შოუბიზნესი

ოთო ნემსაძე: ქართველებმა იქამდე ვიცით ერთმანეთის სიყვარული, სანამ ადამიანი წარმატებული გახდება

№50

ავტორი: ეთო ხურციძე 14:00 21.12, 2021 წელი

ოთო ნემსაძე
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ ოთო ნემსაძესთან 👇

სახელი: ოთო.

გვარი: ნემსაძე.

პროფესია: მუსიკოსი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– ძალიან ხიფათიანი ბავშვი ვიყავი: ხან თავი მქონდა გატეხილი, ხან ფეხი გადაგლეჯილი, ხან ხელი მოტეხილი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, კარგიც ბევრი იყო, მაგრამ ამ მხრივ, ცუდი უფრო მახსენდება. ფეხის გულზე მადევს 22 ნაკერი – პატარა ვიყავი, რომ გავიჭერი.

– მშობლების როლი...

– ძალიან დიდია ჩემს ცხოვრებაში. თუ რაიმე გამაჩნია, ამ ადამიანების შექმნილია, როგორც განათლება, ისე აღზრდა. ჩემი მუსიკალური განათლება დედას უკავშირდება და თითქმის ყველაფერი, რაც მაქვს, მათი დიდი დამსახურებაა.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

– პროკურორი. არადა, საერთოდ არანაირი კავშირი არ მაქვს იურიდიულ სფეროსთან. მერე ეკონომისტი გავხდი და ბოლოს – მუსიკოსი. ყველას მშენებელი და კოსმონავტი უნდოდა ყოფილიყო, მე კიდევ – პროკურორი (იცინის). უბრალოდ, სიტყვა მომწონდა.

– ჩემი პროფესია განაპირობა...

– „ჯეოსტარმა“, ჩემმა პირველმა პროექტმა, რომელმაც დიდ სცენაზე დამაყენა და მის მერე სცენიდან ვეღარ ჩამოვედი – გამიჭირდა. ამ ყველაფრის შემდეგ რთულია მუსკის გარეშე ცხოვრება... რაც შეეხება ეკონომისტობას, ბიზნესის ადმინისტრირების განხრით მაქვს უნივერსიტეტი დამთავრებული. ყოველთვის მიყვარდა და დღემდე მიყვარს მათემატიკა, შესაბამისად, ავირჩიე ეს მიმართულება, თან, იმ პერიოდში საკმაოდ პოპულარული ფაკულტეტი იყო. პირველი ეროვნული გამოცდების მონაწილე ვიყავი და 100-პროცენტიანი გრანტით ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დღემდე მიყვარს ჩემი პროფესია, რაღაც პერიოდი ვიმუშავე კიდეც ამ მიმართულებით: ბანკებში და შემოსავლების სამსახურში. უბრალოდ, ძალიან მალე მომიწია ფილარმონიის სცენაზე გასვლა, რამაც 9-საათიანი რუტინისგან მიხსნა.

– მუსიკა...

– ალბათ, თვეების ვიყავი, ჩემს ცხოვრებაში რომ შემოვიდა. სულ ვმღეროდი, უბრალოდ, არა ამ დოზით, როგორც დღეს. ყოველთვის მეგონა, სამოყვარულო დონეზე შემეძლო სიმღერა და თურმე, ვცდებოდი – პროფესიონალურადაც შემძლებია.

– ჩემი მეტსახელი...

– გვარიდან გამომდინარე „ნემსოს“ მეძახიან ხოლმე. ცოტა რომ წამოვიზარდე, რაღაც პერიოდი, ვარცხნილობის გამო „ბურნუთა“ მერქვა (იცინის).

– ადამიანში ვაფასებ...

– პროფესიონალიზმს. საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება, ალბათ, ყველაზე მეტად გვიჭირს ჩვენს ქვეყანაში. ძალიან გვჭირდება, ვიყოთ ჩვენი საქმის პროფესიონალები და მისი უბადლო შემსრულებლები.

– წარმატებული ადამიანი არის...

– ყველა ბედნიერი ადამიანი წარმატებულია, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. მთავარია, ამ სამყაროში შენი თავი იპოვო და იყო ბედნიერი. თუ ბედნიერი ხარ, ესე იგი, შენ გარშემო ყველაფერი კარგადაა, როგორც საქმეში, ასევე პირად ცხოვრებაში. შესაბამისად, შემდგარი და წარმატებული ადამიანი ხარ.

– მწამს...

– ჩემი ოჯახის: დედის, მამის. მწამს ღმერთის და ჩემი ქვეყნის.

– ღმერთის ჩემეული აღქმა...

– ჩემი ღმერთი არის სიყვარული, მამა ღმერთთან და სამებასთან ერთად. შეიძლება, ყოველ შაბათ-კვირას ეკლესიაში არ ვიყო, და ვთვლი, რომ ეს ჩემი დანაშაულია, მაგრამ მორწმუნე ადამიანი ვარ. ღმერთი დიდი სიყვარულია. მთავარია, ეს სიყვარული ჩვენში ვიპოვოთ, რათა უფალთან ახლოს ვიყოთ.

– მეშინია...

– ერთადერთი რაც მაშინებს, სიმაღლეა. უფრო სწორად, მივხვდი, არა სიმაღლის, არამედ თავისუფალი ვარდნის მეშინია. უამრავი ფრენა მქონია ცხოვრებაში და თვითმფრინავი რომ იწყებს დაშვებას, აი, მაგ მომენტში მაქვს დისკომფორტი, კიდევ ლიფტი როცა ჩერდება და ასე შემდეგ. ზუსტად ვიცი, არასდროს გადმოვხტები პარაშუტით, არც ერთ „ეშმაკის ბორბალზე“ და ატრაქციონზე არ დავჯდები, მათ შორის, არც საქანელაზე.

– მაბედნიერებს...

– ყველაზე მეტად მაშინ ვარ ბედნიერი, როცა ის ადამიანები, რომლებიც მიყვარს, კარგად არიან და არ აქვთ პრობლემები. დედა ტერეზას პოზიცია მაქვს ხოლმე და ვიტანჯები, მინდა, ჩემ ირგვლივ ყველა კარგად იყოს, თუნდაც ჩემი ცუდად ყოფნის ხარჯზე. შესაბამისად, მეც მაშინ ვარ ბედნიერი, როცა ისინი კარგად არიან.

– ვრისკავ...

– ხშირად და ძალიან რისკიანი ვარ. ძირითადად, ამართლებს ხოლმე ჩემი რისკები. საკმაოდ ცოტა ხანს ვცოცხლობთ იმისთვის, რომ არ გავრისკოთ, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს, რითი რისკავ. ოჯახით, ქვეყნით, მენტალობით და ადამიანით არასოდეს უნდა გარისკო, დანარჩენი ყველაფრით შესაძლებელია.

– ვერიდები...

– თავშეყრის ადგილებს.

– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია...

– ქართველებმა იქამდე ვიცით ერთმანეთის სიყვარული, სანამ კონკრეტული ადამიანი წარმატებული გახდება. მერე იწყება მისი უკან გამოწევა. ჩვენ არ გვიყვარს ძალიან წარმატებული ადამიანები. შესაბამისად, იმის დანაკლისი მაქვს, რომ მეტ პატივისცემას არ გამოვხატავთ ერთმანეთის მიმართ.

– ბედისწერა...

– ბედისწერა ხარ თავად. არ მჯერა, რომ ზემოთ რაღაც დაწერილია, რადგან ადამიანები ყველაზე ჭკვიანი არსებები ვართ გალაქტიკაში, შესაბამისად შენს ბედისწერას თავად ქმნი, ნებისმიერი რამ შეგიძლია შეცვალო, ამის შესაძლებლობა კი თავად ღმერთმა მოგცა. შენი ბედისწერა საკუთარ თავს უნდა დააბრალო.

– მარტოობის განცდა...

– არასოდეს მქონია, არ მიყვარს მარტოობა და მაქვს იმის ფუფუნება, არასდროს ვიყო მარტო.

– სიცოცხლე არ ღირს...

– სიყვარულის გარეშე აზრი არ აქვს სიცოცხლეს.

– სიყვარული არის...

– ღმერთი.

– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია...

– უპასუხისმგებლობა და ამპარტავნება. მსგავს რამეებზე ისე ვბრაზდები ხოლმე, შემიძლია, ვიჩხუბო კიდეც.

– რთული პერიოდი...

– ჩემი ცხოვრება სულ რთული პერიოდია. არასდროს გადაუსვამს ცხოვრებას ჩემთვის თავზე ხელი. როცა საქართველოში იბადები, უკვე ძალიან რთულ პერიოდში გიწევს ცხოვრება. სამწუხაროდ, დღეს გვეუბნებიან, ძალიან საინტერესო დროში ვცხოვრობთო. ეს ასე არაა და ამ ფრაზის ყველას უნდა ეშინოდეს – დღეს რთული ცხოვრება აქვთ ადამიანებს.

– შემშურებია...

– კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ბოღმიანი და ბოროტი კაცი არასდროს ვყოფილვარ. შესაბამისად, მალე გამიკონტროლებია ჩემი თავი.

– სამაგიეროს გადახდა...

– ერთხელ გავაკეთე მსგავსი რამ, თუმცა არ მინდა ამ თემაზე საუბარი, ძალიან ცუდად მოვიქეცი. ზოგადად არ მახასიათებს სამაგიეროს გადახდა, რადგან მალე გადამდის ხოლმე წყენა. უბრალოდ, არის ისეთი მომენტები ცხოვრებაში, რისი პატიებაც გიჭირს.

– ბოდიშის მოხდა...

– არ მიჭირს, რადგან სულ მართალი ვარ (იცინის). მომიხდია ბოდიში, მაგრამ იშვიათად, ხშირად იმ შემთხვევაშიც არა, როცა საჭიროება მოითხოვდა, რადგან ისეთს არაფერს ვაშავებ ხოლმე, საბოდიშოდ მქონდეს საქმე.

– ვიტყუები...

– იშვიათად. ისეთი ტყუილი არ მითქვამს, რომ მერე მენანა. ვიტყუები, როცა მინდა ადამიანები ცუდი სიმართლისგან დავიცვა.

– არ მომწონს...

– მანქანები, რომლებსაც ტექდათვალიერება გავლილი აქვთ, თუმცა ძალიან ბოლავენ. ვითომ გავლილი შემოწმებით აბინძურებენ გარემოს და ეს ძალიან არ მომწონს.

– მაკომპლექსებს...

– დიდი თავი მაქვს (იცინის). სულ ვხუმრობ ხოლმე ამაზე, შეიძლება, ეს კომპლექსია, ვერ გეტყვით.

– ვნანობ...

– ბევრ რამეს, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე. კონკრეტულ მომენტებში ცოტა სხვანაირად რომ მოვქცეულიყავი, ჩემი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართებოდა. ვგულისხმობ იმას, რომ არ ვარ მომთხოვნი, რაც მეკუთვნის, იმის მოთხოვნაც კი არ შემიძლია. მუსიკა და მენეჯერული თვისებები ერთად არ მაქვს.

– ვაგროვებ...

– ვერ ვაგროვებ ფულს, ყოველთვის ბოლომდე ვხარჯავ. მაქვს გემების კოლექცია, ოღონდ პორტში არ მიყენია (იცინის). ძალიან მინდა, სპორტული გემები ჩამოვიყვანო საქართველოში, უბრალოდ, დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

– ჩემი თილისმა...

– მამა დემეტრეს ჯვარი მიკეთია ხშირად. იმ პერიოდში, როცა დახმარება ძალიან მჭირდებოდა, სულ თან მქონდა და მართლა მეხმარებოდა. დღემდე ასეა.

– არასოდეს დამავიწყდება...

– ჩემი პირველი გამოსვლა ფილარმონიის სცენაზე. მახსოვს, კიბეებზე ჩამოვედი, თავი მქონდა ჩაღუნული და ხელი ავწიე მისასალმებლად. ძალიან ვნერვიულობდი, ცუდი და კარგი განცდა ერთად მქონდა.

– თავისუფლება არის...

– სადაც იწყება სხვისი თავისუფლება, იქ მთავრდება ჩემი. ადამიანებმა ერთმანეთს არ უნდა შევუშალოთ ხელი თავისუფლებაში.

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

– არ ყოფილა ეგეთი მოვლენა და მგონი, საერთოდ არ შევცვლილვარ.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– ნინო ქათამაძის რჩევა მახსოვს სულ: ჯერ აკეთე მუსიკა და მერე იფიქრე თანხებზეო. ასე ვიქცევი სულ და მადლობა ნინოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა