შოუბიზნესი

ნუცა გილიგაშვილი: შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ და ეს თემა მერთულება

№45

ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00

ნუცა გილიგაშვილი
დაკოპირებულია

ნუცა გილიგაშვილის ცხოვრებაში ბევრი სასიამოვნო სიახლეა. ხელოვანმა ახლახან ახალი სიმღერა გამოუშვა, სახელწოდებით – „ნაწნავების ფერებად“, რომელმაც სწრაფად შეძლო ყურადღების მიპყრობა და ძალიან კარგი შეფასებებიც დაიმსახურა. დანარჩენს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ნუცა გილიგაშვილი: მიხარია, რომ ჩემს სიმღერას ასეთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ეს სიმღერა მთლიანად ბედნიერებასა და იმ დადებით მუხტს ეძღვნება, რომელსაც მგონია, რომ ცხოვრებაში ვატარებ. მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე და ვფიქრობ, ეს სიმღერა ძალიან კარგად გამომხატავს. ადამიანმა რომ მკითხოს, შენი ერთი სიმღერით მითხარი, ვინ ხარო, ზუსტად ამ სიმღერაზე მივუთითებ და კარგად მიხვდება, რას წარმოვადგენ. მასში კარგად ჩანს ჩემი ცხოვრების სტილი, შეხედულებები, ენერგიის წყარო და ჩემი ენერგიის სხვებისთვის გაზიარების სურვილი. ძალიან მინდა, ადამიანები ბედნიერებით დავმუხტო. ეს სიმღერა მე და ჩემმა ძმამ ერთად შევქმენით. გიორგი დამეხმარა ჩემი აზრების ლამაზად და რითმულად დალაგებაში.

ბავშვობიდან ვმღერი. მე და გიორგისაც ხშირად გვაქვს დუეტები. აქამდე საჯაროდ მარტო იმიტომ არ ვჩანდი, რომ მსურდა, საამისოდ სწორი სიმღერა შემერჩია. არ მინდოდა, ყალბი ვყოფილიყავი, არც პოპულარობა იყო ჩემი მიზანი. მხოლოდ და მხოლოდ ჩემი თავის სწორად გამოხატვა მინდოდა და ზუსტად ამ სიმღერამ მომცა ეს განცდა. ხელოვანი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, საკუთარ, რეალურ პიროვნებას გამოხატავდეს, იმას, რაც ნამდვილია. მხოლოდ ამ შემთხვევაში მივა მისი შემოქმედება ადამიანების გულებამდე.

– რა არის მთავარი, რაც გინდა, რომ ამ სიმღერიდან შენ შესახებ დაიმახსოვრონ?

– მისამღერი ერთი შეხედვით მსუბუქი და მარტივია, მეორე მხრივ კი – საკმაოდ ღრმა:

„ჩემი ნაწნავების ფერებად

ვაქცევ ბნელს გათენებად,

ხალხს დაყოფილს ერებად,

ერთ დიდ ბედნიერებად“.

ზოგადად, მე მიყვარს მრავალფეროვნება. ხშირად ვიცვლი სტილს, ნაწნავების მიმართ სიყვარული ბავშვობიდან მომყვება და საერთოდ, ვფიქრობ, რომ თმა დიდი ენერგიის მატარებელია. ფერადი თმაც ხშირად მქონია, ამით ჩემს შინაგან ფერებს გამოვხატავ, რაც ხშირად იცვლება. მინდა, ჩემი განწყობა, იმწუთიერი მდგომარეობა, ვიზუალურად აისახებოდეს ჩემზე, შემდეგ – სხვა ადამიანებზე. ზოგადად, ცხოვრება ყოველთვის ლამაზი ფერები არ არის, შენ როგორსაც დაინახავ, ის ფერია, ამიტომ ვცდილობ, ნათელ ფერებში დავინახო და არა ბნელში. ჩვენზეა დამოკიდებული როგორ წარვმართავთ მას. თუ კარგს და ნათელს დავინახავთ, მას გავავრცელებთ, თუ ცუდსა და ბნელს – მას. ამიტომ აბსოლუტურად გააზრებულად ვცდილობ ბედნიერების გავრცელებას ცხოვრებაში და ახლა უკვე შემოქმედებაში – ჩემი სიმღერით, „ნაწნავების ფერებად“.

– რთულ სამყაროში ყველაფრის ნათელ ფერებში დანახვა საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. რამდენად ძლიერი ადამიანი ხარ?

– სისუსტე მარტივია. არჩევანია, იყო ძლიერი. რა თქმა უნდა, ყოველდღე ამ შემართებით ვერ ვარ, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები ძალიან მეხმარებიან. თუ დამავიწყდა საკუთარი თავის გააზრება, ისინი მახსენებენ და მეხმარებიან, გავძლიერდე. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, იყო ადამიანი და არ გქონდეს სანერვიულო. რატომღაც ჩვენი ბუნება უფრო მეტად ნეგატივისა და სევდისკენ გვექაჩება, მაგრამ შენ თუ დადებითი არ დაინახე, ძალიან გაგიჭირდება. ეს შეიძლება, თავიდან ხელოვნურადაც გააკეთო, მაგრამ მერე და მერე ჩვევაში გადაგდის, ცდილობ, ცუდი დათრგუნო, მას არ ჩაუღრმავდე და რაც შეიძლება, დადებითზე კონცენტრირდე. ამისთვის ბრძოლა ყოველდღიურად გიწევს. რეალურად, ცხოვრება ხომ ბრძოლა და სირთულეებია.

ძალიან არ მიყვარს ცუდ ხასიათზე დიდხანს ყოფნა. არ მომწონს საკუთარი თავი ამ მდგომარეობაში. ამიტომ ვცდილობ, უმარტივესი მოვლენებითაც კი ბედნიერება მივიღო და თვითონ გამოვიყვანო თავი, ანუ, ხასიათზე მოსაყვანად სხვას არ დაველოდო. საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა, შენი ნიჭების გააზრება, უკვე ძალიან დიდი სტიმულია და დიდი ბედნიერების წყაროა. მთავარია, ხშირად შევახსენოთ თავს, რამდენად უნიკალურები ვართ ჩვენი ნიჭით და ბედნიერები – რომ გარშემო ყველა კარგად გვყავს.

– ხშირად მოგიხსენიებენ „ქართველ ბიონსედ“. რას ნიშნავს ეს შედარება შენთვის?

– ბიონსე ძალიან მაგარი ქალია და ასეთ ადამიანს რომ გამსგავსებენ, ეს, რა თქმა უნდა, აგრესიას არ გამოიწვევს. მეც მგონია, რომ რაღაც მსგავსება არსებობს. ძალიან ხშირად მეუბნებიან. ქუჩაშიც გავუჩერებივარ უცხო ადამიანებს ამ მსგავსების ხაზგასასმელად. სტილს ძალიან ხშირად ვიცვლი და ამას ვერ დავაბრალებ, უბრალოდ, მართლა არის რაღაც მსგავსება. ზოგადად, ძალიან მიყვარს ფერადკანიანი ადამიანები. იმის გარდა, რომ ვმღერი და ვცეკვავ, ვხატავ კიდეც და ხშირად ვხატავ ფერადკანიანი ადამიანების პორტრეტებს. ჩემებს ვეუბნები ხოლმე, მგონია, რომ წინაპრებში მულატი გვყავდა-მეთქი (იცინის).

– ვიზუალიც უცხო გაქვს.

– მამაჩემის დედას ვგავარ. მას ჰქონდა ესპანელი ქალის იერი და ძალიან მიხარია, რომ ბებოს მამსგავსებენ. გეთანხმებით, ცოტა არაქართული გარეგნობა მაქვს და ბიონსეს რომ მამსგავსებენ, რა თქმა უნდა, არ მწყინს, მიხარია (იცინის).

– კიდევ ერთი წარმატებული სიმღერის ისტორია მოგვიყევით, რომელიც გიორგისთან ერთად ჩაწერეთ.

– კი, „მინდია“. ეს სიმღერა ძალიან მიყვარს. ძალიან საინტერესო იყო მისი შექნისა და გადაღების პროცესი. ეს ოჯახური პროექტია, მეგობრების დახმარებით გადავიღეთ. გიორგის ტექსტი ჰქონდა დაწერილი და მითხრა, მისამღერი არ გვაქვს და შენ ისეთი ნიჭიერი ხარ, ზუსტად ვიცი, მოიფიქრებო. ასე, რომ მისამღერი, რომელსაც მე ვმღერი, ჩემი მოფიქრებულია, მელოდიაც მაშინ მომივიდა თავში და ძალიან ბედნიერი ვარ. გიორგის ვეუბნებოდი კიდეც, რა კარგი განცდაა, რომ ასეთი მაგარი სიმღერის მისამღერის მელოდია მე მოვიფიქრე-მეთქი. ერთმანეთს ვუხდით მადლობას. კლიპის გადაღების პროცესში მთელი ოჯახი იყო ჩართული. ყველას ჰგონია, რომ მასზე ძალიან დიდმა გუნდმა იმუშავა, არადა მხოლოდ – ჩვენ და ჩვენმა მეგობრებმა. გიორგიმ ეს სიმღერა მისი გარდაცვლილი მამაოს – მამა იოსებ ხოხონიშვილის ხსოვნას მიუძღვნა. ამ კლიპში მისი სახლიდნაც არის კადრი. ექსტრემი, სირთულეები – ყველაფერი იყო გადაღების პროცესში, მაგრამ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ოჯახის ერთობას წინ ვერაფერი დაუდგება. ამიტომ განსაკუთრებულად მიხარია, როცა ვხედავ, როგორ აიტაცეს და მოსწონთ.

თავიდან გაგიცნეს, როგორც გიორგი გილიგაშვილის უმცროსი და. საინტერესოა, ახლა ვის უფრო მეტად იცნობენ?

– გიორგის ვერ შევეცილები (იცინის). მე ეგ რეგალიაც ძალიან მომწონს და მახარებს. გიორგის დობა ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება და პასუხისმგებლობაა. ძალიან მიხარია, რომ მისნაირი ძმა მყავს, რომ მასავით საინტერესო ადამიანთან მიწევს ურთიერთობა. ფაქტობრივად, თანამოაზრეები ვართ. ამიტომ ძალიან მიყვარს მასთან საუბარი. მიხარია, რომ ერთმანეთი გვყავს და გვაქვს ასეთი ოჯახი.

– თქვენს ოჯახში ძალიან კარგი სიახლეა – დეიდა გახდით.

– სასწაული შეგრძნებაა. პირველად გავხდი დეიდა და ამ ემოციას სხვას ვერაფერს შევადარებ. ჩვენს ოჯახში პირველი პატარაა, გასაგიჟებელია ეს ყველაფერი. რომ უყურებ და გეტირება, არ ვიცი, ამას რა დავარქვა, ბედნიერების გარდა. ბავშვები ყოველთვის ძალიან მიყვარდა, მაგრამ ჩემს დისშვილზე საერთოდ ვგიჟდები.

– საკმაოდ უცხო სახელი დაარქვით. როგორ შეარჩიეთ?

– სახელი მეირა ებრაული სახელია ჩვენი ოჯახის მეგობრის ქართველ-ებრაელთა მთავარი რაბინის იაკობ გაგულაშვილის დალოცვით და რჩევით დავარქვით. მეირა ნიშნავს გამნათებელს, გამშუქებელს ცხოვრებისას, ასევე ღვთის საჩუქარს. შემოკლებით მეი დავარქვით, რაც ჩინურად ლამაზს ნიშნავს, ეს მერე აღმოვაჩინე და ძალიან სასიამოვნო იყო. ჩემი ახალი სიმღერა მეის მივუძღვენი და ამის შემდეგ, ალბათ, ყველაფერს მას მივუძღვნი. მაღაზიაში რომ შევდივარ, უკვე მხოლოდ მეისთვის ვხედავ ნივთებს, ჩემთვის – ვეღარ (იცინის).

– ალბათ, ბევრს აინტერესებს, რა ხდება ნუცას პირად ცხოვრებაში, რა შეგვიძლია ვთქვათ?

– ადრე მეგონა, რომ ეს ძალიან მარტივი თემა იყო, ვფიქრობდი, იმდენად მარტივი ვარ, რომ ალბათ, ძალიან მარტივად მომეწონება და მოვეწონები-მეთქი. ახლა ვფიქრობ, რომ ძალიან რთული ვარ (იცინის). შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ და ეს თემა მერთულება. შესაბამისად, საუბარიც მიჭირს. არ შემხვედრია „ჩემი ადამიანი“ და ვფიქრობ, ამიტომ. როცა შემხვდება, დარწმუნებული ვარ, რომ ემოციურად მაშინვე ვიგრძნობ. როცა ეს მოხდება, მგონია, რომ ვერ დავმალავ, რადგან საერთოდ ყველაფერი, კარგიც და ცუდიც, სახეზე მაწერია და მით უმეტეს, დამეტყობა, როცა შეყვარებული ვიქნები (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა