შოუბიზნესი

ნუცა ჯანელიძე: მარტო რომ ვყოფილიყავი, ბოლოს და ბოლოს „კათარსისში“ მივიდოდი და ერთ კუთხეს ვითხოვდი

№13

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 03.04

ნუცა ჯანელიძე
დაკოპირებულია

ახლახან ნუცა ჯანელიძეს ვარსკვლავი გაუხსნეს, თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, ამ დღეს გამართულ კონცერტზე კიდევ ერთი საოცარი ამბავი გახდა ცნობილი, ქალბატონ ნუცას ბინა აჩუქეს, რითაც მისი ოცწლიანი სადარდებელი დასრულდა.

ნუცა ჯანელიძე: ეს ნამდვილი საოცრებების საღამო იყო. ძალიან ბევრი კარგი რამ მოხდა. პირველ რიგში, კონცერტის მონაწილეებმა გამაოცეს. პროგრამა მზად გვქონდა, ვიცოდი, სცენაზე ვინ უნდა გამოსულიყო და უცებ გამოჩნდა ნუკრი კაპანაძე, რომელიც ახალი ნაოპერაციები იყო. თავს უფრთხილდებოდა და ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, ვიცოდი, რომ ვერ მოვიდოდა. კულისებში რომ დავინახე, სიხარულისგან ენა ჩამივარდა, მაგრამ მეგონა, რომ როგორც მაყურებელი, ისე მოვიდა და მეუბნება, წამოდი როიალთან, რეპეტიცია გავიაროთო. ვფიქრობდი, რომ რამე მსუბუქს იმღერებდა, რომ არ გადაღლილიყო და პირდაპირ ის სიმღერა მაჯახა, რომელიც ჩაფიქრებული გვქონდა, რომ უნდა ემღერა, ისეთი ემოციური სიმღერაა, ძალიან დიდ ენერგიას რომ მოითხოვს. როგორც მეგობარი, ისედაც ვიცოდი, როგორიც იყო, პროფესიონალიზმზე აღარაფერს ვიტყვი, მაგრამ მისმა ადამიანობამ მართლა დამამუნჯა. ამას დაემატა ნუცა ბუზალაძისა და სოფო ხალვაშის დუეტი. ნუცას „ევროვიზიის“ სამზადისისგან გამომდინარე გადარეული გრაფიკი ჰქონდა, სოფო სხვა კონცერტისთვის იყო ჩამოსული, მაგრამ მოვიდნენ და ჩემს კონცერტზე იმღერეს. ასეთი რამეები ძალიან მიყვარს და ვაფასებ. მათი გვერდში დგომა ძალიან ძვირფასია ჩემთვის.

– საკუთარი ვარსკვლავის გახსნაზე საოცარი საჩუქარი მიიღეთ – ბინა. ალბათ, წარმოდგენა არ გქონდათ, რა გელოდათ?

– მართლა არაფერი არ ვიცოდი. დათო ოქიტაშვილი სცენაზე რომ გამოვიდა და საუბარი დაიწყო, მე უკან ვიდექი. არ ვიცი, ფიქრებში წავედი თუ რა იყო, როცა ხმაურმა და ხმამაღალმა ტაშმა მიიქცია ყურადღება. ვიფიქრე, რომ რაღაც თქვა ჩემ შესახებ და ვემზადები, რომ ხალხს თავი დავუკრა მადლობის სათქმელად. უცებ ვხედავ, რომ ჩემ გვერდით მდგარი პატარა ბიჭი გასაღებს მკიდებს. ამ ბიჭს ვკითხე, ეს რა არის-მეთქი?! თურმე ამ დროს დარბაზში ტირილი და სიცილი ერთმანეთში ირევა. მე უკვე ვეღარაფერს ვიგებ. დათოს უთქვამს, ხელი მაგრად მოჰკიდეთ, არ დავარდესო, ესეც არ გამიგია. უთქვამს: ნუცა, შენთვის ყოველთვე ქირის ხდა მორჩაო, მაგრამ მე ესეც ვერ გავიგე, იმიტომ, რომ ჩუმად ამ პატარა ბიჭს ველაპარაკებოდი (იცინის). რომ ვკითხე, ეს რა არის-მეთქი, ეს გასაღებიაო, მიპასუხა და ისევ ჩუმად ვკითხე, დედა დაიფიცე, ეს მართალია-მეთქი?! (იცინის). პირღია დავრჩი, ვეღარაფერს ვიგებდი. ხალხი მესეოდა, რაღაცები მახსოვს, რაღაცები – საერთოდ არა. დედა მომიკვდეს, არ ვთამაშობ. კულისებში დავდიოდი და ვიძახდი „ვაიმე, ვაიმე, ვაი“. იცით, როდის გავბედე თამაში და როდის გაიღვიძა ჩემში ქალურმა ინსტინქტმა? მე და ეს პატარა ბიჭი რომ ლაპარაკს მოვრჩით და მოვბრუნდი, თვალზე სისველე ვიგრძენი. ვიფიქრე, ახლა ცრემლები არ წამომივიდეს და ეს დახატული სახე არ ჩამომედღაბნოს-მეთქი (იცინის). აი, მაშინ ნამდვილად ვიეშმაკე და ცრემლები შევიკავე (იცინის). ოთხი შვილიშვილი მყავს და ოთხივეს გეფიცებით, მე თუ რამე მცოდნოდა. თურმე, მთელი დარბაზი ტიროდა. ეს რომ წინასწარ გამეგო, მაყურებლების თვალებს აუცილებლად გადავაღებინებდი, ეს სასწაული იყო.

– ვინ გაგიკეთათ ასეთი სიურპრიზი?

– ეს ადამიანი ჩემი დიდი ხნის მეგობარია, ბიზნესმენია. ყველამ იცოდა ჩემი ამბავი. უბრალოდ, ტელევიზორში ამ თემაზე საუბარს ვერიდებოდი. არ მინდოდა, ვინმეს შევცოდებოდი. ოცი წელია, ასე ვარ, ბინიდან ბინაში გადავდივართ მე და ჩემი ოჯახი – რვა კაცი. როგორია მუდმივად ქირით ცხოვრება და ბინების ცვლა. როგორია, ქირის გადახდის რიცხვი რომ ახლოვდება და სუნთქვა გიხშირდება?! რას ვიზამ, ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ალბათ, ღმერთს უნდოდა, რომ ამდენი ხანი ასე მეცხოვრა, მაგრამ აი, ერთ მშვენიერ დღეს ასეთი რამ მოხდა. ამ ადამიანმაც იცოდა ჩემი მდგომარეობა, მისი ოჯახიც დარბაზში იჯდა. კარგი გაგების, კაცური კაცი აღმოჩნდა, ნამდვილი ადამიანი, რომელმაც განაცხადა, რომ შეიძლება, ადამიანს სიკეთე გაუკეთო. თვითონ თბილისში არ იყო და მე რომ მადლობის სათქმელად დავურეკე, მითხრა, თავი დამანებე, კონცერტს მიხედეო, მადლობაც არ მათქმევინა.

– რთული მომენტიც არაერთხელ იქნებოდა.

– კი, იყო ასეთი პრობლემაც და პირდაპირ სცენაზეც ვთქვი. სიმღერაც მივუძღვენი იმ ადამიანებს, ვინც ძალიან მძიმე პერიოდში მხსნელად მომევლინა. ერთხელ აღმოჩნდა, რომ სამსახურში კონტრაქტი დამიმთავრდა. ქუჩაში გამოვედი და ვტიროდი. სათვალე გავიკეთე, იმიტომ კი არა, რომ ვინმე მიცნობდა, ეგ არ მაინტერესებდა, უბრალოდ, არ მინდოდა ვინმეს ცრემლიანი დავენახე. მეგობარს დავურეკე და ჩემი მდგომარეობის შესახებ ვუთხარი. სამსახურის პოვნაში რომ არ დამეხმარო, არ ვიცი, რას ვიზამ, ბინის ქირა უნდა გადავიხადო, ოღონდ მიშველე, ყველანაირ სამსახურზე თანახმა ვარ-მეთქი. კარგი, ფრთხილად იარე, განსაკუთრებით გადასასვლელებზე იყავი ყურადღებით და მალე დაგირეკავო, მითხრა. მართლა, საათ-ნახევარში დამირეკა და მითხრა, რამდენიმე დღეში შეგეხმიანებიან სამსახურთან დაკავშირებითო. ვაიმე, არ იცით, ეს ჩემთვის რას ნიშნავდა. მინდოდა, ყველას გასაგონად მეყვირა. ცრემლიც დამავიწყდა, ტირილიც, სათვალე მოვიხსენი, ყურსასმენები გავიკეთე და ბედნიერმა გავაგრძელე გზა. ეს რა ყოფილა, თურმე, ერთ წამში შეიძლება ცხოვრება შეიცვალოს. როცა ამხელა ოჯახი გაქვს, როგორია ასეთი პრობლემის წინაშე ყოფნა?! მარტო რომ ვყოფილიყავი, ბოლოს და ბოლოს, „კათარსისში“ მივიდოდი და ერთ კუთხეს ვითხოვდი, ამას სატირლად არ ვლაპარაკობ, ყველამ იცის, რომ გულწრფელი ვარ. სამსახურში ხელფასს რომ ვიღებ, ერთ წამსაც არ ვნანობ, მაშინვე ვახურდავებ და ქირას ვიხდი. ამას არ განვიცდი, ეს ჩემი ჭერის ფულია და ამის საშუალება რომ არსებობს, ეს უკვე ბედნიერებაა. სადარდებელი არის კომუნალურები და სხვა ხარჯები, მაგრამ ეგ არ მაინტერესებს, მთავარია, ღამის გასათევი გქონდეს. უზომოდ ბედნიერი და მადლიერი ვარ, რომ ახლა ყველაფერი შეიცვალა და შემიძლია, მშვიდად ვიყო, რადგან უკვე სახლი მაქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული