რა გზა გაიარა მირა ყიფშიძემ საფრანგეთსა და ამერიკაში წარმატებული კარიერისთვის და რაში დაეხმარა მას ცვალებადი ხასიათი
ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 10.03

იშვიათად მინახავს ისეთი მიზანდასახული, შრომისმოყვარე და წარმატებაზე ორიენტირებული ადამიანი, როგორიც მირა ყიფშიძეა. გარეგნულ სილამაზესა და ხიბლს მიღმა თბილი, მოსიყვარულე და თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი იმალება, რომელთან ურთიერთობაშიც გრძნობ მის დადებით დამოკიდებულებას. იმ წარმატებამდე მისვლა, რომელიც მან საკმაოდ ადრეულ ასაკში შეძლო, ადვილი არ იყო, თუმცა იღბალი, კოლოსალური შრომა, ცოდნა და საკუთარ თავზე მუშაობა, დაეხმარა. მირა, ახლახან SAMSUNG-ის ნიუ-იორკის გუნდს B2B გაყიდვების პროექტების ხელმძღვანელის პოზიციაზე შეუერთდა. მანამდე ის პირველი ქართველი იყო, რომელიც 2 წელი ბროდვეის თეატრში მუშაობდა. იქამდე კი, ასევე, პირველი ქართველი იყო, რომელიც DIOR-ის გუნდში აღმოჩნდა და მედია განთავსების მენეჯერი გახლდათ.
მირა ყიფშიძე: ბავშვობაში მინდოდა, მსახიობი ან მომღერალი გამოვსულიყავი. შვიდი წელი დავდიოდი ფორტეპიანოზე და თან, სტუდიაში ვმღეროდი, ასე რომ, ბავშვობიდან ხელოვნების სფეროში ვიყავი და ძალიან მინდოდა, მსახიობობასთან ერთად, კარგი მომღერალი გამოვსულიყავი. შემდეგ მსახიობობა და მომღერლობა გადავიფიქრე და პროფესიონალი ჩოგბურთელობა გადავწყვიტე. რვა წელი ვიარე ამ სპორტზე. მერე მათემატიკოსობა მინდოდა, პარალელურად, არქეოლოგობა (იცინის). სხვათა შორის, დედა და ბებია არასოდეს ერეოდნენ ჩემს არჩევანში, რჩევას კი მაძლევდნენ, მაგრამ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლება ყოველთვის მქონდა. დღეს თუ მე წარმატებული ვარ და ოცნებები ამიხდა, ამაში, სწორედ, დედა და ბებია დამეხმარნენ. ამ ორი ადამიანის გამო, იმისთვის, რომ მათ მშვიდი ცხოვრება ჰქონდეთ, ყველაფერს გავაკეთებ. ისინი ჩემი ცხოვრების სტიმული ადამიანები არიან. დედას თურქეთში ჰქონდა რესტორანი, ბებია მზრდიდა და დედამ რომ იქ ფეხი მოიკიდა, მეც წამიყვანა. ყველაფერი, რაც კი ვიცი, დედაჩემის დედის, ჩემი უსაყვარლესი ბებიის დამსახურებაა, რომლისაც ცხოვრების ბოლომდე მადლიერი ვიქნები. ჩემთან ერთად იჯდა და მეცადინეობდა, უდიდესი რესურსი აქვს ჩადებული ჩემს განათლებაში. სანამ მე წავიკითხავდი წიგნს, ჯერ ბებია კითხულობდა და მერე მაძლევდა ნებას, მეც წამეკითხა (იცინის). „ჰარი პოტერი“ რომ გამოვიდა, ძალიან მინდოდა წაკითხვა, ბებიამ მთელი ღამე გაათენა, ჯერ მან წაიკითხა, შეამოწმა, რომ რამე ისეთი არ ყოფილიყო და მერე, მე მომცა წასაკითხად (იცინის). მოკლედ, სკოლა თურქეთში დავამთავრე, ერთადერთი უცხოელი ვიყავი იმ სკოლაში. წარმატებული მოსწავლე რომ ვიყავი, ეს დედისა და ბებიის დიდი დამსახურებაა. მაქსიმალურად მიწყობდნენ ხელს. თურქეთში მეშვიდე კლასში წავედი სასწავლებლად. მაშინ საერთოდ არ ვიცოდი თურქული ენა და ისე მოხდა, დედა დღე და ღამე მაზეპირებინებდა წიგნებს. თუმცა, საბოლოო ჯამში, არც მსახიობი გამოვედი, არც მომღერალი, ვერც ჩოგბურთელი, ვერც არქეოლოგი და ვერც მათემატიკოსი (იცინის). სკოლის დამთავრების შემდეგ თურქეთის საკმაოდ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ფრანგულ-თურქულ სინქრონულ თარგმანზე. თუმცა, ფრანგულის ერთი სიტყვაც არ ვიცოდი (იცინის). ზოგადად, რისკიანი ადამიანი ვარ, არ მეშინია სირთულეების. ერთად მინდა ბევრი რამის სწავლა, რასაც ვაკეთებ. ვცდილობ, მაქსიმალურად პროფესიონალურად მივუდგე იმ საქმეს, რასაც ხელს მოვკიდებ. თუმცა მალევე მწყინდება ერთი და იგივეს დიდი ხნის განმავლობაში შესრულება და ამიტომ, ჩემს თავს სხვა სფეროში ვეძებ და ვცდი შესაძლებლობებს. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ დედა და ბებია საკმაოდ გათამამაებულად და უზრუნველად მზრდიდნენ, ყოველთვის მქონდა გეგმა და ვიცოდი, ჩემი მომავალი დამოუკიდებლად როგორ გამეკვალა. თურქეთიდან საქართველოში რომ ჩამოვედი, საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა და იმედი, რომ ჩემს ქვეყანაში წარმატებულად ავაწყობდი ჩემს კარიერას, თუმცა, მკაცრ რეალობას შევეჩეხე. დღე და ღამე ვმუშაობდი ორ სამსახურში, არც კვირა მქონდა თავისუფალი, არც შაბათი და მივხვდი, ჩემი კარიერული გაზრდის პერსპექტივა არ ჩანდა. მოკლედ, ჩემს ქვეყანაში იმედები დამემსხვრა, ძალიან ბევრ ბარიერს შევეჩეხე. შემდეგ მეგობრის დახმარებით მოვხვდი საფრანგეთში და ისევ სწავლა დავიწყე. ბევრი ვიფიქრე და მაგისტრატურა ბიზნესსკოლაში გავაგრძელე, მოდის განხრით, სადაც ერთადერთი ქართველო ვიყავი. იქ წარმატებით გაგრძელდა ჩემი კარიერა: ჯერ იყო „დიორი“, შემდეგ – ბროდვეის თეატრი და ახლა „სამსუნგის“ გუნდს შევუერთდი ამერიკაში.
– იყო ისეთი შანსი, რომელიც ხელიდან გაუშვი და ახლა ნანობ?
– არა, არ ყოფილა შანსი, რომელიც ხელიდან გავუშვი და ახლა ვნანობ. თუმცა, „დიორში“ რომ დავიწყე მუშაობა, ერთ კვირაში დამირეკა „შანელმა“. ვიჯექი და ვფიქრობდი, ნეტა ერთი კვირის წინ დაერეკათ-მეთქი. თუმცა, მერე მივხვდი, რომ ჩემი განვითარების კუთხით, „დიორში“ მუშაობა უკეთესი იყო და არ მინანია. ძალიან მჯერა ბედისწერის და ჩემი ცხოვრებისეული დევიზია: ყველაფერი ხდება ისე, როგორც უნდა მოხდეს. თუ რაღაც არ გამოდის, დეპრესიაში არ ვვარდები, ვფიქრობ, რომ ესე იგი, უკეთესს უნდა ველოდო. საბოლოო ჯამში, მართლაც ასე ხდება. თუმცა, ამ მომავლისთვის ყოველდღიურად განვითარება და მუშაობა მიწევს მაგალითად, ხუთი უცხო ენა ვიცი: ქართული, თურქული, ინგლისური, რუსული, ფრანგული და ახლა მეექვსის – ესპანური ენის სწავლაც დავიწყე. სხვათა შორის, თითქმის ყველა ოცნება ამიხდა და ახლა ვერ ვიტყვი ხმამაღლა, მაგრამ კარიერის კუთხით დიდი მიზანი მაქვს დასახული და იმედი მაქვს, ეს სურვილიც ამიხდება, როგორც ის ოცნებები ამიხდა.
– წარმატებული კარიერა კარგია, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა ხომ პირადი ცხოვრებაცაა?
– კი ვთქვი, ყველაფერში მიმართლებს-მეთქი, მაგრამ ჯერჯერობით პირადი ცხოვრებისთვის ვერც მოვიცალე და არც მიმართლებს. რაღაცნაირად ისე აეწყო, რომ პირადი ცხოვრება ვერ დავალაგე, მაგრამ წელს იმედი მაქვს, ჩემს გეგმებში ესეც შედის – კანდიდატურებს განვიხილავ (იცინის). გეთანხმებით, წარმატებულ კარიერასთან ერთად, გვერდით საყვარელი და იმედი ადამიანის ყოლაც აუცილებელია და იმედია, საყვარელ ადამიანშიც გამიმართლებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან