეგვესრულებინა. შევთანხმდით, რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ როდესაც მე საქართველოში დავბრუნდი, ბატონი ოთარი უკვე გარდაცვლილი იყო. ოთარს ძალიან ვუყვარდი, მოსწონდა, რასაც ვაკეთებდი და მეუბნებოდა, შენ რამიშვილი ხარ და აუცილებლად უნდა გააგრძელო ის, რასაც აკეთებ, ეს შენიაო. ამხელა ადამიანი რომ ასეთ რამეს გეუბნება, გამორიცხულია, ამ საქმეს თავი დაანებო.
მერე ისე მოხდა, რომ მე და მიშიკომ ჩემი ემიგრაციიდან დაბრუნებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ჩავწერეთ ეს სიმღერა. ალბათ, ბედია. პასუხისმგებლობა მქონდა ამ სიმღერის მიმართ. როდესაც მასზე მუშაობა დავიწყე, მიშიკოს დავუკავშირდი. მინდა, ეს სიმღერა გავაკეთო და იმდენად მამაშვილური გამოდის, შენც ჩემთან ერთად უნდა იყო-მეთქი. ყველაფერი მოვამზადე და მე და მიშიკომ ერთად ვიმღერეთ. ამით მოვეფერე დიდ რამიშვილს.
– დარწმუნებული ვარ, ბევრს ჰგონია, რომ ოჯახური ურთიერთობები გაკავშირებთ.
– ბევრი ნაძლევიც დადებულა ამ თემაზე და კონფლიქტებიც ყოფილა (იცინის). დღემდე ყველას ბატონი ოთარის შვილი ან შვილიშვილი ვგონივარ. ბევრჯერ ვთქვი, არ ვარ-მეთქი, მაგრამ არ უნდათ, დაიჯერონ. მე და მიშიკო ვამბობთ ხოლმე, უნდათ, რომ ძმები ვიყოთ და ვართო. სადაც არ მივედით, რომელ გადაცემაშიც არ ვთქვით, მაინც არ უნდათ ამის დაჯერება (იცინის). რას ვიზამთ, ასე მოსწონთ და დაე, იყოს ხალხის ნება.
– მართალია, რომ თქვენი ცხოვრება თურქმა წინასწარმეტყველმა შეცვალა?
– ზოგადად არ მჯერა ასეთი რამეების, არ დავდივარ მკითხავებსა და წინასწარმეტყველებთან, მაგრამ ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ თურქეთში მისი მეგობარი ძალიან კარგად ხედავდა ადამიანის ცხოვრებას. ეს პიროვნება გავიცანი და მართლა ბევრი მნიშვნელოვანი რამ მითხრა ჩემი დაკარგული წლებისა და პერიოდების შესახებ. როცა შენს კონკრეტულ შეცდომებზე აგიხელენ თვალს, ეს ძალიან გეხმარება. მან დამანახვა ჩემი ცხოვრების სწორი თუ არასწორი მიმართულებები, ის, რაც გულის სიღრმეში ვიცოდი, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი და ამით ჩემი ცხოვრება შეცვალა.
– ოჯახზეც მოგვიყევით...
– ბედნიერი ვარ, რომ მყავს 7 წლის შვილი – მათე რამიშვილი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს. ძალიან მიხარია, რომ მამა ვარ. მე და ჩემს მეუღლეს ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ეს არის ჩვენი ურთიერთობის მთავარი ხაზი და მიხარია, რომ ასეა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან