შოუბიზნესი

რა ექსპერიმენტებს ტესტავს გიორგი ჭინჭარაული საკუთარ თავზე და როგორ გადაიტანა ლაშა ტალახაძემ კლინიკური სიკვდილი

№41

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00

გიორგი ჭინჭარაული
დაკოპირებულია

სპორტსმენების ექიმს, გიორგი ჭინჭარაულს, სოციალური ქსელებიდან ბევრი იცნობს, თუმცა, მისი ცხოვრება მედიცინის მიღმაც საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანია. ამ ინტერვიუდან გიორგის ცხოვრების შესახებ ბევრ საინტერესო ამბავს შეიტყობთ.

გიორგი ჭინჭარაული: ისეთი პროფესია მაქვს, რომელსაც დასვენების დროსაც ვერ ვწყდები და ჩემი ტელეფონი არასდროს ჩუმდება. ვიღაცას ყოველთვის სჭირდება რაღაც, თუ უშუალოდ ჩემი დახმარება არა გადამისამართება ან რეკომენდაცია მაინც და მოვიტყუები, რომ ვთქვა, პროფესიის გარეშე რომელიმე დღე გადის-მეთქი. თუმცა, ხანდახან გამოჩნდება ხოლმე დღეები, როცა ნაკლები საქმეა და ასეთ დროს სხვა აქტივობებით ვარ დაკავებული. მაგალითად, აქტიურად ვვარჯიშობ. ამ საკითხს სერიოზულად ვუდგები – კვირაში 4-5 დღეს ვუთმობ პროფესიონალურ ვარჯიშს. ვცდილობ, კვება გავაკონტროლო და ამ მიმართულებით ბევრ რამეს ვტესტავ საკუთარ თავზე, ექსპერიმენტებს ვატარებ ხოლმე, რაც შემდეგ სპორტსმენებთან მუშაობაში მეხმარება. მაგალითად, როგორ უნდა იკვებონ წონის კლების ან მატების დროს.

გარდა ამისა, ვსწავლობ ინგლისურ ენას. სკოლაში რუსულსა და გერმანულს ვსწავლობდი, მაგრამ ვინაიდან ინგლისური ძალიან მჭირდება, გადავწყვიტე, ამ სიბერეში მესწავლა (იცინის).

ძალიან მიყვარს კითხვა და ვკითხულობ სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს. თავისუფალ დროს, ასევე, მიყვარს ვიდეოთამაშებით გართობა და კარგადაც გამომდის (იცინის).

– როგორც ვიცი, შენს ცხოვრებაში სოფელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

–როგორც კი თავისუფალი დრო მაქვს, მაშინვე სოფელში გავრბივარ. თბილისთან ძალიან ახლოს, ლაფანაანთკარში მაქვს სოფელი. დუშეთის რაიონში, სადაც დავიბადე და გავიზარდე და სადაც ჩემი ოჯახი ცხოვრობს. მშობლები იქ მყავს, დედა მასწავლებელია, მე იქ მცირე ბიზნესი მაქვს დაწყებული და მამა მას უვლის, ბიზნესმეწილედ მყავს (იცინის). სოფელი შრომას მოითხოვს, თოხიც უნდა იცოდე, ბარიც, თიბვაც და ასე შემდეგ. ბავშვობიდან მასწავლეს ყველაფრის კეთება, კარგადაც გამომდის და არც მეთაკილება. მშობლების მიხმარება თუ შემიძლია, მაშინვე მივრბივარ. ყველაფერს ვაკეთებ და თან სახალისო ვიდეოებსაც ხშირად ვიღებ ხოლმე.

– ხუმრობდი, რომ მგონია, რომელიმე ცნობილი სპორტსმენის ექიმად მიცნობენ, ამ დროს მკითხავენ ხოლმე – თიბვას ხომ მორჩიო.

– არაფერი დამიმატებია. შუა საბურთალოზე მაღაზიიდან გამოვედი და მოპირდაპირე მხრიდან ვიღაცამ დამიძახა. დამთავრებულა, ძმაო, თიბვის სეზონი, თორემ აქ არ იქნებოდიო“ (იცინის). სოციალურ ქსელში აქტიურობა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია და იცის ხალხმა, რას ვაკეთებ (იცინის). სოფელში ძროხაც მომიწველია, ყველიც გამიკეთებია, კარაქიც ამომიყვანია და რომ დამჭირდეს ახლაც იმავეს გავაკეთებ. მგონია, რომ ეს ძალიან სახალისოცაა.

– ვარჯიშს მივუბრუნდეთ, სერიოზული მიზნებიც ხომ არ გაქვს?

– იყო პერიოდი, ისეთ წონებზე ვვარჯიშობდი, რომ ეგრეთ წოდებულ, სამჭიდზე რომ მეცადა ბედი, შეიძლება, რაღაც გამოსულიყო. თუმცა, კლასიკურ ძალოსნობაში ვარჯიში ძალიან პატარა ასაკში უნდა დაიწყო. მე 22 წლამდე შეხება არ მქონდა სპორტთან, ამიტომ ამ მხრივ სერიოზული მიზნების დასახვა არ მოხერხდება. ხუმრობა-ხუმრობით ახლაც მეუბნებიან, პირდაპირ ვეტერანებში გამოდი და აიღე ოქროს მედალიო, მაგრამ მე რეალისტი ადამიანი ვარ და მორჩევნია, ჯანმრთელობისთვის ვივარჯიშო.

– თვითონ სპორტსმენები რას გეუბენიან?

– ზოგიერთ დამხმარე ვარჯიშში ძალოსნებს დღემდე ვუგებ (იცინის). ხანდახან გიორგი ასანიძე გასძახებთ ხოლმე ვარჯიშისას, მიდით, თორემ მოვიდა ჭინჭარაული და ყველას შეგარცხვენთო (იცინის).

– სპორტთან ერთად, პოეზიაც გიყვარს

– ღრმა ბავშვობიდან ვწერ პატარ-პატარა ლექსებს. განსაკუთრებით ვაქტიურობდი სტუდენოტბის დროს, როცა ძალიან შეყვარებული და გადარეული ვიყავი.

ბოლო პერიოდშიც, მოდის ხოლმე გონებაში რითმა და რომ არ ჩავიწერო, არ გამოდის. სამეგობრო წრეში, ქორწილებსა თუ სხვა თავშეყრის ადგილებში უყვართ ხოლმე ჩემი ლექსების მოსმენა და ხშირად ვაძლევ თავს უფლებას, მიკროფონთან მივიდე და წავიკითხო ჩემი დაწერილი ლექსები სამშობლოზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე. სასწაულად ვწერ-მეთქი, არ ვიტყვი – ვაჟასა და წერეთლის ქვეყანაში, მე, გიორგი ჭინჭარაულმა, რა უნდა დავწერო, რომ ვინმე გავაკვირვო, მაგრამ არის მომენტები, როცა ჩემი გულიდან წამოსული სათქმელი ყველას მოსწონს.

– კარგი იუმორი გაქვს და მგონია, რომ ესეც თავის როლს თამაშობს, თუნდაც სოციალურ ქსელებში...

– ყველაზე მეტად სიამოვნებთ, როცა საკუთარ თავზე ვხუმრობ. მერე თვითონაც იწყებენ ხუმრობას ჩემზე და ეს დიდ გამოხმაურებას იწვევს ხოლმე. ადრე დიდად არ ვაკვირდებოდი და ვერც ვიტყვი, რომ ვინმეს საოცრად შევუქივარ ამის გამო, უბრალოდ, ვცდილობ, სოციალურ ქსელში იუმორისტული ამბები გავუზიარო ჩემს გამომწერებს და ვგრძნობ, რომ მათ ეს მოსწონთ. ერთად ვერთობით ხოლმე ასეთი ამბებით, თორემ იუმორისტული სცენარების წერას ნამდვილად არ ვაპირებ (იცინის).

– ექიმის ამპლუაში რამდენად მკაცრი ხარ სპორტსმენებთან?

– სიმკაცრე აუცილებელია, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკის სპორტსმენებთან, რომლებიც ახლა იწყებენ ზრდას და წინსვლას. ხშირად არღვევენ შიდაგანაწესს, ღამე დროულად არ იძინებენ, დილით გაღვიძება უჭირთ, შეიძლება, ამ მიზეზით სრულყოფილად ვერ ივარჯიშონ და ასე შემდეგ. ზოგს 11 სააათზე ტელეფონსაც ვართმევ, რომ 12-მდე დაიძინონ და ღამე არ გაათენონ. შემოდგომა რომ დგება და აცივდება, ვინც გარეთ შეუსაბამოდ ჩაცმული გამოვა, მათთვის სადამსჯელო ღონისძიებებიც მაქვს: სადაც დავინახავ, იქვე – 50 აზიდვა ან ბუქნი და შემდეგ ჩაცმა. დიდი ბიჭები არიან და საჯარო სივრცეში, სადაც სხვებიც გადაადგილდებიან, მათთვის დასჯა ბუნებრივია, სასურველი არ არის. თან იციან, რომ დამრღვევის მიმართ დათმობაზე არ წავალ. ნათქვამი მაქვს, ვინც პირველი გაცივდება, მე იმას არ მოვუვლი-მეთქი. აქედან გამომდინარე, ცდილობენ, პირველი არ გაცივდნენ, იციან, რომ უპატრონოდ დარჩებიან. ამიტომ, ადვილად არ ცივდებიან (იცინის).

– როგორ შეუძლიათ გართობა?

– დასვენების დღეებში შეუძლიათ, ფეხით ისეირნონ, კვირაობით ტაძარში დადიან, შაბათ საღამოს შეუძლიათ, გვიანობამდე არ დაიძინონ, ორ-სამ კვირაში ერთხელ შეუძლიათ, სადმე წავიდნენ, მუსიკას მოუსმინონ. რესტორანში წასვლის შესაძლებლობა უფრო ხშირადაა. შეჯიბრება რომ მორჩება და თავის გასაკეთებელს გააკეთებენ, შეუძლიათ 2-3 დღე, სანამ საწვრთნელ ბაზას დაუბრუნდებიან, კლუბშიც წავიდნენ და გაერთნონ. სპორტი ითხოვს სიმკაცრეს და დისციპლინას.

– იუმორისტულ ვიდეოებზე როგორ რეაგირებენ?

– როცა ვიღებდი, თავიდან ცოტა კომპლექსდებოდნენ. მერე ვიღაცები უფრო გაიხსნენ, თვითონაც დაიწყეს გადაღება და აქტიურობა სოციალურ ქსელში. ის კი არა, სანამ ლაშა ტალახაძე დაანებებდა სპორტს თავს, თავიდან ისიც მიწყრებოდა, არ გინდა, არ გადაიღოო, მაგრამ საბოლოო ჯამში მასთან ერთადაც ძალიან ბევრი სასაცილო ვიდეო მაქვს გამოქვეყნებული. პოსტები ცალკე ამბავია, ძალიან ბევრჯერ დამიწერია, ჩვენს თავს გადახდენილი ისტორია. ხანდახან მენატრება ის დრო.

– წარმატებების მიღმა, ბევრი რთული ამბავიცაა და მათ შორის, ლაშას კლინიკური სიკვდილიც გადაუტანია. როგორ მოხდა ეს?

– ჩემგან დამოუკიდებლად გადაწყვიტა, ცხვირის ძგიდის ოპერაცია გაეკეთებინა. ვინაიდან მე ვაკონტროლებდი ამ თემებთან დაკავშირებულ საკითხებს, გადარიცხვა-გადმორიცხვებს, კლინიკის ჯავშნებს და ასე შემდეგ, ვკითხე, დახმარება ხომ არ სჭირდებოდა ჩემგან, მაგრამ მითხრა, არა, ყველაფერი მოგვარებულია, კლინიკა და ექიმიც შერჩეული მყავსო. ისე მოხდა, რომ ოპერაციის გასაკეთებლად მისულს, ანესთეზიის გაკეთების დროს პრობლემა შეექმნა. ის ცოტა ფრთხილია, ცოტა პანიკიორიც საკუთარ სიცოცხლესთან მიმართებაში. ანესთეზიის შემდეგ, როცა უნდა დაეძინა, არ გათიშულა, ალბათ, ზედმეტი შფოთისგან, თან წონა რომ დიდი ჰქონდა, ჩემი აზრით, ანესთეზიოლოგმა რაღაც ვერ გათვალა სწორად და მოხდა ის, რომ სუნთქვა შეკვრია. ნახევრად გონებაზე ყოფილა და პანიკაში ჩავარდნილა, ვერ ვსუნთქავ, ვიხრჩობიო. რამდენიმე წამით გითიშულა, გონება დაუკარგავს. აღმოჩნდა, რომ ჩემი ნაცნობი ექიმი მუშაობდა იქ – გვერდზე მორიგე ყოფილა, ის შევარდნილა, დაუინტუბირებიათ. ჟანგბადზე რომ დაჯდა და ხელოვნური სუნთქვა დაიწყო, ჰაერი ჩაისუნთქა და აღდგა სუნთქვითი რეჟიმი, მოკლედ, გადარჩა. იმასაც ყვება, იმ მომენტში ჩემს თავს ზემოდან ვუყურებდიო. მე არ მჯერა, მაგრამ შეიძლება, ასეც იყო (იცინის).

– და ბოლოს, შენს ოჯახზე არ გვისაუბრია. როგორი მეორჯახე ხარ?

– ორი გოგონა მყავს. პირველი პირველ კლასში მივიდა, მეორე წლინახევრისაა. არ ვიცი, როგორი მეოჯახე ვარ, მთელი წელი გამოვარდნილი ვარ სახლიდან. ყოველდღიურობაში ძალიან ბევრი რამ ჩემი მეუღლის კისერზე გადადის. მე ვცდილობ, არაფერი მოაკლდეს – არც ფინანსურად, არც განათლების და არც სხვა მხრივ. თუ შემიძლია, სადმე წავიყვანო, თავს არ ვზოგავ, თუმცა, გრაფიკიდან გამომდინარე, ამით ხშირად ვერ ვანებივრებ ოჯახს. თუ სახლში ვარ, ყველა საქმეს ვინაწილებ, რასაც ჩემი მეუღლე აკეთებს. მე არ ვყოფ ქალისა და კაცის საქმეს. ჭურჭლის გარეცხვა და ფარდის შეცვლა, საწოლის ალაგება თუ ტანსაცმლის გაუთოვება, ყოველდღიური რუტინაა და სათაკილოდ არაფერი მიმაჩნია. როცა მეუღლე ბავშვებს უვლის და გვერდით რაღაც არის გასაკეთებელი, ავტომატურად ვაკეთებ. დედამ ასე გამზარდა, ბავშვობიდანვე მიმაჩვია წესრიგს. ოჯახში სამი ბავშვი ვიყავით და მასაც სჭირდებოდა დახმარება, როგორც დღეს ჩემს მეუღლეს. სახლში კი არა, სასტუმროში არ ვტოვებ საწოლს აულაგებელს და ჩემს ნივთებს მოუწესრიგებელს. ზედმეტად მოწესრიგებულიც კი ვარ. არ შემიძლია, ოდნავ დაჭმუჭნული და დალაქავებული ტანსაცმელი მეცვას ან ნივთი თავის ადგილზე არ დავაბრუნო. ეს უკვე მამაჩემის დამსახურებაა, მან ჩამინერგა. მოკლედ, ეს ყველაფერი დღეს ჩემი ხასიათის ნაწილია, ასე რომ, ამ მხრივ, ოჯახშიც გამოვირჩევი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა