შოუბიზნესი

ნინო ლეჟავა: შეიძლება, ამ ქვეყნიდან ისე წავიდე, შვილებს სიმდიდრე ვერ დავუტოვო, მაგრამ პირობას ვდებ, ჩემი სახელით იამაყებენ

№26

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 04.07, 2022 წელი

ნინო ლეჟავა
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების გზაზე უამრავი სირთულე შეხვდა, საკუთარი თავისთვის არასოდეს გადაუბიჯებია და წინ პატიოსანი და ღირსეული შრომით მიიწევს.

ნინო ლეჟავა: ძალიან დიდი უმადურობა იქნება, თავი უიღბლო ადამიანების სიას მივაკუთვნო. ცხოვრებაში ყველა პატარა წინსვლა ძალიან მახარებს და მადლიერებას ვუგზავნი ღმერთსაც და სამყაროსაც. როცა შვილები ჯანმრთელი გყავს, როცა ხალხი სიღატაკის ზღვარზეა და შენ, თუნდაც, ერთი ნაჭერი პური გაქვს სახლში, უკვე უკეთ ხარ და მადლიერი უნდა იყო. თუმცა, მადლიერებით კი არ უნდა შემოიფარგლო, ეცადო, რაც შეგიძლია, ყველაფერი გააკეთო უკეთესობისთვის. ძალიან რთულია ოთხი ბიჭის დედობა. ერთი აბიტურიენტია და მით უმეტეს. ვხუმრობ ხოლმე, მარტო საქართველოში შეიძლება, ოთხგან მუშაობდე და მაინც ვალი გქონდეს. პატიოსანი შრომის მოყვარული ადამიანი სულ წვალებაშია, მით უმეტეს, ხელოვანი თუ ხარ. თუ შთამომავლობით არ მოგდევს რამე ან მცირე ბიზნესი არ გაქვს, ხელოვნებისგან მიღებული ხელფასით თავს ვერ გაიტან. თან დღევანდელი ფასები მართლა საოცრებაა, ხელფასი კი არ იმატებს. საბედნიეროდ, ქართველებს ერთმანეთის გატანა გვშველის. არსებობს ნისიები და ხელფასის მოახლოება იმისთვის გიხარია, რომ ვალი გაისტუმრო და ადამიანი, ვინც ხელი გაგიმართა, არ დააღალატო.

– არის მომენტი, როცა შეიძლება, მორალსა და არსებობისთვის აუცილებლობას შორის გახდეს საჭირო არჩევანის გაკეთება. გქონიათ ასეთი მდგომარეობა?

– ძალიან ხშირად, მაგრამ მე მაინც ვერ ვაბიჯებ მორალს. დღეს შეიძლება, ჩემს შვილებს გული დასწყდეთ, რაღაცაზე უარი თუ ვუთხარი, მაგრამ დრო გავა და აუცილებლად იამაყებენ. მიხვდებიან, მე რომ ეს არ მექნა, მერე თვითონვე აღმოჩნდებოდნენ უხერხულ მდგომარეობაში. ცხოვრებაში დამალული არაფერია. მე მირჩევნია, მათ ამაყად იარონ. შეიძლება, ამ ქვეყნიდან ისე წავიდე, შვილებს სიმდიდრე ვერ დავუტოვო, მაგრამ პირობას ვიძლევი, რომ იამაყებენ ჩემი სახელით, ისევე, როგორც მე ვამაყობ დღეს მამაჩემისა და დედაჩემის სახელით. პირობას ვიძლევი, რომ როცა აღარ ვიქნები, აუცილებლად დარჩება ჩემი, როგორც წესიერი დედის, მეუღლისა და ქალის სახელი. მათთვის ეს უფრო საამაყო და დასაფასებელი იქნება, ვიდრე ის, რაც შეიძლება, დღეს საკუთარ ღირსებაზე გადაბიჯებით მოვიპოვო.

– მამაც თეატრალური სამყაროს ნაწილი იყო და ვფიქრობ, რომ ძალიან ფერადი და ლაღი ბავშვობა გქონდათ.

– არასდროს გვილხინდა. მამაც წესიერი და ზედმეტად პატიოსანი არტისტი იყო. დედა მოცეკვავე გახლდათ. სირთულეები ჰქონდათ, მაგრამ მაშინ ყველაფერი გაცილებით იაფი ღირდა და ოჯახში მაცივარი ცარიელი არასდროს იყო. ნამდვილად კარგი ბავშვობა მქონდა. დედას გასტროლებზე დავყვებოდი საქართველოსა და რუსეთის მასშტაბით. მამას ყველა პრემიერას ვესწრებოდი და ჩემი დებიუტი სცენაზე ხუთი წლის ასაკში მასთან ერთად შედგა. სხვათა შორის, ჩემმა უფროსმა და მეორე შვილმაც ხუთი წლის ასაკში ითამაშეს პირველი როლები. მესამე და მეოთხემ დაარღვიეს ეს ტრადიცია. მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრებას რომ თავიდან ვიწყებდე, მე ისევ ამ პროფესიას ავირჩევ, მაგრამ მახარებს ის, რომ ჩემი ბიჭებიდან მხოლოდ უფროსი მსახიობობს. დანარჩენები მიხვდნენ, რომ კარგია ჰობად, პერიოდულად, მაგრამ ამით კაცი თავს ვერ შეინახავს. კატასტროფაა კაცისთვის მსახიობობა, თუ ოჯახიდან არ მოსდგამს შესაძლებლობა ან პატარა ბიზნესი მაინც არ აქვს. ჩვენ ეგეთი არაფერი გვაქვს. ამიტომ, მე სამგან ვმუშაობ, ჩემი უფროსი შვილიც მუშაობს. ჩემმა შვილებმა იციან, რომ არანაირი შრომა არ არის სათაკილო და მეორე ბიჭმაც, რომელიც არასრულწლოვანია, უკვე საზაფხულო სამუშაოზე დაიწყო მუშაობა. მეც არასდროს გავჩერებულვარ. 13 წლიდან სულ ვმუშაობ და ამაყი ვარ, რომ ჩემი შვილებისთვისაც არაფერია სათაკილო.

– თქვით, მამაც ზედმეტად პატიოსანი იყო და მაშინაც არ გვილხინდაო. როგორია ცხოვრება ზედმეტად პატიოსანი ადამიანისთვის?

– ჩემი ტიპის ადამიანი პატიოსნად ცხოვრობს და ღირსებაზე წინ ვერაფერს აყენებს, მაგრამ არ ჩერდება. ერთი საქმით არ კმაყოფილდება, ახლის სწავლაა საჭირო? არ დავიხევ უკან და ძალიან ბევრ ისეთ საქმეს ვაკეთებ, რაც ჩემი პროფესიისგან ძალიან შორს დგას. არიან ადამიანები, პატიოსნები, მაგრამ მათ მხოლოდ ის უნდა დაავალო, რაც მათი საქმეა, რაც იციან. ცუდი გაგებით არა, მაგრამ უხერხემლო, უფხო ადამიანია, რომელსაც მხოლოდ საკუთარი საქმის კეთება შეუძლია პატიოსნად და სხვა არაფრის. მამაჩემი იყო ასეთი. სულ ამბობდა, მე ამის მეტი არაფერი შემიძლიაო. ბენზინგასამართ სადგურზე შემომთავაზეს მუშაობა, მაგრამ მგონია, თავს ვერ გავართმევო. იმიტომ, რომ მისი ფიქრები მხოლოდ როლებითა და თეატრალური სამყაროთი იყო დაკავებული. ვერ დაძრახავ, ის გულწრფელია. ჯობს, მოიტყუოს, რომ შეუძლია და სხვასაც გაუფუჭოს საქმე?! რა თქმა უნდა, არა. მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც ძალიან კარგად შეუძლიათ, მაგრამ ამბობენ, რომ არ შეუძლიათ. თუ სხვის კისერზეა, ასეთ ადამიანს უკვე მუქთახორა ჰქვია. თუ ცოტა აქვს, მაგრამ იმას ყაბულდება, რაც აქვს, არც სხვას აწუხებს და არც საკუთარ თავს, ეს უკვე მხოლოდ მისი პრობლემაა. ყველა შემთხვევაში რთულია, მაგრამ ჩემთვის ბევრად იოლია, რადგან მე უკან არასდროს დავიხევ, ყოველთვის შევებრძოლები ცხოვრებას და მაინც მადლიერი ვიქნები. თუ ცხოვრებას უნდა მე მაჯობოს, ვერ შეძლებს, იმიტომ, რომ მე არ გავჩერდები (იცინის).

– წლების განმავლობაში ეს ბევრჯერ დაამტკიცეთ.

– კი, თუმცა ძალიან დამღლელია. ღამე ორ თუ სამ საათზე რომ დაწვები და უცებ აღმოაჩენ, რომ დაჭიმული წევხარ და ვერ ეშვები, ძალიან რთულია. ვერ ვეშვები, იმიტომ, რომ მგონია საქმე ვერ დავამთავრე, ძილშიც კი ტვინის ყველა უჯრედი მუშაობს და ფიქრობს, გზებს ეძებს, კიდევ რისი გაკეთება შეიძლება. ეს ფიქრი გაღვიძებს და გაფხიზლებს. თუმცა, მე მაინც მადლიერი, ბედნიერი და იღბლიანი ვარ. ვიღაცას მოფიქრების ფანტაზიაც არ აქვს. მე ღმერთმა ისეთი ჯანი და გამძლეობა მომცა, რომ შემიძლია, ეს ყველაფერი გადავიტანო. ხომ ამბობენ, ღმერთი იმდენს გაძლევს, რამდენის გაძლებაც შეგიძლიაო და ძალიან რომ დავიღლები, მივმართავ ხოლმე ღმერთს. მე ზემოთ ჩემი ურთიერთობები მაქვს, ვისაც უნდა, გაეცინოს, მაგრამ ვამბობ ხოლმე, ზემოთ ჩემი მეგობრები არიან-მეთქი. ჰოდა, როცა ძალიან რთულ მომენტში ვარ, ტვინი რომ მეწვება, ავხედავ ხოლმე მაღლა და ვეუბნები: შენ კი გგონია, რომ ამის გაძლებაც შემიძლია, მაგრამ ხომ ხედავ, რომ უკვე ვეღარ ვუძლებ და მომეშველე-მეთქი (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა