რა განსაკუთრებული შენაძენით შეხვდა ვარლამ წიკლაური ახალ წელს და რატომ აიკრძალა მის ოჯახში გოზინაყის გაკეთება
ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 10.01, 2024 წელი

ვარლამ წიკლაურისა და ხატია კობერიძის ერთობლივი ახალი წლები ნამდვილად გამორჩეულია. ისინი ყოველ წელს განსაკუთრებული სიახლეებით ხვდებიან. ამ სიახლეებსა და მათ საახალწლო რიტუალზე ვარლამი მოგვიყვება.
ვარლამ წიკლაური: ოჯახის შექმნიდან პირველ ახალ წელს ხატიამ გადაწყვიტა, რომ სახლში ბუნებრივი ნაძვისხე უნდა გვქონოდა. მოჭრილი კი არა, თავისი მიწით და ქოთნით, რომელსაც მერე გადავრგავდით და გავახარებდით. ხომ იცით, პირველი წელი როგორი განსაკუთრებულია და გოზინაყის გააკეთებაც გადაწყვიტა. რამდენად გამოუვიდა, ეს ცალკე ამბავია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეცადა. მეც ვუთხარი, რომ გემრიელი იყო, თუმცა ახლა ზუსტად იცის, რომ აღარ უნდა გააკეთოს (იცინის).
ახალი წლის ღამეს, უკვე ტრადიციულად, ხატიას დეიდის ოჯახში ვხვდებით. მას ორი უზარმაზარი ნაძვის ხე აქვს, რომლის ქვეშაც, მთელი დეკემბრის განმავლობაში გროვდება საჩუქრები და ახალი წლის ღამეს ვხსნით. მე და ხატია სახლში მარტოები ვიყავით და რადგან მეც მიყვარს ამ დღეს ბევრ ადამიანთან ერთად ყოფნა, უკვე ოთხი წელია – ქორწინების პირველი წლიდან დღემდე, ახალ წელს მასთან ვხვდებით. პირველ წელს იქიდან პირდაპირ კახეთში, ლოპოტაზე წავედით მეგობრებთან ერთად და სახლში სამი დღის შემდეგ დავბრუნდით. ეს ჩვენი ახალი ბუნებრივი ნაძვისხე, რომლის გახარებაც გვინდოდა, გამხმარი დაგვხვდა, ერთი წიწვიც კი არ ჰქონდა შერჩენილი. იმის შემდეგ, რაც ზუსტად ვიცით, ერთი ისაა, რომ გოზინაყი არ უნდა გაკეთდეს და მეორე – სახლში ბუნებრივი ნაძვისხე არ უნდა გვედგას (იცინის).
სხვათა შორის, გოზინაყთან დაკავშირებით, ძალიან გამიჭირდა სიმართლის თქმა. როგორია პირველ ახალ წელს ადამიანს უთხრა, რომ არ გამოუვიდა კარგი, ამიტომ თაფლსა და ნიგოზს დავაბრალეთ (იცინის). მეორე წელს გავბედე და ვუთხარი, ხომ არ ჯობს შევიძინოთ-მეთქი და დამთანხმდა (იცინის).
ჩვენს საერთო მერე ახალ წელს უკვე ბავშვს ველოდით და ძალიან გახარებული ვიყავით. მესამე წელს ამ დღესასწაულს ნიკოლასთან ერთად შევხვდით. წელს კი, ნიკოლასის გამო, სამწუხაროდ, ნაძვისხე ვერ დავდგით (იცინის). ჩვენთან კი არა, სადმე რომ მიგვყავს და ნაძვისხეს ხედავს, ერთ ბურთს აღარ ტოვებს და ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ვვარდებით, არ ვიცი. აქედან გამომდინარე, ნაძვისხე არა, მაგრამ განწყობა ძალიან ამაღლებული გვაქვს.
– როგორი იყო 2023 წელი?
– ბედნიერი წელი იყო, ბევრი სიახლე მოიტანა. საცხოვრებელი შევიცვალეთ, ახალ სახლში გადავედით, რომელიც ჩვენ თვითონ გავაკეთეთ, ჩვენს გემოზე. შემოქმედებითი პროცესი იყო (იცინის). ძალიან რთული აღმოჩნდა. მით უმეტეს, რომ მე, აგური და ცემენტი ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან. თუმცა, გადავწყვიტეთ, თვითონაც მიგვეღო მონაწილეობა სარემონტო სამუშაოებში, უფრო სწორად, ძირითადად, მე და სასიამოვნოდაც დავიღალე (იცინის). ახალი სახლის შეძენაც ძალიან დიდი და კარგი სიახლე იყო. არც ეს იყო მარტივი, მაგრამ ერთად ყველაფერი გამოგვივიდა. ოჯახში ბავშვი რომ ჩნდება, მერე ბევრ რამეზე ფიქრობ. რომ ამბობდნენ ხოლმე, მერე შენს თავს აღარ ეკუთვნიო, წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, მაგრამ ასე ყოფილა. მერე მთლიანად მის კეთილდღეობასა და კომფორტზე ხარ ორიენტირებული. ხატიას ჰქონდა სამსახურში წინსვლა, რაც ძალიან სასიხარულო იყო, მე ისევ ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას. ბავშვის გაზრდის პროცესშიც ძალიან ბევრი სიახლეა ჩვენს ყოველდღიურობაში და ესეც ძალიან სასიამოვნოა.
ახლა მე და ხატიას საახალწლო შვებულება გვაქვს და ესპანეთში ვგეგმავთ წასვლას. ახალი წლიდან მოგზაურობის ახალი სეზონიც უნდა გავხსნათ (იცინის). მჯერა, რომ წინ ძალიან კარგი ამბები გველოდება. მთელ საქართველოს დიდ სიხარულსა და ჯანმრთელობას ვუსურვებ. მხიარულად გაგვეტარებინოს ეს ახალი წელი.
– როგორი ფეხი გაქვს?
– ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ ძალიან კარგი ფეხი მქონდა. 12 საათი რომ გახდებოდა და სახლიდან გავიდოდი, მთელ სამეზობლოს შემოვივლიდი ხოლმე (იცინის). ახლა, ვისაც მეკვლეობის სჯერა, მის მიმართ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ცოტა მეშინია კიდეც. თუმცა, ბოლო წლებშიც დავტესტე ჩემი ფეხი და მაგალითად, გასულ წელს ფეხი არ მქონდა შედგმული ოჯახში, რომ უკვე ქორწილის ამბები გაიგეს და ახლა უკვე ბავშვს ელოდებიან. ასეთი სასიხარულო ამბები ხდება, ამიტომ ამბობენ, რომ კარგი ფეხი მაქვს. აქედან გამომდინარე, ვისაც დაოჯახების სურვილი აქვს, შემიძლია, მარჯვენა ფეხით შევიდე მის ოჯახში (იცინის). მზად ვარ ჩემს თავზე ავიღო ეს პასუხისმგებლობა (იცინის).
ჩვენთან რამდენიმე წლის წინ, სანამ ნიკოლასი გვეყოლებოდა, ჩემი ნათლული გვყავდა მეკვლედ, რომელიც ოთხი წლის იყო. დედამ გააფრთხილა, შეხვალ თუ არა, პირველ რიგში, ბრინჯი მოაბნიე სახლში, შემდეგ საძინებელში შედი, ლოგინზე ადი და იხტუნავე, გადაგორდი და გადმოგორდი. მომავალ წელს ვარლამს და ხატიას აუცილებლად ეყოლებათ ბავშვი, რომელიც ამ ლოგინზე გაგორდებაო. მართლაც, ბავშვი სახლში შემოსული არ იყო, რომ გავარდა საძინებლისკენ, ავიდა ლოგინზე და დაიწყო ხტუნაობა. ესეც მართალი ყოფილა (იცინის).
– როგორია ვარლამი მამის ამპლუაში?
– წარმოუდგენლად ფეთიანი მამა ვარ. სადმე რომ მივდივართ, ბავშვი ერთი წამითაც თუ ვერ დავინახე, ძალიან ვიძაბები. სულ უნდა ვხედავდე. სულ ყურადღებით ვარ, ვაკვირდები: რას აკეთებს, რას ჭამს, რას ჰკიდებს ხელს, რა აცვია და ასე შემდეგ. ან ხელი ხომ არ აქვს დასაბანი, პირი ხომ არ აქვს მოსაწმენდი. მეგონა, რომ თავიდან იქნებოდა ასე და მერე გადამივლიდა, მაგრამ არა. ბავშვი ჯერ კარის სახელურს ვერ სწვდება, მაგრამ სულ ვამბობ, ფრთხილად ვიყოთ, არ გაიპაროს-მეთქი. არ ვიცი, შიშია თუ რა, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველთვის განსაკუთრებით ყურადღებით ვარ. თან, ძალიან ცელქი ბავშვია და მართლა დიდი ყურადღება სჭირდება. იმაზე ზედმეტია ლაპარაკი, რომ მასთან ვინმემ ხმას აუწიოს. საერთოდ არ იცის, რა არის ყვირილი. თუკი სადმე მოხვდა და ხმამაღლა დაილაპარაკეს, მაშინვე ტირილს იწყებს. ოდნავ ხმის აწევაც უკვირს. ის, რომ ბავშვს დაუყვიროს ვინმემ, გაუბრაზდეს ან მოარტყას, ხომ გამორიცხულია. რაც არ უნდა დააშავოს, სულ რომ დაანგრიოს ყველაფერი ან რაღაც მნიშვნელოვანი გამიტეხოს, რეაქცია ნული მაქვს. გამორიცხულია, რომ ნიკოლასს რამე ვუთხრა. ბავშვია და გასაგებია, რომ ჯერ ბევრი რამის გააზრება არ შეუძლია. მთავარია, თვითონ იგრძნოს თავი კარგად. ჯერ ძალიან პატარაა, ხმას როგორ უნდა აუწიო მასთან. ამ ასაკში ყველაფრის უფლება აქვს (იცინის).
რაც შეეხება მის მოვლას, არასდროს მიფიქრია, რომ დედას შეუძლია ყველაფერი გაუკეთოს ბავშვს და მამას – არა. როგორც დედას შეუძლია საჭმელი მოუმზადოს, აბანაოს, ჩააცვას, მოაწესრიგოს, ასეირნოს, ისე შემიძლია მეც და ერთნაირად ვუკეთებთ ყველაფერს. საერთოდ, მითი მგონია, რომ მამებს რამე არ შეუძლიათ. ვერ წარმომიდგენია, რა არის შეუძლებელი და რთული.
მე მამას არა, ვაკოს მეძახის. მე ვეუბნები მამა, ის ამბობს – ვაკო ან აკო. ის რომ აკოს ან ვაკოს დამიძახებს, იქ მთავრდება ჩემთვის ყველაფერი (იცინის). საოცრებაა! ბავშვი ოჯახში სულ სხვა რამეს ნიშნავს. ყველაფერს უფრო მეტად მყარს და ძლიერს ხდის. ურთიერთობა სულ სხვანაირად მჭიდრო ხდება.
ნიკოლასის გაზრდაში ბებიებიც ყველანაირად გვიწყობენ ხელს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენ მეგობრებთან ერთად გავდივართ.
მეორეს არ აპირებთ? ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელსაც მე და ხატიას უკვე ძალიან ხშირად გვისვამენ. გვეუბნებიან ხოლმე, ბარემ ერთად გაიზრდებიანო. ვამბობ, რომ ჯერ გამორიცხულია. ორივე იმდენად მაქსიმალურად ვართ ჩართულები ნიკოლასის აღზრდაში, ჯერ ვერ წარმოგიდგენია, რომ მეორე შვილზე გადავიტანოთ ყურადღება და ამით ნიკოლასს რამე მოვაკლოთ. მგონი, ცოტას ვეგოისტობ. სულ მგონია, რომ მეორე ბავშვი რომ გვეყოლება, ნიკოლასს რამე დააკლდება, ხალხს ოთხი, ხუთი და მეტი შვილი ჰყავს, მაგრამ არაჩვეულებრივად ზრდიან. თუმცა, მე და ხატიას ჯერ ამაზე საუბარიც კი გვიჭირს. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, არ მინდა, მარტო იყოს. მე მარტო გავიზარდე და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია გვერდით დედმამიშვილის ყოლა. სხვისთვის მარტივია სათქმელად, „ბარემ“ მეორეც მიაყოლეთ (იცინის). სხვათა შორის, სანამ თვითონ აღმოვჩნდებოდი ამ სიტუაციაში, მეც მითქვამს სხვისთვის იგივე და მეც მიფიქრია, რომ ერთად უფრო მარტივია, მაგრამ ახლა რომ ვხედავ, თურმე, ჯობს, დაფიქრდე, სანამ რამეს იტყვი (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან