შოუბიზნესი

რა იყო გიორგი გველესიანის დიდი ტკივილი და რა შეცდომა დაუშვეს მის მიმართ საქართველოში

№30

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 29.07

გიორგი გველესიანი
დაკოპირებულია

ფეხბურთელი გიორგი გველესიანი მთელმა საქართველომ ცოტა ხნის წინ ნაკრების შემადგენლობაში გაიცნო. მან მოედანზე გამოჩენის პირველივე წუთებიდან მიიპყრო ყველას ყურადღება, რადგან ჩვენს საამაყო მიღწევაში უდიდესი როლი შეიტანა.

როგორც უკვე ვიცით, გიორგი თეირანის „პერსეპოლისის“ წარმატებული ფეხბურთელია. მისი ცხოვრების შესახებ დედა, ქალბატონო ლელა მოგვითხრობს.

ლელა გრძელიშვილი: ბედნიერი ვარ, რომ ეს დღე დადგა, თან, ასეთი ფოიერვერკით, ასეთი ყოვლისმომცველი და მნიშვნელოვანი. სიტყვები არ მყოფნის ამ ემოციის გამოსახატავად. მიხარია, რომ მთელი ქვეყანა ასე გახარებულია, მიხარია, რომ ჩემმა შვილმა ოცნება აისრულა.

სიმართლე გითხრათ, ეს მიუღწეველი გვეგონა. გიორგისთვისაც წარმოუდგენელი იყო. მითხრა კიდეც: დედა, ყველაზე სანუკვარ ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი ასეთ სიუჟეტსო.

– საკუთარი თავიც და თითოეული ქართველიც დააჯერეს, რომ ეს შესაძლებელი იყო.

– დაინახეს, რომ შესაძლებელი იყო. ხალხმა უნდა დაინახოს, რამხელა ძალა აქვს ერთიანობას, სიყვარულს, თანადგომას და ერთმანეთის პატივისცემას. ეს არის ყველაზე მთავარი, თორემ ფეხბურთი მხოლოდ სპორტია. ეს ყველაფერი ცხოვრებაში რომ გადავიტანოთ, ბევრად უფრო მასშტაბური და მნიშვნელოვანი შედეგები გვექნება. ალბათ, უნდა დავფიქრდეთ, როგორი მომავალი გვინდა. თუ დავიხლიჩეთ და ერთმანეთს გვერდით არ დავუდექით, ისევ ჩვენ ვიქნებით დამარცხებული. თუ ერთად ვიდგებით, გამარჯვებას ხშირად ვიზეიმებთ.

– რა ხდებოდა ეს პერიოდი თქვენს ოჯახში?

– სიზმარში ვიყავი. სიმართლე გითხრათ, დიდად ვერ გამოვხატე ემოცია, გაოგნებული ვიყავი, შოკირებული. ახლა უკეთ რომ ვაცნობიერებ, კიდევ უფრო მეტად გახარებული ვარ. მანამდე იმხელა ემოციები იყო, მიჭირდა გამკლავება. თურმე, ამხელა სიხარულთან გამკლავებაც ძალიან რთული ყოფილა. იმდენად მომიცვა, რომ სტრესშიც ჩამაგდო. შეიძლება, ამან გაგაგიჟოს კიდეც. ნამდვილად არ მეგონა ასე.

– მგონია, რომ თვითონ ძალიან გაწონასწორებულია ემოციურად.

– უკვე დაღვინდა, მაჭარი აღარ არის. 33 წლის მამაკაცია. ძალიან ბევრ რამეზე აქვს ნაფიქრი. დრო ბევრი ჰქონდა. რვა წლის განმავლობაში მარტო ცხოვრობს. რა თქმა უნდა, მეუღლე ხშირად აკითხავს, ყოველწუთიერი კონტაქტი აქვს ჩვენთან, მაგრამ, ფაქტობრივად, ხომ მაინც მარტო იყო იქ. არც გართობა, არც დროსტარება, უნდა ივარჯიშო, იკითხო, განვითარდე. ისეთიც არ არის, რომ წამოწვეს და არაფერი აკეთოს.

– ყველა ხაზს უსვამს, როგორი განათლებული და დაფიქრებულია...

– თავის თავზე ძალიან ბევრი იმუშავა. ამაზე ბევრს ვსაუბრობდით ხოლმე. ვეუბნებოდი, რა იცი, გამოხვალ თუ არა ფეხბურთელი ან როგორი ფეხბურთელი გამოხვალ – შეიძლება, ძალიან ნიჭიერიც იყო, მაგრამ არ გაგიმართლოს. ამიტომ გვინდოდა, რომ სხვა პროფესიასაც დაუფლებოდა. თვითონაც ჰქონდა ამის შეგნება და ინტერესი. სხვათა შორის, წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები, გრანტიც მოიპოვა, სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ ვერ დაამთავრა. მეორე კურსზე იყო, როცა „დინამოში“ გადავიდა და მთავარი მოთამაშე გახდა. მითხრა: დედა, ორი საქმე ერთად არ გამოვაო და უნივერსიტეტის მიტოვება მოუხდა. ძველად სპორტსმენებს ძალიან დიდი შეღავათები ჰქონდათ და კარგი იქნება, დასწრების მხრივ ახლაც ასე იყოს.

– გიოცნებიათ, თქვენი შვილი ფეხბურთელი გამხდარიყო?

– მამა მყავდა ფეხბურთის საოცარი გულშემატკივარი. ამ საქმის მასავით მოყვარული და მცოდნე, ალბათ, ერთეულები არიან. თავის დროზე თამაშობდა კიდეც და სხვათა შორის, გიორგის პოზიციაზე, დაცვაში იყო, მაგრამ მერე ფეხზე ოპერაცია დასჭირდა და თამაში ვეღარ გააგრძელა. მამას ოთხი შვილიშვილი ჰყავდა. ორი – ჩემგან, ორი – ჩემი ძმისგან. სპორტი ისე უყვარდა, ოთხივეს მოჰკიდებდა ხელს და საგულშემატკივროდ მიჰყავდა. ამბობდა ხოლმე, ჩემი შვილიშვილები თუ კარგი სპორტსმენები არა, კარგი გულშემატკივრები მაინც გამოვლენო. გიორგის ბავშვობაში არანაირი ინტერესი არ გამოუხატავს ფეხბურთის მიმართ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს დედაჩემთან და მამაჩემთან იყო ეზოში ჩასული და ბურთის თამაში დაუწყია ბავშვებთან ერთად. მამა სახლში ყოფილა და თურმე, ეძახიან, დაბლა ჩამოდი, სახლში რა გაჩერებს, ნახე შენი შვილიშვილი როგორ თამაშობს ფეხბურთსო.

მამა გაქცეულა და ისიც გაოცებული უყურებდა, როგორ თამაშობდა გიორგი. არ ვიცი, რა გააკეთა ამ ბავშვმა, მაგრამ მამას გამოცდილი თვალი ჰქონდა და ალბათ, რაღაც შენიშნა. გაგიჟებული ამოსულა სახლში, დამირეკა და მითხრა, ლელა, გიორგისგან შეიძლება, კარგი ფეხბურთელი გამოვიდეს და აუცილებლად უნდა მიიყვანო ფეხბურთზეო.

ამის შემდეგ გარკვეული პერიოდი ეზოში თამაშობდა და ცოტა აიმაღლა ოსტატობა. ალბათ, 8-9 წლის იყო, როცა 35-ე სკოლაში მივიყვანე. პირველი ნაბიჯები სოსო სირაძესთან გადადგა, ის იყო მისი მწვრთნელი. მერე იყო გოგიჩაიშვილი, რომელიც ძალიან მოსწონდა. იყო ასეთი მწვრთნელი – აკობია, რომელსაც მოეწონა გიორგი და „დინამოს“ დუბლებში წაიყვანა. ეს ბავშვისთვის უმაღლესი მიღწევაა. ამან დიდი მოტივაცია მისცა გიორგის.

მერე და მერე, ბევრჯერ უკანაც დაუწევიათ. მისი დიდი ტკივილი ნაკრები იყო. არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ მოხვდა. როდესაც წარმატებული ხარ, ერთ-ერთი საუკეთესო, მაგრამ ასაკობრივ ნაკრებში არ გიწვევენ, რთულია. ბავშვობიდან დიდი შეცდომა დაუშვეს მის მიმართ.

გიორგი უზომოდ თვითკრიტიკულია. თუ მან თქვა, კარგად ვარ მომზადებულიო, ესე იგი, მართლა ასეა. ბავშვობიდანვე ძალიან სწორად აფასებდა საკუთარ ფორმას. ამბობდა, 17 წლამდე არ ვიყავი ღირსი ნაკრებში ყოფნის, მაგრამ 19 და 21-წლამდელთა ნაკრებში აუცილებლად უნდა ვყოფილიყავიო. დარწმუნებულიც იყო, რომ გამოიძახებდნენ, ამბობდა, ყველა კონკურენტს ვაჯობეო. მიუხედავად იმისა, რომ არ აიყვანეს, არც გაბრაზებულა, არც ხელი ჩაუქნევია. ამბობდა, უკეთესად ვითამაშებ და შემდეგ ამიყვანენო. აქამდე ერთადერთხელ დააფასეს ჩემი შვილი, მაშინ ნაკრების მწვრთნელი ცხადაძე იყო, მან აიყვანა გიორგი და არ მავიწყდება მისი სიტყვები ერთ-ერთი ინტერვიუდან, ამბობდა: გიორგი უნიჭიერესი ახალგაზრდაა, ასეთ ბიჭს ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ინატრებდნენ და საუკეთესო მცველად აღზრდიდნენ, მას ამისთვის ყველანაირი მონაცემი აქვსო. თუმცა, ცხადაძე ძალიან მალე წავიდა პოზიციიდან და მას შემდეგ გიორგი არავის გამოუძახებია. არადა, ფეხბურთელებს ძალიან სჭირდებათ გამოძახება, ეს მათთვის ტრამპლინია. ვერ ნახავთ კარგ ფეხბურთელს, რომელიც ნაკრების გარეშე მოხვდა კარგ კლუბში. თუ არავინ წარგადგინა, ვერც ვერავინ დაგინახავს, გიორგის აგენტიც არ ჰყოლია. მოკლედ, ასე დასწიეს უკან. გიორგი არ არის ის ტიპი, ვინმე შეეწუხებინა, მისთვის ნაცნობობით მიღწეული წარმატება შეურაცხმყოფელია. მით უმეტეს, რომ იცოდა, ეკუთვნოდა.

– ამბობდა, ახლაც არ ველოდი, ირანი ძალიან ჩაკეტილია, ძალიან უნდა მოინდომო, რომ ჩემს თამაშებს უყუროო.

– ჰო, მაგრამ, იმას ხომ მაინც იგებ, რომ შენი მოქალაქე, 80-მილიონიან ირანში ჩემპიონი გახდა. უამრავი ფეხბურთელი ჰყავთ და რამდენჯერმე რომ გახდება ქართველი ჩემპიონი, საუკეთესო მოთამაშედ რომ აღიარებენ, თასების მფლობელი ხდება და აზიის ლიგაში თამაშობს, ხომ უნდა დაინტერესდე?! მე მედიას ვთვლი ერთ-ერთ დამნაშავედ. ახლა რომ ამბობენ, სად იყო დამალული თქვენი შვილიო, სპორტული ჟურნალისტები სად იყვნენ აქამდე? უცხოელი სპორტსმენების შესახებ რომ აშუქებდნენ, საკუთარ მოქალაქეზე რატომ არაფერს ამბობდნენ?! ძალიან კარგად იცოდნენ, მაგრამ მიზანმიმართულად არ აშუქებდნენ. შეიძლება, იმიტომ, რომ ირანში თამაშობდა? ვერ გეტყვით, პირადი წინააღმდეგობა ვერ ექნებოდათ, რადგან ბოლო რვა წელია, გიორგი წელიწადში, მაქსიმუმ, თვე-ნახევრით ჩამოდის საქართველოში.

ყოველთვის ვაკვირდებოდი პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“. ყოველდღიურია, ერთი საათი გრძელდება და თავადაც იცით, ერთი საათი, რომ სპორტზე ისაუბრო ყოველდღიურად, საკმაოდ დიდი მასალა არის საჭირო, ეს არ არის მარტივი, შესაბამისი მასალა ხომ გჭირდება?! ის თუ არ გაინტერესებს, რას აკეთებს შენი ქვეყნის ფეხბურთელი, მასალის მოპოვება მაინც ხომ უნდა გაინტერესებდეს. გიორგი რომ გახდებოდა ჩემპიონი, ჩავრთავდი და რამდენიმე დღეს ვუყურებდი ამ გადაცემას, მაგრამ სრული იგნორი. ერთ-ერთ თამაშში, რონალდოს ეთამაშა აზიის ლიგაში და მაშინაც არ გაატანინა გოლი. რადგან აზიის ლიგა იყო, გააშუქეს. რონალდოს ეთამაშება გიორგი და ამ მატჩს აშუქებდა წამყვანი საკმაოდ დიდი ხანი, მაგრამ მხოლოდ რონალდოზე საუბრობდა. ვფიქრობ, ახლა იტყვის, რომ რონალდოს წინააღმდეგ თამაშობდა ჩვენი თანამემამულე და გოლი არ გაატაინინაო, მაგრამ არაფერი მსგავსი არ უთქვამს. ძალიან აღშფოთებული ვიყავი.

ხალხმა არ იცოდა, თორემ ვინც საჭირო იყო, არ შეიძლებოდა, არ სცოდნოდა გიორგის შესახებ. სხვათა შორის, იქ მისი გუნდის მწვრთნელს ძალიან უკვირდა, ასეთი კარგი მცველი რომ გვყავხარ, შენს ნაკრებს არ სჭირდებიო?!. გიორგის უპასუხია, ძალიან ბევრი კარგი მცველი გვყავსო. არაო, უთქვამს, მე ახლა შევადგენ წერილს და თქვენს ნაკრებს გავუგზავნი, რომ შენ აუცილებლად გამოადგებით ნაკრებშიო.

– იქ, ალბათ, ძალიან უყვართ და აფასებენ.

– გიორგის არ უყვარს თავის ქება და მსუბუქად ჰქონდა ნათქვამი, იქ როგორი გულშემატკივრები ჰყავდა. კადრებიც მქონდა ნანახი, სადაც კარგად ისმოდა, მისი გულშემატკივრები მის გვარს რომ იძახდნენ, მაგრამ რაც ჩემი თვალით ვნახე, ამას ვერაფრით წარმოვიდგენდი. ერთხელ ვიყავით ირანში – მე და ჩემს მეუღლეს ბავშვები გვყავდა წაყვანილი და ქუჩაში რომ გავიდოდით, ყოველ ხუთ წუთში აჩერებდნენ, ეფერებოდნენ, ფოტოს გადაღებას სთხოვდნენ. გავგიჟდი, თავიდან ვიფიქრე, რომ რამდენიმე იცნობდა, მაგრამ უამრავჯერ გაგვაჩერეს. ტაქსიში ცდილობდნენ, ფული არ გამოერთმიათ, მაგრამ გიორგი არ ანებებდა. უბედნიერესი ვიყავი. საკუთარ ქვეყანაში არ დააფასეს, მაგრამ სადღაც მაინც ხედავდნენ მის შრომას. ჩემი ქმარი ხუმრობდა, გიორგი სააკაძესავითა, აქ არც ის დააფასეს, ის ხმლით იბრძოდა ირანში, ჩემი შვილი ფეხით იბრძვისო (იცინის).

– ოჯახი და ოჯახური ცხოვრება...

- ძალიან რთულია მისი მეუღლისთვისაც და მით უმეტეს, გიორგისთვის. ახალგაზრდა ადამიანისთვის რთულია, როცა მეუღლე ყოველთვის გვერდით არ გყავს. ბუნებრივია, შვილებიც აქ ჰყავს. რამდენჯერაც დრო გამოუჩნდება, შვილებისა და მეუღლის სანახავად ჩამოდის. საბედნიეროდ, ირანი ძალიან ახლოსაა, ერთი საათი უნდა ფრენას. აეროპორტში გიორგის რომ ხედავენ, ისეთ პატივისცემაში ჰყავთ, რომ საუკეთესო ადგილას სვამენ, მეფესავით მოდის ხოლმე (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა