შოუბიზნესი

ნინო თოლორდავა: სუნთქვა შემეკრა, არ ვიცოდი, როგორ მიმეღო ეს ინფორმაცია

№53

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 05.01, 2021 წელი

ნინო თოლორდავა
დაკოპირებულია

ტელეწამყვანი ნინო თოლორდავა ბებია გახდა. მისი შვილი, ამიკო ხაზალია, უკვე პატარა ნოას მამაა, მისი რჩეული კი ესპანელი გოგონაა. 

ნინო თოლორდავა: რომ მეკითხებიან, ბებია გახდიო? ვპასუხობ, ამიკოს გაუჩნდა შვილი-მეთქი. ერთგვარი გამოსავალი ვიპოვე, რადგან ბებიობა ცოტა მკვეთრად მხვდება ყურში (იცინის). ჯერ ძალიან ახალი ამბავიცაა, 11 დეკემბერს გაჩნდა ნოა და ბოლომდე კიდევ ვერ აღვიქვი, რომ ჩემი შვილის შვილია. მე და ამიკო, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. ხალხს და-ძმა ვგონივართ და მეც ასეთი განცდა მაქვს. არც მახსოვს, როგორი იყო ჩემი ცხოვრება ამიკოს გარეშე და ზოგჯერ მართლა მგონია, რომ და-ძმა ვართ. „თვალი რომ გავახილე“ და ცხოვრების სწავლა დავიწყე, მას შემდეგ ვუყურებ ამიკოსაც, ერთად ბევრი რამ ვისწავლეთ. ალბათ, ჯერ ამიტომაც ვერ გავითავისე ბებიობა (იცინის). მეგობრები მეხუმრებიან, ბებიობის სეზონი გახსენი ჩვენს სამეგობროშიო.
– როგორი შეგრძნებაა?
– საოცარი. თავად ამიკო ჩემთვის ჯერ კიდევ ძალიან პატარაა. რომ ვუყურებ, მიუხედავად იმისა, რომ ოცი წლისაა და რეალურად, ძალიან პატარა აღარაა, მაინც ბავშვი მგონია. თან; თავადაც განსხვავდება თანატოლებისგან. მგონი, რომ სხვებს მის ასაკში უფრო დიდის ვიზუალი აქვთ. ამიკო გარეგნულადაც უფრო ბავშვურია. ახლა რომ ვუყურებ, გულზე საკუთარი პატარა უწევს, სასწაული გრძნობა მეუფლება. ვხედავ, რომ ჩემი შვილი ბედნიერია და მგონია, რომ ამაზე კარგი შეგრძნება არ არსებობს. ძალიან ყურადღებიანი მამაა, გიჟდება შვილზე. საკუთარი ხელით ბანს, უცვლის და ყველაფერს აკეთებს, რაც საჭიროა. მას და ნურიას იდილია აქვთ ოჯახში და ამით ვხარობ.
– მიუხედავად იმისა, რომ ასაკით დიდი არაა, როგორც ვიცი, ამიკო ძალიან დამოუკიდებელი ადამიანია.
– კი, 15 წლიდან ამერიკაში ცხოვრობს და დამოუკიდებლად ძალიან ბევრ რამეს გაართვა თავი. სკოლა იქ დაამთავრა და კოლეჯშიც ისწავლა. შემდეგ აქ ჩამოვიდა და გადაწყვიტა, სპორტული კარიერა ევროპაში გაეგრძელებინა. თუმცა პანდემიის გამო ვერ შეძლო გეგმების განხორციელება და საქართველოში დარჩა. დრო რომ არ დაეკარგა „ჯიპაში“ ჩააბარა ბიზნეს ადმინისტრირებაზე და ახლა დისტანციურად სწავლობს. ძალიან მონდომებულია. პარალელურად, ბევრს ვარჯიშობს, სპორტი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მის გარეშე ცხოვრება ვერც წარმოუდგენია. ბავშვი რომ გაჩნდა, მეორე დღესაც კი წავიდა სავარჯიშოდ. თან, რაც ყველაზე მთავარია, ნოას უვლის და მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვანი და დატვირთული პერიოდი აქვს.
– არც ამიკო და არც ნოას დედა – ნურია არაა ასაკით დიდი, როგორ უმკლავდებიან ამ პასუხისმგებლობას?
– ნურია 21 წლისაა, ამიკო 20-ის. ნურიას ჯერ არ დასწყებია სწავლა. ის ბარსელონის უნივერსიტეტში სწავლობს და იანვრიდან განაახლებს სასწავლო პროცესს. ნურიას დედა ეხმარება ბავშვის მოვლაში, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, პატარას არც მას აკარებენ და არც მე (იცინის). ისე მოხიბლულები და გახარებულები არიან ახალი სიცოცხლის დაბადებით, რომ დილიდან საღამომდე თავად უვლიან პატარას. ნურიასაც რომ დაეწყება სწავლა, ალბათ, მერე დასჭირდებათ დახმარება.
– თქვენი რძალდედომთილობა როგორია?
– ნურია ჩემი მეგობარია. თვითონ კი ამბობს, რომ გაგიცანი, თავიდან ძალიან მეშინოდა შენი, ვკომპლექსდებოდიო, მაგრამ ახლა ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. უსაყვარლესი გოგოა, თან, ქართულად ლაპარაკობს და მისი ქართულის მოსმენა ერთი სიამოვნებაა. რაც უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, მის საუბარს რომ მოვისმენ, მომენტალურად კარგ გუნებაზე ვდგები და ამიკოს ვეუბნები, არასდროს ასწავლო გამართული ქართულით საუბარი-მეთქი (იცინის).
– ქორწილს არ გეგმავთ?
– ქორწილი ქალაქგარეთ უნდა ყოფილიყო, ნურიას კაბაც ჰქონდა შეკვეთილი, მაგრამ მერე პატარას არსებობის შესახებ გავიგეთ და დრო ცოტა გადავწიეთ. ამასობაში პანდემია დაიწყო და ჯერჯერობით ვერაფერს დავგეგმავთ. ალბათ, ზაფხულში ვიზეიმებთ ბედნიერებას.
ნოა ძალიან ჰგავს პატარა ამიკოს. როგორც კი შევხედე, ოცი წლის წინანდელი ჩემი შვილი გამახსენდა. მაგრამ ბიჭები უფრო დედას ემსგავსებიან ხოლმე და საბოლოო ჯამში, ალბათ, ნურიას დაემსგავსება. ამბობენ, რომ უნდათ ბევრი შვილი ჰყავდეთ. თუმცა, უნდათ, რომ ჯერ ისწავლონ. ამიკო მუშაობის დაწყებაზეც ფიქრობს, რადგან უკვე ოჯახი ჰყავს. თან უნდა ისწავლოს და საკალათბურთო კარიერის მიტოვებასაც არ აპირებს. ალბათ, ესპანეთში გააგრძელებს კარიერას.
– როგორ შეხვდით მათ გადაწყვეტილებას, ასაკის გამო წინააღმდეგები ხომ არ იყავით?
– ამიკოს ვეხუმრები: დე, ერთი იყავი და უცბად სამი გახდი-მეთქი. ჩვენთვის თავიდან ძალიან მოულოდნელი იყო და სტრესულიც. პირველად რომ ამის შესახებ გავიგე, სუნთქვა შემეკრა. არ ვიცოდი, როგორ მიმეღო ეს ინფორმაცია და ზუსტად ერთი წუთი დამჭირდა გასაცნობიერებლად. ერთ წუთში გამინათდა გონება და მივხვდი, რომ არაფერია ამაზე დიდი ბედნიერება, როცა შენი შვილი მამა ხდება. ამ ამბავმა ძალიან გამაბედნიერა და დაბნეულობა დამავიწყა. ნოამ ჩვენს ოჯახში დიდი სიხარული შემოიტანა. თან აღდგომა დღეს შევიტყვეთ მისი არსებობის შესახებ. ეს მართლა ღვთის წყალობა იყო.
– ბებიობა, ალბათ, ცოტა გაფრთხობთ. ამ სიახლის შემდეგ სარკეში უფრო ხშირად ყურება ხომ არ დაიწყეთ?
– არაა, სარკე ძალიან მიყვარს და მასში აქამდეც ხშირად ვიყურებოდი (იცინის). მთავარია, თავს როგორ გრძნობ. ჩემი ასაკის ადამიანი ბავშვობაში ძალიან დიდი მეგონა, მაგრამ ახლა სულაც არ ვთვლი ასე და რეალურადაც არ ვარ ძალიან დიდი (იცინის). არაა ეს სტატუსი საშიში, პირიქით, ძალიან დიდი ბედნიერება. თან, თითქოს ბებიის მოცემულობაში რომ არ ხარ და ამ დროს შვილიშვილი გყავს, ძალიან მაგარი შეგრძნებაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი