ნუცა თოფურია: დაბადების დღის სტუმრების სია 300-დან 150-მდე შევამცირე
ავტორი: ნონა დათეშიძე 21:00
ნუცა თოფურიასთვის ეს წელი ნამდვილად გამორჩეული იყო იმ თვალსაზრისით, რომ მიუხედავად გადატვირთული სამუშაო რეჟიმისა, მან რამდენიმე ქვეყანაში მოახერხა მოგზაურობა, სულ ახლახან კი ეგზოტიკური ტაილანდიდან დაბრუნდა. უკვე დაგეგმილია და წლის ბოლოსთვის კიდევ ორ ქვეყანაში უწევს გაფრენა. მანამდე კი თავის დაბადების დღის გრანდიოზულ აღნიშვნაზე უწევს ფიქრი და ამბობს, რომ ეს დღე, როგორც ყველა დაბადების დღე, უახლოეს ადამიანებთან ერთად, აუცილებლად, ემოციური და დასამახსოვრებლი იქნება.
ნუცა თოფურია: ყველაზე მეტად მოგზაურობა მიყვარს და ამისთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა წელიწადის დროს. საკმარისია, მითხრას მეგობარმა, წამო, სადმე გავფრინდეთო, რომ ათ წუთში ჩემოდანი მზად მაქვს (იცინის).
– ესე იგი, მოსამზადებლად დრო არ გჭირდება?
– როგორ არა, მაგრამ თუ მეტყვიან: წამო, გავფრინდეთო, ამისთვის სულ მზად ვარ. სამწუხაროდ, გადატვირთული გრაფიკის გამო ბევრ მეგობართან ერთად ვერ ვამთხვევ დროს. კონცერტები, თეატრი, სერიალის გადაღება... ასე მარტივად ვერ ვგეგმავ მოგზაურობას, წინასწარ უნდა ვიცოდე, რომ გავეთავისუფლო. საბედნიეროდ, წელს გამომივიდა და მოგზაურობებით საკმაოდ ბევრი ემოცია დავაგროვე. მოკლედ, მოგზაურობა ჩემთვის დიდ ბედნიერებასთან ასოცირდება. გარდა ამისა, მიყვარს, წავიდე იმ კურორტზე, რომელიც იმ პერიოდს უხდება – ზამთარს თუ ზაფხულს. ანუ, როცა აქ ზამთარია, წავიდე თბილ ქვეყანაში. და, ხშირად ასე ვაკეთებ. წელს უკვე ოთხ ქვეყანაში ვიყავი და კიდევ მიწევს ისრაელსა და ამერიკაში წასვლა. წელს ფრენების წელი მაქვს (იცინის).
– ფრენის შიში არ გაქვს?
– არანაირი ფრენის შიში არ მაქვს და არც ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის. ყველაზე ბედნიერი ვარ თვითმფრინავში. ტურბულენტური ზონა თეორიულად შესწავლილი მაქვს, რომ ყველაზე უსაფრთხოა და ამ დროს, გამორიცხულია თვითმფრინავს რამე დაემართოს. პირველად, როცა ტურბულენტურ ზონაში მოვყევი, მომღერლები დუბაიში მივფრინავდით. ყველა პანიკაში ჩავარდა და მე სრული სიმშვიდით ვეუბნებოდი: მეგობრებო, ახლა თვითმფრინავი ძალიან უსაფრთხოდაა, ჩვენ არაფერი დაგვემართება-მეთქი. (იცინის) იმდენად მიყვარს მოგზაურობა, ოღონდ თვითმფრინავში ჩამსვით და საერთოდ არ შემეშინდება არანაირი ტურბულენტური ზონის.
– ბავშვობაში, ბორტგამცილებლობაზე ხომ არ ოცნებობდი, რომ ბევრი გემოგზაურა?
– არასოდეს მიოცნებია ბორტგამცილებლობაზე. ახლობელი გვყავდა ბორტგამცილებელი და სულ მესმოდა, რომ მუდამ ცაში იყო და არასოდეს იყო სახლში, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გვერდით. ცხოვრება თავის სამსახურს მიუძღვნა და რომ წარმოვიდგენდი მის რეჟიმს, ეს პროფესია არასოდეს მდომებია. ბევრს მოგზაურობ, მაგრამ სიამოვნებას ვერ იღებ, უბრალოდ, სამსახურში ხარ. რამდენიმე საათით ქალაქში გასვლა და მერე ისევ სამსახური არ მინდა. თუმცა, საკმაოდ საპასუხიმგებლო სამსახურია.
– ახლახან ჩამოხვედი ტაილანდიდან. სოციალურ ქსელში საოცარ ვიდეოებსა და ფოტოებს დებდი. რა ემოცია დაგიტოვა ეგზოტიკურ ქვეყანაში მოგზაურობამ?
– ევროპის ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ეს ჩემი პირველი წასვლა იყო აზიაში და ტაილანდის ეგზოტიკით აღფრთოვანებული ვარ, ამ ქვეყნის საჭმელებით, ბუნებით, ხილით, გარემოთი. ერთი სიტყვით, ტაილანდი ჩემი ყოფილა. თან, ზაფხულში ჩავედი შემოდგომიდან და ორმაგად მეტი ემოცია დამიტოვა. გარდა ადგილისა და ქვეყნისა, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისთან ერთად მიდიხარ. ჩემს მეგობარ გოგონებთან სამოგზაუროდ წასვლა, ემოციასთან ერთად, ერთი დიდი თავგადასავალია. ტაილანდში ერთი ჭკუის ტრიო წავედით და საოცრად გავერთეთ. გამოპრანჭულები ტაილანდის ქუჩებში ვმღეროდით ქართულ სიმღერებს და ყურადღების ცენტრში ვიყავით, მათ შორის, ტურისტების მხრიდან. უამრავი ფოტო გადავიღეთ და სოციალურ ქსელშიც გამოვფინეთ. სხვა ქვეყანაში კი მიმაქვს გასაპრანჭი ტანსაცმელი, მაგრამ ტაილანდში ლუქები არ წაგვიღია, იქ უფრო გახდილები ვიყავით (იცინის). საოცარი ადგილები იყო, სადაც საცურაო კოსტიუმებში გადავიღეთ ფოტოები და ვიდეოები. ჯუნგლებსა და ოკეანის სანაპიროს რაც მოუხდებოდა, ისეთი კაბებიც გვქონდა წაღებული. ფოტოებზე წერდნენ კომენტარებს: ვაიმე, როგორი რუჯი აქვს... ვაიმე, რა საოცარ ადგილასაა... სხვათა შორის, საცურაო კოსტიუმში დადებულ ფოტოებს, ძირითადად, ბულინგი მოჰყვება ხოლმე, თუმცა, ცუდი კომენტარი არ წამიკითხავს, ყველა დადებითია.
– მითხარი, წინასწარ ვგეგმავ სამოგზაურო დროს და იქ წასაღებ ლუქებსაც, ფოტოებისთვის, წინასწარ ვარჩევო. რომ იცოდი ტაილანდში საცურაო კოსტიუმებში უნდა გადაგეღო ფოტოები, თუ მოგიწია მანამდე რამდენიმე კილოს დაკლება?
– ცხოვრებაში არ ვყოფილვარ პრობლემის წინაშე, რომ ზედმეტი კილოგრამი დამეკლო. ყოველთვის ერთ წონაზე ვარ. ასე რომ, ჩემს წონაზე არც სეზონი მოქმედებს და არც საკვები. ერთადერთი, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ დიდი დატვირთვა მქონდა და ამ პროექტის მსვლელობის დროს ძალიან გავხდი. დანარჩენი, აგერ უკვე 26 წლის ვხდები და სულ ერთ წონაზე ვარ. იმედია, ჩემი არაჯანსაღი ცხოვრების წესის გადამკიდე, მომავალში წონის პრობლემა არ შემექმნება.
– ყველაზე მეტად რომელმა ქვეყანამ მოახდინა შენზე დიდი შთაბეჭდილება და რამ დაგიტოვა წარუშლელი ემოცია?
– მიუხედავად იმისა, რომ ახლა ტაილანდით ვარ აღფრთოვანებული, არ მინდა, დავივიწყო ჩემი საფრანგეთი და პარიზი. იტალია იყო პირველი ქვეყანა, სადაც პატარა წავედი და ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა. მას შემდეგ ბევრჯერ ვიმოგზაურე იტალიაში და ეს ქვეყანა ძალიან მიყვარდა, ყოველთვის რომი იყო საყვარელ ქალაქებს შორის გამორჩეული, უპირობოდ. მერე, როცა პარიზს ვესტუმრე, იტალიას სიყვარულში კონკურენტი გამოუჩნდა. მივხვდი, პარიზი უფრო ჩემია. სხვათა შორის, წელს, ორჯერ ვიყავი ჩასული. ევროპას სულ სხვა ხასიათი აქვს, აზიას სულ – სხვა. ზოგადად, უცხოეთიდან რომ ვბრუნდები, მიჭირს „გადმოწყობა“ და იმ ემოციიდან გამოსვლა. აქ ჩამოსული, რამდენიმე დღე, ისევ იქ ვცხოვრობ. ტაილანდში 12 დღით წავედი და დაბრუნებულს ფიზიკურად არ მქონდა დრო, იქაური ემოციებით დავმტკბარიყავი, ეგრევე „გადმოწყობა“ მომიწია. თუმცა, სხვა შემთხვევაში, ემოცია დიდხანს მომყვება მოგზაურობიდან.
– შენი ნება რომ ყოფილიყო, რომელ ქვეყანაში დაიბადებოდი?
– რომ ამბობენ, ნეტავ ამერიკაში დავბადებულიყავი, ცხოვრებაში სხვა შესაძლებლობები მექნებოდაო, მე არასოდეს მიფიქრია ასე. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, დაუფიქრებლად, ისევ საქართველოში დავიბადებოდი. ვფიქრობ, საუკეთესო ადგილას, საუკეთესო ქვეყანაში დავიბადე და იმდენად მიყვარს ჩემი ხალხი, ქვეყანა, ენა, სიმღერა, ცეკვა, კულტურა და ტრადიციები, გონებაშიც კი არასოდეს გამიფიქრებია, ნეტავ სხვაგან დავბადებულიყავი-მეთქი.
– უცხოეთში ჩასულს ყველაზე დიდი თანხა რაში გეხარჯება?
– ყველაზე ბევრი თანხა უცხოეთში ჩასულს შოპინგში კი არა, საჩუქრებში მეხარჯება. ყველასთვის რაღაც ჩამომაქვს და ვისთან ერთადაც ვარ, მეჩხუბებიან: ვინ აკეთებს ამას, რომ ყველა ქვეყანაში ჩასული საჩუქრების ძიებაში ხარო. მე მაინც ასე ვარ, სია მაქვს ჩამოწერილი, ვის რა ვუყიდო (იცინის). ჩემთვის კი აუცილებლად ყველა ქვეყნიდან ჩამომაქვს სუვენირი და მაქვს ყუთი, სადაც ვაგროვებ. ესაა ჩემი ჯადოსნური ყუთი, სადაც ოცამდე ქვეყნის მოგონებებს ვინახავ.
– სულ მალე შენი დაბადების დღე მოდის. უკვე დაგეგმილი გაქვს სად გადაიხდი?
– 5 დეკემბერს ვხდები 26 წლის და გრანდიოზული დაბადების დღე მაქვს დაგეგმილი, უფრო სწორად, ახლა იგეგმება და იმდენად გრანდიოზული გამოდის, მისი ორგანიზატორები, მეხუმრებიან: ბარემ ბიჭი იშოვე და გათხოვდიო (იცინის). ფაქტობრივად, მართლა ქორწილივით გრანდიოზული იქნება, საუკეთესო სტუმრებითა და კონცერტით. ძალიან მალე მოვა 5 დეკემბერი და როცა ასეთ გრანდიოზულ დაბადების დღეს გეგმავ, გინდა, იყოს საუკეთესო ადგილას, საუკეთესო აპარატურით და ამაზე საუკეთესო ადამიანები ზრუნავდნენ და აკეთებდნენ. შეასაბამისად, მეც ნაადრევად ვიფიქრე. დაბადების დღეს „მონოგრამში“ ვიხდი და ძალიან გრანდიოზული გამოდის. ფაქტობრივად, ჩემს თავს დაბადების დღეზე ვუწყობ სიურპრიზს. თუმცა, მე ყოველთვის ასეთი დაბადების დღეები მქონდა და ყველა დამცინოდა: ასკაციან გრანდიოზულ დაბადების დღეებს რომ იხდი, თავისი სცენით და ცეკვა-სიმღერით, ნეტავ ქორწილში რას აპირებო (იცინის). ოღონდ, ეს ასი კაცი იყვნენ ჩემი უახლოესი ადამიანები, სულ სხვადასხვა კატეგორიის – თანაკლასელები, მეგობრები, ნათესავები, მოცეკვავეები, მომღერლები, მსახიობები, სერიალის ხალხი და ფიზიკურად წარმოუდგენელია, პატარა დაბადების დღე გადავიხადო. ახლაც, სამას კაცზე რომ ავედი, ვიფიქრე, ცოტა ბევრია და თავიდან უნდა დავწერო სია-მეთქი და რა თქმა უნდა, შევამცირე (იცინის). ას ორმოცდაათ კაცზე მეტი გამოვიდა, მაგრამ სხვანაირად წარმოუდგენელია. გადავიხდი დაბადების დღეს და მერე სამი დღით ისრაელში წავალ – კონცერტია დაგეგმილი, შემდეგ კი ამერიკაში და ახალ წელს საქართველოში შევხვდები, კონცერტებია დაგეგმილი. ერთი სიტყვით, ეს წელი ჩემთვის, ბოლომდე ვერ ვიტყვი იდეალური წელი იყო-მეთქი, რადგან ბევრი ცუდიც მოხდა და ტრაგედიაც, მაგრამ ბევრი კარგიც იყო. ღმერთს მადლობას ხშირად ვეუბნები იმისთვის, რაც მაქვს, რომ ოჯახის წევრები კარგად არიან, რომ მყავს საუკეთესო მეგობრები და საუკეთესო ხალხთან მაქვს ურთიერთობა. მადლიერი ვარ ყველაფერი კარგის, რაც ამ წელს მოხდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





