რა გამარჯვებით დაბრუნდა ოთო ბაზერაშვილი პრაღიდან და ვინ ვერ იკავებდა ცრემლებს მისი მოსმენისას
ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 06.09

პრაღაში საერთაშორისო ფესტივალი „სულიკო“ გაიმართა. ფესტივალის გრანპრის მფლობელი და ორგანიზატორთა სიმპათია ოთო ბაზერაშვილი გახდა. ოთოს პროექტ „რანინადან“ ვიცნობთ.
ოთო ბაზერაშვილი: ეს გამარჯვება ძალიან გამიხარდა. საერთოდ არ მოველოდი და უცებ ჩემი სახელი და გვარი რომ გამოაცხადეს, ეს ისეთი ბედნიერება იყო, რომ არც ვიცი, როგორ გადმოგცეთ. ვიდეოში კარგად ჩანს ჩემი ემოციები.
ძალიან დიდი კონკურენცია იყო. ყველა მონაწილე საოცრად კარგი იყო და ვერ ვიფიქრებდი, თუ ასეთი რამ მოხდებოდა, თუმცა უზომოდ მიხარია. არ დაგიმალავთ, ცოტას ვნერვიულობდი კიდეც. წარმოიდგინეთ, წინ ჟიური გიზის და ვალდებული ხარ, კარგად იმღერო. თუ გრანპრის აღება გინდა, ჟიურის წევრებს თავი უნდა მოაწონო. ამაზე ფიქრი ღელვას იწვევს. ამას ისიც ემატებოდა, რომ უცხო მიწაზე ვიყავი. სხვა ქვეყანაში ქართული ჩოხისა და ქართული სიმღერის წარდგენა კი ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და თან, ძალიან ემოციური. თუმცა, ნერვიულობის მიუხედავად, ძალიან მაგარი განწყობა მქონდა.
– მხოლოდ გრანპრი არა, კიდევ ერთი ჯილდო აიღე.
– დიახ, „ორგანიზატორის სიმპათია“ გავხდი. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვიცოდი, თუ ასეთი ნომინაცია არსებობდა, თუმცა ძალიან გამიხარდა, რომ მე მერგო.
– მთელი ერი ძალიან გაახარე ამ გამარჯვებით.
– სანამ გამარჯვებულს გამოაცხადებდნენ, ძალიან მამხნევებდნენ, ყველა წარმატებას მისურვებდა. „შავნაბადელი“ ბიჭები ისეთ სიტყვებს მეუბნებოდნენ, რომ ნერვიულობა საერთოდ დამავიწყდა და თვალები მიბრწყინავდა. რომ გამოაცხადეს ოთო ბაზერაშვილს გადაეცემა გრანპრიო, ბავშვებს სიხარულის ცრემლები მოსდიოდათ, მთელი „შავნაბადა“ ტიროდა. ტაშს უკრავდნენ და „აზიაცკებს“ აბაკუნებდნენ. სულ ჩემს სახელს ყვიროდნენ, თითქოს ყველა ჩემს გამარჯვებას ელოდა, ძალიან დიდ გულშემატკივრობას ვგრძნობდი მათგან. რომ გამოვედი, ხელში ამიტაცეს, საქართველოს დროშა შემომახვიეს, მილოცავდნენ და ფოტოებს მიღებდნენ. მართლა საოცარი მუხტი იგრძნობოდა და ძალიან გამაბედნიერეს.
– საქართველოში რომ დაბრუნდი, აქ როგორ შეგხვდნენ?
– აქ რომ ჩამოვედი, რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახის წევრები დამხვდნენ ყველაზე მეტად გახარებულები. ხომ იცით, როგორ იციან კახეთში, ნამდვილი კახური სუფრითა და მწვადებით აღვნიშნეთ გრანპრის აღება. ქუჩაში რომ გავდივარ მაჩერებენ, მეუბნებიან, რა მაგრად იმღერე, ძალიან გგულშემატკივრობთ და ასე გააგრძელე, გვიხარია, რომ საქართველო ასახელეო.
– სიმღერა რა ასაკში დაიწყე და შენი ნიჭი ვინ აღმოაჩინა?
– ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში მამღერებდა ჩემი მასწავლებელი და ღონისძიებებშიც ვიღებდი მონაწილეობას. ჩემი მასწავლებელი – ვერიკო სახიაშვილი სტუდიის ხელმძღვანელია და პატარა ასაკიდანვე მასწავლიდა საბავშვო სიმღერებს. სკოლაში რომ შევედი, ძალიან მომეწონა ჰამლეტ გონაშვილის შემოქმედება, რომელიც შემთხვევით „იუთუბზე“ აღმოვაჩინე. „დაიგვიანეს“ რომ მოვისმინე ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე, მესწავლა. დედაჩემის დახმარებით ვისწავლე და დღემდე ვმღერი. შემდეგ უკვე მის სხვა სიმღერებზეც გადავედი და რასაც დედა ვერ მასწავლიდა, მისი უფროსი მეგობრები ლეილა ლეგაშვილი და დავით გაგანაშვილი მასწავლიდნენ.
– პატრიოტული სიმღერები რატომ აირჩიე?
– დედა ჩემზე ორი თვის ორსული იყო, როდესაც ჯარში დაიწყო მუშაობა და უკვე 13 წელია, იქ მუშაობს. ასევე, ჯარში მუშაობენ ჩემი ბიცოლა და ბიძა. ჩემი ოჯახის დიდი ნაწილი სამშობლოს სამსახურშია და აქედან გამომდინარე, ჩვენს ოჯახში პატრიოტულ სულისკვეთებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. დედას ძალიან ხშირად დავყავარ სამსახურში და ალბათ, ამ ყველაფერმა მოახდინა გავლენა. მათ შემხედვარეს, სულ მინდა, პატრიოტულ სიმღერებს ვუსმინო და მეც ჩემი ქვეყნის სამსახურში ვიყო. ამიტომაც ვისწავლე „ხმალი ავლესოთ“ და სხვა ძალიან კარგი სიმღერები. ეს სიმღერა რომ შევასრულე, განსაკუთრებული სიამაყე ვიგრძენი. ჯარისკაცები საოცრად მგულშემატკივრობდნენ, დიდი სითბო მოდიოდა მათგან, თუმცა, არა მხოლოდ, ყველამ ძალიან შეიყვარა და მისი შესრულების გამო დიდ სითბოს გამოხატავენ ჩემ მიმართ.
– პოპულარობა რამ მოგიტანა?
– პატრიოტულმა ლექსებმა, რომელსაც ასევე დიდი სიყვარულით ვკითხულობდი. საქველმოქმედო ღონისძიებებში ვიღებდი მონაწილეობას, გასტროლებზე დავდიოდი სხვადასხვა ქვეყანაში და ასევე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. როდესაც პატრიოტულ ლექსებს ვკითხულობდი, მსმენელი ტიროდა. განსაკუთრებით ემიგრანტები მისმენდნენ ძალიან ემოციურად. ექვსი წლის ვიყავი, როდესაც ქართველმა ემიგრანტებმა სტამბოლში მიმიწვიეს. ჯარის ფორმა მეცვა და პატრიოტულ ლექსებს ვკითხულობდი საქართველოზე. საოცარი შეხვედრა იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ზუსტად ამ ლექსებმა მომიტანა პოპულარობა, მაგრამ რაც შეეხება ფართომასშტაბიან პოპულარობას, ეს „რანინას“ უკავშირდება.
– მუსიკის გარდა, კიდევ რით ხარ დაკავებული?
– ვვარჯიშობ, 7 წლიდან ძიუდოზე დავდივარ, მაგრამ ჩემი აქტიური რეჟიმის გამო ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვარჯიშის გაცდენა მიწევს. სექტემბრიდან ჩვეულ ფორმას დავუბრუნდები. სკოლის გაცდენაც მიწევს ხოლმე, მაგრამ მყავს კერძო მასწავლებელი, რომელიც დანაკლისის ანაზღაურებაში მეხმარება. ბოლო პერიოდში სიმღერასთან ერთად ქართული საკრავების შესწავლით დავინტერესდი.
– სკოლაში როგორ სწავლობ?
– კარგად ვსწავლობ. ყველაზე მეტად მათემატიკა მიყვარს. ჩვენი სკოლის დირექტორი ჩემი მათემატიკის მასწავლებელია და მასზე ყურებამდე ვარ შეყვარებული. ძალიან ლამაზი კლასის ხელმძღვანელი მყავს, რომელიც ძალიან მეხმარება, რომ პროგრამას არ ჩამოვრჩე, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ.
– რა პროფესიის გინდა გამოხვიდე?
– სიმართლე გითხრათ, სამხედრო ექიმობაზეც ვოცნებობ, მაგრამ ყველაზე მეტად მინდა, ლოტბარი ვიყო და ჩემი გუნდი მყავდეს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი საქმით კიდევ ბევრჯერ ვასახელო საქართველო და იმედია, ამას შევძლებ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...