შოუბიზნესი

რა კანონების დარღვევა მიაჩნია არასწორად ბაჩო ქაჯაიას და რატომ აღარ მიდის ის დიდ რისკზე

№42

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 26.10, 2022 წელი

ბაჩო ქაჯაია
დაკოპირებულია

ბაჩო ქაჯაია ახალი სეზონიდან „ტვ პირველზე“ შაბათ-კვირის დილის ეთერში ხატია შამუგიასთან ერთად ხვდება მაყურებელს. ბაჩოსთვის ამ მიმართულებით ეს პირველი გამოცდილებაა. ვნახოთ, როგორ შეეგუა ახალ გამოწვევას.

ბაჩო ქაჯაია: ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ხდება ხოლმე. პროდიუსერმა, ქალბატონმა თეა ცეცხლაძემ დამირეკა და თანამშრომლობა შემომთავაზა. მეც გამოვთქვი ინტერესი და პილოტიც ჩავწერეთ. რადგან გამოგვივიდა, გადავწყვიტეთ, გვეთანამშრომლა. ეთერშიც გავედით და როგორც ჩანს, მაყურებლისგან დადებითი გამოხმაურება გვაქვს.

– პირდაპირი ეთერი, დილის გადაცემა და ეს ფორმატი, თქვენთვის, მგონი, ახალია, არა?

– ჩემთვის – კი. პირდაპირი ეთერი წამიყვანია, მაგრამ ძირითადად, გათამაშებები. აქამდე ასეთი გადაცემის წამყვანი არ ვყოფილვარ, თან ორსაათიანი გადაცემაა. დილის 9-იდან 11 საათამდე ვართ პირდაპირ ეთერში. თუმცა, ძალიან კარგი გუნდია და ეს საქმეს მიადვილებს.

– მარტივი აღმოჩნდა იუმორისტული შოუებიდან „გადმოწყობა“?

– იქ სხვა სპეციფიკაა, სცენარი წინასწარ იწერება. წინასწარ აქაც ვემზადებით, მაგრამ აქ არ გვაქვს ადამიანების გაცინების ვალდებულება. აქ შენ ხარ შენ, შენი დამოკიდებულებით გარკვეული ინფორმაციების მიმართ. ეს ინფორმაციებიც ისეთი უნდა იყოს, რომ დილას უხდებოდეს. მგონია, რომ ეს ახლოს არის ჩემთან, ხატიასთანაც და ჩვენს თანაწამყვანებთანაც.

– ხატია შამუგიას აქამდე თუ იცნობდით?

– ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ ასეთი თანამშრომლობა არ გვქონია. „შუა ქალაქში“ პატარა ეპიზოდში ერთადაც ვთამაშობდით. შეხება გვქონდა, მაგრამ ხშირი არა. ახლა სხვაგვარ გამოცდილებას ვიძენთ ერთად და მინდა ვთქვა, რომ ხატია ძალიან კარგი პარტნიორია. თავისუფლად შეიძლება, მას დაეყრდნო, მით უმეტეს, ლაივ რეჟიმში. პირდაპირ ეთერს მაინც ახლავს გარკვეული ზეწოლა, ვნერვიულობ კიდეც, თუმცა, უნდა მოახერხო განცდებისგან გათავისუფლება, რადგან მაყურებელი ყველაფერს კარგად გრძნობს. ამ დროს კი პარტნიორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

– გიყვართ სიახლეები და რთული გამოწვევები, თუ კომფორტის ზონის დატოვება მაინც გიჭირთ?

– მინდა, არ მინდა, ამ ქვეყანაში ყველაფერი არასტაბილურია და მით უმეტეს, ჩემს პროფესიასთან მიბმული საქმიანობები. ამიტომ ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის არის სიახლე. სიახლეები განსაკუთრებით სექტემბერს უკავშირდება, რადგან ტელევიზიის მსგავსად, თეატრშიც ამ დროს იწყება ახალი სეზონი და შემდეგ – დეკემბერ-იანვარს, ეს პერიოდიც გამორჩეულია გარკვეული ღონისძიებებითა და ახალი აქტივობებით. მე მიყვარს სიახლეები. მხოლოდ კომფორტის ზონას არ ვეძებ. სიმართლე გითხრათ, ერთი და იგივე მბეზრდება კიდეც.

– რისკიანი ხართ?

– გონივრულ რისკს ვარჩევ. ყოველ შემთხვევაში, მე უნდა მიმაჩნდეს, რომ გონივრულია. 50/50-ზეც გამირისკავს, მაგრამ ზუსტად იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ასეთი ნაბიჯი აღარ უნდა გადავდგა (იცინის).

– საინტერესო ისტორიას ყვებოდით საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ ცნობილი ადამიანის ფინანსურ მდგომარეობაზე ...

– რაღაც პროექტს ვაკეთებდით, რომლისთვისაც ავტომობილი დაგვჭირდა. მაშინ მე არ მყავდა მანქანა, ყიდვაზე ვფიქრობდი და რაღაც თანხაც მქონდა გადადებული, მაგრამ არ ვჩქარობდი. ვფიქრობდი, რომ გარკვეულ თანხას კიდევ მოვაგროვებდი, დავამატებდი და მერე ვიყიდდი. მაგრამ რადგან ამ პროექტისთვის დაგვჭირდა, გადავწყვიტე მაშინვე მეყიდა და ამ საქმესაც გამოადგებოდა. მოკლედ, დროშიც შეზღუდულები ვიყავით და გავიქეცი ავტობაზრობაზე. 2017-2018-წლიან მანქანას ვეძებდი. ახალი და ბიუჯეტური მანქანა მინდოდა. ვათვალიერებ, ვარჩევ, ფოტოებს ვუღებ და ერთ-ერთ მანქანასთან რომ ვდგავარ, ამ დროს, ერთ-ერთი დილერი მოდის და მეკითხება, ვისთვის ეძებ მანქანასო. ჩემთვის-მეთქი, ვუპასუხე. „კარგი, რაო“ და ცოტა დაეჭვებული სახით გამომხედა. ეს მაინც „ოპელიაო“... არადა, მე მგონია, რომ კარგ მანქანას ვყიდულობ და ნამდვილად არ არის ცუდი. მერე-მეთქი? – ვერ მივხვდი, რას მეუბნება. სადმე ხომ უნდა მიხვიდე მანქანით და ამით როგორ უნდა მიხვიდეო?! – მეუბნება. ვაახ, ვფიქრობ, რას გულისხმობს-მეთქი. ვუთხარი, გემოვნება კი გვაქვს, ბატონო, მაგრამ... კარგი ახლა, ერთი ოცი წელიწადია, მარტო მე გიყურებ ტელევიზორში და შენ ეგ გაგიჭირდაო?! დავფიქრდი და ამას ახლა რომ ვუთხრა, ამ თანხას კიდევ კრედიტი უნდა დავამატო და ეს მანქანა ისე ვიყიდო, ალბათ, არ დაიჯერებს და ხუმრობად ჩათვლის, ამიტომ, კიდევ უარესის თქმა გადავწყვიტე და ვეუბნები: იცით, მე მოპედით დავდივარ-მეთქი. თქვენ გამაგიჟებთ, კარგი რა, რა დაგემართათ, რა მოპედით დადიხარო?! ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ადამიანებს ჩვენ-ჩვენი საზომი გვაქვს ცხოვრებაში. ის მართალი იყო თავის განცდებში და ამ განცდებიდან გამომდინარე, ჩემთვისაც მართალს მეუბნებოდა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ხშირად პრიორიტეტებს სწორად ვერ განვსაზღვრავთ, მათ შორის ვერც მე. ამ ისტორიამ კიდევ ერთხელ დამანახვა, რომ სტერეოტიპები და პრიორიტეტების არასწორად განსაზღვრა ადამიანებს ყველაზე მთავარის შეგრძნებას გვართმევს – ეს არის სიცოცხლე. იმისთვის, რომ ბოლო კლასის „მერსედესით“ მივიდეთ „სადღაც“ და „ვიღაცამ“ დაგვინახოს, შეიძლება, ძალიან ბევრი ისეთი რამ ჩავიდინოთ, რაც პრინციპულად მიუღებელი უნდა იყოს ადამიანისთვის.

– ალბათ, გაცილებით რთულია, როცა სამი შვილი გყავს.

– განვითარებულ ქვეყნებში „ვარსკვლავების“ ცხოვრება სხვაგვარია, განვითარებადში უარესადაც არიან და უკეთაც, მაგრამ ჩვენ ეს მოცემულება გვაქვს და არ ვწუწუნებ. თუმცა, ადამიანები მატერიალისტები ვართ და სხვანაირად ვერც იქნება, იმიტომ, რომ ადამიანები ვართ. მაგრამ რაღაც ხომ განგვასხვავებს ინსტინქტური ცხოველებისგან?!

იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა გვჭირდება და რა გვინდა, აბალანსებს და სწორ მდგომარეობაში აგდებს ადამიანს, მე ასე მგონია.

ვფიქრობ, რომ მოცემულობა, რომელიც ადამიანებს გვაქვს, გამომდინარეობს ჩვენი ქმედებებიდან. ჩვენი ქმედებები განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას, მაგრამ ამ ქმედებებსა და ჩვენს მოცემულობას შორის კავშირის დანახვა ხშირად რთულია. სამყარო და ღმერთი ყოველთვის გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი თავის რეალიზება მოვახდინოთ, მაგრამ ამ პროცესში ცხოვრების კანონები არ უნდა დავარღვიოთ. შვილების ნორმალური აღზრდა იქნება თუ ოჯახის წინაშე დაკისრებული პასუხისმგებლობები, მგონია, რომ ყველაფრის უზრუნველყოფის შანსი გვეძლევა. მაგრამ თუ ეს ვერ ხერხდება, მაშინ, მგონია, რომ ავცდით სამყაროს კანონებს და ამ დროს უნდა დავფიქრდეთ, სად მოხდა ეს აცდენა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა