შოუბიზნესი

ოთო ნემსაძე: ჩემი პრინციპები ბევრ რამეს მაკარგვინებს

№25

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 01.07

ოთო ნემსაძე
დაკოპირებულია

15 ივნისს, ოთო ნემსაძის ახალი კლიპის პრეზენტაცია შედგა. სიმღერა მისი ალბომიდანაა, რომელიც სულ მალე გამოვა და მომღერლის ერთგულ მსმენელს გაახარებს.

ოთო ნემსაძე: მიხარია, რომ კლიპის პრეზენტაციას ბევრი ადამიანი დაესწრო და მათგან გულწრფელი მილოცვები მივიღე. კლიპის პრეზენტაცია გაიმართა „კავეა სითი მოლში“ და ძალიან დიდი მადლობა „კავეას“. ძალიან კარგი გარემო იყო იმისთვის, რომ ჩემს სტუმრებს მუსიკა და ვიდეო მშვიდ, წყნარ და მაგარ გარემოში ენახათ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციას და რაც მთავარია, ნანკა გვარს, იგივე გვარიშვილს, რომელიც ჩემს კლიპში მთავარ როლს თამაშობს, უმაგრესი მუსიკოსი, უმაგრესი მსახიობი და ულამაზესი გოგოა. მუსიკა ეკუთვნის ზაზა ქოქრაშვილს, ტექსტი – ნუკუშა ფაიქრიძეს. ეს არის ჩემი და ჯგუფი „ლიმბოს“ ახალი ალბომიდან ერთ-ერთი სიმღერა სახელწოდებით – „მკიდია“. ალბომსაც, რომელიც ძალიან მალე გამოვა „მკიდია“ ერქმევა და მასში ათი სიმღერა იქნება. ეს ჩემი რიგით მეორე ალბომია, ჯგუფთან ერთად კი – პირველი. ძალიან ბევრი ვიშრომეთ მე და ჩემმა საყვარელმა მეგობრებმა და მუსიკოსებმა, რომლებიც ჩემთან ერთად არიან ყველგან და ყველაფერში. მინდა, მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, კერძოდ, კლავიშს – ჯიმი ირემაძეს, დავით თუთარაშვილს – დასარტყამი ინსტრუმენტი, დრამი, ლიდი აჯიშრედერს – ელექტრო გიტარა, ზაზა ქოქრაშვილს – ელექტო გიტარა და გიორგი ჯეხანის – ბასი. კლიპის სცენარის ავტორია სანდრო ლორთქიფანიძე, ჩემი ბავშვობის მეგობარი და უნიჭიერესი კაცი, ასევე, კლიპი გადაიღო მახო ყიფშიძემ და იმდენად მაგარი რეჟისორია, კიდევ ბევრჯერ გაგვაკვირვებს. კლიპი გადაღებულია „ბაგრატიონის“ ქარხანაში და მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო სტაფს. ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩვენთვის კომფორტული გარემო შეექმნათ. უდიდესი მადლობა ჩემს პროდიუსერს, მარიამ ლორთქიფანიძეს, რომელმაც ამ კლიპის გადა(ღების დროს ბევრი იწვალა და იშრომა. საუნდ-დიზაინზე იმუშავა სტუდია „ჰეიმა პროდაქშენმა“ და მებო ნუცუბიძეს უდიდესი მადლობა. სიმღერა ჩაწერილია „ბრავო რეკორდსში“ და ეს სიმღერა იქნება ტრეკის გამხსნელი, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ვიცი, ძალიან ხარისხიანი როკენროლით მოვდივარ თავიდან სცენაზე და მახარებს ის, რომ ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს.

– საზოგადოებამ წლების წინ მუსიკალური კონკურსიდან გაგიცნო და შენი განსხვავებული ხმის ტემბრის და შესრულების მანერით შეგიყვარა. ეს იყო სწორ ადგილას სწორ დროს მოხვედრა? იღბლიან ადამიანად თუ მიიჩნევ თავს?

– ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. ბოლოს და ბოლოს, შვიდი პროექტი მაქვს მოგებული და ძალიან ბედნიერი ვარ. იმითაც ვარ ბედნიერი და იღბლიანი, რომ განსაკუთრებულად ქართველ მსმენელს ვუყვარვარ, ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. ეს ძალიან მაბედნიერებს და მახარებს. როგორ შეიძლება, არ ვიყო ბედნიერი, როცა ულამაზესი ოჯახი მაქვს, მყავს უსაყვარლესი მეუღლე, მშობლები, ძმა, მეგობრები და ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს. საჭირო დროს, საჭირო ადგილას კი, ალბათ, ბედისწერა მახვედრებს. მე არ ვიცი, ეს საჭირო ადგილები და დროები სად არის. ზუსტად ის ვიცი, რომ ჩემი საჭირო ადგილი არის სტუდია, ჩემს ბიჭებთან ერთად სარეპეტიციო ადგილი და ბევრი შრომა. რომ ვთქვა, ამ ჩემს საჭირო ადგილას ბედისწერა მახვედრებს-მეთქი, მოგატყუებთ, ჩვენით ვიკრიბებით (იცინის). მერე კი, ჩვენი ნამუშევარი სწორად რომ მოხვდება მსმენლის ყურს, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი და ამის იმედი მაქვს. ასე რომ, ჩვენ არ ვეძებთ სწორ და საჭირო ადგილებს (იცინის). ზოგადად, ბედისწერის მჯერა, მაგრამ ისეთის, შენ თავად რომ ქმნი. ყველა ადამიანი თავის ბედისწერას თავად ქმნის. ყველა ადამიანს შეუძლია, რაღაცის მიღწევა, ყველაფერი ჩვენს ხელშია. ამას კი, ბევრი შრომა, განათლება და გვერდით წესიერი ადამიანები სჭირდება, რომ კარგი მომავალი შეიქმნან – ამის მჯერა.

– ოთო, იყო შენს ცხოვრებაში პერიოდი, როცა არ გემღერებოდა, თვალზე ცრემლი გედგა, მაგრამ სცენაზე იდექი და მღეროდი?

– ალბათ, ბევრჯერ იყო, მაგრამ განსაკუთრებულად მახსენდება ბებიის გარდაცვალების ამბავი, რომელიც ძალიან მიყვარდა. იმ დღეს კონცერტი იყო, კონტრაქტი მქონდა დადებული და სხვა გზა არ იყო, უნდა მემღერა. გული დამძიმებული მქონდა, მაგრამ ვიდექი სცენაზე და ვმღეროდი. ასევე, ჩემი მეგობრის გარდაცვალების დღეს მომიწია სიმღერა, რომელიც მას მივუძღვენი ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან. არის ასეთი მომენტები ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ არ მინდა, ამაზე აქცენტი გავაკეთო, ვფიქრობ, რომ ჩემს ძვირფას ადამიანებს ჩემი სცენაზე დგომა ახარებდათ და იქ სადაც არიან, არ მგონია, გაუხარდეთ ჩემი ცუდად ყოფნა. ამიტომ, მათთვის ყოველთვის ვიმღერებ. გული მეგლიჯებოდა, თვალზე ცრემლი მადგებოდა, მაგრამ ძალას ის მმატებდა, რომ მათ მოსწონდათ ის, რასაც ვაკეთებდი და ასმაგი მოტივაციით ვიდექი სცენაზე მიკროფონით ხელში. ასე რომ, არის პერიოდები, როცა შენი ემოციები უნდა მოთოკო, აკეთო შენი საყვარელი საქმე და მსმენელს მისცე ის, რაც შენგან სჭირდება.

– ესე იგი, ემოციების მოთოკვა შეგიძლია?

– როცა საქმე ჩემს ემოციებს ეხება, ვთოკავ. მაგრამ, როცა ჩემს საყვარელ ადამიანებს ეხებიან, ამ შემთხვევაში ემოციებს ვერ ვთოკავ, ცუდად ვიქცევი და მერე ძალიან ვნანობ. ჩემთვის მთავარია, ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები იყვნენ ძალიან კარგად, ცუდად არავინ მოექცეს, თორემ ოთო ყველაფერზე წამსვლელია (იცინის). ძალიან ჯიუტი და შეუპოვარი ვარ, როცა საქმე შემოქმედებას ეხება. ეს ძალიან მომწონს ჩემს ხასიათში. არასტაბილურ გარემოში ვცხოვრობთ, მუსიკას კი არ უყვარს არასტაბილურობა, თუმცა ვთვლი, რომ ეს გარემოება ქმნის ძალიან კარგ მუსიკას. მუსიკა ჩემთვის ყოველთვის იყო პროტესტი და დარწმუნებული ვარ, ეს პერიოდიც მუსიკალური პროტესტით ჩაივლის და შეიქმნება ბევრი ძალიან კარგი ნაწარმოები. მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს და ბევრს ვმუშაობთ ამაზე.

– რა მოგწონს შენს ხასიათში გასაგებია, მაგრამ რა არ მოგწონს?

– არ მომწონს ამ სიჯიუტის მეორე მხარე. ხშირ შემთხვევაში ჩემი პრინციპები ბევრ რამეს მაკარგვინებს, ფინანსურ მხარეს ვგულისხმობ.

არის პრინციპები, რომელსაც არასოდეს ვახტები და ეს პრინციპები მერე, ცუდად მუშაობს ჩემს ფინანსურ სფეროზე, ეს არ მომწონს (იცინის). ამის დაბალანსება შეიძლებოდა, მაგრამ ეს არასოდეს ყოფილა ჩემთვის მნიშვნელოვანი მუსიკაში, შესაბამისად ამაზე დიდად არ ვდარდობ.

– არასტაბილური გარემო ახსენე. არ დაფიქრებულხარ უცხოეთში კარიერის გაგრძელებაზე?

– ბევრი მცდელობა მქონდა, კარგადაც ვიყავი, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც აქეთ მომიწევს გული. არ ვიცი, ხვალ და ზეგ რა იქნება, მაგრამ ქართულ მუსიკასთან რომ სულ მჭიდრო კავშირი მექნება, ზუსტად ვიცი.

– დაგეგმილი ცხოვრება გიყვარს თუ სპონტანურობა გირჩევნია?

– არ მიყვარს დაგეგმილი ცხოვრება, სპონტანური ცხოვრება მაქვს. ვცხოვრობ ყოველდღიური ცხოვრებით. თუმცა, რაც ჩემს საქმეს ეხება, იქ ვგეგმავ, ამას ვერ გავექცევი. საქმესთან დაკავშირებით სპონტანურობა ძალიან ცუდია. თუმცა, ემოციების დონეზე, ძალიან ემოციური ვარ.

– რომ არა მომღერალი და სცენა, რომელ სფეროში, სად წარმოგიდგენია შენი თავი?

– სხვათა შორის, ბავშვობაში პროკურორობა მინდოდა, ოღონდ არ ვიცოდი, რა იყო, სიტყვა მომწონდა და კიდევ კარგი, არ გამოვედი (იცინის). კეთილი პროკურორი ვიქნებოდი და ალბათ, არ გამომადგებოდა, დავიტანჯებოდი. სიტყვა პროკურორი დღესაც მომწონს, თანამდებობა – არა (იცინის). ჩემი დიდი ბაბუა იყო პროკურორი, მე არ ვიცნობდი და ცხონებულზე რომ ამბობდნენ პროკურორიო, ეს სიტყვა მომეწონა. პროკურორი ბაბუის კვალს არ გავყევი, თუმცა მეორე ბაბუა სუხიშვილების ძალიან კარგი მოცეკვავე იყო, თავისი ანსამბლიც ჰქონდა და ალბათ, იმის ნიჭი გამომყვა. პროფესიით ეკონომისტი ვარ და კარგი განათლება მაქვს მიღებული. სულ შემთხვევით მოვხვდი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და მივხვდი, ჩემთვის ძალიან ძვირფას საქმეს მოვკიდე ხელი. რომ არა სცენა, ალბათ, ვიმუშავებდი სადმე ფინანსურ სტრუქტურაში და ვიქნებოდი წარმატებული ან ბავშვებს მოვამზადებდი მათემატიკაში. თუმცა, ძალიან დამაკლდებოდა ჩემი სულიერების პირველი მხარე, რომელსაც მუსიკა ჰქვია. აი, ამიტომაც ვარ იღბლიანი, რომ აქ ვარ და არა იქ (იცინის). სხვათა შორის, ჩემი პროფესიით ვმუშაობდი, მაგრამ მუსიკასთან ერთად არ გამოდის, რთულია, თან იმუშაო პროფესიით და თან მუსიკაში მაღალ ლეველებზე იყო, მით უმეტეს, საქართველოში, სადაც ძალიან რთულია მუსიკის შექმნა და კეთება. არ მიყვარს, როცა ამბობენ შოუ-ბიზნესი საქართველოში არ არსებობსო. ამით ვცხოვრობ 15 წელია და როგორ არ არსებობს?! ფაქტია, ხელოვნების სფერო მუშაობს, გადახედეთ რამდენი ახალი კლიპის პრეზენტაცია იყო ამ ბოლო პერიოდში. ასე რომ, რომ ამბობენ, საქართველოში შოუ-ბიზნესი არ არსებობსო, ჩემთვის ეს შეურაცხმყოფელია. შეიძლება, ეს გრანდიოზული მასშტაბებით არ არის, რადგან ცოტა ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში, მაგრამ რა რეალობაშიც ვცხოვრობთ, იმ რეალობის შოუ-ბიზნესი გვაქვს და მაღალი დონის მუსიკაც იქმნება.

– შენი უახლოესი, საზაფხულო გეგმები რა არის?

– პირველ რიგში, უნდა გამოვიდეს ალბომი და ბევრი კონცერტი. მე და ჩემმა მუსიკოსმა ბიჭებმა ზაფხულში დასვენება რა არის, არ ვიცით. ჩვენ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ. ზაფხულია თუ ზამთარია, გვცხელა თუ გვცივა, სულ ვმუშაობთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა