შოუბიზნესი

ნინო მუმლაძე: თავს რომ იწესრიგებ და ტუჩისაცხს ისვამ, მატყუარა ხარ

№4

ავტორი: ქეთი კაპანაძე 13:00

ნინო მუმლაძე
დაკოპირებულია

ნინო მუმლაძის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის ნინო მუმლაძე?

ნინო მუმლაძე: საკუთარი თავის დახასიათება ძალიან რთულია და შესაბამისად, რთული კითხვაა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ცოტა ხნის წინ შვილი შემეძინა, ნინო მუმლაძე, პირველ რიგში, არის დედა. მალე სამსახურში გასვლა მომიწევს, მაგრამ ნახევარი წელი აბსოლუტურად ყველაფერს მოვწყდი სამყაროში და საკუთარი ცხოვრება მთლიანად ჩემს პატარას მივუძღვენი.

გარდა ამისა, სულ ვამბობდი, რომ ჯერ ქალი ვარ და მერე – ყველაფერი დანარჩენი. ჩემი ნებისმიერი ქმედებისა და ხასიათის განმსაზღვრელი ჩემი ქალურობაა.

ვარ რეალისტი და იმავდროულად, ოპტიმისტი. მგონი, გამომდის ამ ორის შეთავსება.

რაც მთავარია, ვარ თავდაჯერებული ადამიანი, რომელსაც ყოველთვის აქვს საკუთარი თავის იმედი. არ მეშინია, არ ვიბნევი გარკვეულ სიტუაციებში. ვიცი, რომ გამოსავალს ყოველთვის მოვნახავ. 40 წლის ასაკამდე ასე მოვედი – პირველ რიგში საკუთარ თავზე ვამყარებდი იმედებს, შემდეგ ოჯახზე, მეგობრებზე და ასე შემდეგ.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– ჩემი საოცნებო ცხოვრება არის, ვიცხოვროთ მშვიდ, დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანაში. ვცხოვრობდე ისეთ გარემოში, სადაც ადამიანებს არ მოუწვთ პოლიტიკაზე საუბარი, რადგან მათ ყოველდღიურ ყოფას ეს არ შეეხება. გარემოში, სადაც ადამიანის შრომა შესაბამისად დაფასდება და ყველას შეეძლება საკუთარი განათლებით მიიღოს საკმარისი შემოსავალი და არ უწევდეს, უამრავი ვარიანტის ძიება მხოლოდ იმიტომ, რომ თავი ირჩინოს. გარემოში, სადაც ხელოვანის შრომა რეალურად ფასდება, სადაც ადამიანები ერთმანეთს პატივს სცემდნენ და არ „ჭამდნენ“, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა თუ სხვა საკითხთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობის გამო.

– ოდესმე გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ?

– მადლობა ღმერთს, ყოველთვის ვახერხებდი ჩემს პროფესიასთან მიახლოებული საქმე მეკეთებინა. თითქმის ყველა ამპლუა ლაპარაკთან იყო დაკავშირებული. ვყოფილვარ რადიო, ტელეწამყვანი, ჟურნალისტიკა სხვა პროფესიაა, მაგრამ მსახიობობასთან საერთო აქვს. ამიტომ გამომივიდა, ამ სფეროში გარკვეულწილად თავი დამემკვიდრებინა. ერთადერთი, რაც მხოლოდ ფულის გამო გავაკეთე და არაფერ შუაში იყო ჩემს პროფესიასთან, ეს იყო „ღრმა“ ახალგაზრდობაში, ქუჩაში ფლაერების დარიგება.

– რამდენად ემოციური ადამიანი ხართ?

– ძალიან ემოციური ვარ. ვცდილობ არ გამოვხატო. თუ ემოციებს ავყევი, შეიძლება, ცუდად მოვიქცე (იცინის). ასაკთან ერთად მათი მართვა ვისწავლე. ახლა ამ დროს საერთოდ უკონტაქტო ვხდები და შიგნით ვხარშავ ყველაფერს. ეს გაცილებით რთული ასატანია, მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობს. ყოველთვის ვერ ვიკავებ თავს. ხანდახან მაინც იფეთქებს ხოლმე. რაც უფრო ახლობლებს ეხებათ საქმე, მით უფრო თამამი ვარ ემოციების გამოხატვაში. ამ ამბავში ახლობლები უფრო მეჩაგრებიან, ეს, მგონი, ყველასთან ასეა (იცინის). ადრე საზოგადოდაც უფრო თამამად გამოვხატავდი ემოციებს. თუმცა, ახლა კარგი ემოციების შეკავებას ნამდვილად არ ვცდილობ.

– ტირილის უფლებას თუ აძლევთ თავს და ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?

– ორსულობისას ძალიან ხშირად ვტიროდი. ისედაც ემოციური ვარ და ორსულობისას, საერთოდ, ყველა წვრილმანზე გული მიჩუყდებოდა. კარგი იყო თუ ცუდი არ აქვს მნიშვნელობა (იცინის). ზოგადად, ცრემლების არ მრცხვენია. ადამიანი იმით არის უნიკალური, რომ ემოციები აქვს და ცრემლიც ადამიანურია.

– რას გააკეთებდით, ახლა ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ?

– დაიჯერებთ, რომ ასეთ რამეებზე არც მიფიქრია?! (იცინის). მიოცნებია განსაკუთრებულ როლზე, მაგრამ არა ამაზე (იცინის). ბევრი მილიონი რომ მქონდეს, ალბათ, როგორც ყველა ადამიანი, საკუთარი ცხოვრების მოწესრიგებით დავიწყებდი. ჩემი შვილისთვის შევიძენდი სახლს, რომელიც მისი დამოუკიდებელი სივრცე იქნებოდა. რა თქმა უნდა, ჩავერთვებოდი ბავშვთა ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების საკითხში. სოციალურ ქსელში უამრავი განცხადება გვხვდება ყველას, გული მეწვის და როგორც შემიძლია, ვეხმარები, მაგრამ გაცილებით მეტია საჭირო. აუცილებლად გავაკეთებდი კარგ თავშესაფარს მარტოხელა მოხუცებისთვის. ბებია 93 წლის ასაკში გარდამეცვალა და ვიცი, როგორია ლოგინად ჩავარდნილი მოხუცის მოვლა. რომ წარმოვიდგენდი, რომ მისნაირი მოხუცები არსებობენ, ვისაც არავინ ეხმარება, რადგან ოჯახის წევრები არ ჰყავთ, გული მეწვოდა. ძალიან რთულია ასაკში მარტო ცხოვრება, მით უმეტეს, უსახსროდ – ეს კოშმარია.

– ტყუილის/მატყუარის ამოცნობა შეგიძლიათ?

– სხვათა შორის, ჩვენი პროფესია ხომ პროფესიონალური ტყუილია და წესით, კარგად უნდა ვერკვეოდე, მაგრამ – ვერა, არ გამომდის. პროფესიონალი მატყუარები ადვილად მატყუებენ (იცინის). ამბობენ, მსახიობის მოტყუება უფრო ადვილია, მას ბავშვივით აქვს ემოციები და თუ ემოციებში აიყოლიე, მერე მოტყუებაც არ გაგიჭირდებაო. სამწუხაროდ, ამ გზით შეიძლება, რაღაც აბსურდულიც დამაჯერო თუ ამას პროფესიონალურად აკეთებ (იცინის).

არ ვიტყვი, რომ მე თვითონ არასდროს ვიტყუები. დედამიწის ზურგზე ყველა ადამიანი იტყუება. ვინც ამბობს, არაო, უკვე ტყუილს ამბობს. თუნდაც თავს რომ იწესრიგებ და ტუჩის საცხს ისვამ, მატყუარა ხარ, შენ ხომ რეალურად სხვა ფერის ტუჩები გაქვს?! უბრალოდ, ტყუილის მასშტაბს გააჩნია და ადამიანს ზღვარი უნდა ჰქონდეს.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– ყველაზე დიდი გამარჯვება, ალბათ, ისაა, რომ საკმაოდ ადრეულ ასაკში გავხდი ფინანსურად და მორალურად დამოუკიდებელი. ამბობენ, ზოგი ჭირი მარგებელიაო. მარგებელს ვერანაირად ვერ დავარქმევ მამის ადრეულ ასაკში გარდაცვალებას, მაგრამ ამ ფაქტმა მაიძულა, შემოსავლის წყარო ადრეულ ასაკშივე მომეძიებინა და 15 წლიდან მე უკვე ვასწავლიდი სკოლაში, სტუდიაში და ჩემი შემოსავალი მქონდა – მცირე, მაგრამ საკუთარი. მას შემდეგ არ გავჩერებულვარ, სულ ვმუშაობ. გინდა თუ არა, ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ფინანსებზე ბევრია დამოკიდებული და ჩემმა ფინანსურმა დამოუკიდებლობამ მენტალური დამოუკიდებლობაც მომიტანა. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ჩემს ცხოვრებაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მაქვს მიღებული. დამოუკიდებლობაში აღზრდამაც შემიწყო ხელი, რაც დედაჩემის დამსახურებაა. ამიტომ, დამოუკიდებლობა – ეს არის ჩემი მთავარი მიღწევა.

მარცხს რაც შეეხება, პატარ-პატარა მარცხი შეიძლება, ყოველდღე განიცადო, მაგრამ მთავარი მარცხი, ალბათ, ისაა, რომ ვერ დავიმკვიდრე თავი, როგორც დრამატულმა მსახიობმა. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მეუბნებოდა პედაგოგი, რომ ამის მონაცემები მქონდა, მაგრამ სერიალის როლებმა, მომატებულმა კილოგრამებმა და შტამპებმა ისე წარმართა ჩემი პროფესია, რომ თეატრსა და ქართული მხატვრული ფილმის არეალში, თავი ვერ დავიმკვიდრე, როგორც კარგმა დრამატულმა მსახიობმა. ეს მიმაჩნია ჩემს მთავარ მარცხად. ვასოცირდები სერიალებთან, კომიკურ როლებთან. ჩემდა სამწუხაროდ, ასე აღმიქვამენ რეჟისორები. განა არ მომწონს სერიალის მსახიობობა, სათაკილო ნამდვილად არაფერია ამაში, მაგრამ ეს კიდევ სხვა არის.

– რა გსმენიათ საკუთარ თავზე გამორჩეულად კარგი ან ცუდი?

– მილიარდი ჭორი მომისმენია ჩემზე (იცინის). სასაცილოს ვიტყვი. „ჩემი ცოლის დაქალებში“ რამდენიმე სერიაში ფეხმძიმე ვიყავი, არ ვიცი რატომ, მაგრამ გაჩნდა ჭორი, რომ რეალურ ცხოვრებაშიც ვარ ორსულად და თან გიორგი გაგლოევისგან. მე და გიორგი ხომ ძმაკაცები ვართ, ბოლოს და ბოლოს ბიჭოს მეძახის ხოლმე, რომ მელაპარაკება, მაგრამ ისე აფეთქდა ეს ჭორი, გაგლოს პედაგოგმა დაურეკა, მართალიაო?! (იცინის). მერე ერთ–ერთი ინტერვიუს გადაღება მქონდა. შევედი, დავჯექი და გაოცებული მიყურებს ჟურნალისტი, მუცელი არ გაქვს, ორსულად არ ხარო?! საიდან მოიტანეთ-მეთქი და რას ლაპარაკობ, დანამდვილებით ვიცი, რომ გიორგი გაგლოევისგან ბავშვს ელოდებითო (იცინის). ასეთ აბსურდში ამოვყავი თავი იმის გამო, რომ სერიალში მქონდა ორსულის როლი. ცუდია ასეთი ჭორი რომ აგორდება და მით უმეტეს, ნახევარი ქალაქი რომ იჯერებს.

ჭორი, როგორც წესი კარგი არ არსებობენ. კარგს კომპლიმენტის სახით გეუბნებიან და მქონია მომენტი, ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანებს გავუჩერებივარ და უთქვამთ, ძალიან კარგი მსახიობი ხარო. ამაზე დიდი კომპლიმენტი რა უნდა იყოს?! ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე იყო და ეს არის მთავარი, რის გამოც ამ პროფესიაში ვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა