შოუბიზნესი

რა იყო ვერონიკა კალანდარიშვილისთვის დიდი სტრესი და რა შეცდომებს იმეორებს ის მუდმივად

№20

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 22.05

ვერონიკა კალანდარიშვილი
დაკოპირებულია

მსახიობი ვერონიკა კალანდარიშვილი სერიალ „მსხვერპლის” მთავარი პერსონაჟის როლს ასახიერებს, რომელსაც საკუთარი მტკივნეული სიმართლის დასამტკიცებლად ბევრი სირთულის გადატანა უწევს.

ვერონიკა კალანდარიშვილი: ძალიან რთულია, როცა საკუთარ სიმართლეს ვერ ამტკიცებ. ამის მცირე გამოცდილებები მეც მქონია, თუმცა, საბედნიეროდ, იმხელა ამბავზე, როგორიც სერიალშია – არა. როცა ასეთი რაღაც შეგემთხვევა და საზოგადოებას შენ ჰგონიხარ დამნაშავე, ეს ურთულესია. რა უნდა ქნა ამ დროს – ბოლომდე იბრძოლო და შენი სიმართლე დაამტკიცო თუ ყველაფერი გვერდზე გადადო და ცხოვრება გააგრძელო? არ ვიცი, ძალიან ინდივიდუალურია, თუმცა, კარგია, თუ სამართალი იზეიმებს. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ადამიანები ვერ ამტკიცებენ თავიანთ სიმართლეს.

– როგორ მოხვდი ამ სერიალში?

– ქასთინგის მეშვეობით. ამ გუნდთან მანამდეც მქონდა ერთ სერიალზე ნამუშევარი და რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ როლზე არ ამიყვანდნენ, რადგან წინა პროექტიდან დიდი დრო არ იყო გასული. ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი იყო ჩემთვის, როცა გავიგე, რომ არჩევანი ჩემზე შეაჩერეს.

– ერთგვარი იღბალია, როცა ასეთი აქტიური ხარ პროფესიაში. ზოგადად, რამდენად იღბლიანი ხარ?

– მადლობა ღმერთს, ნამდვილად იღბლიანი ადამიანი ვარ. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ეს სხვადასხვა ასპექტში მიგრძნია. ისეც მომხდარა, რომ რაღაც უარყოფითის მომტანი მგონებია ჩემთვის, მაგრამ დრო გასულა და მივმხვდარვარ, რომ ეს გაკვეთილი იყო, რომელსაც სამომავლოდ კიდევ სხვა რამისთვის უნდა შევემზადებინე.

– კონკრეტულად რა არის ის, რაც გაფიქრებინებს, რომ იღბლიანი ხარ?

– პირველ რიგში, ის ადამიანები, ვინც გარშემო მყავს: ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი ქმარი, ჩემი მეგობრები. ძალიან იღბლიანი ვარ, რომ მათ შევხვდი. ჩვენს საქმეში ძალიან დიდ როლს ზუსტად იღბალი თამაშობს. ჩემი აზრით, იღბალი სწორად გადადგმული ნაბიჯების შედეგია. ანუ, შანსი რომ მოგეცემა, მისთვის მზად უნდა იყო. არ უნდა იჯდე და ელოდო, როდის გადმოგიგდებს ცხოვრება ძღვენს. შენს საქმეს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიჰყვე, მასში შრომა ჩადო და შედეგად აუცილებლად მიიღებ ძღვენს, თუმცა, ამ მომენტსაც მზად უნდა დახვდე. უნდა შეგეძლოს იმის გაცნობიერება, რომ ეს შენთვის შანსია.

– შრომისმოყვარე ხარ?

– სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ მინდა, ბევრად უფრო შრომისმოყვარე ვიყო. როდესაც საქმე მაინტერესებს, იმხელა მოტივაცია მაქვს, შემიძლია, 24 საათი შეუსვენებლად ვიმუშაო, მთელი ჩემი ენერგია მისკენ მივმართო, მაგრამ როდესაც რაღაც დიდად არ მაინტერესებს, მაშინ ძალიან მიჭირს შრომისმოყვარეობის გამოვლენა. ეს ჩემი მინუსია.

– როდის ზარმაცობ?

– არ ვზარმაცობ. თუ რამე ჩემი გასაკეთებელია, აუცილებლად ვაკეთებ, მაგრამ შრომისმოყვარეობა კიდევ სხვანაირად მესმის – როცა რაღაცისთვის მთელი დროისა და ენერგიის დათმობა შეგიძლია. სიზარმაცის უფლება თავს შეიძლება, მაშინ მივცე, როცა დასვენების დრო მაქვს. მაგალითად, მთელი დღე ვიწვე, რაღაცას ვუყურო და საქმე არ გავაკეთო. ეს იმ შემთხვევაში, როცა ვიცი, რომ ჩემი სიზარმაცით არაფერს გავაფუჭებ.

– მებრძოლი ხასიათი გაქვს? წინააღმდეგობების მიუხედავად ჯიუტად ცდილობ სასურველი შედეგის მიღწევას?

– ალბათ, მაქვს. თუმცა არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც წინააღმდეგობები მეტ აზარტს უჩენს და მერე უფრო მეტი ხალისით იბრძვის, მაგრამ როდესაც ზუსტად ვიცი, რისთვის ვიბრძვი, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა. მარტო იმიტომ, რომ რაღაც დავამტკიცო, ბრძოლის დასაწყებად ყველას და ყველაფერს გვერდზე არ გადავდებ. თუ ძალიან მინდა რაღაც, შემიძლია, ყველაფერი გავაკეთო მისთვის, მაგრამ იმიტომ არა, რომ ვინმეს რამე დავუმტკიცო. ეს პერიოდიც მქონდა, მაგალითად, თინეიჯერობის ასაკში და მაშინ ვიღაცისთვის რაღაცის დამტკიცებისთვის ბრძოლა, ჩემთვის დიდი ტვირთი იყო. ეს არ იყო შედეგიანი, პირიქით, დიდი სტრესი მქონდა. თითქოს, ახლა ამ ყველაფრისგან თავისუფალი ვარ. უფრო მეტად გავიცანი ჩემი თავი, ჩემი სურვილები და საკუთარი სურვილებისთვის ბრძოლას ბრძოლადაც არ აღვიქვამ, პირიქით, ძალიან სასიამოვნო პროცესია. ამ გზაზე მუდმივად ვსწავლობ, ვვითარდები, უფრო თავისუფალი და ბედნიერი ვარ.

– გქონია განცდა, რომ შრომა წყალში ჩაგეყარა?

– არა. თუ რაღაც ძალიან გინდა, ამისთვის ბევრს მუშაობ და მაინც არ გამოდის, ეს არ არის დასასრული, ესე იგი, ჯერ გზის შუაში ხარ და უბრალოდ, შრომა უნდა გააგრძელო. ამ შემთხვევაში შედეგამდე აუცილებლად მიხვალ. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, როცა მართლა შენი სურვილია და არა გარემოსგან თავსმოხვეული მოჩვენებითი წარმატებისკენ სიარული.

– წარუმატებლობის დროს თუ რთულ პერიოდებში რა გეხმარება ფეხზე წამოდგომაში?

– ჩემი ქმარი, რომელიც მუდმივად გვერდით მიდგას და მამხნევებს, საყვარელი ადამიანები. იმის ცოდნა, რომ მათ ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ, ძალიან მამშვიდებს და მამხნევებს. არ აქვს მნიშვნელობა, ძალიან წარმატებული ვიქნები, თუ წარუმატებელი, ნებისმიერ შემთხვევაში ჩემ გვერდით არიან და სიყვარულს მაგრძნობინებენ, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სიმშვიდის მომცემია. ოცდაეერთე საუკუნეში, ძალიან მომთხოვნი გარემო გვაქვს. თითქოს, ყველანი ძალიან წარმატებულები უნდა ვიყოთ ყველა ასპექტში. რეალურად, ეს არ გვჭირდება. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის დიდი ბედნიერებისთვის აუცილებელი არ არის, რომ „ოსკარი“ მქონდეს. ამისთვის არც განსაკუთრებული პროექტები მჭირდება. უბრალოდ, საყვარელი საქმის კეთება, ჩემი საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნა, მათი ჯანმრთელობა და ცხოვრების კარგი ხარისხი – ეს სრულიად საკმარისია, რომ თავი უბედნიერესად ვიგრძნო. შეჯიბრებითობის პრინციპიც ძალიან არასწორი მგონია. თუ ცდილობ, იყო საუკეთესო, ეს ნიშნავს, რომ სხვას ეჯიბრები.

– როგორც ვხვდები, შენი საუკეთესო მოტივატორი მეუღლეა.

– არ მინდა, სხვებს დავუკარგო ეს ამაგი. საბედნიეროდ, მეუღლესთან ერთად, გარშემო ბევრი ადამიანი მყავს, ვინც ჩემთვის დიდი მოტივაციის მომცემია, თუმცა, ალბათ, ყველაზე დიდ ძალას ჩემი მეუღლე მაძლევს, შემდეგ – მშობლები, დები, მეგობრები. უბრალოდ, ჩემი მეუღლე ჩემს ყოველდღიურობაშია და ზედმეტად დიდი შეხება აქვს ჩემს მოტივაციებთან.

ცოტა წვალობს, მაგრამ ყველაზე დიდი დოზით მას უწევს (იცინის). ვხუმრობ, მეც ვცდილობ, მისთვის განსაკუთრებული მოტივატორი ვიყო, თუმცა, ვაღიარებ, რომ ის უფრო მეტად არის ჩემთვის, ვიდრე მე მისთვის.

– ხარ ადამიანი, ვინც მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას უფრთხილდება?

– მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მენტალურ ჯანმრთელობას მოვუფრთხილდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ფიზიკური ჯანმრთელობა. სამწუხაროდ, ფიზიკურ ჯანმრთელობას არ ვუფრთხილდები ისე, როგორც საჭიროა. აქ მხოლოდ ვარჯიშს არ ვგულისხმობ, რასაც სამწუხაროდ, ასევე არ ვასრულებ. სხეულის მოვლა ცალკე კულტურაა, რომელიც ჯერჯერობით ჩემამდე ვერ მოვიდა (იცინის). როცა რაღაც ძალიან მაინტერესებს, შემიძლია, 24 საათი ვიმუშაო და ასეთ დროს საერთოდ ვივიწყებ საკუთარ თავზე ზრუნვას. მქონია შემთხვევა, რომ გადაბმულად შეუსვენებლად მუშაობისგან, ძალიან ბევრი უძილო ღამისგან და მოუწესრიგებელი კვებისგან, ორგანიზმი გამომფიტვია და ფიზიკურად ცუდად გავმხდარვარ.

– შეცდომებზე სწავლობ?

– გააჩნია შეცდომებს (იცინის). არის შეცდომები, რომელსაც აგერ უკვე 31 წელია, წრეზე ვატრიალებ (იცინის). მაგალითად, წინასწარ იმის დაგეგმვა, რაც ძალიან საჭიროა, არაფრით არ გამომდის, ყველაფერი ბოლო წუთს უნდა გავაკეთო, რაც მერე ძალიან დიდ პრობლემას ქმნის და მთელ ჩემს გეგმებს არევს ხოლმე. თუ მეორე დღეს მეჩქარება, ხომ შეიძლება, წინა დღით გავიმზადო რამე, რომ მერე დრო აღარ დამეკარგოს. ამის გამო არსად ვაგვიანებ, მაგრამ სულ ფართხაფურთხით მიწევს სიარული (იცინის). თუმცა, არის შეცდომები, რომლისგანაც ბევრი ვისწავლე.

– როგორი მეორე ნახევარი ხარ?

– არ ვიცი, ალბათ, ამაზე ჩემმა მეუღლემ უნდა ისაუბროს. იმედია, ფანტასტიკური ვარ (იცინის). პირველ რიგში, ჩვენ მეგობრები ვართ, ერთმანეთისთვის ძალიან ახლობელი ადამიანები. იმედია, ისიც კმაყოფილია და მოლოდინები არ გაუცრუვდა (იცინის).

– ოჯახი და მეუღლის სტატუსი გარკვეულ ჩარჩოებს თუ გიწესებს?

– ურთიერთობა ისევ ისეთი გვაქვს, უბრალოდ, სახელი ჰქვია სხვა. ერთმანეთისთვის ისევ უახლოესი მეგობრები და შეყვარებულები ვართ, რასაც უკვე მეუღლეობაც დაემატა. თითქმის 11 წელია, ერთად ვართ და ამ ურთიერთობაშიც იმავე ადამიანებად დავრჩით, როგორებიც აქამდე ვიყავით – ადამიანებად, რომლებსაც ერთმანეთი ძალიან უყვართ.

P.S. გამოყენებული ფოტოების ავტორები არიან: თამარა გონჯილაშვილი და ლუკა ოლირი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

17-23 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი