ნუკი კოშკელიშვილი: პატრულის შეურაცხყოფისთვის 400 ლარი გადამახდევინეს
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 18.08, 2021 წელი

მიუხედავად იმისა, რომ ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაშია გათხოვილი და უკვე საოცარი ბიჭის დედაა, წარსულ ამბებზე გულახდილად საუბრობს, არასოდეს მალავს პირად ცხოვრებაში თავს გადახდენილ ისტორიებს, რითაც ბევრ ადამიანში სიმპათიას იწვევს. ახლა ის ბათუმში ისვენებს და სულ მალე მას მეუღლეც შეუერთდება, რომელიც ამერიკიდან ჩამოვა და კოვიდპანდემიის პერიოდში, დამღლელი და სანერვიულო სამსახურის შემდეგ, საქართველოში აღიდგენს ძალებს.
ნუკი კოშკელიშვილი: მსოფლიოში უამრავი ლამაზი და ეგზოტიკური ადგილია, სადაც ზაფხულის დღეების სასიამოვნოდ გატარება და დასვენება შეიძლება, თუმცა, მე ვგიჟდები ზაფხულის სეზონის საქართველოში გატარებაზე. ახლაც ბათუმში ვარ. ჩემს ქმარს, ბენს, ველოდები, რომ ამერიკიდან ჩამოვიდეს და მერე ძალიან ბევრ ადგილას წავალთ, მოვივლით, დავათვალიერებთ და თან, დავისვენებთ.
– საკმაოდ მომატებულია კოვიდინფიცირების რიცხვი. ამის არ გეშინია?
– როგორ არ მეშინია, უბრალოდ, თავს ვიცავ, როგორც შემიძლია. თან, მეც, ბენმაც და ბავშვმაც გადავიტანეთ კოვიდი და აცრილიც ვარ.
– ნუკი, აუცილებლად მინდა, შევეხო თემას, რომელზეც საუბარი, ალბათ, არასასიამოვნოა, თუმცა, შენს ცხოვრებაში ხდებოდა და დღესაც ხდება – ეს არის ბულინგი.
– მართალია, ჯერ კიდევ რუსეთში ცხოვრების დროს, ბავშვობაში, ბულინგის მსხვერპლი ვიყავი იმის გამო, რომ ქართველი ვარ. მარტო მე კი არა, სომეხიც ბულინგის მსხვერპლი იყო და აზერბაიჯანელიც, თუნდაც, იმის გამო, რომ კავკასიური გარეგნობა ჰქონდა – გრძელი ცხვირი და შედარებით მუქი კანის ფერი. ზუსტად იმ პერიოდში იყო ჩეჩნეთში ომი, ხშირად ფეთქდებოდა შენობები და წარამარა აცხადებდნენ: იძებნება „ლიცო კავკაზსკი ნაციონალნასტი“. სანამ ჩემი კლასელები შემეგუებოდნენ და გამიცნობდნენ, მანამდე არ სიამოვნებდათ, რომ კავკასიელი ვიყავი. ერთხელ კი მეზობლებმა ნაგავი დაგვიყარეს კარის წინ. 13 წელი ვიცხოვრე იქ და საკმაოდ რთული წლები გამოვიარე. თუმცა, ის ჩემი ბავშვობა იყო და იმ 13 წლის განმავლობაში ბევრი ცუდიც მახსოვს და ბევრი – კარგიც. თუმცა, რომ გითხრათ, იქ დაბრუნება ოდესმე მომინდება და სენტიმენტები მაქვს-მეთქი, მოგატყუებთ.
– ქართული წერა-კითხვა 16 წლამდე არ იცოდი. ეს გახდა მიზეზი, რომ შენს ოცნებაზე უარი თქვი?
– კი, ასეა. აბიტურიენტი ვიყავი, როცა საქართველოში ჩამოვედი, ძალიან მინდოდა მსახიობობა და თეატრში თამაში, თუმცა იმის გამო, რომ ქართული წერა-კითხვა არ ვიცოდი, ამ ოცნებაზე უარის თქმა მომიწია. ახლაც სულ მეფიქრება: ნეტავ, მსახიობი რომ გავმხდარიყავი, რა იქნებოდა მერე-მეთქი. ნამდვილად არ ვიცი. ალბათ, დიდად არც არაფერი შეიცვლებოდა.
– მახსოვს, ერთხელ ვთქვი, სულ შეყვარებული ვიყავიო. პირველი სიყვარული გახსოვს?
– ისეთი წარმოდგენა აქვთ ჩემზე, თითქოს აუცილებლად უნდა მყოლოდა გვერდით მამაკაცი, მაგრამ არ მყოლია. ვაღიარებ, სულ შეყვარებული ვიყავი, ბაღშიც, სკოლაშიც... თუმცა, ბენამდე, სულ სამი დიდი სიყვარული იყო, ერთი – ბაღში, პაშა, რომელიც ძალიან მიყვარდა. სხვათა შორის, ისიც იჩენდა ინიციატივას – ბებიას პარავდა „ბროშკებს“ და ჩემთან მოჰქონდა (იცინის). მერე სკოლაში მიყვარდა ერთი სიმპათიური ბიჭი, რომელსაც ყველა გოგო მოსწონდა, ჩემ გარდა. ასე რომ, მე ყოჩაღი ვიყავი ცალმხრივ სიყვარულში, არასოდეს მიმართლებდა (იცინის). მესამე სიყვარულზე კი არ მინდა საუბარი, რადგან დღეს ცნობილი ადამიანია, ესეც ცალმხრივი სიყვარული იყო და დღემდე არ იცის.
– დღეს, ნანობ, რომ არ გამოუტყდი სიყვარულში?
– არა, ნამდვილად არა. როგორც მეგობარს, ისე მიყურებდა და ამიტომ ვერ გავბედავდი თქმას: მიყვარხარ! ახლა, როცა გათხოვილი ვარ და ჩემი დის მეგობრები ჰყვებიან ისტორიებს ცალმხრივ სიყვარულზე, სენსიტიურად ვუყურებ, რადგან მახსენდება როგორ განვიცდიდი. ერთხელ ბებიაჩემმა მითხრა: არ მიაქციო ყურადღება და მაშინ უფრო მოგაქცევენ ყურადღებასო. ეს ისე ჩარმჩა გონებაში, მაქსიმალურად თავის დაფასება დავიწყე და ახლა კი ვფიქრობ, ნეტა, ასე უნდა მოვქცეულიყავი? სწორი იყო? ასე რომ, მხოლოდ ჩემი მხრიდან კი არ იყო ცალმხრივი სიყვარულები, მათი მხრიდანაც.
– მკითხავებთან თუ დადიოდი?
– მკითხავებთან სულ დავძვრებოდი, მარტო სიყვარულის გასაგებად კი არა, ყველაფერი მაინტერესებდა. სიმართლე გითხრათ, კი მეშინია ასეთი რამეების, მაგრამ ყველა ჩემს დაქალს ავეკიდებოდი ხოლმე და დავიდიოდით. თუმცა, არც არაფერი ამიხდა, ყველა ერთნაირად ლაპარაკობდა. თუმცა, ხელი რომ ჩავიქნიე და ვთქვი, ეს ბოლო ჩემი ვიზიტი იქნება მკითხავთან-მეთქი, სწორედ, მან მითხრა: შენ უცხოელზე გათხოვდები და შენს ცხოვრებაში ეს ყველაზე დიდი სიყვარული იქნებაო. ძალიან დავცინე და ვუთხარი: საზღვარი აქვს ყველაფერს-მეთქი. მეგობრები ვიცინოდით ამაზე, თუმცა, „გაარტყა“.
– ამერიკაში გათხოვება გინანია?
– ყოფილა მომენტები, როცა ამერიკაში გათხოვება მინანია. იმას ვნანობ, როცა ბენმა მითხრა, მე ჩამოვალ საქართველოშიო და მე უარი ვუთხარი. მაშინ ვნანობ, როცა ვიჩხუბებთ და მეგობარიც არ მყავს, რომ გავიქცე მასთან, წამოვჯდეთ სამზარეულოში და ჭიქა ყავაზე მოვუყვე. გათხოვებიდან ერთი წელი არის ეიფორიის პერიოდი, მერე სხვა ეტაპზე გადადიხარ და რაღაცებს ხვდები, შემდეგ შიგადაშიგ დგება ხოლმე რთული ეტაპები, როცა ჩხუბობთ. თუ ეს გადააგორე და გამოძვერი, ესე იგი, ეს ნამდვილი სიყვარულია.
– გქონდა ბენთან ისეთი ჩხუბები, როცა გაშორებაზე ფიქრობდი?
– კი, როგორ არა. გვქონდა სერიოზული ჩხუბები, როცა გაშორებაზე მიფიქრია, თუმცა მიზეზი არ მქონდა. მერე, ფიქრდები და ხვდები, რომ ასე არ უნდა მოიქცე. და, ახლა, ამ ყველაფრის შემდეგ, უფრო კარგად ვარ ბენთან, ვიდრე თავიდან ვიყავი. თითქოს, ახლა გავდივართ თაფლობის თვეს. სულ ვემუქრები გაშორებით და ბრაზობს: ოღონდ ეგ არ მითხრა და რაც გინდა, ის მომთხოვეო (იცინის).
– რა დათმე ამ სიყვარულის გამო?
– ბევრი რამ დავთმე, მაგალითად, სამშობლო, კარიერა... ჩემი ოჯახისგან შორს ვარ და გარკვეულწილად ესეც დათმობაა. სულ მეფიქრება: მიღირდა? არ შეიძლებოდა, ბენი წამოსულიყო აქეთ? კი არსებობს ხანდახან „ბოღმები“, მაგრამ ესეც გადალახვადია.
– ვიცი, არ გიყვარს ამ თემაზე საუბარი და იმ პერიოდის გახსენება, თუმცა მაინც გკითხავ: შენს ცხოვრებაში იყო, ეგრეთ წოდებული, თაყვანისმცემელი მამაკაცი, რომელიც ჩარჩოებს გასცდა და შანტაჟსა და მუქარაზე გადავიდა. ჩამოგცილდა თუ ისევ ჩანს?
– საბედნიეროდ, დიდი ხანია არ გამოჩენილა. მართლა არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, სულ მგონია, ახლა გამოჩნდება. მოკლედ, „ფეისბუქზე“ გადამეკიდა ერთი ტიპი, სახელად გიორგი, „მის საქართველოდან“ ამიჩემა და სულ მწერდა და მიკომენტარებდა. მეც პასუხს ვწერდი. მერე, აღარ გავეცი პასუხი, აღარც ვკითხულობდი მის მონაწერებს, ამაზე გაღიზიანდა და მუქარაზე გადავიდა: მიგზავნიდა ჩემი კორპუსის ფოტოებს წარწერით – მე აქ ვდგავარ, მაქვს იარაღი, ტყვიის გემო უნდა გაგასინჯოო. ძალიან მეშინოდა, სახლიდან ვერ გავდიოდი. ოჯახის წევრებს ვუმალავდი. მაგრამ მეგობრებს რომ ვუთხარი, მიპასუხეს: უბრალოდ, სოციალურ ქსელში გემუქრება, არაფერს დაგიშავებსო. მერე ეტაპობრივად ჩამომცილდა და აღარ ჩანს. ახლა რომ იგივე განმეორდეს, აუცილებლად სამართალდამცველებს შევატყობინებ და მეგობრებს აღარ დავუჯერებ. შესაძლოა, ცუდი განზრახვა არ ჰქონდა, უბრალოდ, მაშინებდა, თუმცა, ალბათ, იმავეს სხვასაც გაუკეთებდა და ძალიან ვნანობ, მაშინ სამართალდამცველებს რომ არ მივმართე და არ დავაჭერინე. არ მინდა, ის შიში, რაც მე გადავიტანე, სხვამაც გადაიტანოს.
– წინათგრძნობა და ინტუიცია თუ გაქვს განვითარებული და სიზმრები თუ გიხდება?
– სხვათა შორის, სიზმრები არასოდეს მიხდება, წინათგრძნობა კი – ხშირად. ერთხელ, ძალიან მინდოდა შეკრებაზე წასვლა, სადაც ჩემი უახლოესი მეგობრები იკრიბებოდნენ. თუმცა, რაღაც ძალა და განცდა არ მიშვებდა და თავი შევიკავე. არ წავედი და ძალიან ცუდ ავარიაში მოყვნენ. სულ ვამბობ, ჩემი წინათგრძნობით დიდი საფრთხე ავიცილე-მეთქი. მადლობა ღმერთს, არასოდეს ვყოფილვარ ექსტრემალურ სიტუაციაში, მაგრამ ისეთი მშიშარა ვარ, შუქნიშანთან რომ ვდგავარ, ასე მგონია, სიკვდილს ვუყურებ თვალებში (იცინის). სხვათა შორის, ერთხელ თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოხვდა და ისე გვაჭანჭყარა, მეგონა, სიკვდილს ვუახლოვდებოდი და ფრენის ახლაც მეშინია. დამამშვიდებლებით ვიჭყიპები და ისე ავდივარ ტრაპზე.
– რამე თუ მოგიპარავს ან სამართლდამცავებთან პრობლემა შეგქმნია?
– კი. ბავშვობაში, 8-9 წლის ასაკში, „სნიკერსებს“ ვიპარავდი (იცინის). ერთი გამყიდველი ქალი იყო და ბავშვები რომ შევიდოდით მაღაზიაში, სულ გვეჩხუბებოდა. ჩვენ კი ჯიბრზე „სნიკერსებს“ ვიპარავდით (იცინის). 2011 წელს კი პატრულის თანამშრომლის შეურაცხყოფისთვის 400 ლარი გადამახდევინეს. 2 წუთით გავაჩერეთ მანქანა მე და მაშინდელმა ჩემმა შეყვარებულმა. პატრულმა რომ შენიშვნა მოგვცა, მე ვიქაჯე, ჩამსვეს საპატრულოს მანქანაში და ჯარიმაც „ამარტყეს“ (იცინის). ბოდიში კი მოვუხადე, მაგრამ კამერებმა დამაფიქსირა და ჩემმა ბოდიშმა ვერ მიშველა. სხვათა შორის, დღესაც ვმეგობრობ იმ პოლიციელებთან და ხშირად დამხმარებიან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან