შოუბიზნესი

რა ეხმარება ნინუცა მაყაშვილს რთული მდგომარეობიდან გამოსვლაში და როგორ „შეჰკრეს პირი“ დედამ და დამ მის წინააღმდეგ

№47

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 28.11, 2022 წელი

ნინუცა მაყაშვილი
დაკოპირებულია

ნინუცა მაყაშვილი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობაზე უარს წლების განმავლობაში ამბობდა, თუმცა ახლა დათანხმდა, რადგან უნდოდა, მისი ცხოვრების რთული პერიოდიდან აქცენტი და ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა და შეძლო თუ არა ეს, ამას თავად ნინუცასგან შევიტყობთ.

ნინუცა მაყაშვილი: ყველაფერი რუსკას ზარით დაიწყო. სხვათა შორის, საერთოდ არ მინდოდა ცეკვებში მონაწილეობა. რუსკას დამსახურებით გავლილი გვაქვს ეგ პერიოდი და ვიცი, რამხელა სტრესია. მე ეს სტრესი ჩემს თავზე არ გადამიტანია, მაგრამ ვხედავდი, რუსკას მდგომარეობას, ვიცოდი, რა ძლიერი დაძაბულობის ფონზე ხდებოდა ეს. ტელევიზორში ყველაფერი მარტივი ჩანს, მაგრამ ეკრანს მიღმა, დიდი სირთულეებია. თუმცა, ახლა სირთულეები იყო ჩემს ცხოვრებაშიც და ყველამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ აუცილებლად უნდა მიმეღო პროექტში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ბევრჯერ მითქვამს უარი – თითქმის ყველა სეზონზე. ახლა ისე გამოვიდა, რომ რუსკამაც, დედაჩემმაც, ყველამ ერთად შეკრეს პირი, მაგრამ რუსკა იყო ის პირველი ადამიანი, ვინც ფეხი დამაჭირა, უნდა გახვიდეო და უხეშად ვიტყვი, „შემაბა“ (იცინის). იმ მომენტში მართლა მჭირდებოდა ეს გარდატეხა, რთულ მდგომარეობაში ვიყავი.

– რუსკასგან ცოტა გასაკვირია, ზუსტად იცოდა, რამდენად რთულია...

– კი, მაგრამ ისიც იცოდა, რამდენად მჭირდებოდა ეს ყველაფერი. არ დავკონკრეტდები, პირადული ამბავია. ცოტა ცუდი პერიოდი მქონდა ცხოვრებაში. იფიქრა, რომ ეს გარდატეხა მნიშვნელოვანი და აუცილებელიც კი იყო ჩემთვის, რომ ჩემი ცხოვრება შეცვლილიყო, ცოტა გაფერადებულიყო და გადაჭრელებულიყო.

– ჯერ კი ახალი დაწყებულია შოუ, მაგრამ მოიტანა ის შედეგი, რაც გინდოდა?

– ძალიან კარგად იმუშავა იმაზე, რისთვისაც საჭირო იყო. სხვა მიმართულებით გადავერთე, ბევრი ახალი ადამიანი გავიცანი, სულ ვვარჯიშობ, ძალიან აქტიური ვარ 24/7-ზე. ეს ულამაზესი კაბები, ბრჭყვიალა გარემო, ცეკვა მეხმარება სტრესიდან, შფოთვებიდან და რთული პერიოდიდან ყურადღების გადატანაში. ჰოდა, ახლა მარტო ამაზე ვნერვიულობ (იცინის).

მაყურებელი ხედავს, რომ ყველაფერი ბრჭვინავს, ყველა კარგ ხასიათზეა და ბედნიერია. ამ დროს არაადამიანური შრომა იდება მოცეკვავეებისა თუ მიწვეული ვარსკვლავების მხრიდან. დღე და ღამე რეპეტიცია, გადახეხილი ფეხები, გადატრიალებული კოჭები, ნემსები, გადასხმები – ძალიან რთული პროცესია ამ სიბრჭყვიალის მიღმა, მაგრამ ღირდა.

– შენთვის რა აღმოჩნდა ყველაზე რთული?

– ჩემი ხერხემლის გასწორება. რომელზედაც მიმითითებს ყველა და ყოველთვის. მე ვარ მოხრილი მთელი ჩემი ცხოვრება. სულ ასეთი ვარ, ძალიან რთულია ხერხემლის გასწორება, როცა 34 წელია, შენი კუნთი წინ მიდის. თან, აქამდე რომ მეგონა, ცეკვა შემეძლო, თურმე, საერთოდ არ ყოფილა ეგრე (იცინის). მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ მაქსიმალურად ვცდილობ. ჩემი პარტნიორის დახმარებით, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ გამოვასწორო. ექიმებთანაც ვიარე, ნემსებიც ვიკეთე, სპეციალური ქამარიც მაქვს და თუკი რამის გაკეთება შეიძლება ხერხემლის გასასწორებლად, ყველა ხერხს მივმართავ, მაგრამ რამხელა შრომას ვდებ ამაში, ესეც არ ჩანს. უძილო ღამეებიც – ღამის 3-4 საათზე ვამთავრებთ რეპეტიციებს, ქუსლზე დგომაც რთული აღმოჩნდა, ამას მოცეკვავეები წლობით სწავლობენ. შენ რომ მიდიხარ კედებით ლოგინიდან ახალი წამომდგარი, რთულია მობილიზება.

– თუმცა, მაინც გამოგდის.

– მე სულ იმას ვამბობ, როდესაც რაღაც გინდა და მისთვის ყველაფერს გააკეთებ, აუცილებლად გამოგივა. მაქსიმალურად ვცდილობ, გამომივიდეს და ნელ-ნელა დავიხვეწები. ჯერ მესამე ტური იყო და ორ-სამ კვირაში ნამდვილად ვერ დავდგებოდი სუპერმოცეკვავე. ვცდილობ, კვირიდან კვირამდე ისე გავიზარდო, რომ ნაკლები შენიშვნები მივიღო.

– შენი ენერგიის ადამიანისთვისაც რთულია? არის მომენტი, როცა ამბობ, რომ მორჩა, აღარ შეგიძლია?

– კი, ყოველდღე არის მომენტი, როცა აღარ შემიძლია. დღეში 50-ჯერ რომ გიწევს ერთი და იმავე მუსიკის მოსმენა და რეპეტიციის გავლა, ფეხები აღარ გემორჩილება, სხეული გტკივა. თან, ხომ იცით, ჩვენ მიჩვეულები ვართ წუწუნს და რომ ვიღლებით, მაშინვე ვისვენებთ, აქ ვერ იტყვი, ვსო, დავიღალე და წავედი. დაიღალე თუ არა, საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო.

– რისი ამბიცია გაქვს?

– სიმართლე რომ ვთქვა, არაფრის ამბიცია არ მაქვს, ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. მინდა, ჩემს თავს ვაჯობო. იმ ნინუცას ვაჯობო, როგორიც მანამდე იყო. იმ ნინუცას, რომელიც უარს ამბობდა ამ პროექტზე, არ უნდოდა ამ ნაბიჯის გადადგმა. სულ მეკითხებიან, ვინ არის შენი კონკურენტიო და ყველას ვპასუხობ – მხოლოდ საკუთარი თავი! მხოლოდ ნინუცას უნდა დავუმტკიცო, რომ მეტი შემიძლია. არის რაღაცები, რაც არ შემიძლია, მაგრამ მაინც უნდა გავაკეთო. უნდა დავამტკიცო, რომ რაც არ შემიძლია, იმასაც კი გავართმევ თავს.

– ამ ლაივზე აუტსაიდერებს შორის აღმოჩნდი, ემოციურად არ იქნებოდა მარტივი...

– ამას საერთოდ არ ველოდი. ყველამ შემატყო, მთელმა საქართველომ გაიგო, რომ მე ვარ ძალიან ემოციური ადამიანი, ჩემზე ძალიან მოქმედებს ასეთი რამეები. იქ დგომა იმდენად რთულია, ერთი წუთი საუკუნედ იწელება. ელოდები, რომ ახლა შენს სახელს და გვარს გამოაცხადებენ და სახლში წახვალ, არადა, ამხელა შრომა და ენერგია გაქვს ჩადებული და არ გინდა, ეს შედეგი. ძალიან მომაწვა ემოციები. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან აუტსაიდერებში დავდგებოდი და სავარაუდოდ, არაერთხელ დავდგები, იმიტომ, რომ პროექტში ძლიერი კონკურენტები არიან, ეს ყველაფერი გააზრებული მაქვს, მაშინაც მქონდა, მაგრამ უბრალოდ, ამ კონკრეტულ მომენტში არ ვიყავი ამისთვის მზად თუ რა იყო, არ ვიცი და ძალიან გამიჭირდა ემოციებთან გამკლავება. მე არასდროს ვმალავ ჩემს ემოციებს, ამჯერად ვეცადე, შემეკავებინა, მაგრამ არ გამომივიდა.

– დედა და რუსკა როგორი გულშემატკივრები არიან, ლაივზე ამბობდი, მარტო დედაჩემის ხმა ისმისო...

– კი (იცინის). რაც მთავარია, სამართლიანი გულშემატკივარია. ჩემს დაზე და დედაჩემზე კრიტიკული ჩემ მიმართ არასდროს არავინ არ არის. ჩემი და არის ყველაზე კრიტიკული, დედაჩემი არის ყველაზე კრიტიკული, მაგრამ როდესაც ცოტა უსამართლობას ხედავენ, მერე ორივეს „ენთება“ და მაგათი გაჩერება რთულია (იცინის). მაგ საკითხში მე უფრო ლმობიერი და დამთმობი ვარ. ამის გამო ხშირად ვაგებ ამ ცხოვრებაში, მაგრამ რას ვიზამ, ეგეთი ვარ.

– რუსკამ „გაიძულა“, ამ პროექტში ჩართულიყავი, ახლა როგორია მისი რჩევები?

– რუსკამ მაიძულა, აბა, რა ქნა? ყველაფერი მისი ბრალია (იცინის). ყოველთვის სწორ შენიშვნებს მაძლევს, მაქსიმალურად მიდგას გვერდით, მაგრამ ოჯახში ის მომენტი – „ვაიმე, ჩემი და არის ან ვაიმე, ჩემი შვილი არის და ასეთია და ისეთია“ – არ არის. ყოველთვის სიმართლეს მეუბნებიან, კარგია ის თუ ცუდი. მეც ანალოგიურად ვიქცევი მათ მიმართ, რაღაც უწუ-პუწუები ჩვენ არ გვახასიათებს. ძალიან, ძალიან მომთხოვნები არიან ჩემ მიმართ, სულ იმას მეუბნებიან, რომ მეტი შემიძლია, რომ მე ეს ყველაფერი ახლა მჭირდება და აუცილებლად უნდა გავაკეთო.

– რა ბედი ეწია შენს საქმიანობას სხვა ტელევიზიაში?

– აქამდე ვარ „რუსთავი 2-ის“ გუნდის წევრი, ჩემს საქმეს ისევ ვაგრძელებ და მთელი ჩემი გუნდი, ანუ, ჩემი ოჯახი, გვერდით მიდგას. ეს არ არის ჩემი სამსახური, ეს ნამდვილად ჩემი ოჯახია და ყველა „ლაივის“ წინ, მაქსიმალურად ცდილობენ, შემაგულიანონ და ენერგია შემმატონ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

– ერთი არხის სახე ხარ და მეორე ტელევიზიის პროექტში მონაწილეობ, ეს არ იყო პრობლემა?

– არანაირად არ ყოფილა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ისეთი სიტუაცია მქონდა, ჩემმა დირექტორმაც კი მითხრა, რომ მე ამ გამოწვევის მიღება და ახალი საფიქრალი მჭირდებოდა. ვისაუბრეთ და უპრობლემოდ გამიშვა. დამიჯერეთ, გული მართლა გადავაყოლე.

– საერთოდ, სირთულეების წინაშე რამდენად ძლიერი ხარ?

– ვერ ვიტყვი, რომ ძლიერი ვარ, მაგრამ რაც აქამდე გამოვიარე, მე რომ კიდევ საღ გონებაზე ვარ და კიდევ ვიცინი, ესე იგი, ძლიერი ვარ (იცინის). სხვანაირად არ გამოდის. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყურების ჩამოყრა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მსხვერპლის როლში დიდი ხნით ყოფნა. ცოტა ხანი შეიძლება, მაგრამ დიდი ხნით – არაფრით. ამაში მეხმარება საკუთარი თავი, მეხმარებიან ჩემი მეგობრები, ჩემი შვილი, ოჯახი, ჩემი მეორე ოჯახი, ანუ სამსახური და საკუთარი თავი, ნევროპათოლოგებთან, ფსიქოლოგებთან და ფსიქიატრებთან ერთად (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი