შოუბიზნესი

რა გზებით შეუძლია ადამიანს გაარკვიოს საკუთარი გვარი და დაბადების თარიღი და როგორ ეხმარება თამუნა მუსერიძე ადამიანებს ბიოლოგიური მშობლების პოვნაში

№7

ავტორი: ეთო ხურციძე 23:00 22.02, 2021 წელი

თამუნა მუსერიძე
დაკოპირებულია

უკვე წლებია, რაც ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერაფერს მიაკვლია. მან და მისმა მეგობრებმა, რომლებსაც ერთი პრობლემა აერთიანებთ, სხვების დახმარების მიზნით შექმნეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეძებ“.

თამუნა მუსერიძე: 2016 წელს, როცა გავიგე, ნაშვილები ვიყავი და ბიოლოგიური მშობლების ძებნა დავიწყე, აღმოჩნდა, რომ სიმართლის გაგება საკმაოდ რთული იყო. მერე გავარკვიე, არსებობს გზები, რომლის მეშვეობითაც ადამიანს შეუძლია, გაარკვიოს მისი დაბადების თარიღი, დედის გვარი, საკუთარი გვარი და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, იმ ადამიანების ნაწილმა, რომლებიც ჩემს მდგომარეობაშია, ეს ყველაფერი არ იცის. სწორედ, ამიტომ გადავწყვიტე არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა, მინდოდა, ეს ხალხი დამეკვალიანებინა და ინფორმაცია მიმეწოდებინა, რომ ერთი ჩანაწერის მოძებნაში, ჩემსავით, რამდენიმე წელი არ შეელიათ. თუმცა, ეს ყველაფერი მარტომ ვეღარ მოვახერხე. საბედნიეროდ, გამოჩნდა სამი გოგონა – ია ყველაშვილი, მარიამ ჯიბლაძე და თათა გოგოლაძე, მათ ეს ინიციატივა აიტაცეს და ერთად დავაფუძნეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეძებ“. ამ გოგოების დამსახურება უფრო მეტია, ვიდრე ჩემი, ძალიან ბევრს შრომობენ და წვალობენ, რომ ადამიანებს დაეხმარონ. გვაქვს იურიდიული და ფსიქოლოგიური მომსახურება. კონსულტაცია კი სრულიად უფასოა.

– თქვენ მიერ შექმნილი ჯგუფი, „ვეძებ“, „ფეისბუქზე“ საკმაოდ აქტიურია და როგორც ჩანს, ბევრი მოგმართავთ.

– ხდებოდა. მომართვიანობა ძალიან დიდია. ჯგუფს ოთხი ადმინი ვყავართ, ორი მოხალისე დაგვემატა ლანჩხუთიდან და აჭარიდან, მაგრამ შეტყობინებებს ვერ ავუდივართ, თითოეული დღეში 40-45 წერილს ვიღებთ. ეძებენ ბიოლოგიურ მშობლებს, ასევე, არიან ისეთებიც, რომლებმაც თავად გააშვილეს ბავშვი და დახმარებას გვთხოვენ. ამ დროს ვერ ვეხმარებით, რადგან კანონით არ გვაქვს უფლება, როცა ადამიანმა არ იცის, რომ ნაშვილებია, ჩვენ ვუთხრათ სიმართლე. ეს იმდენად „ბეწვის ხიდზე“ გასავლელი გზაა, ოდნავ ფეხი რომ გადაგვიცდეს, დიდი პრობლემები შეგვექმნება. ამიტომ ყველაფერში იურისტი გვაკვალიანებს.

– თქვენი დახმარებით უკვე იპოვეს ბიოლოგიური მშობლები ან დედმამიშვილები?

– კი, იპოვეს. არაერთი ისტორიაა, ზოგი კარგად მთავრდება, ზოგიც ძალიან მძიმეა. ერთმა ქალმა ჯგუფში დადებული პოსტიდან იპოვა საკუთარი შვილი, რომელიც გაშვილებული ჰყავდა. მე მომწერა, რომ დედამისი იყო, მაგრამ შვილს ვერ ეტყოდა, რადგან სხვა ოჯახი ჰქონდა, ქმარი და შვილები ჰყავდა. ისე იმოქმედა ამ ამბავმა, რომ ცუდად გავხდი. როგორც გაშვილებულისთვის, მარტივი არაა იმის მოსმენა რატომ გააშვილა დედამ შვილი. მერე მომიყვა თავისი ისტორია, როგორ გათხოვდა და დაენგრა პირველი ოჯახი, მერე მეორედ როგორ შექმნა. ამჟამად ჰყავს ქმარ-შვილი და მათ არაფერი იციან პირველი ბავშვის არსებობის შესახებ. წარმოიდგინეთ, დედა უყურებდა თავის შვილს და ვერ ეუბნებოდა, რომ დედამისი იყო. სხვა გაშვილების მიზეზი ოჯახი იყო – აიძულეს ბავშვი გაეშვილებინა, რადგან 15 წლის გოგო ცოლშვილიანი კაცისგან დაფეხმძიმდა. ვეხვეწე ამ ქალს შვილისთვის გვეთქვა, რაღაც ინფორმაცია, სწორი დაბადების თარიღი მაინც. საბოლოოდ ვეღარ მოითმინდა და მისწერა, რომ ის იყო მისი ბიოლოგიურ დედა. 30 წლის შემდეგ დედა-შვილმა იპოვეს ერთმანეთი, და-ძმასავით არიან შვილი 30 წლისაა, დედა – 45-ის. კიდევ და-ძმამ იპოვა ერთმანეთი, გოგომ ჯგუფში დაწერა თავისი ისტორია, რომელიც წაიკითხა ამ გოგოს რძალმა და ერთ-ერთი ადმინის, თათას მეშვეობით მოახერხეს დაკავშირება. ასევე, დებმა იპოვეს ერთმანეთი.

– ისეთი შემთხვევებიც არის, როცა დედას უთხრეს, ბავშვი გარდაიცვალაო, მაგრამ რეალურად ცოცხალი იყო და გააშვილეს?

– კი, როგორ არა. მარიამი, ერთ-ერთი ადმინი, მუშაობს ერთ თემაზე, ქალს უთხრეს, რომ ბავშვი მოუკვდა, მაგრამ რეალურად ცოცხალია. ბავშვი ვიპოვეთ, თუმცა ვერ ეუბნება, რადგან მან არ იცის, რომ ნაშვილებია. ბევრი ძალიან რთული სიტუაციაა. ეს, ძირითადად, 80-იან, 90-იანი წლებში ხდებოდა, ქვეყანაში რომ განუკითხაობა იყო. მსგავს თემაზე იმდენი პოსტი იწერება, რომ დედებს, რომლებსაც მართლა გარდაეცვალათ ბავშვი, თითქოს იმედი ჩაესახათ. ეს ცუდია და ამ ყველაფერს ვერ ვაკონტროლებთ. იმის დასადგენად, ბავშვი მართლა გარდაცვლილია თუ არა, იუსტიციის სახლიდან საბუთების გამოთხოვა შეიძლება. თუმცა, მაშინ ისეთი არეულობა იყო, გამორიცხულიც არაფერია. ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა, ოღონდ ამ ქალბატონმა ჩვენამდე იპოვა შვილი. მშობიარობის შემდეგ უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა. დიდი ჩხუბის მერე მშობლებს ბავშვის ცხედარი გამოატანეს და დაკრძალეს. ამ ქალს კიდევ გაუჩნდა სამი შვილი, თუმცა, სამწუხაროდ, სამივე დაეღუპა. როგორც ჩანს, პირველ შვილზე ვინც სიმართლე იცოდა, მას ანონიმურად მიუწერია, რომ ცოცხალი იყო – ალბათ, ვეღარ გაუძლო ამ ქალის საცოდაობას. დედამ საბოლოოდ დაიბრუნა თავისი შვილი. აღმოჩნდა, რომ 17 წელი იმ შვილს გლოვობდა, რომელიც ცოცხალი ყოფილა. ერთი მძიმე ისტორია იყო კიდევ: ჯგუფის მეშვეობით შვილმა დედა იპოვა, მაგრამ დედის მხრიდან იყო უარყოფა – დედამ თანხა შესთავაზა, რომ შვილს სიმართლე არ ეთქვა. ამ ქალს ქმარი ჰყავს შეძლებული და აქაც ოჯახის თემაა. ძალიან მძიმეა ბავშვებისთვის ორჯერ უარყოფას რომ აწყდებიან, ამიტომ გვყავს ფსიქოლოგი.

– თამუნა, თავადაც წლებია, ეძებ ბიოლოგიურ დედას, იპოვე რამე ხელჩასაჭიდი?

– არაფერი. ცოტა ხნის წინ „სამხარაულში“ დნმ-ის ანალიზი გავიკეთე, მაგრამ არ დაემთხვა. არადა ბევრი დამთხვევა იყო: დაბადების თარიღი, თვე, სამშობიარო, კიდევ სხვა დეტალები, რაც მიგვანიშნებდა, რომ 100 პროცენტით ის იყო. ცოლ-ქმარს ჰყავდა შვილები, კიდევ ერთი ბავშვი რომ გაუჩნდათ, უთხრეს მოკვდაო, მაგრამ სინამდვილეში მოუპარავთ. მერე გაიგეს, ბავშვი ახლობელს გაუშვილებია, თუმცა, ის მე არ აღმოვჩდი.

– დიდი ხანია, ეძებ და არ გქონია მომენტი, რომ დაიღალე?

– არასდროს დავღლილვარ. არის მომენტები, როცა მივჩუმდები, მაგრამ ვიღაც აუცილებლად გამოჩნდება და მეუბნება: აი, ჩემმა მეზობელმა 84-ში გააჩინა... მერე ყველაფერი იწყება თავიდან. რაღაც ძალა არ მაძლევს მოდუნების საშუალებას, თითქოს, სულ მანიშნებს, რომ უნდა ვეძებო. მჯერა, რომ მაინც ვიპოვი. არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა იყო ბიძგი – თუ მე საკუთარ თავს ვერ ვუშველი, სხვას მაინც დავეხმარები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი