რა განსაცდელები გამოიარა ცხოვრების გზაზე დათო ოქიტაშვილმა და რისი არჩევა ასწავლა მას სოფიკო ჭიაურელმა
ავტორი: ნონა დათეშიძე 18:00 06.01
მიუხედავად იმისა, რომ მშობლებისგან დათო ოქიტაშვილი უზრუნველყოფილი იყო და არ უჭირდა, ადრეული ასაკიდან, პოლონეთში ჯარის მოვლის შემდეგ, სწავლის პარალელურად, მუშაობა გადაწყვიტა. საკმაოდ რთული სამუშაოს შესრულება უწევდა, თუმცა ხვდებოდა, რომ ეს მის მომავალ ცხოვრებას დადებითად წაადგებოდა, სხვის შრომასაც მეტად დააფასებდა და გამოცდილებასაც მიიღებდა.
– რა ასაკიდან დაიწყეთ დამოუკიდებელი ცხოვრება?
– დამოუკიდებელი ცხოვრება თვრამეტი წლის ასაკში დავიწყე, როცა ჯარში წასვლა გადავწყვიტე. ოჯახში რომ გამოვაცხადე, ჯარში უნდა წავიდე-მეთქი, ატყდა ერთი ამბავი. ეს რეაქცია ოჯახის წევრებს იმიტომ კი არ ჰქონდათ, რომ ჯარში მივდიოდი, არამედ იმის გამო, რომ უცხოეთში მინდოდა წასვლა და ორი წლის განმავლობაში გამეგო რა იყო დამოუკიდებელი ცხოვრება. ჩემს ოჯახს არასოდეს უჭირდა, თუმცა, სულ მინდოდა, დამოუკიდებლად დამეწყო ცხოვრება და დედ-მამის ხელის შემყურე არ ვყოფილიყავი. არ დამავიწყდება, მამამ მითხრა, კოჯორშია სამხედრო ნაწილი და იქ გაგიშვებო. უარი ვუთხარი, პოლონეთში წავედიდა და ბედნიერი ვიყავი, რომ უცხო ქვეყანაში დამოუკიდებლად არსებობა დავიწყე, მაშინ მივხვდი, რა არის ცხოვრება. ეს ის პერიოდი იყო, როცა მობილური ტელეფონები არ არსებობდა და ოჯახთან, ფაქტობრივად, არ მქონდა კომუნიკაცია. ძალიან ნერვიულობდნენ, პანიკაში იყვნენ, მაგრამ ბოლოს ყველა მიხვდა და მეც მივხვდი, რომ ბევრი რამ გადავიტანე, არ იყო მარტივი ის ორი წელი დამოუკიდებლად ყოფნა, მაგრამ უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება მომცა. რაც მთავარია, ვისწავლე ის, რომ ჩემს მშობლებზე აღარ უნდა ვიყო დამოკიდებული.
– უცხოეთიდან დაბრუნებულმა როგორ გააგრძელეთ ცხოვრება თქვენს ქვეყანაში?
– ჩავაბარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მეტალურგიულ ფაკულტეტზე და პარალელურად, ვმუშაობდი „ცენტროლიტში“. ეს იყო ცნობილი მეტალურგიული ქარხანა, სადაც ასხამდნენ ყალიბებს, რკინებს ადნობდნენ და ასე შემდეგ, ვიყავი მეყალიბე, ვთხრიდი მიწას, ათას მძიმე სამუშაოს ვასრულებდი. დედა და ჟანა მამიდა, ვერ ეგუებოდნენ ჩემს ფიზიკურ შრომას, განიცდიდნენ, მამა კი ძალიან მკაცრი იყო და მისი სიტვყები ახლაც მახსოვს: უნდა იმუშაოს, რომ დააფასოს სხვისი შრომა, უნდა იცოდეს, რომ ადვილად არაფერი მოდისო. ასე რომ, სანამ სტუდენტი ვიყავი, ქარხანაში მუშად ვმუშაობდი. დილის ექვს საათზე ვდგებოდი, ავჭალის ბოლოში მივდიოდი და დაუღალავად ვმუშაობდი. მაშინ ვაკეში ვცხოვრობდი და მახსოვს, თერთმეტი ნომერი ავტობუსი მიდიოდა რუსთაველის მეტროდან. ან სამარშრუტო ტაქსით მეტრომდე მივიდოდი, მეტროთი ვმგზავრობდი, მერე ისევ ტრანსპორტი მჭირდებოდა, რომ ქარხანამდე მივსულიყავი. დავამთავრებდი სამუშაოს და იმავე გზის გამოვლა მიწევდა.
– თუ გახსოვთ, რაში დახარჯეთ პირველი ხელფასი?
– მამა მაძლევდა სამ მანეთს და ეს მყოფნიდა ავჭალაში წასასვლელად, შესვენებაზე საჭმლის საყიდლად, უკან ვბრუნდებოდი და ხურდაც მრჩებოდა. პირველი ხელფასით კი, ჩემი კურსელები დავპატიჟე, სასტურმო „ივერიის“ ქვეშ იყო ცნობილი ადგილი და იქ მივირთვით ჩებურეკი, ხინკალი და სამონადირეო შემწვარი ძეხვი. ავჭალიდან ახლოს იყო და ზაფხულობით, პარასკევს საღამოს, სიონში ავდიოდი მამიდაშვილთან და მამიდასთან ერთად და შაბათ-კვირას იქ ვისვენებდი.
– ფულის ხარჯვა თუ გიყვართ და რაში არ გენანებათ თანხის გადახდა?
– ზოგადად, ძალიან მფლანგველი ვარ, მიყვარს ფულის ხარჯვა. თანხის გადახდა არაფერში არ მენანება. მიყვარს საჩუქრების გაკეთება, დახმარება, თუ დრო მაქვს – მეგობრებთან ერთად დაჯდომა. და... მიყვარს ბაზარში სიარული. მეხუმრებიან: შენ ისე გიყვარს პროდუქტებზე სიარული, ერთი მაღაზია კი უნდა გახსნაო. ტელეფონი რომ დავკარგო, ვინმემ გახსნას და წაიკითხოს ტელეფონის ნომრებზე როგორ მიწერია ადრესატი, შოკში ჩავადება და შეიძლება, მაღაზიაც უპრობლემოდ გახსნას და მოამარაგოს (იცინის), მაგალითად, მიწერია: გუდის ყველი, იმერული ყველი, სულგუნი, ამნაირი კუპატი, იმნაირი კუპატი, ხორცი ამისი, ხორცი იმისი... ფალიაშვილზე არის ცნობილი ხორცის მაღაზია, იქ მყავს უსაყვარლესი ადამიანი ზურა, ვისგანაც მუდმივად ვყიდულობ ხორცს, დავმეგობრდით და მისი შვილის ნათლიაც ვარ. მამაჩემი საოცარი გურმანი იყო და რომ მივიტანე, მკითხა, სად იყიდეო. ვუპასუხე; ჯერ სოფიკო ჭიაურელმა მასწავლა, რა არის პირველი ანტრიკოტი, კატლეტი და ტოლმა რომელი ანტრიკოტით კეთდება და ახლა ზურაც მასწავლის-მეთქი. შემაქო და მითხრა: ყოჩაღო. ყოველთვის ვცდილობდი, ოჯახში რამე მიმეტანა და დღემდე ასე ვარ. ჩემმა ცოლმა არც კი იცის ბაზარი სად არის. სულ მე დავდივარ, მიყვარს უბრალო ადამიანებთან ურთიერთობა და არავის ეწყინოს, ახლა რასაც ვიტყვი: ჩემთვის უბრალო ადამიანთან ურთიერთობა უფრო ძვირფასია. ეს ადამიანები უფრო გულწრფელები, გულიანები და სანდოები არიან.
– ახლა რომ უკან მივიხედოთ და თქვენს განვლილ გზას გადავხედოთ, როგორ შეაფასებდით?
– ახლა რომ უკან დამაბრუნოთ, იმავე გზას გამოვივლიდი, თავისი სირთულეებით, განცდებით, სიხარულითა და ტკივილით. მე გამოვიარე დაცემაც, ვისწავლე ადგომაც დაცემის შემდეგ, გავიგე, რომ ბევრი ადამიანი არ არის მეგობრობის ღირსი. იყო ჩემს ცხოვრებაში აღმასვლაც და დაღმასვლაც. ეს პერიოდები კი ჩემმა რამდენიმე მეგობარმა გადამატანინა, რომლებიც დღესაც ჩემ გვერდით არიან. ახლა მედროვე ადამიანებს რომ ვუყურებ, მეცოდებიან. მედროვე არ უნდა იყო. ადამიანი არ უნდა იყო გარეწარი, სხვას ზემოდან არ უნდა უყურო და თანამდებობამ არ უნდა გაგაგიჟოს. ქუჩაში რომ გაივლი, ადამიანების ზიზღი არ უნდა დაიმსახურო. უშეცდომო არავინ არის, მაგრამ ვცდილობ, რაც შეიძლება, ნაკლები შეცდომა დავუშვა. მე ბევრი რამ გადავიტანე, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ მედროვე, ტერორიც გადაიტანა ჩემმა ოჯახმა, ბულინგიც. მცემეს, მაგრამ ამით ვერაფერი დამაკლეს. ჩემი ცოლი, ირინა, სულ გვერდში მედგა და მეუბნებოდა: შენ აკეთე შენი საქმე, ნუ უსმენ სხვებსო. მერიიდან და კულტურის სამინისტროდან რომ გამომიშვეს, ჩემთან შეწყდა ზარები, ადამიანების ურთიერთობა და ვფიქრობდი, ეს იყო შიშის ბრალი. ირინა კი სულ მეუბნებოდა: ესენი არ არიან შენი ნამდვილი მეგობრები. ყოფილა პერიოდი, მე და ირინა, ორი მცირეწლოვანი შვილით, მშივრები დავრჩენილვართ, მაგრამ არავისთვის გვიგრძნობინებია.
ბევრჯერ დავწოლილვარ თვალებზე ცრემლით, გადამიფარებია თავზე საბანი და დამიწყია ფიქრი, ახლა, რა გავაკეთო-მეთქი. იყო შემოთავაზება, უცხოეთში წავსულიყავი და იქ მემუშავა, მაგრამ მე ჩემი სამშობლო მიყვარს. ბევრჯერ ავსულვარ მცხეთის ჯვარზე, იქ მიყვირია, რომ ემოციისგან დავცლილიყავი და ის ემოცია სახლში არ მიმეტანა, ცოლ-შვილს არ დაენახა. მოკლედ, გავიდა დრო და ყველაფერი დალაგდა. ჩემს ცხოვრებაში ის ადამიანებიც გამოჩნდნენ, ვინც ერთ დროს განზე გადგნენ, ბედნიერებას ვუსურვებ, მაგრამ ჩემ გვერდით მათი ადგილი აღარ იყო. კიდევ ვამბობ, უკან რომ ვიხედები, არაფრის მრცხვენია, მე ჩემს თავთან და უფალთან მართალი ვარ და ზუსტად იმავე გზას გამოვივლიდი, იმავე განცდებით, წარმატებითა და წარუმატებლობით. დედა მოცეკვავე იყო, ჩვენს ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ კულტურის წარმომადგენლები და მათმა უთიერთობებმა, დახვეწილმა მანერებმა თუ განათლებამ შემაყვარა კულტურა. მამას არ უნდოდა, კულტურის ხაზით წავსულიყავი, ამიტომაც არ იყო წინააღმდეგი მეტალურგიულ ქარხანაში მემუშავა, მაგრამ ბოლოს მაინც მე გავიმარჯვე, კარგი გაგებით. არაფერს ვნანობ, არც იმ რუტინულ შრომას, ადრეულ ასაკში, პირიქით... მე ყველა ადამიანთან, არ აქვს მნიშვნელობა მის სტატუსს, ჩემი წილი ურთიერთობა მაქვს. დღეს ბედნიერი ვარ, მყავს არაჩვეულებრივი ცოლი, ორი შვილი, ორი სიძე, ჩემი შვილიშვილი კატო და უკან მიხედვისაც არ მრცხვენია. ყველაზე დიდ სიმშვიდეს ოჯახში ვპოულობ. არავინ შემეკამათოს: ძლიერი მამაკაცის უკან ყოველთვის დგას ძლიერი ქალი. იყო დრო, როცა მეგონა, დამთავრდა ჩემი მოღვაწეობა-მეთქი და მინდოდა, ფარ-ხმალი დამეყარა, თუმცა, აქაც ირინამ ითამაშა დიდი როლი და უდიდესი სტიმული მომცა, ცხოვრება გამეგრძელებინა. ყველაზე დიდი თანამდებობა ჩემთვის ადამიანობაა და ამ თანამდებობას, მთელი ცხოვრება ვუფრთხილდები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





