ნუგზარ ყურაშვილი: თითქმის ყველაფერს ვპატიობ ადამიანს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00
ნუგზარ ყურაშვილის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის ნუგზარ ყურაშვილი?
ნუგზარ ყურაშვილი: ბევრი მიფიქრია ამაზე და ჯერ კიდევ არ მაქვს ჩამოყალიბებული აზრი, თუმცა შემიძლია, დაახლოებით გითხრათ – კაცთმოყვარე ადამიანი ნამდვილად ვარ. გულჩვილი, ხანდახან ცრემლიანი, სხვისი სიკეთით გამხარებელი, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი. ბოროტი და ჩამშვები კაცი მე არ ვარ. ვფიქრობ, რომ ნორმალურად ვცხოვრობ.
– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
– როცა შენს საყვარელ საქმეს აკეთებ ისე, როგორც გინდა, მბრძანებელი რომ არ გყავს... გამართული ქვეყანა რომ გაქვს, არავინ არაფერს რომ არ კარნახობს შენს სამშობლოს, არც გარე და არც შინაური. პოლიტიკაში არ გადავვარდები, მაგრამ ოდესმე „ჩვენი თავი ხომ ჩვენვე უნდა გვეყუდნოდეს“.
ვოცნებობ, რომ კარგად ვიყო ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად, ყველა ჯანმრთელად მყავდეს. საერთოდ, ყველა ნორმალური კაცი ჯანმრთელად და კარგად გრძნობდეს თავს.
– რამდენად გულჩვილი და ემოციური ადამიანი ხართ?
– ადამიანი, რომელსაც ემოციები არ გააჩნია, არა მგონია ნორმალური იყოს. კაცი რომ ასაკში შედის, უფრო შემნდობი ხდება. მიმნდობი არა, პირიქით, ეჭვები იმატებს, მაგრამ მეტად შემნდობი ნამდვილად ხდები. განიცდი, როცა გახსენდება, თუ ვინმეს უნებლიედ აწყენინე ან შემთხვევით უხიაგი სიტყვა უთხარი. ბევრს ფიქრობ ამაზე, რა მინდოდა, რამ მათქმევინაო. საერთოდ, ადამიანი სხვის ტყავში უნდა შეძვრე. რაც შენთვის არ გინდა, ის სხვას არ უნდა გაუკეთო, ადამიანს გული არ უნდა ატკინო.
წლები გამოვიარე და ვიცი, რომ ყველგან სიკეთე არ ტრიალებს და შენც გიჭირს. ასეთ დროს შეიძლება, შეცდომები დაუშვა, რომელსაც შემდეგ ნანობ. ასეთი გამოცდილებები რომ გიგროვდება, მერე გულჩვილი ხდები. რომ გითხრათ, თავიდანვე გულჩვილი ვიყავი-მეთქი – ნაკლებად, უფრო პრაგმატული ვიყავი. გულზე მეტად, ტვინით ვფიქრობდი. ახლა გული რასაც მკარნახობს, იმას ვაკეთებ. ასაკთან ერთად, ბევრ რამეს უწევ ანგარიშს.
– როდის გიტირიათ მტკივნეული თუ სიხარულის ცრემლებით, რაც გამორჩეულად დაგამახსოვრდათ?
– დედა რომ გარდამეცვალა, მაშინ ვიტირე მაგრად. ბავშვობაში, მამა რომ გარდამეცვალა, მაშინაც ძალიან ვიტირე. მერე ახალგაზრდობაში ძალიან მაგარი მეგობარი დავკარგე და მაშინ... ძალიან ცუდი გრძნობაა საყვარელი ადამიანის დაკარგვა.
დანარჩენათ, რა გითხრათ, ბოღმის გამო არასდროს მიტირია, არც ბრაზის გამო. გულში ჩამხვევი კაცი არა ვარ. დარწმუნებული ვარ, ცხოვრებაში ისეთი არაფერი დამიშავებია, რომ სატირლად მქონოდა საქმე, გარდა იმ უბედურებებისა, რაც ვთქვი.
ბედნიერების ცრემლს რაც შეეხება, ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება, მოგადგეს. შენკენ გამოსროლილ ნებისმიერ კეთილ სიტყვას შეუძლია, ცრემლი მოგგვაროს. ადამიანი ვარ და მით უმეტეს, თუ ვგრძნობ, რომ სამართლიანი შეფასებაა, ცრემლი მადგება. როცა ხედავ, რომ ვიღაცას უყვარხარ, მოსწონხარ, შენთან ურთიერთობა უნდა, ეს ბედნიერებაა. რამდენ კარგ ადამიანს ჩაუვლია ჩემ გვერდით, სულ ცოტა ხანს მქონია შეხება და ისეთი სიახლოვე მიგრძნია, მიფიქრია, ურთიერთობისთვის უფრო მეტი დრო რომ გვქონოდა, თავისუფლად შეგვეძლო დაძმაკაცება-მეთქი. ზოგჯერ უცხო კაცს დაელაპარაკები და მიხვდები, რომ ზუსტად ერთ ტალღაზე ხართ. ეს საოცარი შეგრძნებაა. ფიქრობ, თავის დროზე რომ გაგეცნო, იმეგობრებდი მასთან. ბევრი კარგი მომენტი მქონია ცხოვრებაში და ბედნიერი ვარ ამით. ღმერთს ვთხოვ, კიდევ მქონდეს. როცა თვალზე სიხარულის ცრემლები გადგება, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. როცა შვილები კარგად გყავს, შვილიშვილი რომ უნივერსიტეტში ჩააბარებს სრულიად დამოუკიდებლად და უამრავ კომპლიმენტს იღებს, მის მიმართ გამოთქმული კომპლიმენტები რომ მესმის, თან ისე, სულ რომ არ იციან, თუ ჩემი შვილიშვილია, ბედნიერების ცრემლი მადგება ხოლმე. სიხარულის ცრემლებს მე სიამაყის ცრემლებს ვეძახი.
– რას გააკეთებდით, ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ?
– „სიაფანდი“ კაცი არა ვარ, ამიტომ ვიტყვი, რომ პირველ რიგში, ჩემს საჭიროებებზე ვიფიქრებდი. გულწრფელად გეუბნებით, თუ დიდი ფული მექნებოდა, აუცილებლად ავაშენებდი ეკლესიას და აუცილებლად დავეხმარებოდი იმ ადამიანებს, ვისაც სჭირდება. უამრავი ადამიანია, ვისაც მკურნალობისთვის თანხა სჭირდება. მე ეს გამომიცდია და ვიცი, რას ნიშნავს.
– წარსულიდან რას მიიჩნევთ საკუთარი თავის მცდარ ნაბიჯად?
– ძალიან რთული შეკითხვაა. რომ ვფიქრობ, მაგისტრალური შეცდომა არ დამიშვია. შეცდომები მქონია. როცა ახალგაზრდა ხარ, შეგიძლია, დაუფიქრებლად აწყენინო ადამიანს. ამას აღარ გავაკეთებდი. ყველა ადამიანი თავისებურად ფიქრობს. ადამიანი ისეთი კი არ უნდა მიიღო, როგორიც შენ გინდა – შენ რომ გინდა, ისეთი არავინაა. ადამიანი ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის. ეს არის სიკეთე. თუ მართლა ნაძირალა არ არის, ადამიანს თითქმის ყველაფერს ვპატიობ. მიწყენინებია, ანგელოზი არ ვარ. ცხოვრებაა და ხანდახან ჩემკენაც იყო მომართული არასასიამოვნო ტალღები და იძულებული ვიყავი, კლანჭები გამომეჩინა. ასაკში კი უკვე, რაც შემიძლია, ვცდილობ, როგორმე ასეთი რამ არ მომივიდეს. ხანდახან რამეზე თუ გავბრაზდები, უცებ შევახსენებ ხოლმე საკუთარ თავს, შენ ხომ პირობა დადე, რომ ასე აღარ მოიქცეოდი-მეთქი და იმწუთას ვპაუზდები.
– სახალისო ამბავი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდათ...
– ვერ ვიხსენებ, ყოველთვის სერიოზული დავდიოდი ხოლმე პაემნებზე (იცინის). ახლა ნებისმიერი კაცი ნებისმიერ გოგოს დაელაპარაკება. ძალიან ადვილად ხდება. ჩვენ დროს ძალიან რთული იყო. შეიძლება, უფრო მორცხვები ვიყავით. სუფრებზე გოგონები ცალკე სხდებოდნენ, ბიჭები ცალკე და ასე შემდეგ. შეიძლება, ახლა როგორცაა, ეს უფრო სწორია.
მახსოვს, ერთი გოგო მომწონდა. მას, თურმე, სხვა მოსწონდა, მაგრამ მე ეს არ ვიცოდი. მერე მითხრა, არა, შენ არ მომწონხარ, ის მომწონსო, სხვაზე მეუბნება. იმ კაცს რომ შევხედე, ვიფიქრე, მაგის დედა ვატირე, ეს რით მჯობია-მეთქი. სულ სარკეში ვიხედებოდი, მე როგორ დამიწუნა და ის როგორ მოეწონა-მეთქი (იცინის). ჩემს თავზე დიდი წარმოდგენის არასდროს ვყოფლვარ, მაგრამ უშნოც არ ვიყავი – ერთი მაღალი, ქერა, გამხდარი, ცისფერთვალება ბიჭი ვიყავი. ასეთი უარი რომ მივიღე, ვერ გავიგე რატომ, რადგან ფიზიკურობით ის სხვა ნამდვილად არ გამოირჩეოდა და მართლა სულ სარკეში ვიხედებოდი. მერე მითხრეს, ნუ ნერვიულობ, კაცია და გუნება, ახია მაგაზეო (იცინის).
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– რაიხსტაგი არ ამიღია, მაგრამ მე გამარჯვება მგონია, როცა ადამიანს კარგი ოჯახი აქვს, კარგი სამუშაო და საყვარელ საქმეს პირნათლად ასრულებს. ჩვენ ძალიან ბევრს ვითხოვთ ადამიანებისგან, არადა, ასეთი პატარ-პატარა გამარჯვებებისგან დგება ადამიანი და ნორმალური საზოგადოება. მე ასეთ გამაჯვებას ყველას ვუსურვებ.
პროფესიულად თუ შევხედავთ, არ ვიქნები მეტიჩარა, მაგრამ კარგი როლები მაქვს ნათამაშები, განებივრებული ვარ ამით. გამარჯვებაა, პატივისცემას რომ ვგრძნობ ჩემი ხალხისგან. შეიძლება, არც მთლად დამსახურებულად, მაგრამ ხომ ვგრნობ, რომ ვუყვარვარ, მაფასებენ. მე ეს გამოვცადე. ვერ ვიყავი კარგად, თურქეთში სერიოზული ოპერაცია გადავიტანე და დავინახე, რომ ამქვეყნად ტყუილად არ მიცხოვრია. არ დავიღლები მადლობის გადახდით და კიდევ ერთხელ ქედს მოვიხრი ყველას წინაშე.
დამარცხებაზე ვერაფერს გავიხსენებ. ადამიანს შეიძლება, შეცდომა მოგივიდეს, მაგრამ ეს სხვაა, დამარცხება – კიდევ სხვა და დამარცხებული კაცი ძალიან ცოდოა. მერე ფეხზე წამოდგომა ძალიან რთულია.
– რით ამაყობთ ყველაზე მეტად?
– ვამაყობ ჩემი ცოლ-შვილით, შვილიშვილით. ვამაყობ, რომ მაგისტრალური შეცდომა არ დამიშვია, სიბინძურე არ ჩამიდენია, შეგნებულად ცუდი არ გამიკეთებია. ცხოვრება გადის და მიხარია, რომ ასეთი რამ არ ჩამიდენია. ეს არ არის პატარა ამბავი. ძალიან რთულია ცხოვრების გრძელი გზის წესიერად გავლა და დარწმუნებული ვარ, რომ ამის გამო საამაყო მაქვს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





