შოუბიზნესი

ონისე ონიანი: წელს დაბადების დღეზე საკუთარ თავს მანქანა ვაჩუქე

№41

ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00 22.10

ონისე ონიანი
დაკოპირებულია

რატომ არ უყვარს ონისე ონიანს საკუთარ დაბადების დღეზე ხმაური და პომპეზურობა, როგორ ურჩევნია დროის გატარება საკუთარ დღეს და როგორ ახსენდება ბავშვობის დროინდელი დაბადების დღეები – ამაზე ის თავად მოგვიყვება.

ონისე ონიანი: ჩემი დაბადების დღე 27 აგვისტოს არის. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამ დღეზე ვგიჟდები. არ მიყვარს ზედმეტი ფორიაქი, ადამიანების შეწუხება და ასე შემდეგ. მათი ყურადღება და თუნდაც, საჩუქრები, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ალბათ, ეს ჩემი აკვიატება და ახირებაა, რომ დიდად არ ვგიჟდები ამ დღეზე, რადგან ადამიანებს, ძირითადად, განსაკუთრებულად უყვართ საკუთარი დაბადების დღე.

– როგორ ატარებთ ხოლმე ამ დღეს?

– ამ დროს თითქმის ყოველთვის რაჭაში ვარ ხოლმე დასასვენებლად. ვცდილობ, ეს დღე ძალიან მშვიდი და შეუმჩნეველი იყოს. მაგალითად, ერთ-ერთ დაბადების დღეზე გადავწყვიტე, მთაში წავსულიყავი, თან, მარტო წავედი, ტელეფონი გამოვრთე, რომ ზარებს არ შევეწუხებინე და დავტკბი ბუნებით. ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო. ჩემთვის, სიმშვიდეში გატარებული დაბადების დღე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხმაურიანი სუფრები. თუ არსად მივდივარ და სახლში ვრჩები, მაშინ ოჯახის წევრებთან ერთად მიყვარს ამ დღის გატარება.

– ზოგადად, ისეთი ადამიანი მგონიხართ, რომელსაც დღესასწაულები ძალიან უყვარს, მაგრამ დაბადების დღე მაინც სხვა ემოციებთან ასოცირდება?

– დღესასწაულები მართლა მიყვარს, მაგრამ დაბადების დღეზე არ ვგიჟდები. ახალი წელი, შობა და სხვა დღესასწაული ჩემთანაც ისეთია, როგორიც სხვა ოჯახებში, მთელი თავისი ტრადიციებით, მისთვის მზადება სულ სხვაა, მაგრამ დაბადების დღე – კიდევ სხვა. როცა ვფიქრობ, რომ შეიძლება, ვინმე შეწუხდეს ჩემი დაბადების დღისთვის შორი გზა გამოიაროს, საჩუქარზე იზრუნოს და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ჩემში უასიამოვნო გრძნობას ბადებს. ეს, ალბათ, მაინც ბავშვობიდან მოდის. არდადეგებზე ყოველთვის ბებიასთან ვიყავი ხოლმე რაჭაში. ბებიას შეეძლო დაბადების დღის გადახდა, მაგრამ ამას არ ჰქონია განსაკუთრებული სახე. ბებია კერძს მოამზადებდა, მეტყოდა, დღეს შენი დაბადების დღეა, გილოცავო და მეც არ ვაქცევ დიდ ყურადღებას ამ დღეს. შეიძლება, სწორედ იქიდან მოყოლებული, დღემდე, სიმყუდროვესა და სიმშვიდეში მინდა ამ დღის გატარება.

– ახლავს ამ დღეს სევდანარევი განწყობა?

– ახლა უკვე – კი. თავს არ დავიბერებ, მაგრამ ასაკი რომ გემატება, არც ისე სასიამოვნოა. ალბათ, ამაში ყველა დამეთანხმება. როცა ძალიან ახალგაზრდა ხარ და ყველაფერი წინ გელოდება – სირთულეები იქნება ეს თუ წარმატებები, ყველაფერ სხვას სიხარულით ხვდები, მაგრამ როცა ასაკი მოდის, ცოტა არასასიამოვნოა. მიუხედავად ამისა, მე სულ იმას ვამბობ, რამხელაც არ უნდა იყო, შენი ასაკით ყოველთვის უნდა დატკბე. უარყოფითად ფიქრითა და დარდით მაინც ვერაფერს შეცვლი. ასაკის მატებით რაღაც მისტიკურს უახლოვდები, მაგრამ მაინც მგონია, რომ ყოველი წელი ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანია, რომლით ტკბობაც ძალიან სასიამოვნოა.

– მასშტაბური და ხმაურიანი დაბდების დღე არასდროს გადაგიხდიათ?

– კი, ხალხმრავლობაში თუ ჩავთვლით 30 კაცს, ასეთი მქონია. ჩემი მეგობრები ჩამოვიდნენ თბილისიდან რაჭაში, იქაური ნათესავებიც შეიკრიბნენ და დიდი დაბადების დღე გამოვიდა, მაგრამ მაშინაც ვიგრძენი, რომ აბსოლუტურად არ იყო საჭირო ასეთი რამ.

– სხვის დაბადების დღეებს როგორ ხვდებით?

– ჩემი მეგობრების დაბადების დღეებისთვის ძალიან ვემზადები ხოლმე. ბევრს ვფიქრობ საჩუქარზე. მე ვიცი, რომ მათ ძალიან უყვართ ეს დღე და მოსწონთ აღნიშვნა. იგივეს ვიტყვი ჩემი ოჯახის წევრებზე, ჩემს მეუღლეზე, შვილებზე. მათ უყვართ ამ დღის აღნიშვნა და ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. შესაბამისად, მეც მთელი ემოციებით მათ გვერდით ვარ და ამით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ.

– რა გახსენდებათ განსაკუთრებულ საჩუქარზე?

– ვერ გეტყვით, რომ ვინმემ სახლი ან მანქანა მიყიდა. არ მომწონს ასეთი პომპეზური საჩუქრები და არც ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. ჩემთვის ყველა საჩუქარი განსაკუთრებულია, რადგან ადამიანმა იფიქრა მისი შერჩევისას. აუცილებელი არ არის, ძვირფასი ნივთი იყოს, გულით და სიყვარულით მორთმეული უკვე განსაკუთრებულია. ისეთი საჩუქრებიც მიმიღია, გაოცებისგან რომ თვალები გამფართოებია და ძალიან შევწუხებულვარ, რომ ვიღაც ასე შეწუხდა ჩემთვის.

– ბავშვობისდროინდელი დაბადების დღეები როგორ გახსენდებათ, იმის გათვალისწინებით, რომ არდადეგების გამო თანაკლასელები არ გყავდათ გვერდით?

– ამ დღეს ჩემი თავი სევდიანი არ მახსოვს. როგორც ვთქვი, ამ დღეს რაჭაში ვიყავი ხოლმე, ბაბიასთან. ჩემი მშობლები ყოველთვის მუშაობდნენ და ჩამოსასვლელად დრო არ ჰქონდათ. არც ეს გამიპროტესტებია არასდროს და არც მეგობრების არყოფნა. არც განსაკუთრებულად აღნიშვნის მოთხოვნილება მქონია. ეს ჩემთვის არის დღე, როცა მე დავიბადე და მორჩა! თუ ვინმე მილოცავს და ასეთი ძალიან ბევრია, ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ დიდი მოლოდნები არასდროს მქონია, რომ მერე იმედი გამცრუებოდა.

– არც განსაკუთრებული სურვილები გქონდათ ხოლმე?

– არა, ასეთი ბავშვი არ ვიყავი. გართობა, თამაში, მდინარეზე წასვლა, თანატოლებთან დროის გატარება – ეს იყო ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო და ამას მოჰქონდა თავისუფლების შეგრძნება. მომთხოვნი ბავშვი არასდროს ვყოფილვარ. არასდროს ამიჩემებია, რამე მიყიდეთ-მეთქი, როგორც ბავშვებს ახასიათებთ.

– ზრდასრულ ასაკში თუ ასაჩუქრებთ საკუთარი თავს?

- ეს კი. ჩემს დაბადების დღეზე საკუთარ თავს მანქანა ვუყიდე (იცინის). ეს წელს მოხდა. შევცვალე და დროში ასე დამემთხვა. მეც ჩავთვალე, რომ ეს ჩემი დაბდების დღის საჩუქარი იყო, რომელიც საკუთარ თავს გავუკეთე.

– როგორი ფიქრები გაქვთ ხოლმე საკუთარ დაბადების დღეზე?

– ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც ამ დღეს ვიწყებ ცხოვრების შეფასებას ან გადაფასებას. თუმცა, ასაკი რომ გემატება, ფიქრებიც იცვლება, თითქოს, ყველაფერს სხვანაირად ხედავ და აფასებ. მე ყოველთვის ხალისიანი ვიყავი, ბავშვობაშიც და დღესაც, ასეთი ვიქნები მომავალშიც, მაგრამ დღეს ჩემი ხალისიანობა ძალიან ვიწრო წრეში გამოიხატება. მხოლოდ ძალიან ახლობლებთან თუ „გავიგიჟებ ხოლმე თავს“. თითქოს, მერე აღარ გიხდება, ასაკობრივად აღარ შეგფერის. თურმე, ეს განცდა მართლა ასაკს მოაქვს. განზრახ კი არ იკავებ თავს, სპეციალურად კი არაფერს ცდილობ, ასაკი თავად ალაგებს ყველაფერს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა