შოუბიზნესი

ნუცა ჯანელიძე: ვერ წარმომედგინა, თანამდებობრივად უფროს ადამიანებთან, შენი ჭკუიდან გადარევა უკან დახიო და ცოტა ზრდილობიანად დაელაპარაკო

№38

ავტორი: ეკატერინე პატარაია 20:00 26.09

ნუცა ჯანელიძე
დაკოპირებულია

ნუცა ჯანელიძეს საქართველოში ყველა კარგად იცნობს. იყო პროექტ „ნუცას სკოლის“ ხელმძღვანელი და აკომპანიატორი და ჯგუფ „ფორტეს“ მუსიკალური ხელმძღვანელია. მისი რთული პერიოდები დაკავშირებულია ისევ იმასთან, რომ მას მრავალი წელია, გარკვეული მიზეზების გამო, არ აქვს საკუთარი ჭერი და ძმის ოჯახთან ერთად დღემდე ქირით ცხოვრობს. ბოლო დროს, როგორც ყველა ბინის პატრონმა, ვინც ბინას აქირავებს, ისიც დაითხოვა სახლიდან, სადაც ათი წელი ცხოვრობდა, რასაც გულისტკივილით აღნიშნავს.

– საქართველოში ასეთი ტენდენციაა. ცნობილ ადამიანებს რატომღაც სხვა კუთხიდან უყურებენ, რომ თითქოს, საზოგადოების ამ ნაწილს არანაირი პრობლემა არ აქვთ, არადა აქვთ. შესაძლოა, მეტადაც, ვიდრე ვინმე ჩვენგანს.

– ასე არ არის. ცნობადი სახე ვარ და რაღაც პრობლემა მაქვს, ვთქვათ. ამ დროს გამოვედი ეკრანზე ან კონცერტზე, მწუხარედ დავუკარი, ხალხმა ტაში დამიკრა, მე თავი არ დავუხარე მათ მადლობის ნიშნად, ისე გავედი კულისებში, რას ჰგავს ეს? ხომ არ იქნება ჩემგან კარგი. ხალხმა რა დააშავა? ისინი იმედიანი თვალებით გიყურებენ, რომ რაღაცით ასიამოვნებ. პრობლემა რომ აქვთ, იქნებ შენ გადაატანინო, რაღაც დადებითი ემოცია მისცე. პრობლემები იმდენი გვაქვს, ვერ აღვწერ და ეს არ არის ის – რა კაბა ჩავიცვა, რა ფეხსაცმელი ვიყიდო, თმა როგორ გავიკეთო... ყოფითი. ჩვენ, ხელოვან ხალხს ღმერთმა დაგვაკისრა, რომ ადამიანებს ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ დარდი, თორემ ჩვენ სხვა რა შეგვიძლია?!

– პირველადი სპეციალობით ქართულის ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი ხარ. რატომღაც, ვერ წარმომიდგენია, რომ სკოლაში ზიხარ და გაკვეთილებს ატარებ. მგონია, ბავშვებთანაც ასეთი მხიარული იქნები და გაკვეთილი სულ სიცილ-კისკისში ჩაივლის.

– რა თქმა უნდა, სკოლაშიც რომ ვყოფილიყავი, იქაც ვეცდებოდი, კოპებშეკრული პედაგოგი არ ვყოფილიყავი. ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა, მაინც, მუსიკასთან არის დაკავშირებული. აქაც არის საჭირო წესების დაცვა. ყველა ვართ ინდივიდი. ყველას თავისი მიდგომა სჭირდება, ასე ვთქვათ, ხასიათის გასწორება, თუ გინდა, რომ მოსწავლე შენთან მოვიდეს და გაკვეთილის ჩატარება უხაროდეს. შენიშვნა მიმიცია ბავშვისთვის, ოღონდ არა უხეშად – შენ, გენაცვალე, არასოდეს იმღერო სცენაზე. გულში ლახვარის ჩამცემ ტექსტებს ვერავის ვეტყვი, არ შემიძლია. ზოგჯერ სერიოზული ვარ, ზოგჯერ – ძალიან ჭკუამხიარული. ერთად ვიცინით და ვმაიმუნობთ, მაგრამ... თუ ერთი დავიკივლე... იმ წუთას ჩერდებიან. თუ მინდა, რომ შედეგს მივაღწიო, ბავშვებთანაც და ახალგაზრდებთანაც, ასეთი მიდგომა აუცილებელია. თავიდანვე უნდა შექმნა ისეთი განწყობა, რომ ბავშვმა იცოდეს, შენ თუ მას შენიშვნას აძლევ, იმიტომ კი არა, ამით თქვა – შენზე მაგარი ვარ და შენზე მეტი ვიციო. არა, რა თქმა უნდა. ბავშვთან ტიპობას არ დავიწყებ. შენიშვნას იმიტომ ვაძლევ, რომ მერე ისე კარგად გააკეთოს, ყველას მოეწონოს. ზოგჯერ ბავშვებს თავიანთი ლექსიკით ველაპარაკები. არ ვაგინებ, მაგრამ შეიძლება, სიტყვების წყობა გამოვიყენო, ჟარგონი.

– ისე, გინება გჩვევია?

– როგორ არა! ახლა არ დამცინო. ხმამაღლაც შემიგინებია, აბაზანაში რომ ვარ და ფენით თმას ვერ ვიკეთებ, როგორც მე მინდა, ისე, აი, შეიძლება მაგ დროს შევიგინო. ეს, იცი, რამდენს ნიშნავს? თითქოს მთელი ბოღმა გარეთ გამოდის. არ მიკვირს, საჭესთან რომ სხედან და იგინებიან. ეს, ისეთი რელაქსია... წარმოიდგინე, ბოღმა რომ გაწუხებს, ტრიალ მინდორზე რომ გახვალ ან მთაში და ერთი გემრიელად რომ დაიღრიალებ...

– რატომღაც, ყველას წარსული ცხოვრებიდან ცუდი უფრო გვამახსოვრდება, ვიდრე კარგი. შენ?

–ცუდი ყველას შეგვხვედრია. ადამიანს შავი ხაზი რომ მოგყვება, მეც მაქვს ეგ. ზოგჯერ ჩემი თავი დამიდანაშაულებია, რომ ნეტა ასე მოვქცეულიყავი და არა – ისე. სტუდენტობის დროს, მაგალითად, ძალიან უხეში ვიყავი. ვერ წარმომედგინა, თანამდებობრივად უფროს ადამიანებთან, რომ უფრო ლავირებაა საჭირო, რომ ეს შენი აღშფოთება, აღელვება, შენი ჭკუიდან გადარევა ცოტა უკან უნდა დახიო და ზრდილობიანად დაელაპარაკო. უნდა ეცადო, რომ გაწონასწორებულად შეგეძლოს უფროსებთან ლაპარაკი. მერე ვისწავლე. საწყალი დედაჩემი მეუბნებოდა: როგორ არ უნდა შეგეძლოს შენი თავის ხელში აყვანაო. ეს თავის ხელში აყვანა მაინც სხვანაირად აღვიქვი: გინდა, რომ რაღაც უთხრა, პირში მიახალო, მაგრამ ზრდილობა არ გაძლევს იმის საშუალებას. ჩემმა პედაგოგიურმა პრაქტიკამ მომიტანა გამოცდილება. ერთხელ, ერთმა მშობელმა მომიტანა ქვეყნის სიგელები, სურათები იმასთან, ამასთან გადაღებული – რატომ არ მოგწონთ ჩემი შვილი, ამდენი სიგელი მიიღო, ამდენ მაგარ ხალხთან აქვს სურათი გადაღებულიო. ვუხსნი, რომ, ქალბატონო, ეს სიგელები არ ჩანს ეკრანზე, ეკრანზე ჩანს იმ წუთას როგორ იმღერებს თქვენი შვილი. ისე მომიშალა ნერვები, გადავირიე.

– ნერვებმოშლილი და ატირებული ნუცა არავის გვინახავს, თუ არ ჩავთვლით იმ პერიოდს, როცა ძმა დაგეღუპა.

– კი, არავის უნახავს. ერთხელ, ძალიან ადრე – კომუნისტების დროს ჭადრაკის სასახლეში ვარ. იქ ეწყობოდა ხოლმე შეხვედრები კომპოზიტორებთან, რომელთა ახალ-ახალ სიმღერებს ასმენინებდნენ მაყურებელს. მე, როგორიც ახალბედა პიანისტი, ვიჯექი ამ კომპოზიტორების უკან. ეს იყო სატელევიზიო გადაცემა, მაგრამ მაყურებელი ვიზუალური ეფექტისთვის იყო მოყვანილი. ნაცნობები, მუსიკოსები ერთმანეთს რაღაცებს ვუყვებოდით, დარბაზს ვათვალიერებდით. უცებ, მოდის ვიღაც, მიახლოვდება და მოაქვს გადაკეცილი ქაღალდი – წერილი. მეუბნება, თქვენ გამოგიგზავნესო. გავხსენი და კითხვა, რომ დავიწყე, პირველი ფრაზა ძალიან არ მომეწონა. ვფიქრობ, ახლა მე რომ გავბრაზდე, ვინც ეს წერილი გამომიგზავნა, ის ხომ მიყურებს, რა რეაქცია მექნება და მაინც არ გავახარებ-მეთქი. წერილში ეწერა: „ვითომ, რომ იცინი ახლა დიდი რამე გგონია შენი თავიო“. დედას გეფიცებით, ავვარდი, მაგრამ არ შევიმჩნიე, როგორ დავანახვებდი ამას. გვერდზე გადავაწოდე გოგოებს, იმათაც წაიკითხეს და ასე, უფრო მეტად ვიცინოდით ყველა ერთად.

– მაინც შეგიმჩნევია შური ვინმესგან?

– ასე გამოხატულად არავისგან მიგრძნია. მთლად ფრთიანი ანგელოზიც არ ვარ, რომ ვიღაცას ჩემი შეშურდეს, მაგრამ მე კი ვსკდები გულზე, როცა ქუჩაში მაღალ გოგოებს ვხედავ, რატომ მე არ ვარ მაღალი-მეთქი.

– აწი რაღაში შეგიშლის ხელს სიმაღლე?

– ახლა – არა, მაგრამ ადრე კლასელები ფიზკულტურაზე დამცინოდნენ – ჯანელიძე რა დაბალი ხარო. აი, ამ სიტყვამ მომკლა და ეს ცუდი შეგრძნება დღემდე მომყვება. მერე საწყალი ჩემი ძმა მაშაყირებდა – ნაპოლეონი, ლენინი, ეგენი ყველა დაბლები იყვნენ, არ ინერვიულოო.

– როგორც ვიცი, ყველა ერთად ცხოვრობთ, თან ქირით. ახლა, როცა ბინები საშინლად გაძვირდა და ქართველს არც აყენებენ მდგმურად, ამ მხრივ როგორი სიტუაცია გაქვთ?

– კი, ბატონო. დიდი ინგლისური ოჯახი გვაქვს. ახლაც ქირით ვცხოვრობთ. ამბობენ, რომ ჩვენი პროფესიის ხალხი უცხოეთში ყველგან კარგად არიან. მე, სხვათა შორის, 2000 - წლამდე, სამი წელი, მოსკოვში ვცხოვრობდი. იქ მყავდა ერთი მოწაფე, რომელიც ძალიან კარგად მიხდიდა. ყველა მთხოვდა დარჩიო, მაგრამ მაშინ არ ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა, რაღაც გამჭირვებოდა. ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ეს ქირაა, გადახდის რიცხვის მოლოდინი. ეს არის საშინელი გრძნობა, განწყობა და არასოდეს მითხოვია, გადამივადეთ-მეთქი. ახლა წამოვედით იმ ბინიდან, სადაც ათი წელი ვიცხოვრეთ. ბინის ფასებმა რომ მოიმატა, მართლა ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდით. მეც გამიძვირეს. ვთხოვეთ, დაგიმატებთო, მაგრამ არა, მე თვითონ გადმოვდივარ აქო. არ ვიცი, რამდენად მართალი თქვა, ტყუილი თქვა, მაგრამ იქ დარჩენა აღარ გამოვიდა. ყოველთვის მინდოდა, მქონოდა საკუთარი ჭერი, რომ ამ ქირაზე არ მეფიქრა, უფრო გალაღებულად ვიქნებოდი, ოჯახს და საკუთარ თავს არაფერს მოვაკლებდი. არის ხოლმე მომენტები, როცა რაღაცებზე უარს ვამბობ.

– რა გენატრება?

– ძალიან მენატრება ის პერიოდი, მე და „ფორტე“ მოსკოვში რომ ვმუშაობდით, იმხელა ხელფასი მქონდა, რომ აქ ვარჩენდი ოჯახს. ბავშვებს თუკი რამე უნდოდათ – ჩასაცმელი, კერძო პედაგოგის სკოლის ფული, ვინმეს – სამკურნალო, წამლების ფული და ასე შემდეგ, ყველაფერს ამას თავისუფლად ვწვდებოდი. ეს ის პერიოდია, ნავთქურები რომ შემოვიდა თურქეთიდან. ერთი თმის ვარცხნილობის გაკეთება, მხოლოდ დავარცხნა, ასი დოლარი ღირდა. ამაზე უარს არ ვეუბნებოდი ჩემს თავს. ჰაერში კი არ ეყარა ის ფული, ვმუშაობდით. ახლაც სიამოვნებით ვიმუშავებდი იმდენს, ყველაფერი რომ ნორმალურად მქონდეს, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. სურვილი რომ მქონოდა, ხომ გეუბნებით, დავრჩებოდი, იმიტომ რომ მუსიკოსებისთვის იქ მეტი გასაქანია.

– ესე იგი, საბჭოთა პერიოდის ნოსტალგია გაქვთ?

– რა თქმა უნდა. ამერიკა, ამერიკაო, რომ ვგიჟდებით ახლა... შევარდნაძის დროს, შუქი რომ არ იყო ხოლმე, ეს ფიდელი არ ჩაირთოო, ის ფიდელი არ ჩაირთოო. მერე ვიღაც ჭკვიანი გამოვიდა ტელევიზორში და თქვა, რომ – გაზაფხულზე მდინარეები რომ ადიდდება, მაშინ შუქის პრობლემა აღარ იქნებაო. ადრე კი ყველა ოთახში ჰქონდათ ადამიანებს გათბობა. მთელი დღე უთო, ტელევიზორი ჰქონდათ ჩართული... თბილისში ლაღიძის წყლები და ხაჭაპური 20 კაპიკი ღირდა. თან, ყველაფერი ნატურალური იყო. ძალიან მენატრება. რუსთაველზე რომ გავივლი და ლაღიძის წყალს ვერ ვხედავ, ნერვები მეშლება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №49

5–11 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიშა ცაგარელი

კვირის პროგნოზი 7 – 13 ნოემბერი