ნინო მეუნარგია: ვუყურებდი დედის მკვლელს, რომელიც ვერ გავიმეტე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 17:04 02.10

ნინო მეუნარგიას "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის ნინო მეუნარგია?
ნინო მეუნარგია: ბებია ერისთავის ქალი მყავდა – მერი ერისთავი. ის ჩემი დიდი მასწავლებელი იყო. ხშირად მეუბნებოდა: „ცხოვრების გზაზე არაერთხელ შეხვდები ორ ფეხზე მოსიარულე ნადირს. მთავარია, იყო ადამიანი!“ ვფიქრობ, რომ შევძელი – მე ადამიანი ვარ!
– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
– ნებიერი ბავშვი ვიყავი, ყველა სურვილი მისრულდებოდა. ბებიების გაზრდილი ვარ. მშობლები ახალგაზრდები იყვნენ, ადრე დაშორდნენ და ორივე ოჯახი მაქსიმალურად ცდილობდა, დედ-მამის ერთად არ ყოფნა ჩემთვის არ ეგრძნობინებინათ. ის პერიოდი უმტკივნეულოდ გადავიტანე. ყველა ნატვრა მისრულდებოდა.
სტუდენტობაც ძალიან ლამაზი მქონდა, თუმცა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა დაიწყო, მე აქტიურად ჩავერთე იმ პერიოდში მიმდინარე პროცესებში. არცერთ პარტიაში არ ვყოფილვარ. ჩვენთვის
მთავარი დამოუკიდებლობის მოპოვება იყო და ჩემი თაობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ვიყავი იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავი.
ცხრა აპრილის მონაწილე ვარ, სიკვდილს ძლივს გადარჩენილი. მაშინ ჩემი ოცნება რეალობად იქცა. სამშობლო უპირველეს ყოვლისა! მე ამ სულისკვეთებით გავიზარდე და დღესაც ასე ვცხოვრობ.
ოცნებებს რაც შეეხება, უმცროსი შვილის, დაჩიკოს კარგად ყოფნაა, მეორე – ჩემი ქვეყნის გაძლიერება და ერთმანეთის დაბრუნება. სიყვარულს თუ ვერ შევძლებთ, სიძულვილით მაინც ნუ ვიქნებით გაჟღენთილები.
– გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ, მაგრამ საჭირო იყო?
– ბებია ექიმი მყავდა და გადავწყვიტე, მეც სამედიცინოზე ჩამებარებინა. ამისთვის სტაჟი იყო საჭირო და პოლიკლინიკაში სანიტრად ვმუშაობდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მტვირთავდნენ, ეს ის საქმე იყო, რომელიც არ მომწონდა (იცინის). მშობლებს ვუთხარი, რომ ეს არ იყო ჩემი გზა.
ბავშვობიდან ძალიან კარგად ვწერდი, ამიტომ გადავწყვიტე, ფილოლოგიურზე ჩამებარებინა, ამას მოჰყვა ჟურნალისტიკის მეორადი ფაკულტეტიც. იმ დროიდან მოყოლებული, არასდროს მიკეთებია საქმე, რომელიც არ მიყვარდა. სტუდენტობისას აღმოვჩნდი ტელევიზიაში – „მეორე არხზე“. ყველაფერი აქედან დაიწყო და დღემდე მედიაში გრძელდება ჩემი საქმიანობა. ყოველთვის სასიამოვნო გარემოში მიწევდა და მიწევს ყოფნა.
23 წელია, „რადიო იმედში“ პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის ნაწილი ვარ, სადაც ყველანაირი პირობა გვაქვს განვითარებისთვის. „რადიო იმედი“ ჩემი მეორე ოჯახია.
პიარტექნოლოგიების სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ცხოვრებამ მიმიყვანა პარასპორტამდე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი უმცროსი შვილი შშმ პირია, 15 წლის წინ ამ მიმართულებით დავიწყე მუშაობა. დაიბადა ნინო მეუნარგიას საავტორო პროექტი „ჩვენ აქ ვართ“, რომელსაც ისევ და ისევ „რადიო იმედმა“ გაუღო კარი და რომელმაც მიმიყვანა პარასპორტამდე. მაშინ ეს თემები მედიისთვის ნაკლებად აქტუალური იყო, ამიტომ სამუშაო ბევრი მქონდა. შემდეგ გავხდი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. ამასთან დაკავშირებით შეთავაზება რომ მივიღე, დავფიქრდი, რადგან არ მქონდა პიარმენეჯერის შესაბამისი განათლება. ძალიან დიდი პასუხისმგებლობის აღება მიწევდა და ვორჭოფობდი. დამარწმუნეს, რომ ჩემში შესაბამის რესურსს ხედავდნენ. შვილიდან გამომდინარე, მე ძალიან კარგად ვიცნობდი შშმ პირების ცხოვრებას, მედიაში მუშაობის დიდი გამოცდილება მქონდა და ყველა საჭირო უნარი, რაც პიარმენეჯერს სჭირდებოდა.
– მინდა, ბედნიერებითა თუ ტკივილით გამოწვეული ცრემლის გახსენება გთხოვოთ...
– ყველაზე დიდი სიხარული შვილების დაბადებაა. ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა სამჯერ მარგუნა დედობა. ჩემს ცხოვრებაში ბევრი მძიმე მომენტი იყო. ეს ისევ და ისევ ჩემს უმცროს შვილს, დაჩიკოს უკავშირდება. არაერთხელ ჩავხედეთ სიკვდილს თვალებში. საბედნიეროდ, დაჩიკო გადარჩა. ამ განცდას მხოლოდ ის დედები გაიგებენ, ვისაც მსგავსი რამ გადაუტანიათ.
მეორე ამბავს გავიხსენებ, მე ყველაზე უბედური ვიყავი მაშინ, როდესაც დედას ავტომობილმა დაარტყა. იმ მომენტში მარტო ვიყავი. დედა ხელ-ფეხმოგლეჯილი დავინახე. გონება გამეთიშა, დროსა და სივრცეში დავიკარგე. საკუთარი ხმა დღესაც ჩამესმის, ვყვიროდი „არ გადააფაროთ!“ ეს საშინელება იყო. ამის გახსნება ძალიან მძიმეა.
კიდევ ბევრი მომენტი იყო, მტკივნეულიც, ბედნიერების მომტანიც, მაგრამ შვილის ცუდად ყოფნა და დედის ტრაგიკულად გარდაცვალება, ენით აუწერელი ტკივილია.
– რა მიგაჩნიათ თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– ძალიან ბევრი გამარჯვება ყოფილა. უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა საკუთარ თავზე უნდა გაიმარჯვოს. მე ჩემს თავში ვაღიარე და შემდეგ დავამრცხე ის თვისებები, რომლებიც არ მომწონდა. იდეალური არავინ არის, მაგრამ განვლილმა ცხოვრებამ, გენეტიკამ, ინტელექტმა, გამოცდილებამ, საყვარელმა ადამიანებმა მომცეს ამის ძალა. ჩემი დიდი გამარჯვება - ტკივილისგან არეართგზის ფეხზე წამოდგომა და ცხოვრების თავიდან დაწყებაა.
ყველაზე დიდი მონაპოვარი სამი შვილი, ოჯახი და ადამიანების სიყვარულია, რომელიც დავიმსახურე. ირგვლივ ბევრი მოსიყვარულე გული მყავს და ბედნიერი ვარ ამით!
საკუთარ თავზე გამარჯვება დიდი ტკივილის ფასად მოვიდა, რომელიც მშობლის დაკარგვას უკავშირდება. დედა მანქანით ახალგაზრდა ბიჭმა გაიტანა. ჩემი ჩივილის შემთხვევაში ის გრძელვადიან პატიმრობაში აღმოჩნდებოდა. ოჯახის წევრებმა მითხრეს: ნებისმიერ შენს გადაწყვეტილებას ვეთანხმებითო. საკუთარ თავს ომი გამოვუცხადე, რისხვა დავამარცხე და 18 წლის ბიჭს არ ვუჩივლე.
ეს უბედური შემთხვევა იყო და მე ისევ დედის ინსტინქტი დამეხმარა. წარმოვიდგინე, ჩემი შვილი რომ მჯდარიყო საჭესთან... ეს ახალგაზრდა უნებლიედ ადამიანის მკვლელი გახდა, საშინელებაა! დედის პირველ პანაშვიდზე მომიწია სასამართლო პროცესზე მისვლა... არასდროს დამავიწყდება აკანკალებული ბიჭის ხმა, ფეხზე ძლივს იდგა. ძალიან ცუდად გავხდი. ვუყურებდი დედის მკვლელს, რომელიც ვერ გავიმეტე. მე დავივიწყე მისი სახელი და გვარი... და ეს ჩემს თავზე დიდი გამარჯვება იყო!
რისხვის დამარცხება… მოძღვარმა მითხრა, ყველაფერი შენს შვილებს სიკეთით დაუბრუნდებაო. ღმერთმა ყველა დაიფაროს ასეთი განსაცდელისგან. მინდა, ყველა ახალგაზრდა ბედნიერი იყოს!
რაც შეეხება მარცხს, ცხოვრება კიბეა. ხან ვმარცხდებით, ხან ვიმარჯვებთ. მარცხი მეც არაერთხელ განმიცდია, მაგრამ არა უშავს. ესეც ადამიანებს უკავშირდება, რომლებშიც შევცდი, თუმცა, ეს ჩემი შეცდომა იყო. საკუთარ თავში ადამიანების გაფეტიშების თვისებაც დავამარცხე. ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ ძალიან გამზარდა, ესეც გამარჯვებაა.
მიუხედავად იმისა, რომ ზოდიაქოთი მორიელი ვარ, გულში არაფერს ვიტოვებ და არც საპასუხო დარტყმისთვის ვემზადები (იცინის) უბრალოდ, ჩემს თავს ვართმევ იმ ადამიანებს, რომლებმაც გული მატკინეს და ყველაფერი ამით სრულდება.
– თქვენს ყველაზე დიდ შიშთან რა ასოცირდება?
– 4 წლის განმავლობაში ჩვენს ოჯახში სიკვდილი ბობოქრობდა. დედა 14 ოქტომბერს, მამის გარდაცვალების ორი წლის თავზე დაიღუპა. 59 წლის იყო. მამა – 60-ის. მამის გარდაცვალების წინა საღამოს, მასთან ვიყავი, ძალიან კარგად იყო... მეორე დილით დამირეკა ჩემმა ძმამ, 7 თვის ფეხმძიმე ვიყავი დაჩიკოზე. ჩემს ძმას ხმა აუკანკალდა. ვიგრძენი, ცუდად იყო, მაგრამ მიზეზი ვერ მითხრა, ისე მოგიკითხეო. შემდეგ სხვამ დამირეკა – მამა სამსახურში, მეგობრის თვალწინ უცებ გარდაიცვალა. სახეზე ღიმილით წაქცეულა. მომენტალური სიკვდილი დაფიქსირდა, მიზეზი თრომბი იყო. სახლს ვარემონტებდით. როცა ეს გავიგე. მე და ხელოსანი იმ მომენტში მარტო ვიყავით. მხოლოდ ის მახსოვს, რომ დავვარდი და ხელოსნის შეშლილი სახე დავინახე.
შემდეგ დედა... როგორც გითხარით, დაღუპვის მომენტში ისეთ მდგომარეობაში დავინახე, რომ ამის გახსენებაც კი ძალიან ცუდად მხდის.
ვერც გამზრდელმა ბებიებმა გაუძლეს შვილების სიკვდილს და ორივე „წავიდა“. ჩემს დადას, ასე ვეძახდი ერისთავის ქალს, რომელიც ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მასწავლებელი იყო, თვალები მე დავუხუჭე და გავაცილე იმიერში.
დაჩიკოს, ჩემი უმცროსი შვილის ჯანმრთელობიდან გამომდინარე, არაერთხელ აღმოვჩენილვართ სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე და ეს ენით აუწერელი შიშია. ამიტომ მეშინია ყველაზე მეტად სიკვდილის და ამიტომაც მიყვარს ყველაზე მეტად სიცოცხლე. ჩემს თავს ვუთხარი: „რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ!“ და თავიდან დავიწყე ცხოვრება. ცხოვრებაში იმდენი ბარიერი გადავლახე, იმდენჯერ გავიმარჯვე საკუთარ თავზე, ღმერთმა დამიფაროს და ჩემი შვილების აუგის გარდა, ვერაფერი წამაქცევს.
უფალს ვთხოვ მათ კარგად ყოფნას. მადლობა ღმერთს ყოველი გათენებული დილისთვის. მადლობა დაჩიკოს სტაბილური მდგომარეობისთვის. ჩემი პატარა ხომ ჩემთან არის!
– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?
– ჩემი ოჯახით, შვილებით, მეგობრებით, საქმით, იმ ადამიანებით, რომლებიც ჩემ გვერდით არიან. სიყვარულით, რომელსაც მათგან ვგრძნობ. მე ეს დავიმსახურე! ვამაყობ ქართველობით, ჩემი ყველა მონაპოვრით, მორალური თუ სულიერი თვალსაზრისით.
მერაბ მამარდაშვილის სიტყვებით დავასრულებ საუბარს: „გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი, მეორედ და ნამდვილად“ - მე ეს შევძელი!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან