შოუბიზნესი

ნინო ძოწენიძე: როცა რამეს მიშავებენ, ასეთ ადამიანებს მაინც გამართლებას ვუძებნი

№29

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 28.07

ნინო ძოწენიძე
დაკოპირებულია

ნინო ძოწენიძის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის ნინო ძოწენიძე?

ნინო ძოწენიძე: ერთი ემოციური ხელოვანი. ვფიქრობ, რომ სამართლიანი ადამიანი ვარ და იმავდროულად, მშვიდი.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– ვაკეთო ჩემი საქმე, ვიყო რეალიზებული, ირგვლივ ყველა მყავდეს მშვიდად და ჯანმრთელად და ბოროტებას არ ვეჩეხებოდე. მინდა, ზღაპრულ გარემოში ვიცხოვრო, სადაც ბოროტება საერთოდ არ არსებობს. ვიცხოვრებდი ქალაქში, სადაც მხოლოდ სიკეთე და სიმშვიდე იტრიალებდა.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ?

– არასოდეს. ყოველთვის ჩემი პროფესიით ვმუშაობდი. როგორც ვთქვი, ემოციური ადამიანი ვარ და ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ძალიან უნდა მიყვარდეს. ძალით რაღაცის კეთება ჩემთვის ურთულესია. მე ყოველ საღამოს ვმღერი და ვამბობ ხოლმე თანამშრომლებთან, თუ აქ მოსვლა და თქვენი ნახვა არ გამახარებს, არანაირი ფულის გამო არ გავაკეთებ ამ საქმეს-მეთქი. მირჩევნია, მშიერი დავრჩე, ვიდრე ისეთ ადგილას და ისეთი საქმე ვაკეთო, რომელიც არ მიყვარს და ემოციურად ჩემთან ახლოს არ არის.

– გულჩვილი ხართ?

– ყოველთვის გულჩვილი ვიყავი. ბოლო დროს – მით უმეტეს. მეტირება ფილმების ყურებისას, ცხოველებზე ემოციური ვიდეოების ცქერისას. წლებთან ერთად, გული უფრო და უფრო სუსტდება, ყველაფერი მოქმედებს მასზე და გულჩვილობაც იმატებს. ვერ ვხვდები, როგორ შეუძლია ხალხს ამდენი ბოროტების კეთება. ზოგადად, ახლა ძალიან არეული სიტუაციაა და ამის შემყურეს, როგორ შეიძლება, კიდევ ცუდის გაკეთება მოგინდეს და პირიქით, შენი დადებითი მხარეების წინა პლანზე წამოწევას არ შეეცადო?! ინტერნეტსივრცემაც ძალიან ნეგატიურად იმოქმედა ხალხზე, სიძულვილით იკვებებიან კომენტარებში და ამას ვერასდროს გავიგებ.

– რას გააკეთებდით ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ?

– მაშინვე დავხარჯავდი, ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარებოდი. ძალიან ბევრი მყავს ირგვლივ, ვისაც თანხა ესაჭიროება და თვალსაც არ დავახამხამებდი, ისე დავარიგებდი. ჩემი სიამოვნებისთვისაც დავხარჯავდი, ისეთიც არ ვარ, მხოლოდ სხვაზე ვიფიქრო და ჩემი თავისთვის არაფერი გავაკეთო (იცინის).

– წარსულიდან რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე მცდარ ნაბიჯად?

– ცოტა ზარმაცი ვარ. არ შემიძლია, რამე ძალით გავაკეთო. ახლაც დიდი ხანია ახალი არაფერი გამიკეთებია, რადგან განწყობა არ მაქვს. ალბათ, კარგი იქნებოდა, უფრო მეტად ცივსისხლიანი ვყოფილიყავი და ემოციები უკანა პლანზე გადამეწია, ასევე, გარკვეულ ასაკში კარიერაში უფრო მეტი ენერგია ჩამედო. თუმცა, ახლაც არ არის გვიან. უფრო მეტად ვისწავლიდი საკუთარ თავთან ბალანსის მიღწევას. ეს ყველაფერი კარგია, მინდა, მაგრამ ჩემი ხასიათი ასეთია და ვერ შევცვლი. ძალით ვერაფერს გავაკეთებ, ან თუ გავაკეთებ, ამას მსმენელი აუცილებლად იგრძნობს.

– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან და თუ გასწავლათ ცხოვრებამ მატყუარა ადამიანების ამოცნობა?

– კეთილი ტყუილები მიყვარს. სერიოზულ ტყუილზე, რა თქმა უნდა, არ ვლაპარაკობ, მაგრამ პატარ-პატარა სახალისო ტყუილები ზოგჯერ საჭიროა ურთიერთობაში. კეთილი ტყუილით რაღაცების დაბალანსება შეიძლება. მაგრამ ისეთი ტყუილი არ უნდა თქვა, ვინმეს რამე რომ დაუშავდეს, ეს, რა თქმა უნდა, გამორიცხულია.

მე უკვე საკმაოდ დიდი ვარ იმისთვის, რომ ტყუილი ვერ ამოვიცნო. ჩემთვის ადამიანების ამოცნობა მარტივია. ზოგჯერ მაშინებს ჩემი ინტუიცია, კარგად ვიცი, რის შემდეგ რას მოიმოქმედებენ ადამიანები. წლებთან ერთად, ჩემი ინტუიცია მძაფრდება და ვისგან რას უნდა ველოდო, წინასწარ ვიცი.

თავს არ მოვიტყუებ, ასეთი გულუბრყვილო არ ვარ, მიწაზე საკმაოდ მყარად ვდგავარ, მაგრამ მეცინება, როცა ვინმე ჩემს მოტყუებას შეეცდება. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვერ ვტყუვდები.

თუმცა, როცა რამეს მიშავებენ, ასეთ ადამიანებს მაინც გამართლებას მოვუძებნი ხოლმე, ვფიქრობ, რომ ალბათ, სხვანაირად არ შეეძლოთ. საკმაოდ მიმტევებელი ვარ, თუმცა, ისეთი რამ არ უნდა დამიშავო, რომ წითელი ხაზები გადმოკვეთო. ზოდიაქოთი კურო ვარ, შესაბამისად, სიმშვიდე მიყვარს, მაგრამ თუ წითელი ამიფრიალე, შეიძლება, საერთოდ გაგაქრო ჩემი ცხოვრებიდან, თუმცა, ასეთი ფაქტი არ მახსენდება.

– სახალისო ამბავი თუ გადახდენიათ თავს პაემანზე?

– არც პაემანი იყო და არც სახალისო, მაგრამ ერთი ამბავზე დღემდე მეცინება: პატარა ვიყავი, ქუთაისში ერთი ბიჭი ძალიან მომწონდა, მასაც მოვწონდი. ის პერიოდი იყო, ერთმანეთს რომ არ ვუტყდებოდით. მოკლედ, ქუჩაში მოვდიოდი, საშინელი ყინვა იყო და ქუჩაში ბიჭები იდგნენ, მათ შორის ისიც, ვინც მე მომწონდა. მათ წინ როცა გავიარე, ზედმეტად მოვინდომე გაპრანჭვა, რომ მისი ყურადღება მიმექცია და გამომივიდა კიდეც, მშვენივრდ დავებერტყე დაბლა, თან, ისე, რომ კარგა ხანს კუდუსუნის ძვალი მტკიოდა (იცინის). მათაც კარგად იცინეს და მეც, თუმცა, მე – უფრო უხერხულობისგან (იცინის).

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– გამარჯვებად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ჩემს ადამიანურ მხარეებს ვინარჩუნებ. ჩემს ცხოვრებაში ფული არასდროს ყოფილა პრიორიტეტი, არასდროს ვყოფილვარ რამეზე დახამებული, პირადი ინტერესებისა და კეთილდღეობის გამო არ გადამიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩემს მორალს ეწინააღმდეგებოდა, საკუთარი ღირებულებებისთვის არასდროს მიღალატია.

ჩემი მარცხია ის, რომ სიზარმაცე ვერ გადავლახე, რომ კიდევ უფრო მეტი მეკეთებინა. ამაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მაგრამ შეიძლება, ითქვას, რომ სიჯიუტე და სიზარმაცე მახასიათებს, რაც ჩემს მარცხად მიმაჩნია.

– რა გსმენიათ ან წაგიკითხავთ საკუთარ თავზე კარგი, რაც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ და არასასიამოვნოც, რამაც გული გატკინათ?

– „შინამანაკენას“ დროიდან მახსოვს ერთი კომენტარი, რომელიც ძალიან მტკივნეულად მომხვდა გულზე. ვიღაც წერდა „ეს რა ნიჭიერია, ქმარმა გაქაჩაო“. ამ დროს ბავშვობიდან ვმღერი და გათხოვებამდე ძალიან გრძელი გზა გავიარე, უკვე ჩემი კარიერა მქონდა, საკმაოდ წარმატებული ვიყავი. აღიარება და სიყვარული ნამდვილად არ მაკლდა, მაგრამ ამ ადამიანს ისე ცუდად ეწერა, აბსოლუტურად დაუმსახურებლად, რომ გული მეტკინა. ადამიანი საერთოდ რომ არ გიცნობს, არ იცის, რა გაგიკეთებია და შეუძლია, ორი სიტყვით ხაზი გადაგისვას, არ არის სასიამოვნო. ამას წინათ კიდევ ერთ ვიდეოზე, რომელშიც სამზარეულოსა და კულინარიაზე ვსაუბრობდი, ვიღაცამ აზრი სწორად ვერ გამოიტანა და ისეთი უსიამოვნო კომენტარი დამიწერა, რომ ძალიან გავღიზიანდი, ავდექი და პირდაპირ დავურეკე მესენჯერში. ხომ ამბობენ ხოლმე, კომენტარებს საერთოდ არ ვკითხულობ, საერთოდ არ მაინტერესებსო და ასე შემდეგ, მე მგონია, რომ სინამდვილეში ყველა განიცდის თუ რამე უსამართლოს წაიკითხავს საკუთარ თავზე. უბრალოდ, მერე ნელ-ნელა უფერულდება ეს ემოციაც, მაგრამ ჩემზე მაინც მოქმედებს, გულზე მხვდება. არავის მიმართ არ არის სამართლიანი გაუგონრად ნეგატიური კომენტარები და ყველას ძალიან ვთხოვ, ეს გაითვალისწონოს. ასეთი ბოროტი ადამიანები ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევენ და მათთვისაც უკეთესია, თუ დამოკიდებულებებს შეიცვლიან.

რაც შეეხება კარგს, ძალიან ბევრი ყოფილა და ერთის გამოყოფა გამიჭირდება. ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, როცა მეუბნებიან, ცხოვრებაში უფრო ლამაზი ხარ, ვიდრე ეკრანზე, ასევე, ძალიან თავმდაბალი ხარო. უკვე წლები მომემატა და როცა მაინც პატარად მთვლიან, ესეც ძალიან მახარებს (იცინის). რომ აღნიშნავენ, ნიჭიერი ხარო, ესეც ძალიან სასიამოვნოა.

– ყოველდღიურად რისი კეთება განიჭებთ სიამოვნებას?

– ტელევიზორის ყურება. ადრე უფრო ხშირად ვკითხულობდი, ბოლო დროს ისე ვეღარ ვუდებ გულს. ფილმების ყურება ისე მიყვარს, თავისუფალი დრო თუ მაქვს, შემიძლია, გადაბმულად რვა ფილმს ვუყურო. ეს ჩემთვის კარგი რეაბილიტაციაა. ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა, საინტერესო ადამიანებთან საინტერესო თემებზე საუბარი, სიღრმეებში ჩასვლა, დაკარგვა და ისევ ზედაპირზე ამოსვლა.

– სახლის საქმეებიდან რისი კეთება გიყვართ და რისი – არა?

– წყალი მიყვარს ძალიან და შესაბამისად, ჭურჭლის რეცხვის პროცესი მანიჭებს დიდ სიამოვნებას. მეუღლე მეჩხუბება ხოლმე, რისთვის ვიყიდეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანაო (იცინის). რაც მეზიზღება ეს არის, სარეცხის გაფენა, მით უმეტეს, თუ ცივა ან ქარია (იცინის).

– ყველაზე დიდ შიშთან თქვენთვის რა ასოცირდება?

– ეს არის სიკვდილის შიში, რომელიც მამაჩემის გარდაცვალების დროს დამეუფლა. მაშინ 20 წლის ვიყავი. ეს არის შიში უსუსურობის, განცდა იმისა, რომ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია და ამ საშინელ ფაქტს უნდა შეეგუო.

– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?

– ჩემი შვილი, რომელიც ჩემზე ბევრად კარგი ადამიანია. მასზე მნიშვნელოვანი ამ ცხოვრებაში არაფერი შემიქმნია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა