პაატა ხაჩიძე: ვერ ვიტყვი,რომ ხელგაშლილი ვარ, რაც არ უნდა ბევრი მქონდეს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 11.02
![პაატა ხაჩიძე პაატა ხაჩიძე](/files/2025/02/10/12461/paata-khachidze_w_h.jpeg)
რა მიდგომა აქვს პაატა ხაჩიძეს ფინანსებთან, როგორ ცდილობს თანხის მიზნობრივად გამოყენებას და რაში არ უყვარს მისი გაფლანგვა.
პაატა ხაჩიძე: ჩემი პირველი ჰონორარი ჩვენს ჯგუფს, „ქუჩის ბიჭებს“ უკავშირდება. ერთი წლის ჯგუფი ვიყავით, როცა სატელევიზიო კონკურსი „ეძიებდე და ჰპოვებდე“ ტარდებოდა და ტელევარსკვლავების აღმოსაჩენად ბიჭები სხვადასხვა ქალაქში ვიყავით განაწილებულები, სადაც ბავშვებს ჩვენს გამოცდილებას ვუზიარებდით. მე ზუგდიდში ვიყავი. ეს რამდენიმე თვე გრძელდებოდა. მაშინ 20 წლის ვიქნებოდი. ბიჭები ვაგროვებდით ჩვენს ჰონორარს, რომ პირველი-ორი სიმღერა ჩაგვეწერა. როგორც მახსოვს, 2 000 ლარი მოვაგროვეთ, მაშინ ეს კარგი თანხა იყო. რაღაც ნაწილი ჩვენთვისაც გავიმეტეთ. მახსოვს, ზოგმა ტანსაცმელი ვიყიდეთ, მე, მაგალითად, პირველი ფეხსაცმელი შევიძინე საკუთარი ანაზღაურებით, მაგრამ ძირითადი ნაწილი საქმეს მოვახმარეთ. საერთოდ, მაშინაც და მას შემდეგაც, ყოველთვის ვცდილობთ, ჰონორარის გარკვეული ნაწილი საქმეს მოვახმაროთ, მიზნობრივად მივმართოთ, რომ მსმენელს კარგი სიახლეები შევთავაზოთ. არ მინდა, თავის ქებაში ჩამეთვალოს, უბრალოდ, ხარჯებთან დაკავშირებით, მე მიწევს ხოლმე გადაწყვეტილების მიღება და მაქსიმალურად ვცდილობ, სწორად წარვმართო.
– საერთოდ, როგორი მხარჯველი ხარ?
– მე არ ვცხოვრობ დღევანდელი დღით. გეგმიურად მივყვები ცხოვრებას. თავიდანვე ასეთი ვიყავი. მიზნები მაქვს და ვცდილობ, თანხები მათ განსახორციელებლად დავხარჯო. ვერ ვიტყვი, რომ ხელგაშლილი ვარ ან მხარჯველი – რაც არ უნდა ბევრი მქონდეს. არიან ადამიანები, ვის გვერდითაც ბიჭები ვდგავართ და ვეხმარებით – გაჭირვებულ ადამიანებს ვგულისხმობ. რესტორანშიც დაგვიხარჯავს საზეიმო დღეებში, ოჯახისთვის, მნიშვნელოვანი შენაძენებისთვის, რა თქმა უნდა, ვხარჯავ, მაგრამ მაინც არ ვიტყვი, რომ დიდად მხარჯველი ადამიანი ვარ. არ მაქვს ასეთი სახელი. პაატა ხაჩიძე ნამდვილად არ არის მფლანგველი. როცა მიზანს დაისახავ, ფინანსებსაც მისკენ მიმართავ და სხვა უმნიშვნელო საგნებზე არ ხარჯავ. მოთმინების უნარიც მაქვს, არასდროს ვჩქარობ. მეგობრები და ოჯახის წევრები მეუბნებიან ხოლმე, რომ მე ხშირად ვიკავებ თავს რაიმეს ყიდვაზე. შეიძლება, თვეები გავიდეს და მერე შევიძინო. არ ვსაუბრობ პირველადი მოხმარების აუცილებელ საგნებზე, მაგრამ რიგ საკითხებში ადვილად ვერ ვწყვეტ, დრო მჭირდება, რომ კარგად განვსაზღვრო, მაგალითად, კონკრეტული ნივთი მჭირდება თუ არა, რომ სწორად განვკარგო ჩემი თანხები.
– როცა რამის შესაძენად დიდი თანხაა საჭირო, გირჩევნია, დააგროვო თუ ბანკს მიმართავ დასახმარებლად?
– 2024 წლის ზაფხულში დანაზოგი მქონდა, ანუ იმ საქმისთვის საჭირო თანხის ძირითადი ნაწილი, რის გაკეთებასაც ვაპირებდი, მაგრამ ნაწილი ბანკიდანაც დამჭირდა. ბორჯომში, ჩემს კუთხეში, პატარა სახლი გავაკეთე. ჯერ ბოლომდე არ დამისრულებია, მაგრამ ვცდილობ, ყველაფერი კარგად გავაკეთო. მაქსიმალურად მობილიზებული ვარ და მალე დავასრულებ. ჩემს კუთხეში საკუთარი სახლი მექნება. ესე იგი, როცა მნიშვნელოვანი მიზანი მაქვს, შემიძლია, თანხა დავაგროვო და არ გავფლანგო. ამ საკითხებს ჩემს მეუღლესთან ერთად ვწყვეტ. როცა ჯგუფის ბიუჯეტს ეხება საქმე – ბიჭებთან ერთად. თუმცა, თანხები მე მაბარია და მგონია, რომ ნორმალურად ვუძღვები. ჩემი მეუღლე ბანკის თანამშრომელია, განათლებაც შესაბამისი აქვს და ძალიან მეხმარება ამ საკითხებში. ერთად ვფიქრობთ, როგორ დავხარჯოთ ეკონომიურად.
– შვილებთან როგორები ხართ, ახარებთ ხოლმე საჩუქრებით თუ მხოლოდ საჭიროებებით შემოიფარგლებით?
– დღესასწაულებზე ყველა იღებს საჩუქარს, მაგრამ უფროს-უმცროსობა და დამსახურებებიც განსაზღვრავს მათ საჩუქრებს – ვინ რა ეტაპზეა, როგორ სწავლობენ და ასე შემდეგ. სამი შვილი გვყავს, დღეს ბავშვებს ძალიან ბევრი მოთხოვნა აქვთ და როგორც იმსახურებენ, იმის მიხედვით იღებენ. ვერ ვიტყვი, რომ ვანებივრებთ.
– მეუღლესთან რამდენად ხელგაშლილი ხარ, თუ ანებივრებ საჩუქრებით, თან, ახლახან დაბადების დღე ჰქონდა...
– საჩუქრებითმეტ-ნაკლებად ვანებივრებ. დაბადების დღესა და დღესასწაულზე მაქსიმალურად ვცდილობ, ვასიამოვნო. 23 იანვარს ჰქონდა დაბადების დღე და კარგი საჩუქარი გავუკეთე. უკვე 17 წელია, ერთად ვართ და ვიცით ერთმანეთის სურვილები. ამჯერად თანხა ვაჩუქე. გერმანიაში მიდის მეგობართან და ჩავთვალე, რომ ფინანსები ყველაზე მეტად გამოადგებოდა.
ჯგუფის ცხოვრებაში ყოფილა ისეთი მომენტიც, როცა გვქონია საკმაოდ დიდი ფული, მაგალითად, აგვიღია 5 000 დოლარი, რაც მაშინ საკმაოდ სოლიდური თანხა იყო და მთლიანად ალბომის ჩასაწერად გამოგვიყენებია. ჩვენ ხუთი ალბომი გვაქვს გამოშვებული და არ ვნანობთ, რომ საქმეში ბევრი თანხა ჩავდეთ. დღესაც მიდის საუბრები ამაზე. შეიძლება, რამდენიმე ისეთ სიმღერაში ჩავდეთ თანხა, რომლებიც ალბათ, საჭირო დროს ვერ მისწვდა მსმენელს და არ ჰქონდა ისეთი გამოხმაურება, როგორიც უნდა ჰქონოდა, მაგრამ მაინც ღირდა. ბევრი ჯგუფი გაჩნდა, მრავალი ფაქტორია, მაგრამ ჩვენც მუდმივად სიახლის ძიებაში ვართ და თამამად ვიტყვი, რომ 30 წელია, სცენაზე ვართ და ვინარჩუნებთ ჯგუფსაც და მეგობრობასაც. არ არსებობს ამდენი წლის ბოიბენდი, რამდენისაც „ქუჩის ბიჭებია“.
– რომელი პერიოდი გახსენდება ფინანსურად ყველაზე რთულად?
– „არტიმედს“ და ბადრი პატარკაციშვილს გავიხსენებ განსაკუთრებული მადლიერებით, ჩვენ ის გვაფინანსებდა. მერე, სამწუხაროდ, „არტიმედი“ დაიშალა. შემდეგ პოლიტიკური ნიშნითაც გაგვრიყეს. რომ იტყვიან, ცარიელ ქვაზე აღმოვჩნდით. არცერთ ღონისძიებაზე არ გვეძახდნენ. რამდენიმე წელი ძალიან კრიზისული გვქონდა, მაგრამ ვცდილობდით, გვემოქმედა. 2003 წლიდან, 7-8 წელი ასე გრძელდებოდა. რაღაც პერიოდი ჯგუფი დაშლილიც იყო, მაგრამ შემდეგ ისევ მოვიკრიბეთ ძალები და გავერთიანდით.
კრიზისი იყო, მაგრამ ყოველთვის რაღაცას ვცდილობდი. იყო პერიოდი, როდესაც მარტო ვმღეროდი კლუბსა თუ რესტორანში და თავი გამქონდა. ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა პერიოდი, როცა მუსიკას გამოვეთიშე.
ტურისტულ სააგენტოშიც მიმუშავია, კომპანიაში სხვა საქმეც მიკეთებია, თუმცა, 47 წლის ვარ და თვალნათლივ ვხედავ, რომ სიმღერაა ჩემი საქმე. დღეს ფინანსური კუთხით ჯგუფს ცუდი პერიოდი ნამდვილად არ გვაქვს. სახელმწიფო მხრიდანაც გვაქვს თანადგომა, უკვე რამდენიმე წელია. თუმცა, შეიძლება, მეტი კონცერტი გაკეთდეს, მთავარია, მშვიდობა იყოს, რომ ჩვენი საქმე გავაკეთოთ.
– მამაკაცების დიდ ნაწილს განსაკუთრებით უყვართ ავტომობილები და თანხაც არ ენანებათ ამისთვის. მიეკუთვნები მათ რიცხვს?
– კი, ავტომობილები ჩემი ჰობია. უკვე 12-13 წელია, რაც საქართველოში არ შემიძენია, პირდაპირ ამერიკიდან ვყიდულობ, მე თვითონ ვერკვევი აუქციონებში და არ ვჩქარობ. როცა ბიჭებს პაუზა გვქონდა, იმ პერიოდში გამიტაცა ამ საქმემ და ბოლო რამდენიმე წელია, ავტომობილს წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ ვიცვლი.
– ფულის სესხებას ხშირად გთხოვენ?
– კი და თუ მაქვს საშუალება, ვეხმარები, ვისაც ვიცი, რომ უჭირს. უცხო ადამიანებიც მწერენ, მაგრამ ამ მხრივ, საკმაოდ ხელმომჭირნე ვარ. იშვიათად, რომ ზერელედ გავცე თანხა უცხო ადამიანზე. სხვათა შორის, ბევრი მწერს, მაგრამ დღეს არ არის ის სიტუაცია, რომ ადამიანი თუ მოინდომებს, არსებობისთვის საჭირო თანხა ვერ გამოიმუშაოს.
– რას მიიჩნევ საუკეთესო დაბანდებად?
– ჩემი საუკეთესო დაბადება ჩემი სახლია, რომელიც ბორჯომში ავიშენე. თუმცა, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ, მინდა, მეორე სახლიც გავაკეთო და იმედი მაქვს, რომ წელს დავიწყებ. ტურისტული ქვეყანა გვაქვს და მეორეს ამ დანიშნულებით გამოვიყენებ. ერთი ჩემი ოჯახისთვის გავაკეთე, მეორე მინდა, ტურისტებზე იყოს გათვლილი. სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველაზე სწორი ტურიზმში ფულის დაბანდება მგონია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან