შოუბიზნესი

ნინო მუმლაძე: ოჯახი რომ არ მქონდა, ვფიქრობდი, არც მექნება-მეთქი

№32

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 12.08

ნინო მუმლაძე
დაკოპირებულია

28 მაისს მსახიობ ნინო მუმლაძის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა - ის ნანატრი შვილის, პატარა ბიჭის დედა გახდა. როგორც თავად ამბობს, ამ ბედნიერებას ენით ვერ გადმოსცემს და ის განცდა, როცა მან პირველად დაინახა თავისი პატარა, მთელი ცხოვრება გაჰყვება. პატარას სახელის შერჩევაზე ნინო და მისი მეუღლე მთელი ცხრა თვე ფიქრობდნენ და საბოლოო ჯამში, უცხო სახელი შეურჩიეს – რონი, რომელიც როგორ გაირკვა, საქართველოში არა, მაგრამ უცხოეთის ბევრ ქვეყანაში საკმაოდ პოპულარულია და ბევრს ჰქვია.

ნინო მუმლაძე: ბავშვის დაბადებამ ჩემთვის სამყარო ამოატრიალა. ძალიან პაწაწუნაა და პრაქტიკულად, მისი ხელში ჭერის გარდა, სხვას ვერაფერს ვაკეთებ. სულ სახლში ვარ, გარეთ გასვლაზე ლაპარაკიც ზედმეტია. თუ სადმე მივდივარ – მასთან ერთად, რადგან ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა და ვერსად ვტოვებ. მაღაზიაში ჩასვლის საშუალებაც არ მაქვს. მოკლედ, მთელ დღეს სახლში ვატარებ, პატარასთან ერთად.

– რამხელა დაიბადა და როცა პირველად დაინახე, რა გრძნობა იყო?

– ბავშვი 3,580 კილო და სიმაღლეში 53 სანტიმეტრი დაიბადა, ზოდიაქოთი „ტყუპებია“. სანამ დაიბადებოდა, მთელი ცხრა თვე, ძალიან დიდი მოლოდინი იყო, რადგან როგორც დედას, ჩემი წარმოსახვები მქონდა, ფანტაზიები, როგორი იქნება... დაბადების მომენტში ტკივილი და განცდა იყო, მაგრამ მისმა ტირილმა რამდენიმე წამით დაიგვიანა და ტკივილიცა და იმ მომენტში ყველანაირი განცდაც დამავიწყდა. ოღონდ ბავშვის ტირილი და კნავილი გამეგო და ჩემს ტკივილს ვინ ჩიოდა. გული კინაღამ გამიჩერდა, ვყვიროდი, რატომ არ ტირის-მეთქი და რამდენიმე წამში წამოიკნავლა. მისი ხმა რომ გავიგე და გულზე დამაწვინეს, შვებით ამოვისუთქე. თან, ისე ვიწექი, ვერ ვხედავდი კარგად, მაგრამ ვგრძნობდი მის გულისცემას, სითბოსა და სიყვარულს და ამაზე დიდი განცდა, დამიჯერეთ, ქვეყნიერებაზე არ არსებობს. იმ წამს არანორმალური შეგრძნება გაქვს, რომელსაც სიტყვებით ვერ აღწერ. სხვათა შორის, პალატაში რომ შემომიყვანეს, კარგად დავათვალიერე ჩემი პატარა, მჩხავანა ბავშვი (იცინის). ტირილით შემომიყვანეს პალატაში და დღემდე ბევრს ტირის. თავიდან, მამას ჰგავდა, ახლა რომ იზრდება, ნაკვთები ეცვლება და მე მემსგავსება. დღემდე ვკამათობთ მე და გუგა, ვის უფრო გვგავს (იცინის).

– მახსოვს, სახელზე ბევრს ფიქრობდით შენ და შენი მეუღლე და სანამ ბავშვი არ დაიბადებოდა, მანამდე არავის უმხელდით გადაწყვეტილებას. რა დაარქვით პატარას?

– სახელის არჩევაზე ბევრი ვიფიქრეთ. მე კლასიკური ქართული ვერსიები მქონდა, რომელიც ჩემს მეუღლეს არ მოსწონდა. მისი ვერსიები მე არ მომწონდა და დიდი ხანი მიდიოდა სახელის არჩევა. ძალიან მინდოდა, განსაკუთრებული და განსხვავებული სახელი დაგვერქმია. ბოლოს შევთანხმდით, ისეთი სახელი დაგვერქმია, რაც საქართველოში ხშირი არ არის. მიმართულებაში რომ ჩამოვყალიბდით, დავიწყეთ უცხოური სახელების არჩევა. მე მქონდა ვერსია რენე და უცებ ჩემმა მეუღლემ თქვა რონი. მომეჩვენა, კაცურად ჟღერდა, უცხო იყო და თან, რახან გვარი გრძელი აქვს – გოგინაშვილი, მოკლე სახელი მოუხდებოდა, მომეწონა და საბოლოო ჯამში, რონი დავარქვით. ვფიქრობ, რონი გოგინაშვილი, კარგად ერითმება ერთმანეთს. ბრიტანული სახელია და ისიც გავარკვიე, რომ თურმე ისრაელშიც პოპულარული სახელი ყოფილა. მოკლედ, ბევრ ქვეყანაში ყოფილა პოპულარული, საქართველოში კი მართლა არ გამიგია (იცინის).

– მეუღლე მშობიარობას დაესწრო?

– არა, მშობიარობას ჩემი ქმარი ვერ დაესწრო. ვფიქრობ, ეს მამაკაცის სურვილზეა დამოკიდებული. თვითონ არ შეუძლია და მე ვერ დავაძალებდი. სამაგიეროდ, ჩემი და მედგა გვერდით. მისთვის პირვეელი გამოცდილება იყო მშობიარობის დასწრების და ისე ვაჟკაცურად იყო, გამიკვირდა. მეხმარებოდა და არ დაიბნა. გაოცებული ვიყავი, ისე იქცეოდა. გეგონებოდა, ათი წელია, ამ საქმეს ემსახურება (იცინის).

– ბუნებრივად იმშობიარე თუ საკეისრო კვეთა დაგჭირდა?

– ყველა მეუბნებოდა, ასაკი გაქვს, პირველი მშობიარობაა, რატომ რისკავ, საკეისრო კვეთით გააჩინეო. სხვათა შორის, ექიმებიც კი მეუბნებოდნენ: უკვე დიდ ასაკში ხარ, პირველი მშობიარობაა და საკეისროთი მარტივად გააჩინეო. როცა მივედი იმ ექიმთან, ვისთანაც უნდა მემშობიარა და გავიარე კონსულტაცია, მითხრა: არანაირი პრობლემა არაა, არანაირი უკუჩვენება არ გააგჩნია და თუ გაქვს სურვილი, ფიზიოლოგიურად იმშობიარო, მე მომხრე ვარო. მე გადავწყვიტე ფიზიოლოგიურად მშობიარობა და ერთი წამი არ მინანია. გართულებების გარეშე, გაუტკივარებით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. სხვათა შორის, ორსულობის პერიოდში ძალიან გულჩვილი გავხდი, ყველაფერზე მეტირებოდა. მშობიარობის მერეც გამომყვა და ბავშვი რომ იწყებდა ტირილს, მეც ვტიროდი. ახლა ცოტა დავლაგდი ემოციურად (იცინის).

– თქვი, სახლიდან არ გავდივარო, მაგრამ როგორც ვიცი, უკვე ქალაქგარეთ გყავდა წაყვანილი დასასვენებლად.

– რონის მამიდა გერმანიაში ცხოვრობს, ორი წელია, საქართველოში არ ყოფილა და ახლა ჩამოვიდა. ძმისშვილი გაიცნო, მეც პირველად შევხვდი და გავიცანი. გაგვიჩნდა იდეა, რამდენიმე დღით ერთად გავსულიყავით ქალაქგარეთ და სამი დღით წავედით ბორჯომში. ეს პირველი მოგზაურობა იყო რონისთვის. სხვათა შორის, გზაში წყნარად იყო, გემრიელად გამოიძინა და იქ რომ ჩავედით, მერე გაშალა ფრთები (იცინის). ჭირვეული ბავშვია, მაგრამ ახლა, ცოტა რომ გაიზარდა, ნაკლებს ტირის, გვეთამაშება და აღუ, აღუსაც გვეუბნება. როცა იძინებს, ფეხის წვერებზე დავდივართ და იმ დროს ვასწრებ ჭამას და ბანაობას. მოკლედ, ცოტა ჭირვეული, ხასიათების ბავშვია და იმედია, რომ წამოიზრდება, შეიცვლება. იმდენად დამოკიდებული ვარ ბავშვზე, მეუღლისთვის ვერ ვიცლი. მისგან მხოლოდ პრეტენზიები მესმის, რომ მისთვის აღარ მცალია (იცინის). ახლა დროს ერთად ვეღარ ვატარებთ, ურთიერთობის ნაკლებობა გვაქვს, დღე და ღამე ბავშვი მიჭირავს ხელში და როგორ მოვიცალო? (იცინის).

ბავშვმა დიდი სიხარული და ბედნიერების შეგრძნება მოიტანა ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ფაქტია, გუგასთვის ნაკლებად მცალია. პირველ აგვისტოს გავხდი 40 წლის და ოცი წლის წინ მეგონა, ამ ასაკში დიდი შვილები მეყოლებოდა, სულ სხვანაირი წარმომედგინა ჩემი ცხოვრება. მერე, დროსთან ერთად, ისე გავიდა წლები ოჯახი არ მქონდა და ვფიქრობდი, ეს არც მოხდება-მეთქი. ერთი სიტყვით, ვერ წარმოვიდგენდი, რომ 40 წლის ასაკს შვილით ხელში შევხვდებოდი. ძალიან ბედნიერი ვარ და ვერაფრით ვიჯერებ, რომ 40 წლის ვარ – აბსოლუტურად სხვა ლეველზე ვარ, აბსოლუტურად სხვა შეგრძნებები მაქვს, ემოციურად დარესტარტებული და მგონია, ახალი ცხოვრება დავიწყე. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ახლა დადგა, ამ ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ წელს დასვენებას ვერ ვახერხებ, ჩემთვის მაინც ყველაზე ბედნიერი ზაფხულია.

– პატარა რონის მოვლაში ვინ გეხმარება?

– ამ ეტაპზე დედასთან ვარ და ძირითადად, ბებიები-დედაჩემი და დეიდაჩემი მეხმარებიან. ხელიდან ხელში გადადის, დიდი კონკურენციაა, ვინ უფრო დიდხანს დაიჭერს ბავშვს ხელში (იცინის). ჩემი მეუღლის სახლში რომ გადავალ, ჩემი დედამთილის იმედი მაქვს.

– მახსოვს, მითხარი, ბავშვის დაბადების მერე ერთად დავგეგმავთ მე და გუგა ნათლობას, ჯვრისწერას და ქორწილსო. გეგმები ხომ არ შეგიცვლიათ?

– კი ვამბობდი, მაგრამ ისიც ხომ გაგიგიათ: კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო (იცინის). შემოდგომისკენ გვინდა, მაგრამ წინასწარ მიჭირს თქმა. იმასაც ვამბობდი, სექტემბერში სამსახურშიც უნდა გავიდე და არ გამიჭირდება-მეთქი, მაგრამ ცოტას კიდევ თუ დამაცდიან, გამიხარდება (იცინის). აღმოჩნდა რომ, როცა ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, ყველაფერი გაცილებით რთულადაა, ვიდრე მე წარმომედგინა. მგონი, მოუწევს კულისებში ძილი და ჭამა (იცინის). სხვათა შორის, ორსულობის პერიოდში, დიდ სიამოვნებას მანიჭებდა პატარისთვის ნივთებისა და ტანსაცმლის შეძენა. მაგრამ, ორი თვისაა და ისე მალე მოიმატა და მოპუტკუნდა, ტანსაცმელი, რომელიც წინასწარ მქონდა ნაყიდი, უკვე აღარ ეტევა, დაუპატარავდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა