ნინო ხაჟომია: დიდი ტრანსფორმაცია განვიცადე, მოვკვდი და გავცოცხლდი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00
ჟურნალისტი ნინო ხაჟომია უკვე რემისიაშია. მკურნალობამ შედეგი გამოიღო – მან კიბო დაამარცხა. მძიმე გზამ, რომელიც მან გაიარა, ბევრიც ასწავლა და ბევრი რამ სრულიად ახლებურად დაანახვა. დანარჩენს თავად მოგვიყვება.
ნინო ხაჟომია: მადლობა ღმერთს, ამწუთას კიბო აღარ მაქვს. ახლა რემისიაში ვარ, მაგრამ ეს არ არის დაავადება, რომელიც ერთ წუთში მთავრდება. თუ ათი წელი იქნები რემისიაში, მერე ითვლები განკურნებულად.
რაც შეეხება ემოციურ მდგომარეობას, ძალიან მშვიდი და სტაბილური ვარ. არც მქონდა დეპრესიაზე ფიქრის დრო. ქიმიოთერაპია 10 ოქტომბერს დავამთავრე, 19 დეკემბერს – დასხივება, 21-ში უკვე გუდაურში ვიყავი. პრაქტიკულად, გუდაურში გავიარე ძალიან აქტიური რეაბილიტაციის პერიოდი. ჯერ კიდევ გავდივარ, მიიჩნევა, რომ რეაბილიტაცია ერთი წლის შემდეგ სრულდება. ჯერ კიდევ მაქვს ქიმიოთერაპიის მცირე ნარჩენი ეფექტები. არაფერი, იმედია, ღვთის მადლით, ესეც გაივლის.
– გუდაურში ბიზნესი გაქვს, რომელშიც თავიდან ბოლომდე ხარ ჩართული – რეაბილიტაციის პარალელურად, საქმის გაძღოლა რთული ამბავი იქნება...
– არ არის რთული ამბავი. რეაბილიტაციისთვის საჭიროა ფიზიკური აქტივობა. ზუსტად ის, რაც ხდება გუდაურში. კიბოს შემდეგი რეაბილიტაცია, არ ნიშნავს ლოგინში ჩაწოლას. ეს არის საკუთარ თავზე ძალიან აქტიური მუშაობის პროცესი. 19 დეკემბერს 82 კილოგრამი ვიყავი, დღეს 69 ვარ. ერთ თვეში 13 კილოგრამამდე დავიკელი. იყო შეშუპება, მაგრამ ნელ-ნელა ძველ ნინოს ვუბრუნდები, თუმცა ტრანფორმირებულს. საქმის მხრივაც ბოლომდე აქტიური ვარ.
– მინდა გთხოვო დასაწყისის გახსენება, მაგრამ არა დიაგნოზის დასმიდან. ნათქვამი გაქვს, მე დავმართე ეს ჩემს თავსო, ანუ, ყველაფერი უფრო ადრე დაიწყო. რა იგულისმება ამაში?
– ყველა დაავადებას აქვს თავის ფსიქოსომატიკა. სხეული და სული ერთიანია. ყველა დაავადება ჩვენ თვითონ მოგვყავს. ძუძუს კიბო ფსიქოსომატიკურად ძლიერი ქალების დაავადებად ითვლება. ქალების, როლებიც უარს ამბობენ საკუთარ კომფორტზე, იმიტომ რომ სიყვარული დაიმსახურონ, სხვებს ჰყვებიან თან. კიბომდე მეც ასეთი ქალი ვიყავი. არას თქმა არ ვიცოდი. რამდენად ცუდადაც არ უნდა ვყოფილიყავი, არ შემეძლო, ვინმესთვის უარი მეთქვა. სხვების გრძნობებს ვუფრთხილდებოდი. ვფიქრობდი, რომ ეწყინებოდათ. საკუთარ ემოციებს ვაბიჯებდი, იმისთვის, რომ სხვისთვის ვყოფილიყავი კარგი, მოწესრიგებული, პუნქტუალური, საყვარელი ადამიანი. თურმე, ასე არ უნდა მექნა. პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის უნდა მესმინა, მერე – ყველა დანარჩენისთვის.
ფსიქოსომატიკას რომ გავცდეთ, მე კიბო გენეტიკაში მაქვს. ჩემი ერთი დეიდა ძუძუს კიბოთი გარდაიცვალა, მეორე დეიდას 16-წლიანი რემისია აქვს. ისე არ იყო, რომ უპასუხისმგებლოდ ვუდგებოდი ამ საკითხს. ყოველ ექვს თვეში ერთხელ ვიკეთებდი ექოსკოპიას. საჭიროების შემთხვევაში – მამოგრაფიას. მაშინაც გაკეთებული მქონდა, სანამ ამ დიაგნოზს გავიგებდი. უბრალოდ, შემდეგ კვლევამდე ერთი თვე გადამიცდა, რადგან გუდაურში ვიყავი და ჩამოსვლა ვერ მოვახერხე. რომ ჩამოვედი, უკვე ეს დიაგნოზი დამისვეს. თან, ერთი კი არა, ორი კიბო მქონდა ერთ მკერდში, ორივე სხვადასხვა ტიპის. ერთი სტანდარტული კარცენომა, მეორე – რაღაც ძალიან იშვიათი სახეობა, რაც ქალების მხოლოდ ერთ პროცენტს ემართება.
– მანამდე განწყობაც ისეთი მქონდა, თითქოს ველოდი, არც გამკვირვებია, რომ მითხრესო. ასეთი განწყობაც, ალბათ, თვითდამაზიანებელია.
– რა თქმა უნდა. თუ განვიხილავთ, რომ ჩვენ ენერგეტიკულად დაკავშირებული ვართ მოვლენებთან, მაშინ ჩვენი ენერგეტიკით ვიზიდავთ იმას, რაზეც ვფიქრობთ. რადგან გენეტიკურად მე ასეთი მძიმე ისტორია მქონდა, სულ ვფიქრობდი, რომ მეც ვიქნებოდი ერთ-ერთი. თუმცა, ეს ჰიპოთეტური რამეა. დღეს მსოფლიოში ყოველ მერვე ქალს კიბო სჭირს. იმიტომ, რომ არ ვართ არსებულ ცხოვრებაზე მორგებულები. ჰაერი დაბინძურებულია, ესტროგენით არის გაჭყეპილი საკვები, საერთოდ არაფერი არ იჭმევა და ასე შემდეგ...
დღეს კიბოს მკურნალობა ძალიან შორს წავიდა. თუ მთელ ორგანიზმზე არ არის მოდებული, ძუძუს კიბოთი ქალები აღარ კვდებიან. უბრალოდ, ის გზა არის ძალიან რთული, რომელიც მკურნალობის პროცესში უნდა გაიარო. ქიმიოთერაპია იმდენად რთულია, რომ ვიხსენებ, ვფიქრობ, მოსისხლე მტერი რომ მყავდეს, მასაც კი არ ვუსურვებ იმის გამოვლას, რაც მე გამოვიარე. ამიტომ რომ მცოდნოდა, ამის გავლა მომიწევდა, აუცილებლად გავიკეთებდი „ანჯელინა ჯოლის“ ოპერაციას. ეს არის ძუძუს მთლიანად მოკვეთა, ყველანაირი ქსოვილის ამოღება და იმპლანტებით ჩანაცვლება.
ჩემს შემთხვევაშიც იგივე გავაკეთეთ, მაგრამ რთული გზის გავლის შემდეგ. ამიტომ ვამბობ, ეს რომ მცოდნოდა რამდენად რთული იყო, ადრე მოვიჭრიდი ორივე ძუძუს.
– ნათქვამი გაქვს, ქიმიოთერაპია ჩემს შემთხვევაში არ იყო რთულიო, მაგრამ ამის მიუხედავად, ძალიან მძიმე ყოფილა...
– იცი როგორი სტაბილური პაციენტი ვიყავი? – ერთი დღე არ ვყოფილვარ საავადმყოფოში რაიმე გართულებით, გარდა იმ გართულებისა, რაც მართვადია და სახლში დამოუკიდებლად გამკლავებადი. ესეც ძალიან ინდივიდუალურია. ზოგს კიდევ უფრო მსუბუქად გადააქვს, ზოგს – გაცილებით მძიმედ. ყველაფერი ორგანიზმზეა დამოკიდებული. მე მთლიანი რაუნდი გავიკეთე, ყველაზე მძიმე ქიმია რაც არის. თუმცა პირველ ქიმიაზე ასე ცუდად არ ვყოფილვარ. მეორე, 12 რაუნდი რაც გავიკეთე, იმან დამაგდო. ადამიანი აღარ ვიყავი. ქიმიოთერაპიას ყველაფერი მიაქვს ადამიანისგან – მთლიანი სიცოცხლე.
ქიმიებს დაგროვებითი ეფექტი აქვს. რაც მეტი დრო გადის, უფრო მძიმდები. შხამი გროვდება ორგანიზმში. ბოლო ორ ქიმიაზე იმდენად ცუდად ვიყავი, აკაკიმ მითხრა, შევწყვიტოთ, მეტი აღარ გაიკეთო, მეშინია არ მოკვდეო. ბოლომდე მივიყვანე, იმიტომ, რომ რაც უფრო სრულია მკურნალობა, რაც უფრო მოწესრიგებულია პროცესი, მით უფრო ნაკლებია რეციდივის შანსი. ამიტომ მოვიჭერი ორივე მკერდი, ამიტომ დავამთავრე ქიმია ბოლომდე, ამიტომ არ ვჭამ არაფერს, გარდა იმისა, რაც შეიძლება ჭამოს ონკოპაციენტმა, ამიტომ დავანებე მოწევას თავი... სხვათა შორის, სიგარეტი არ არის ისეთი ტრიგერი ძუძუს კიბოსი, რამდენადაც ალკოჰოლი. სიგარეტმა შეიძლება ფილტვის კიბო გამოიწვიოს, მაგრამ ძუძუს კიბოს პირდაპირი ტრიგერი ალკოჰოლია.
– როცა ორგანიზმი ამ მდგომარეობაშია, რა ხდება გონებაში, როგორია ემოციები...
– გონებაში ხდება სრული გადაფასება. მართლა ვამბობ, დიდი ტრანსფორმაცია გავიარე. მოვკვდი და გავცოცხლდი, მაგრამ დრო რომ გავა, კიდევ უფრო ბევრს რომ დავფიქრდები, სხვანაირად შევაფასებ, უფრო ღრმად. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ღირდა გამოვლად. საინტერესო პერიოდი იყო. ბევრი რაღაც აბსოლუტურად სხვანაირად დავინახე. ჩემი შვილების ურთიერთობა, ნათესავების, მეგობრების, საერთოდ, სამყაროს აღქმა შემეცვალა, ყველაფერი სხვანაირად შევაფასე. რატომღაც ვფიქრობთ, რომ სიკვდილი ძალიან შორს არის, მაგრამ როცა ასე ახლოს გიდგება, როცა ყოველდღე ჯერ სიკვდილს ელაპარაკები და მერე გამოდიხარ ოთახიდან, თუ გაქვს გამოსვლის თავი და მერე ელაპარაკები ოჯახის წევრებს, სხვანაირად აფასებ სამყაროს. თითოეული დღე დღესასწაულია. გუდაურში, სამი ათასი მეტრის სიმაღლეზე, მთის კენწეროზე, სადაც მე ვარ, დილა არ ყოფილა, რომ მზის ამოსვლას არ დავხვედროდი ფეხზე, რომ მისთვის მეყურებინა.
– ყველაფერს უფრო მეტი ფასი დაედო, არა?
– ასე ვერ ვიტყვი. ბევრი რაღაც აბსოლუტურად გაუფასურდა – ცხოვრების ფერხულში ჩაბმა, კარიერაზე ზრუნვა, ფულის მოხვეჭა, ბრენდული ტანსაცმელები, კარგი მანქანა და ასე შემდეგ. მხოლოდ იმას დაედო ფასი, რაც რეალურია – ადამიანებს, მათთან ურთიერთობას და სიცოცხლეს.
– დიაგნოზის მოსმენა და ოჯახის წევრებისთვის ამის თქმა კიდევ ცალკე სირთულე მგონია.
– არ არის ასე, მე მაქვს კიბო და კიდევ მე ვიფიქრო იმაზე, როგორ მიიღებს ამას ოჯახი?! არავითარ შემთხვევაში. ჩვეულებრივად ვუთხარი შვილებსაც და ქმარსაც. რატომ არის რთული სათქმელი? მე მჭირდება მათი თანადგომა და მე კიდევ იმაზე ვიფიქრო, ოჯახს როგორ ვუთხრა?! ზუსტად ეგ დამოკიდებულება ანგრევს ქალებს. მთელი ცხოვრება ხომ მონები არიან, ქმარზე, შვილზე, ოჯახზე, საზოგადოებაზე, სოციუმზე გადაყოლილები. მერე კიდევ იმის თქმის ეშინიათ, თუ რამე სჭირთ. როგორ ვუთხრა ქმარ-შვილს, რომ კიბო მაქვს?! რას ჰქვია როგორ? ჩვეულებრივად უნდა უთხრა, რომ მათი თანადგომა გჭირდება და რომ გვერდით დაგიდგნენ! ვაიმე, ქმარი როგორ გაიგებს? კიდევ ამაზე უნდა იფიქროს ქალმა? იცი, რომ ოჯახების 30 პროცენტი ინგრევა, იმიტომ, რომ ქალებს კიბო ემართებათ? რატომ? იმიტომ, რომ კაცები სუსტები არიან.
– ალბათ, ამ პროცესში, ძალიან მნიშვნელოვანია კარგზე კონცენტრირება. როგორ უნდა მოახერხო, რომ შიშმა არ დაგთრგუნოს?
– ზედმეტი ოპტიმიზმიც არასწორია. მე მაგალითად, ძალიან მაღიზიანებდა, რომ მეუბნებოდნენ, ყველაფერი კარგად იქნებაო. რას ნიშნავს ყველაფერი კარგად იქნება, შენ რა იცი, რა იქნება?! რაში მჭირდება ასეთი უსაფუძვლო ოპტიმიზმი?! დღეს სოციალურ ქსელში უამრავი ქალი მწერს და არასდროს ვამბობ ასეთ სიტყვებს. არის რაღაცები, რაც არ უნდა უთხრა ონკოპაციენტს, რადგან ის სხვა განზომილებაშია, აღარ არის ჩვეულებრივი ადამიანი. მან სიკვდილი დაინახა, ელაპარაკა, გაიცნო, ხელი ჩამოართვა, ძალიან დაუახლოვდა, მიიღო. ბევრჯერ მოკვდა გონებაში, მერე გაცოცხლდა. ისეთი მომენტიც მქონდა, რომ ფარ-ხმლის დაყრა მინდოდა, მაგრამ ჩემმა დაქალმა ისეთი ფრაზა მითხრა, რომ სიკვდილის ბოლომდე არ დამავიწყდება – ნიკას მეორეჯერ არ დააკარგვინო დედაო! ავდექი ფეხზე და გავაგრძელე მკურნალობა. საბა დიდია, ნიკას ჯერ კიდევ ძალიან ვჭირდები. თუმცა, განა საბას არ ვჭირდები?! (იცინის).
– ანუ, ამ დროს რეალური სიტუაციის ხაზგასმაა მხარდაჭერა?
– არ ვიცი, უფრო ინდივიდუალურია. რეალური სიტუაცია ჩვენზე კარგად არავინ იცის. ეს არ გვჭირდება. მაგას მერჩივნა, რასაც ჩემი დაქალები აკეთებდნენ. მოვიდოდნენ, სახლს დამილაგებდნენ, იმიტომ, რომ ამის თავი არ მქონდა. საჭმელს მომიტანდნენ, რადგან არც ამის თავი მქონდა და მიდიოდნენ. მე დღემდე ვფიქრობ, როგორ გადიან მარტოხელა დედები ამ გზას?! კარგი, მე ჩემი ქმარი მედგა გვერდით. დედას გეფიცები, სიბერეში მეორეჯერ შემიყვარდა, ამხელა ემპათია კაცში?! ცუდად ყოფნისას ჩემს სამ კაცში იმხელა ემპათია დავინახე, რომ სამივეს აბსოლუტურად სხვა თვალით შევხედე. არ ვიცი, როგორ უნდა გაუმკლავდე ადამიანი ამას მარტო, თან ოჯახს მოუარო, თან ფინანსური პასუხისმგებლობები აიღო. მეც მქონდა ეს მომენტი. ბიზნესი მაქვს, რომელიც სეზონურია და იმხელა ფინანსური პასუხისმგებლობები მაქვს, რომ ჩემი გაჩერება დამღუპველი იყო და ამას დაუმატე ეს ამბავი.
მე დღეს ორივე ძუძუ მოჭრილი მაქვს და კიდევ ერთი წინააღმდეგობა – დღემდე საჭესთან ღვედს ვერ ვიკეთებ. მივმართე კომისიას, რომ ერთი წელი შშმ სტატუსი მოენიჭებინათ. იმაზე არ იყო საუბარი, რომ 70-ლარიანი დახმარება ამეღო, უბრალოდ არსებულ რეალობას მინდოდა მოვრგებოდი. იცი, რა მიპასუხეს? შენ კარგი გამოსავალი გაქვს და ვერ მოგცემთ, ანუ, არ მოკვდებიო. გამოვიდა, რომ - მიდი, მიხედე საქმესო. რამდენიმე დღის წინ პატრულმა გამაჩერა. ღვედი არ გიკეთიაო. მართლა-მეთქი?! არ შემიძლია მეკეთოს, არცერთი ძუძუ არ მაქვს, ღვედი მეხახუნება და მტკივა-მეთქი, ვუპასუხე. თუნდაც ის საპენსიო დანაზოგი, რაც მაქვს, შემეძლო, გამომეყენებინა იმისთვის, რომ რეაბილიტაცია გუდაურში შრომაში კი არა, სხვა პირობებში გამევლო, მაგრამ არა. კარგი გამოსავალი მქონია, არ მოკვდებიო... ასეთი მიდგომები არ უნდა იყოს, მაგრამ გვაჩვევენ ასე ცხოვრებას. ახლა თბილისში ვარ ჩამოსული და სრული მარაზმია, რასაც ვხედავ. ქალაქი გაბოროტებულია, გაბოროტებული ხალხით. ექსტრემში ვარსებობთ, რომ არ მოვდუნდეთ. ეს არ არის ცხოვრება, ეს არსებობაა. მთაში რომ მივდივარ, იქ სულიერად ვისვენებ. ახლა კახეთში ვიყიდე სახლი, აპრილში დავიწყებ რეკონსტრუქციას და საერთოდ გადავალ ამ ქალაქიდან. ძროხას ვიყიდი, ქათმებს, ჩემს ბოსტანს გავაკეთებ. ადამიანურად მაინც შევჭამ და ქიმიით სავსე საკვებს მაინც აღარ მივიღებ.
– ახლა როგორ ზრუნავ საკუთარ თავზე და როგორია ცხოვრების წესი?
– ისე ვცხოვრობ, როგორც უნდა მეცხოვრა და სამწუხაროდ, აქამდე არ ვცხოვრობდი. ახლა ვიცი ეს რამდენად მნიშვნელოვანია და ვცხოვრობ ჯანსაღად. სტრესი მინიმუმზე მაქვს დაყვანილი, რადგან ეს კიბოს პირველი ტრიგერია. რაც მოსახდენია, მაინც მოხდება, ამას ვერ შევცვლი, ამიტომ ნერვიულობას აზრი არ აქვს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





