ნუცა ჯანელიძე: არ ვნანობ, რომ ოჯახი არ შევქმენი
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:30 12.09

არის სიტუაციები, როცა ცხოვრება დაგაფიქრებს, უკან მიიხედავ და სინანულის გრძნობა გიჩნდება. საბედნიეროდ, ეს მომენტი ნუცა ჯანელიძეს არ აქვს და ამბობს, რომ წარსულზე თვალის გადავლებისას, არც სინანულის გრძნობა ეუფლება და არც არაფერს შეცვლიდა. მართალია, მამა ადრეულ ასაკში დაკარგა და ეს მისი პირველი დარტმა იყო ცხოვრებისგან, მაგრამ დედამ ყველაფერი გააკეთა, რომ მას და მის ძმას არაფერი მოჰკლებოდათ. როგორც თავად ამბობს, არც იმას ნანობს, ოჯახი რომ არ შექმნა, არც იმას, საკუთარი შვილი რომ არ გააჩინა, არც პროფესიის არჩევას, თუმცა არის ოცნება, რომელიც გულით უნდოდა და სამწუხაროდ, ვერ აიხდინა.
ნუცა ჯანელიძე: ბავშვობა ნამდვილად კარგი მქონდა, თუ არ ჩავთვლით მამის ადრეულ ასაკში გარდაცვალებას. მისი გარდაცვალების მერე მე და ჩემს ძმას დედაჩემი გვზრდიდა, ზამთარში თოვლი არ მომკლებია და ზაფხულში – ზღვა. მამა რომ გარდაიცვალა, ბაღში დავდიოდი. საოცრად მკაცრი მამა იყო და დედა რომ ეუბნებოდა: ბავშვებს ასე უხეშად ნუ ელაპარაკებიო, პასუხობდა: ბავშვმა თუ გაიგო, მასზე ვგიჟდები, ეგრევე გათამამდებაო. სარკომით გარდაიცვალა, ტვინის კიბო დაემართა. საავადმყოფოში იწვა, ბოლოს ვეღარ ლაპარაკობდა და ჩემი სახელის დაწერისას გარდაიცვალა. დედაჩემს უთქვამს, რაც გინდა, დამიწერეო და მასაც დაუწყია ფურცელზე ჩემი სახელის დაწერა, გავარდნია კალამი ხელიდან და გარდაცვლილა. მიუხედავად მისი სიმკაცრისა და ჩემი მცირე ასაკისა, ძალიან განვიცადე მისი გარდაცვალება. მახსოვს, იმ პერიოდში მე სამტრედიაში ვიყავი, მამიდასთან. საავადმყოფოდან დარეკეს, ცუდადაა და იქნებ ნუცა ჩამოიყვანოთო. სანამ მე ჩამიყვანეს, გარდაიცვალა, ვერ მოვასწარი მისი ნახვა. რომ მივედი, ვნახე, დედა როგორ ტიროდა, დავიჩოქე და გულასმოსკვნით ვიტირე.
– მამის გარდაცვალება იყო პირველი დარტყმა, რაც ცხოვრებამ მოგაყენათ, თან საკმაოდ პატარა ასაკში. მისი იმქვეყნად წასვლის შემდეგ როგორ გაგრძელდა ცხოვრება?
– სწორედ მამის გარდაცვალება იყო პირველი დარტყმა ცხოვრებისგან და მერეც ბევრჯერ მომიწია სირთულეების გადალახვა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, არ ვყოფილიყავი სუსტი. სკოლის პერიოდში „შატალოზეც“ დავდიოდი, ჟურნალიც მომიპარავს და ნიშანი წამიშლია და საკმაოდ ცელქიც ვიყავი. არ დამავიწყდება, სკოლას თუ გავაცდენდი ან ეზოდან დროულად არ ამოვიდოდი, დედა სულ მეუბნებოდა: მამაშენი რომ იყოს ცოცხალი, იცი, რას გიზამდაო? ამას იმიტომ ამბობდა, რომ სულ „სტოპზე“ ვყოფილიყავი. მიუხედავად ამისა, მაინც თამამი ბავშვი ვიყავი. სკოლა რომ დავამთავრე, 16 წლის ვიყავი და დედამ მითხრა: რა საჩუქარი გინდა, გაგიკეთო სკოლის დამთავრების აღსანიშნავად, მითხარი და ყველაფერს შეგისრულებო. და, მე, იცით, რა ვუთხარი?
– რა უთხარით?
– თმის შეღებვა მინდა შავად-მეთქი. ეს მოვთხოვე (იცინის). დედას ჰქონდა სასწაულად შავი ფერის თმა, ყელზე ოთხ ფენად მარგალიტის მძივი ეკეთა, ტუჩზე წითელი პომადა ესვა და ფრჩხილებზე წითელი ლაქი. სულ გაპრანჭული დადიოდა. ულამაზესი ქალი იყო, პედაგოგი და ცდილობდა, ფორმაში ყოფილიყო. სხვათა შორის, გაპრანჭვის სიყვარული დედისგან გამომყვა. რადგან პედაგოგი იყო, ბავშვებთან და სტუდენტებთან ჰქონდა საქმე, ყოველთვის ამბობდა: მე სულ ფორმაში უნდა ვიყო, რადგან ბავშვები ჯერ გიყურებენ როგორ გამოიყურები, ვიზუალურად აღგიქვამენ და მერე გისმენენო. ხელოვნებას რომ ასწავლი, ხელოვნება სილამაზის აღქმის პროფესიაა და ამიტომ შენც კარგად უნდა გამოიყურებოდეო. მოკლედ, დედამ წინააღმდეგობა არ გამიწია თმის შეღებვაზე, უბრალოდ, მითხრა: იცოდე, თუ თმას ადრეულ ასაკში შეიღებავ, ადრეულ ასაკში გაჭაღარავდებიო. ვუპასუხე: არა უშავს, მერეც შევიღებავ-მეთქი და 16 წლის ბავშვმა მუგუზალივით შავად შევიღებე თმები. ასე რომ, ადრეული ასაკიდან დავიწყე პრანჭვა. დედას ძალიან ბევრი სამკაული ჰქონდა – ძვირფასიც და კარგი ხარისხის ბიჟუტერიაც. ბავშვობიდან მიყვარდა ამ სამკაულების გაკეთება და სახლში იმით სიარული. პირველ სკოლაში ვსწავლობდი, რუსთაველზე. ჩემი ინგლისურის მასწავლებელი მაყვალა შარაშიძე იყო. შემოვიდოდა კლასში გაპრანჭული, გაიხდიდა პალტოს და მხრებზე მოისხამდა, ულამაზესი სამაჯურები ეკეთა და ულამაზესი ფერის პომადა ესვა. თან, ვუსმენდი და თან მის ვიზუალს ვაკვირდებოდი. ეს ქალი თავისი გაპრანჭული იერით გაიძულებდა, მისი საგანი შეგეყვარებინა. სახლში რომ მოვიდოდი, გავიკეთებდი დედაჩემის სამაჯურებს, მოვისხამდი დედაჩემის ჟაკეტს მხრებზე და ვიწყებდი მაყვალა მასწავლებელივით ხელებით ლაპარაკს, მას ვბაძავდი.
– ალბათ, მისი შემხედვარე, პედაგოგობაზე ოცნებობდით, ხომ ასეა?
– არა, ცდებით! არანაირი ინგლისურის პედაგოგი, მე მინდოდა, ოპერის მომღერალი გამოვსულიყავი. დედა მომღერალი იყო, კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული და მეც მინდოდა, მომღერალი ვყოფილიყავი, ოღონდ ოპერის, მაგრამ არ გამომივიდა, ეს ოცნება არ ამიხდა.
– და, რატომ ვერ აიხდინეთ ეს ოცნება?
– რატომ და კარგი სმენა მქონდა, ზუსტად და სწორად ვიღებდი ყველა ნოტს, მაგრამ არ მქონდა იმ დიაპაზონის ძლიერი ხმა, რაც ოპერის მომღერალს სჭირდება.
– გარდა ოპერის მომღერლობისა, კიდევ გქონდათ ისეთი ოცნება, რაც ვერ აიხდინეთ?
– მართალი თუ გინდათ, გითხრათ, ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ამიხდა და საკუთარი ბინა მაქვს. ორი წლის წინ, ჩემი ვარსკვლავი რომ გახსნეს, მაშინ ამიხდა მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება, საკუთარ სახლში მეცხოვრა და ყოველთვიურად ნაქირავებში არ მეხადა თანხა. მე და ჩემი ოჯახი სულ ნაქირავებში ვიყავით და ძალიან დიდი ხნის მეგობარმა, რომელმაც ეს გაიგო, ბინა მაჩუქა. მანამდე სუფრაზე მოვხვდით, ხელფასებზე ჩამოვარდა საუბარი და ზოგმა თქვა, ხელფასს რომ ავიღებ, მე ამას ვიზამ, მე – იმასო და მე კი ვთქვი: არაფერსაც არ ვიზამ, ხელფასს რომ ავიღებ, დოლარზე გადავახურდავებ და ბინის ქირას გადავიხდი-მეთქი. გაგიჟდა ის ჩემი მეგობარი, როგორ თუ ქირის თანხას იხდი, მაგ საქმეს მოევლებაო და ამით დასრულდა საუბარი. ფილარმონიის წინ ვარსკვლავი რომ გამიხსენეს და კონცერტი ჩატარდა, კი დამკიდეს ბინის გასაღები გულზე და ეს ოცნება ჩემმა მეგობარმა ამიხდინა. მართლა არ მოველოდი და იმ მომენტში ჩემი გაოგნებული სახე ახლაც ბევრს ახსოვს. ასე დასრულდა ჩემი 40-წლიანი მომთაბარული სიარული აღმა-დაღმა (იცინის). ამ ორმოცი წლის განმავლობაში, ალბათ, 7-8 ბინა გამოვიცვალე და ახლა, როცა საკუთარი ჭერი მაქვს, მავიწყდება ხოლმე და ის რიცხვი რომ მოდის, როცა ქირას ვიხდიდი, წამიერად გამიელვებს ხოლმე: ვაიმე, ხომ მაქვს ქირის ფული-მეთქი. მეორე წამში მახსენდება და ვამბობ: ნუცა, გაიღვიძე, ეს ბინა შენია, საკუთარი!
– კი მაგრამ, თუ დიდი ხნის მეგობარი იყო, არ იცოდა, რომ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდით?
– ნამდვილად არ იცოდა. არავისთან ვამბობდი, რომ ქირით ვცხოვრობდი და ქირას ვიხდიდი. არ მიყვარს წუწუნი და პრობლემებზე საუბარი. ჩემს ცხოვრებაში, მიუხედავად ყველაფრისა, სულ მაჟორული ბგერები იყო. ღმერთმა ისეთი პროფესია მომცა, რომ ჩემი არაგაღიმებული ყოფნა არ შეიძლება, გინდა ბავშვებთან, გინდა სცენაზე, გინდა რეპეტიციაზე და გინდა ეთერში. ყველგან უნდა ვიყო გაღიმებული, რა საჭიროა წუწუნი და დაჯღანული სახით ყოფნა?
– ნუცა, გეშინიათ წლების მატების?
– წლების მატების მეშინოდა და ერთხელ ვთქვი კიდეც: როგორ არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე, წლები რომ მემატება-მეთქი. და, გია ჯოხაძემ მითხარა: წელი ხომ მაინც გემატება, ვერაფერს შეცვლი და მხიარული მაინც შეხვდი ამ ამბავსო. სწორი ნათქვამია და ვითვალისწინებ. წლების მატების კი არ მეშინია, უბრალოდ, რაღაც-რაღაცებს მეტად ვითვალისწინებ, მაგალითად, იმას, რომ ადამიანს ასაკში ზედმეტი ტინგიცობა არ უხდება, თუმცა არის სიტუაციები, სადაც ვტინგიცობ (იცინის). წლებს განვიცდი იმიტომ, რომ ყველა სტილის კაბას ვერ ჩავიცვამ, გარკვეულ სიტუაციებში მეტად თავდაჭერა მმართებს. სიბერის კი მეშინია, მაგრამ დაილოცოს მედიცინა – თუ ეკონომიური მდგომარეობა გაქვს, არც ესაა პრობლემა და არც ვმალავ, როცა ფული მაქვს, ბოტოქსს ვიკეთებ.
– გასაგებია, რომ წლების მატება არ გაშინებთ, მაგრამ ასაკს რატომ მალავთ?
– დიახ, ასაკს ვმალავ, ეს კომპლექსი ვერ მოვიშორე. სხვათა შორის, ეს კომპლექსი სკოლის ასაკიდან მომყვება. ტანით პატარა ვიყავი და სულ მეუბნებოდნენ, ჯანელიძე, რა დაბალი ხარო. ეს კომპლექსი, დღემდე მაქვს, მგონია, ესაა ჩემი ნაკლი. ჩემმა ძმამ მითხრა: დაო, მაგაზე არ ინერვიულო. აბა, დაფიქრდი ნაპოლეონიც, ლენინიც და სტალინიც დაბლები იყვნენ, მაგრამ ვერ ატრიალებდნენ და აწრიალებდნენ მსოფლიოსო? (იცინის)
– ახლა რომ უკან იყურებით, რას ნანობთ ცხოვრებაში, რასაც ვეღარ გამოასწორებ?
– არ ვიცი, რას ვნანობ... თუმცა არ ვნანობ, რომ არ გავთხოვდი და ოჯახი არ შევქმენი. სხვათა შორის, არაერთხელ უკითხავთ, რომ არ გათხოვდი, ოჯახი არ შექმენი და შვილი არ გააჩინე, არ ნანობო. კიდევ ერთხელ ვამბობ ხმამაღლა, ნამდვილად არ ვნანობ. ჩემმა ძმამ რომ ცოლი შეირთო, მიყოლებით შეეძინათ ორი შვილი და მთელი ჩემი დედური სიყვარული ძმისშვილებში ჩავდე. პროფესიის არჩევასაც არ ვნანობ და ცხოვრება რომ თავიდან დავიწყო, არაფერს შევცვლიდი, გარდა ერთისა – ახალგაზრდულ პერიოდში, გარკვეულ სიტუაციებში მოვთოკავდი ენას და არ შევეპასუხებოდი. უნდა მესწავლა ლავირება და ვყოფილიყავი უფრო მეტად დიპლომატიური.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან