შოუბიზნესი

რა აძლევს ძალას დიტო ქისიშვილს ყველაზე რთულ მომენტებში და როგორ ცეკვავდა ის დამწვარი ფეხით

№43

ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00

დიტო ქისიშვილი
დაკოპირებულია

რამდენად იღბლიან ადამიანად მიიჩნევს თავს დიტო ქისიშვილი, რაში გაუმართლა მას ძალიან და რა სათავგადასავლო ისტორიებითაა სავსე მისი ცხოვრება – ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

დიტო ქისიშვილი: მიმაჩნია, რომ დაბადებიდან დღემდე იღბალი და ღვთის წყალობა მომყვება. ჩემს ყველა ნაბიჯში ღმერთის ხელს ვგრძნობ. მე კრიმინალურ უბანში დავიბადე. ამ უბანში კრიმინალური თაობები იზრდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის კარგი მოსწავლე ვიყავი, იმ პერიოდში, ქუჩის ცხოვრება ძალიან აქტუალური იყო და ქუჩაშიც მიწევდა ყოფნა. მე ყოველთვის ჩემს წესზე ვიდექი – იქაც უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ზედმეტი არ შეიძლებოდა. მადლობა ღმერთს, რომ ჩემს ცხოვრებაში არასდროს მომხდარა ფატალური ამბავი. ჩხუბიც ყოფილა, მაგრამ ყველაფერი ლამაზად და გემრიელად დალაგდა, რაც ვფიქრობ, იღბალია.

გარდა ამისა, მე ბავშვობიდან მიზიდავს ექსტრემალური ცხოვრება. ღმერთის ხელი მხოლოდ ჩემს კარიერაში კი არ ურევია, იმაშიც, რომ ხიფათებისგან მიცავს. პირველად ცხენზე 4 წლის ასაკში დავჯექი და მას შემდეგ ძალიან მიყვარს. ისეთ ცხენებზე ვარ ნაჯდომი, ისეთ მთებსა და ბილიკებზე მიტარებია, გადახედვისას რვაკილომეტრიან ჭიუხებს რომ ხედავ. ძალიან დიდი სიჩქარით მიჭენებია ცხენი ასეთ ადგილებში და შესაბამისად, ექსტრემი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა, ყოველთვის ყველაფერი კარგად სრულდება.

– სხვის გადასარჩენად თუ გამოსარჩლების მიზნით ჩაგიდენიათ გმირობები?

– ეს მთელი ჩემი ცხოვრების კრედოა. ვგიჟდები ფილმ „დათა თუთაშხიაზე“. ჩემთვის ის არის ნომერ პირველი. ამასთან დაკავშირებითაც კიდევ ერთი გამართლების შესახებ აღვნიშნავ. ამ ფილმს 6 წლიდან ვუყურებ და დღემდე ამოუწურავია ჩემთვის, ყოველ ჯერზე ახალს ვიგებ. თეატრალურში რომ ჩავაბარე, ჩემი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე იყო, ჩემთვის ნომერ პირველი ფილმის რეჟისორი. მე ვფიქრობ, რომ ესეც გამართლებაა, აქაც ღვთის ხელი ურევია. თეატრალურში ჩაბარება გამოცდებამდე ერთი თვით ადრე გადავწყვიტე, როცა ხალხი ამ გამოცდას მთელი წელი ელოდა. აღმოჩნდა, რომ იმ წელს გიგა ლორთქიფანიძეს აჰყავდა გუნდი. ერთ თვეში მოემზადო და ზუსტად იმ ადამიანთან მოხვდე, ვინც შენთვის ყველაზე ძვირფასი ფილმი გადაიღო, გამართლებაა.

ცხენთან ერთად, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია მოტოციკლეტი. გამოცდებამდე ორი დღით ადრე მოტოთი წავიქეცი და მარჯვენა ფეხი დავიწვი. დამწვარი ფეხით გავედი გამოცდაზე და მითხრეს, შენ შეგიძლია, არ იცეკვოო. ესეც ერთგვარი გამოცდაა, გცდიან, რამდენად ხარ შეყვარებული ამ პროფესიაზე. მაშინ ვთქვი, არ ვიცეკვო, არ გამოვა, მე არ ვარ რესტორანში, რომ ჩემს ნებაზე იყოს, ვიცეკვებ თუ არა. თქვენ უნდა იცოდეთ ჩემი პლასტიკაც-მეთქი და ვიცეკვე. სამწუხაროდ, იმ ღამეს ძალიან მტკიოდა ფეხი, მაგრამ თეატრალურში, ყველაფერთან ერთად, პროფესიისთვის თავგანწირვასაც აფასებენ და ასეთი მიდგომებით გავედი პირველ ადგილზე, უფასოზე.

– სხვის გადასარჩენად საფრთხის წინაშე აღმოჩენილსაც გიგრძნიათ იღბალი?

– არასდროს მიყვარდა მჩაგვრელი ადამიანები და დაჩაგრულს აუცილებლად გამოვესარჩლებოდი. სხვათა შორის, ამ მიზეზით უფრო მომსვლია რაღაცები, ვიდრე უშუალოდ ჩემ გამო. მე არ მიყვარს აგრესია, როცა საქმე მე მეხება, უკიდურეს შემთხვევაში ვღიზიანდები, მაგრამ როცა სხვა იჩაგრება, უფრო ადრე ვიწყებ მოქმედებას. იყო ასეთი შემთხვევა: ერთი ძალიან საყვარელ, პატარა გოგოს, რომელიც ალბათ, 15 წლის იქნებოდა, უფროსი ასაკის მამაკაცმა ძალიან უწმაწური ენით შეაგინა. მე კონსერვატორიის ექსპერიმენტულ სამუსიკოში ვსწავლობდი და სეზონზე ყველა სპექტაკლის ნახვა მევალებოდა. ამ დროს ოპერის თეატრში „ტრავიატა“ გადიოდა. სწორედ იქ მივდიოდი, როცა ეს ამბავი მოხდა. სამარშუტო ტაქსიდან გოგონა ჩავიდა, მოხურვის დროს კარი დააბრახუნა და მძღოლმა შეაგინა. ერთხელ არა, ბევრჯერ. და მე ეს ვერ მოვითმინე და ამ კაცთან ჩხუბი მომიხდა. მე მაშინ 17 წლის ვიყავი. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში, ამის გამო დაახლოებით ერთი საათით დამაკავეს. იმ პერიოდში დაკავება საშინელება იყო. ძალიან ძველი დროა, ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდი. დამაკავეს და იმ ერთ საათში ცოტა გამბერტყეს, მაგრამ მერე თვითონვე მიხვდნენ, რომ მე არ ვიყავი კრიმინალი, ვუთხარი, სადაც მივდიოდი. იმის მოყოლას, რაც მოხდა არ ვაპირებდი. უბრალოდ, დაიჯერეს, რომ კონსერვატორიის მომღერალი ვიყავი და მართლა სპექტაკლის სანახავად მივდიოდი.

აქაც ღმერთის ხელი ერია, თორემ იმ დროს რომ იჭერდნენ, ამას ცუდი გაგრძელება მოჰყვებოდა ხოლმე. მსგავსი ამბავი რომ დღეს ყოფილიყო, აუცილებლად იმავეს გავაკეთებდი.

ვთვლი, რომ იმდროინდელი ბიჭები რაინდული სულისკვეთებით ვიზრდებოდით. მხოლოდ მე არა, ძალიან ვამაყობ ჩემი თაობის ბიჭებით. ჩვენი სკოლის გოგონები თავაწეულები დადიოდნენ. ვიცნობდით ჩვენი რაიონის სხვა სკოლელ ბიჭებს, ვძმაკაცობდით, კულტურული შეხება გვქონდა, ჩხუბიც იყო, შერიგებაც, ჩხუბში დაძმაკაცებაც და ამის ფონზე, ჩვენი შინაგანი რაინდული მოთხოვნა იყო, რომ ჩვენი გოგონები ყოველთვის თავაწეულები ყოფილიყვნენ. ასე იქცეოდა სხვა სკოლის ბიჭობაც.

– იღბლიანთან ერთად რამდენად შრომისმოყვარე ადამიანი ხართ?

– ორი უკიდურესობაა. რაღაც თვალსაზრისით ზარმაციც ვარ, მაგრამ ისევ წეღანდელი მაგალითი რომ მოვიშველიოთ, ჩაბარების დრო რომ მოვიდა, თეატრალურის ბიჭებმა მითხრეს, ბარემ ხომ არ გეცადაო და ერთ თვეში მოვემზადე გამოცდებისთვის. შრომისმოყვარეობა ერთვება იქ, როცა განსაკუთრებული მიზანი მაქვს. მაშინ შემიძლია ღამეების თენება, მაქვს დაუშრეტელი ენერგია და შეიძლება, საერთოდ მოვწყდე სხვა ყველაფერს და მხოლოდ კონკრეტულ მიზანზე ვკონცერტრირდე.

ასევე, ძალიან პასუხისმგებლიანი ვარ ნებისმიერ საქმეში, რასაც ხელს მოვკიდებ. თუ ვიტყვი, რომ მე ამას გავაკეთებ, ჩემში პასუხისმგებლობის უმაღლესი გრძნობა ირთვება და მაქსიმალური ხარისხით ვაკეთებ, რაც ჩემთვის ნომერ პირველია.

არის ისეთი მომენტებიც, როცა შეიძლება, ფეხის გადადგმა დამეზაროს, გააჩნია ჩემს ჩანაფიქრს და თქმას. თუ გითხარი, გავაკეთებ-მეთქი, ასეც ვიზამ.

– რა გეხმარებათ რთულ პერიოდებში?

– ცხოვრებას თან ახლავს განსაცდელები. ამ დროს ჩემთვის პირველი ლოცვაა. წავალ ქალაქგარეთ, სადმე, მონასტერში. შეიძლება, იქ ერთი კვირით არა, მაგრამ ერთი დღით განვმარტოვდე. ჩემთვის განმარტოება და ღმერთთან საუბარი ყველაზე მნიშვნელოვანია. იქ იმხელა ძალა მეძლევა, ქალაქში რომ შემოვდივარ, თავი ყოვლისშემძლე მგონია. ქალაქის „ბეტონი“, ხშირ შემთხვევაში, მღლის. ლოცვისა და ღმერთთან საუბრის გარდა, ჩემთვის ბუნებაა ყველაზე დიდი ძალის მომცემი, რადგან ესეც უფლის შექმნილია. ამიტომ, როცა ენერგია ამომეწურება, მოტოციკლზე დავჯდები, ქალაქგარეთ გავალ, მთის კაცი ვარ და მთისკენ მიყვარს გეზის აღება. შეიძლება, სულ სამი საათით წამოვწვე მთის მდელოზე, ცას ვუყურო და იმხელა ენერგია მივიღო, ისევ და ისევ ღმერთთან საუბრით, რომ ყველაფრის ძალა მომეცეს. ყოველი განსაცდელის დროს, ჩემთვის მთავარი და ყველაზე დიდი ძალის მომცემი რწმენაა.

არ ვიქნები თავმდაბალი და ვიტყვი, რომ ნიჭი მაქვს, მაგრამ რომ არა ღვთის ხელი, ადმიანს შეიძლება, ჰქონდეს ნიჭი, მაგრამ ვერ გამოავლინოს. მადლობა ღმერთს, უფლის წყალობით, ჩემი ნიჭი თავისთავად ვლინდება, უფლისავე ხელით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა