შოუბიზნესი

ნუცა შანშიაშვილი: ვინც იმ აზრით არის გაზრდილი, რომ ბოროტს უნდა ებრძოლო და მტერი მოკლა, ამის გაგება გაუჭირდება

№11

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 23.03, 2022 წელი

ნუცა შანშიაშვილი
დაკოპირებულია

ხელოვანი ნუცა შანშიაშვილი თანამედროვე სამყაროში არსებულ ტკივილსა და ბოროტებას პერფორმანსით გამოეხმაურა - „შიშველი, დამცირებული, დამონებული კაცობრიობა, ერთმანეთის მიმართ ზიზღით სავსე გულებით! ეს არის დღევანდელი დღე და ამას ეძღვნება ჩემი ახალი ფოტოსესია“, – წერს ის და შიშველ ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც მნიშვნელოვან სათქმელს ემსახურება.

ნუცა შანშიაშვილი: ჩემი პერფორმანსით მსოფლიოს დღევანდელ მდგომარეობას გამოვეხმაურე. იმის მიზეზი, რაც დღეს ხდება, არის ის, რომ ჩვენ ძალიან არასწორად ვვითარდებით. ადამიანის ეგო უკვე კულმინაციას აღწევს და აქედან იწყება ახალი სამყაროს გახსნა. სამწუხაროდ, ახალი სამყაროს გახსნა, ძალიან დიდი ტკივილის ფონზე მიდის. ბევრი არ არის მზად იმისთვის, რომ გაიაზროს მთავარი პოსტულატები, რომელიც ბიბლიაში წერია, იმისთვის, რომ შეიცნოს ბუნების კანონები. ადამიანები ერთმანეთს ვებრძვით, ბევრს ვაშავებთ და სამყარო უკურეაქციით გვპასუხობს. საშინელი ვირუსი, სისხლისმღვრელი ომი – ეს ყველაფერი ადამიანის არსებაში დაბუდებული დიდი ზიზღით არის გამოწვეული.

ამ ყველაფრის მიმართ პროტესტმა მიბიძგა, გამეკეთებინა ფოტოსესია, რომელსაც შიშველი, დამცირებული კაცობრიობა ვუწოდე. კაცობრიობა ზიზღით არის გაჟღენთილი, თითქოს სიყვარულის ადგილი აღარ არის და ახლა ძალიან მტკივნეული გზით ხდება ადამიანების გამოფხიზლება. უძველესი კაბალისტური მეცნიერება გადასარევად ხსნის ამ პროცესს. პატარა ბავშვი რომ აიღებს მიწიდან სიბინძურეს და პირში იდებს, დედა ხელზე არტყამს, ბავშვს მიზეზი არ ესმის, ვერ ხვდება, რომ დედა ამით უფრთხილდება და ტირილს იწყებს. ასე ვართ ჩვენ ღვთაებისთვის. ხშირ შემთხვევაში, მწარე ჯოხი გვხვდება, მაგრამ არა იმიტომ, რომ გვსჯის, პირიქით, იმისთვის, რომ დაგვიცვას. კაცობრიობა ორი გზის წინაშე დგას: შეგიძლია, სულიერი განვითარების გზა აირჩიო და სიკეთისკენ მოახდინო ტრანსფორმირება ან დარჩე საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი, ასეთივე ჩაკეტილ სამყაროში, სადაც გარდაუვალია ომი, კოვიდი და სხვა უამრავი უბედობა. ეს სწორედ ის დარტყმებია, რომელიც მოგევლინება მაშინ, თუ შენ შენი ნებით არ მიდიხარ სინათლისკენ. მერე შემქმნელი უკვე გაიძულებს, სწორ გზას დაადგე და ეს პროცესი ძალიან მტკივნეულია.

– თქვენ როგორ მოახერხეთ ბოროტებისა თუ ბრაზის დამარცხება?

– მე ერთი კარგი თვისება მაქვს – ნეგატიურ ენერგიას, ბოღმასა თუ ბოროტებას ჩემს საკეთილდღეოდ ვიყენებ. ცხოვრებაში უბრალოდ არაფერი ხდება. თუ სამყარო რაღაც სირთულეს მიგზავნის, ვუფიქრდები, რატომ მოხდა ეს და ვხვდები, რომ ან ზედმეტი გავაკეთე ან დავაკელი. შეიძლება, მოწმენდილ ცაზეც თავზე ლაფი დაგესხას, მაგრამ უნდა ჩამოიბანო სახე და გზა განაგრძო. თუ იმ ადამიანის დონეზე დაეცემი, ვინც ცუდს გიკეთებს, შენც იგივე მდგომარეობაში ჩავარდები. მეორე ლოყის შეშვერა და პატიება ბანალური სიტყვები კი არა, გამოსავალია, ეს კანონია. ზოგჯერ, როცა ადამიანი ცუდს გიკეთებს და ხვდები, რომ ის შეგნებული ადამიანია, უნდა აუხსნა, უნდა გაარტყა კიდეც – ატკინო, მაგრამ გააგებინო, რომ არასწორად იქცევა და ეს მისთვისვეა ცუდი. მაგრამ თუ ადამიანი შენი დონის არ არის, ხვდები, რომ გაბოროტებულია, იმას, უბრალოდ, უნდა გაუღიმო და გაეცალო. ზიზღის ნაცვლად მაქსიმალურად გასცე შენდობა. უნდა იცოდეს, ეს ხდება იმიტომ, რომ შენში ღმერთმა პატიების ემოცია გამოიწვიოს. თუ ეს არ მოხდა, შენ უთანასწორდები ადამიანს, ვინც ცუდად გექცევა. საკუთარ თავსა და გულში უნდა შეძლო პატიების უნარის გაღვიძება, რაც ნამდვილად ძალიან რთულია. ბოროტს შეიძლება, სახეშიც გაარტყა, შეურაცხყოფაც მიაყენო, მაგრამ გულში მასზე ბოროტება არ უნდა ჩაიდო. პირიქით, უფალს უნდა შესთხოვო, მისი პატიების ძალა მოგცეს. თუ ამას შეძლებ, მაშინ გაკვეთილი გისწავლია.

– თქვენ რა ტკივილების დათრგუნვის ხარჯზე მოგიხდათ ამ გაკვეთილების სწავლა?

– ოცი წლის ვიყავი, როდესაც რუსეთში კარიერის აწყობა დავიწყე. მშვენიერი, ლამაზი, ძლიერი ხმით. თვითონ ვწერდი სიმღერებს, არანჟირებას ვაკეთებდი, წარმატებული ვიყავი. ამ დროს ეს წარმატება, გარკვეულ კასტას აღიზიანებდა. ტკივილს მაყენებდნენ. ვხედავ, კონცერტებზე მღერიან მომღერლები, რომლებიც არანაირად არ არიან ჩემზე უკეთესები. მე ხალხი მიკრავს ტაშს, დარბაზი კივილ-წივილით მხვდება და ამ დროს შუა ეთერიდან მჭრიან. სამყაროს ისეთად აღიქვამ, როგორიც შენ ხარ. ბოროტიც, ნეგატივიც შენში გამოსასწორებელი თვისებებია. ამას გიგზავნის შემქმნელი, რომ ეს ყველაფერი გარედან დაგანახვოს. მე ეს ვისწავლე, მე ეს გავიარე. ვინც იმ აზრით არის გაზრდილი, რომ ბოროტს უნდა ებრძოლო და მტერი მოკლა, ამის გაგება გაუჭირდება. კი, თუ შენზე დანით მოდის ადამიანი, თავი უნდა დაიცვა და შეიძლება, მოკლა კიდეც, მაგრამ ეს ყველაფერი, ეს გარეგანი რთული მდგომარეობები იმისთვის გეძლევა, რომ შენი შინაგანი ტრანსფორმირება მოხდეს.

მამაჩემის გარდაცვალება იყო ჩემთვის უდიდესი გამოცდა. 62 წლის იყო, ახალგაზრდა, ენერგიული და უნიჭიერესი. მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა და ეს იყო ჩემთვის შოკი, უმძიმესი მომენტი. როდესაც მართლა განვიცდი, საკუთარ თავში ვიკეტები, არც ტირილი გამომდის, არც გოდება. აბსოლუტურად საღ გონებაზე ვარ, მაგრამ ჩუმი და საკუთარ თავში ჩაკეტილი. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, რაღაც პერიოდი რომ გავიდა, გულის ტკივილი დამეწყო და მერე ექიმმა მითხრა, რომ თურმე, უნდა გამოუშვა გარეთ განცდები. ასეთ ტკივილს უკვე ახალ რეალობაში გადაჰყავხარ, ეს გარდამავალი ეტაპია. მე ამ ახალ რეალობასთან მარტო ვიდექი და ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ცხოვრება, ძალიან სტრესული პერიოდი მქონდა, თუმცა ამან ბევრი რამ მასწავლა. მივხვდი, რომ ცხოვრების ყველა წუთი უნდა დავაფასო. ბედნიერება, სიხარული და სიყვარული გავაზიარო, იმიტომ, რომ არ ვიცი, რა იქნება მერე.

– იმ წარმატებების შემდეგ, რომელსაც რამდენიმე ქვეყანაში მიაღწიეთ, ბევრი შესაძლოა, ძალიან ამბიციური და ქედმაღალი გამხდარიყო...

– მე ძალიან დიდი ამბიციები მაქვს, როცა საქმე ჩემს ხელოვნებას ეხება. არ დავამცირებ ჩემს შემოქმედებას ისე, რომ გავაუფასურო, არ მოვიქცევი ისე, რომ ჩემი დონის შეუსაბამო ხელოვნებაში გავერიო. ვუფრთხილდები ჩემს შექმნილს და მგონია, რომ ეს განვითარებისთვის აუცილებელია. ის, რაც წლების განმავლობაში მოვიპოვე, ჩემი განძია და მას ვერ დავაკნინებ და დავამცირებ. თუმცა, ეს ეხება ხელოვნებას. რაც შეეხება ყოფით ცხოვრებას, აქ ამბიციების გადმოტანა სისულელედ მიმაჩნია. ადამიანი რაც უფრო ამბიციურია, მით მეტი პრობლემა აქვს. მე მომწონს ლაღი ცხოვრება, მხიარული ადამიანი ვარ, მიყვარს, როცა გარშემო სიკეთეა და აქ ამბიცია ვერ იარსებებს. მსგავსი ამბიციები უჩნდებათ მათ, ვისაც ბევრი პრობლემა და კომპლექსი აქვს, მადლობა უფალს, მე ეს არ მაქვს.

რაც შეეხება ქედმაღლობას, ეს არის გაუნათლებლობა. განათლებული ადამიანი ქედმაღალი ვერ იქნება. გარშემო თითოეული ადამიანი ჩვენი არსებობისთვის აუცილებელი ელემენტია და როცა ეს იცი, ყველასთან დადებით ურთიერთობაში ხარ, ყოველგვარი ამბიციების გარეშე. როცა ამპარტავანი ხარ და შენზე დაბლა მდგომს დამამცირებლად უყურებ, შედეგად მისგან აგრესიას იღებ. შესაძლოა, ეს აგრესია სულ არ იყოს გამოხატული და ფიქრის დონეზე დარჩეს, მაგრამ ეს უკვე არის უარყოფითი ენერგია, რომელიც მერე აუცილებლად დაგანგრევს. თუ ვინმეს ცუდად მოვექცევით, ის აუცილებლად დაგვიბრუნებს ფიქრით მაინც და ამას ქმედებაზე დიდი ძალა აქვს. როცა ეს იცი, შეურაცხყოფას არავის მიაყენებ, იმიტომ რომ ამით ავტომატურად საკუთარ თავს ავნებ. ფიქრი და განზრახვა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ქმედება, რადგან ქმედება მხოლოდ მატერიალურ სამყაროში არსებობს და აქვე რჩება.

თუ ადამიანს თავის თავი ანგელოზი ჰგონია და დანარჩენი სამყარო – ნაგავი, ეს ძალიან მძიმეა. საკუთარი თავის განსჯა უნდა შეგვეძლოს, სხვა შემთხვევაში, ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ. ეს ომიც ამის დასტურია. ეგოთი შეპყრობილ ადამიანს წარმოუდგენია, რომ ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც თვითონ უნდა, თავი ყველაზე ძლიერი ჰგონია. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთაებრივი ენერგიის მიღმა, თავისი ნებით ვერავინ იბოგინებს. მათ შორის, ვერც ბოროტი ძალა, ყველაფერი ღვთაებრივი ნებიდან მომდინარეობს. ადამიანებს გვეჩქარება შედეგის დანახვა, თორემ ის ბოროტი ძალაც საბოლოო ჯამში სიკეთეს ემსახურება. თუნდაც დღევანდელობა ავიღოთ, ხომ ვხედავთ, ომის დროს ამხელა ბოროტებამ მთელი მსოფლიოს როგორი ერთობა გამოიწვია?!

– ეს ფოტოსესია რიგი ადამიანებისთვის ხელოვნის პერფორმანსია, რომელსაც მნიშვნელოვანი სათქმელი აქვს და ვიღაცისთვის – უბრალოდ, შიშველი ფოტოები. იყო ადეკვატური აღქმა?

– ზოგს არ მოეწონა, უფრო სწორად, შოუ-ბიზნესისთვის დამახასიათებელ გაშიშვლებად აღიქვეს. ამ დროს ფოტოსესიასთან ეს არაფერ შუაშია. ეს არ არის გაშიშვლება იმ მიზნით, რომ მე ვინმესთვის მეჩვენებინა ბოტოქსიანი ტრაკი, ან კუნთი, ან ძუძუ, ან ჩემი სხეულის სილამაზე. ფოტოს რომ შეხედავ, უნდა მიხვდე, რომ ეს არ იყო გამიზნული იმისთვის, რომ მე მეამაყა, არ მიცდია იმის დემოსტრირება, ნახეთ, რა ვარ! ეს გამიზნული იყო იმისთვის, რომ ფოტოებს გადმოეცა ის ტრაგიზმი, ის სიშიშვლე, რაც დღეს სჭირს კაცობრიობას. საერთოდ, ადამიანი ინფორმაციას თავისი განვითარებიდან გამომდინარე აღიქვამს. განვითარებული ადამიანი დაინახავს ამ ფოტოებს და დაფიქრდება, ვიღაც, ვინც გლობალურ პრობლემებზე არ ფიქრობს და მხოლოდ ფულის შოვნაზეა ორიენტირებული, შეხედავს და იფიქრებს, ეს რას გაშიშვლდა, ის უფრო ლამაზი არ არის, იმას უკეთესი ტრაკი და ძუძუ არ აქვს? ან – რატომ გაიხადა, ქართველია, არ რცხვენია?! ამ დროს აქ არაფერია გამაღიზიანებელი. თუმცა, აზრთა განსხვავებულობაც ბუნებრივია, რადგან ადამიანები სხვადასხვა ტიპის განვითარებისანი ვართ, ამიტომ არ მიკვირს და არც ვაქცევ ყურადღებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა