შოუბიზნესი

ნოდიკო ტატიშვილი: ზოგს ჰგონია, რომ თავისუფლება დროის უაზროდ ფლანგვაშია

№8

ავტორი: ეთო ხურციძე 11:00 01.03, 2022 წელი

ნოდიკო ტატიშვილი
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ ნოდიკო ტატიშვილთან 👇

სახელი: ნოდიკო.

გვარი: ტატიშვილი.

პროფესია: მუსიკოსი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– განსაკუთრებულად მახსოვს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი, სადაც პირველად 6 წლის ასაკში ვიმღერე.

– მშობლების როლი...

– მშობლები ჩემი აქილევსის ქუსლია. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მშობლები მყავს. ყველას ჰგონია, მათი დედ-მამა განსაკუთრებულია და ჩემთვისაც ასეა, საუკეთესოები არიან. 42 წლის წინ შეუღლდნენ, ჯერ ჩემი და – ხატია გაჩნდა, 6 წლის მერე – მე. მე და ჩემი და მთელი ცხოვრებაა ვუყურებთ, როგორ უყვარს დედას და მამას ერთმანეთი და ვხედავთ, რომ ეს სიყვარული არა თუ ცვდება, პირიქით, უფრო ძლიერი ხდება. მგონი, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია – გადის ათწლეულები და ორ ადამიანს ისევ ისე უყვარს ერთმანეთი და მეტადაც, როგორც ურთიერთობის დასაწყისში. მათი ურთიერთობა დიდი მაგალითია ჩვენთვის.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

– ის, რომ უნდა მემღერა, ბავშვობიდან ვიცოდი, დედას მუსიკალური განათლებაც აქვს, არაჩვეულებრივად ფლობს ფორტეპიანოს და 2-3 წლიდან სულ მამღერებდა ხოლმე. ოჯახში ყველამ ვიცოდით, რომ მე უნდა მემღერა, მაგრამ პარალელურად, ერთი პერიოდი, ექიმის პროფესიამ გამიტაცა და მოკლედ, სახლში თუ კი რამე თოჯინა მოგვეპოვებოდა, ყველა დავჭერი, მივჭერი, მოვჭერი – ანუ ნემსებსა და ოპერაციებს ვუკეთებდი (იცინის). თუმცა, როცა პირველად სცენაზე დავდექი, ვიმღერე და მსმენელის აპლოდისმენტების ხმა გავიგე, იქ მივხვდი, რომ სხვა ყველაფერი ჩემთვის მეათეხარისხოვანი იყო.

მუსიკალურ სასწავლებელთან ერთად სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტიც დავამთავრე და მეორე პროფესიით სახელმწიფო მართვის მოხელე ვარ. სხვათა შორის, მაშინ არ ვიყავი პოპულარული, ანუ ნიშნებს ხათრით არავინ მიწერდა (იცინის) და უნდა გითხრათ, რომ პირველივე კურსიდან სტიპენდიანტი ვიყავი და უნივერსიტეტი წარჩინების დიპლომით დავამთავრე. მაგისტრატურაში ჩაბარებაც მინდოდა და მახსოვს, კათედრის ხელმძღვანელიც ძალიან მთხოვდა ამას, თუმცა იმ პერიოდში საერთაშორისო კონკურსებზე დავდიოდი და ვეღარ მოვახერხე.

– ჩემი მეტსახელი...

– ახლა აღარ მეძახიან, თუმცა ბავშვობაში ჩემი ნუნუ-ელენე ბებია კოკორას მეძახდა (იცინის) და გეტყვით რატომ, თავზე მქონდა ორი კოკორი. თან დააყოლებდა ხოლმე: ასე რომ აქვთ, ნიშნავს, რომ ორი ცოლი გეყოლებაო, თუმცა ჯერ არ დავოჯახებულვარ.

– ადამიანში ვაფასებ...

– სიყვარულის, ერთგულების, გვერდში დგომის, სიკეთის კეთების უნარს. თუ ადამიანს სიყვარული არ შეუძლია, ის ვერაფერს შეძლებს, ვერც ოჯახის წევრების სრულფასოვან სიყვარულს, ვერც მეგობრებისა და ახლობლებისას. ამიტომ მთავარი სიყვარულია.

– წარმატებული ადამიანი არის...

– წარმატებულია ადამიანი, რომელიც პროფესიონალია თავისი საქმის, ნებისმიერ საქმეში უნდა იყო მცოდნე, პროფესიონალი. ყველაზე მეტად არ მიყვარს დილეტანტებთან საქმეში ურთიერთობა, ეს განსაკუთრებულად მაღიზიანებს. იმის თქმა მინდა, რომ ყველამ უნდა აკეთოს ის, რაც იცის ან რაშიც კარგი ალღო აქვს ან შნო.

– მწამს...

– ღმერთის.

– ღმერთის ჩემეული აღქმა...

– მკრეხელობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ საუკეთესო გვერდში მდგომი, საუკეთესო მეგობარია, რომელიც ყოველთვის გისმენს და ცდილობს, შვება მოგანიჭოს, არასდროს მყვარებია ჩემს რელიგიურ რწმენაზე საუბარი და აქ დავასრულოთ ეს პასუხი.

– მეშინია...

– ხანდახან მგონია, რომ სიკვდილის, მაგრამ გადავწყვიტე, ამაზე აღარ ვიფიქრო ხოლმე (იცინის).

– ვრისკავ...

– ყველაფრის წინასწარ განსაზღვრა მიყვარს ხოლმე, თუმცა ხანდახან გამირისკავს და ხშირად არც შევმცდარვარ.

– მაკვირვებს...

– უტიფარი ადამიანები.

– ვერიდები...

– ხშირად ვერიდები კონფლიქტებს და უფრო სწორად, თავს ვარიდებ. თან, ზოდიაქოთი მორიელი ვარ და ვცდილობ, არასდროს არავის ვატკინო გული.

– ბედისწერა...

– მგონია, რომ ჩვენ თვითონ ვწერთ საკუთარ ბედისწერას. ხშირად გადავუხვევთ ხოლმე სწორი გზიდანაც, თუმცა ადამანები ვართ და რა თქმა უნდა, ყოველთვის ზუსტად ვერ ხვდები, რა არის სწორი და რა – არა.

– მარტოობის განცდა...

– უმადური უნდა ვიყო, რომ ვთქვა, მაქვს-მეთქი. საუკეთესო ოჯახი მაქვს, საუკეთესო მეგობრები და კიდევ, როგორ ცუდადაც უნდა ვიყო, აბსოლუტურად უცხო ადამიანი ქუჩაში ან სადმე რომ გამიღიმებს, სიყვარულში გამომიტყდება და სითბოს გამოხატავს, როგორ შეიძლება, თავი მარტოდ ვიგრძნო.

– სიყვარული – ეს არის...

– საოცრებაა, ვერ ავხსნი ასე, შეუძლებელია.

– დრო და სიყვარული...

– სიყვარულს არ გააჩნია დრო.

– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია...

– ბოროტება, დანარჩენი, შეიძლება, მეტ-ნაკლებად აპატიო ადამიანს, გააჩნია ადამიანსაც და შემთხვევასაც.

– შემშურებია...

– კი. 2010 წელს პარიზში ვიყავი სტივ უანდერის კონცერტზე, „ბეღსის სტადიონზე“, სადაც შუა კონცერტში გამოვიდა სპეციალურ სტუმრად, ასევე ჩემი უსაყვარლესი არტისტი, პრინსი, რომელიც მივიდა უანდერთად, მაგრად ჩაეხუტა და შემდეგ ერთად იმღერეს, მახსოვს, რომ მაშინ ძალიან შემშურდა, მინდოდა, მე ვმდგარიყავი მათ გვედრით, ჩავხუტებოდი ორივეს და მათთან ერთად მემღერა. ძირითადად, ასეთი რაღაცების მშურს ხოლმე. (იცინის).

– სამაგიეროს გადახდა...

– ასე არ მახსენდება, მაგრამ ალბათ, გარკვეულწილად მახასიათებს. თუმცა, მახსოვს, რომ რამდენჯერმე მომეცა სამაგიეროს გადახდის საშუალება და არ გავაკეთე. ეტყობა, უცებ, ის ადამიანი ძალიან შემეცოდა.

– ბოდიშის მოხდა...

– მგონი, არ მიჭირს, ანუ აღიარება შემიძლია.

– ვიტყუები, როცა...

– როცა გამოუვალი მდგომარეობაა, თუმცა შემიძლია, გულწრფელად გითხრათ, რომ სერიოზული და ვინმესთვის ტკივილის მისაყენებელი ტყუილი არასდროს მითქვამს.

– ვნანობ...

– კი, რაღაცებს ვნანობ, თუმცა, ყველას ასაკს თავისი შეცდომები ახლავს. საუკეთესო ვარიანტია, თუ ამ შეცდომებზე ისწავლი და უარესს აღარ გააკეთებ.

– ვაგროვებ...

– მაცივრის მაგნიტებს ვაგროვებდი, ჩემი მშობლების სახლში მაცივარი სულ სავსე მაქვს და ასევე ყველა ქვეყნიდან თუ ქალაქიდან ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელი შტრიხით ნივთი ჩამომაქვს ხოლმე სამახსოვროდ.

– არასოდეს დამავიწყდება...

– ადამიანები, რომლებსაც ყოველთვის სჯეროდათ და სჯერათ ჩემი და მათი გვერდში დგომა.

– თავისუფლება – არის...

– ზოგს ჰგონია, რომ თავისუფლება დროის უაზროდ ფლანგვაშია. მე მგონია, რომ თავისუფლება ცოდნაშია, სიყვარულშია, პროფესიონალიზმშია, ურთიერთპატივისცემაშია და ზოგადად, ჯანსაღ ურთიერთობებშია.

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

– ვიღაცებთან ურთიერთობამ ცხოვრების განმავლობაში ცოტა შემცვალა და უფრო დაკვირვებული გამხადა, უნდა ვაღიარო, რომ ბოლო წლებია, ძალიან მიჭირს ადამიანების მიღება მეგობრად. რაღაც იმედგაცრუებებმა შინაგანად შემცვალეს, მაგრამ წარმატებასა და კარიერულ წინსვლას, მგონი, არ შევუცვლივარ.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– ბევრი რჩევა მიმიღია, ყოველთვის ვუსმენ ხოლმე რჩევებს ადამიანებისგან, ვისაც ვუყვარვარ და ვისიც მჯერა. ასე გამოკვეთილად არ მახსოვს.

– შესაძლებლობა რომ მქონდეს, შევცვლიდი...

– წარსულის შეცვლა წარმოუდგენელია, ამიტომ, რატომ ვიფიქრო იმაზე, რისი გამოსწორებაც ან შეცვლაც შეუძლებელია?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა