შოუბიზნესი

რა დაუჯერებელი ოცნებები აუხდა ქეთი სვანიძეს და რატომ აქვს მას დანაშაულის შეგრძნება დასვენების დროს

№12

ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00 05.04

ქეთი სვანიძე
დაკოპირებულია

იღბალი და შრომისმოყვარეობა – რისი დამსახურებაა მსახიობ ქეთი სვანიძის წარმატება, ამაზე ის თავად მოგვიყვება.

ქეთი სვანიძე: ნამდვილად იღბლიანი ადამიანი ვარ, რადგან ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, საოცარ ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა. პატარა ასაკში ოპერაში ბავშვთა გუნდში ვმღეროდი და ბატონ ჯანსუღ კახიძესთან ერთად მიწევდა მუშაობა. შემდეგ, ისევ პატარა ასაკში, ბატონ რობერტ სტურუას სპექტაკლში ვითამაშე, როდესაც მან ოპერისა და ბალეტის თეატრში „კარმენი“ დადგა. სიმართლე გითხრათ, მაშინ ვერ აღვიქვამდი, რამდენად დიდ ადამიანებთან მქონდა შეხება, თუმცა ამან ჩემი ცხოვრება განსაზღვრა. ასევე, დიდი გამართლებაა ისიც, რომ შალვა გაწერილია გახლდათ ჩემი პედაგოგი.

ბატონ რობერტ სტურუას მიმართ ბავშვობიდანვე განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა მქონდა. ვოცნებობდი, რომ გავიზრდები და ჩავაბარებ, იქნებ ოდესმე ამ ადამიანთან ერთად ვიმუშაო-მეთქი. რუსთაველის თეატრის მსახიობობა ხომ, საერთოდ, ჩემი დიდი ოცნება იყო. სიმართლე გითხრათ, თან მრცხვენოდა ჩემი ოცნებების, წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ორივე რეალობად იქცა, რაც ჩემთვის მართლა შოკის მომგვრელი იყო. მერე დავიჯერე, რომ ოცნებები ხდება, თუ ის ჯანსაღია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ შეიძლება, ვთქვა, რომ იღბლიანი არ ვარ?!

იღბლიანი ვარ ჩემი ოჯახის გამო, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. შვილის გამო, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერებაა.

ბუნებრივია, საკუთარი მშობლები ყველას უყვარს. მე, სამწუხაროდ, მამა არ მყავს, მაგრამ დედაჩემის გამო სამყაროსა და უფლის უზომოდ მადლიერი ვარ. მან ჩემი წარმატებისთვის საოცრებების ჩადენა შეძლო. ჩვენ ერთად ბევრი სირთულე გამოვიარეთ და დედას დიდი წვლილი მიუძღვის როგორც ჩემს ცხოვრებისეულ, ისე კარიერულ წინსვლაში. ნამდვილად ბედნიერი ადამიანი ვარ და უმადური ვიქნები, ეს რომ არ ვთქვა...

საერთოდ, ადამიანებს ყოველთვის იმაზე მეტი გვინდა, ვიდრე გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაც მაქვს, ის არ უნდა დავაფასო და უფლის მადლიერი არ უნდა ვიყო.

– იღბლიანთან ერთად, რამდენად შრომისმოყვარე ხართ?

– მაქსიმალურად ვცდილობ და შემიძლია, ვთქვა, რომ შრომისმოყვარე ადამიანი ვარ. ვცდილობ, ყველაფერი გამომივიდეს. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური განათლება მქონდა, ასევე, ვცეკვავდი, როცა გადავწყვიტე, მსახიობი გავმხდარიყავი, ამ საქმეში მთელი ჩემი გული და სული ჩავდე. რა და როგორ გამომივიდა, ეს უკვე მაყურებლის გადასაწყვეტია, თუმცა, მე შრომა არ დამიკლია და არც დღეს ვაკლებ. მე ვფიქრობ, ამ პროფესიაში ყველა ძალიან შრომისმოყვარეა, ამის გარეშე ვერაფერს შეძლებ.

– სიზარმაცის უფლებას როდის აძლევთ საკუთარ თავს?

– სიმართლე რომ ვთქვა, არ მიყვარს, როცა ვზარმაცობ. თუ რამეს არ ვაკეთებ, თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ბავშვობიდან მოყოლებული, ყოველთვის, იმდენად დატვირთული ვიყავი, იმდენ წრეზე დავდიოდი, რომ მივეჩვიე ამ ტემპით ცხოვრებას. არის დღეები, როცა განსაკუთრებული არაფერი ხდება, შეიძლება, არც რეპეტიცია მქონდეს და არც სპექტაკლი. ასეთ დღეებში ძალიან დამნაშავედ ვგრძნობ თავს. მართლა ძალიან ვარ შეჩვეული დატვირთვას. სიზარმაცის უფლებას ვერ ვაძლევ თავს, თუმცა ხანდახან საჭიროა, ზარმაციც იყო, თორემ სხვანაირად, შეიძლება, ადამიანი „გადაიწვა“. სიმშვიდე, სილაღე, თავისუფლება და ხანდახან, სიზარმაცეც საჭიროა (იცინის).

ვერ ვიხსენებ, რომ სიზარმაცის გამო რამე დამეკარგა ან საქმე გამეფუჭებინა, თუმცა არაერთხელ მიფიქრია, მეტი რომ მემუშავა, უკეთესი ვიქნებოდი ამა თუ იმ როლში-მეთქი. მე ვფიქრობ, ეს მომენტი სულ აქვს მსახიობს. მე, მით უმეტეს, ძირითადად, არასდროს ვარ კმაყოფილი საკუთარი თავით. პირიქით, ყოველთვის თვითკრიტიკით ვარ დაკავებული. ეს ძალიან ცუდია, ზედმეტი თვითკრიტიკაც არ შეიძლება, მაგრამ, ალბათ, ისევ ასე ჯობს, რომ მერე უკეთესი შედეგები გქონდეს. თუ ამ ასაკში საკუთარი თავით კმაყოფილი ვიქნები, თუ ვიფიქრებ, რომ იდეალურია, წინ ვეღარ წავალ. პირიქით, სულ მაქვს განცდა, რომ რაღაც დავაკელი.

– როცა რაღაც არ გამოგდის, ეს როგორ მოქმედებს ხასიათზე?

– ბევრჯერ არ გამოსულა რაღაც. ძალიან გავბრაზებულვარ საკუთარ თავზე, თუმცა მარტო ჩემი ბრალიც არ ყოფილა. ჩვენი პროფესია ბევრ რამეზეა დამოკიდებული. რთული პერიოდები მარტივი გასამკლავებელი არ არის, მაგრამ საბედნიეროდ, ჩემს შემთხვევაში ასეთი მომენტები დიდხანს არ გაგრძელებულა. თუ ჩაიციკლე, მერე ძალიან რთულია. ადამიანები ვართ და ყოველთვის ყველაფერი არ გამოგვივა, ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. როგორც სპორტშია, ხან მოიგებ, ხან წააგებ, ასეა ჩვენს პროფესიაშიც, ხან კარგად გამოგივა და შეგაქებენ, ხან – ნაკლებად კარგად და შესაბამისად, შეგაფასებენ. ყოველთვის მაქსიმუმს ვერ გააკეთებ. ასეთ პერიოდში ჩემი მეგობრები ყოველთვის გვერდში მიდგანან, ასევე, ჩემი ოჯახის წევრები. რაც დედა გავხდი, შვილი ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა. ჩემთვის ის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია და მის გამო უფლება არ მაქვს, ცუდ ხასიათზე ვიყო ან ყურები ჩამოვყარო. ყოველთვის ვცდილობ, პოზიტიური განწყობა მქონდეს, ღიმილიანი ვიყო. შეიძლება, არ ვიყო კარგ ხასიათზე, მაგრამ პირადი პრობლემების გარეთ გამოტანა არ მიყვარს. ხომ ვიცნობთ ადამიანებს, ცუდ ხასიათზე ყოფნისას რომ ვერ გაეკარები, ასეთი რამეები არ მჩვევია. ძალიან უნდა გამოვიდე წყობიდან, რომ ან ვიჩხუბო, ან ხმას ავუწიო. საერთოდ, ძალიან ბევრის მოთმენა ვიცი, თუმცა არის რაღაც, რასაც მეც გამოვყავარ წყობიდან და მერე, სამწუხაროდ, ცუდად ვიქცევი.

– მეორე ნახევარში რამდენად იღბლიანი აღმოჩნდით?

– მეორე ნახევარში ძალიან გამიმართლა. სულ მეშინოდა ამაზე ფიქრის და ყოველთვის ძალიან ვაკვირდებოდი ადამიანებს. თუ ადამიანი მსახიობი არ არის, მისთვის რთულია, გაიგოს, ამ პროფესიის თავისებურებები და სირთულეები. ნამდვილად გამიმართლა, რადგან ჩემი მეუღლე ყველაფერში მომყვება და მაქსიმალურად მიწყობს ხელს. უხარია და ამაყობს კიდეც. ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ შიშები არ მაწუხებს. „ეს რომ ვითამაშო, ჩემი მეუღლე გაბრაზდება?“ – მსგავსი ფიქრები რომ მქონდეს, ძალიან რთული იქნებოდა. პირველ რიგში, მე თვითონ არ ვითამაშებ ისეთ რამეს, რომ ვინმესთვის სასირცხვილო იყოს, თუმცა შეიძლება, ელემენტარულიც ვერ გაგიგონ და ამას ურთიერთობაში ბევრი პრობლემა მოჰყვეს. მე ძალიან გამიმართლა!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი