ნინო ძოწენიძე: ჩემი და გიგას სიყვარული დღეს ოქროსფერია, მანამდე კი ნაცრისფრიდან დაწყებული, ყველა ფერი გამოვიარეთ
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 25.02
ნინო ძოწენიძე უკვე 23 წელია, რაც დაოჯახებულია. ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში მის ცხოვრებაში, წარმატებებთან ერთად, იყო უამრავი სირთულე, ბარიერი და წინაღობაც, რასაც მეუღლესთან, გიგა კუხიანიძესთან, ერთად გაუმკლავდა. რასაკვირველია, წყვილს შორის იყო კომპრომისებიც, რამაც მათი თანაცხოვრება უფრო მეტად გაამყარა. მომღერალს წლების მატების არ ეშინია. ერთადერთი, რასაც ნანობს, არის ის, რომ მხოლოდ ერთი შვილი გააჩინა.
ნინო ძოწენიძე: ცხოვრებაში ნამდვილად გამიმართლა, ბედნიერი ქალი ვარ. პირველ რიგში, ბედნიერი ვარ იმით, რომ სამყარომ მომცა სიმღერისა და მუსიკის სხვანაირად აღქმის ნიჭი, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. როცა ვმღერი, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერების განცდაა. როცა სამყარომ ეს ნიჭი გაიმეტა და ამ საქმეს ემსახურები, ნამდვილად ბედნიერი ხარ. რაც არ უნდა ცუდ განწყობაზე ვიყო და მიჭირდეს, სიმღერა არის ის, რასაც შეუძლია ყველა მდგომარეობიდან ჩემი გამოყვანა და ხასიათზე მოყვანა. გარდა ამისა, ძალიან გამიმართლა პირადში, რომ მყავს გიგასნაირი მეუღლე და სანდროს სახით, ისეთი შვილი, როგორიც მინდოდა, მყოლოდა.
– იყო შენს ცხოვრებაში პერიოდი, როცა ძალიან გიჭირდა, მაგრამ სცენაზე იდექი და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მღეროდი?
- მამის გარდაცვალება იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული და ყველაზე რთული პერიოდი მაშინ მქონდა. შემდეგ ბიძაშვილი გარდამეცვალა, რომელიც, ფაქტობრივად, ძმასავით მყავდა, მაგრამ სამ დღეში სცენაზე უნდა ვმდგარიყავი, მემღერა და სხვა გზა არ მქონდა. სულიერი ტკივილის დროს, როცა ყველაზე მეტად განვიცდი, ჩემთვის სიმღერაა ყველაზე დიდი შვება. ყოველთვის ვშრომობ და ვცდილობ, მყარად ვიდგე ფეხზე. იყო პერიოდები, როცა საერთოდ არ მემღერებოდა, მაგრამ პირიქით, იმ დროს სიმღერას გადავურჩენივარ.
– წლების მატება თუ გაშინებს და ასაკს ხომ არ მალავ?
– ვერ ვიტყვი, წლების მატება მახარებს-მეთქი, მაგრამ დიდადაც არ მაშინებს. ჩემს ასაკს რომ ვამბობ, ასე მგონია, სხვა ადამიანის ასაკს ვასახელებ (იცინის). რას ვიზამთ, წლები გვემატება, შვილები იზრდებიან და ღმერთმა ჯანმრთელად, გონით და ბედნიერად დაგვაბეროს ყველა. 45 წლის ვარ და ასაკს არასოდეს ვმალავ. გაზაფხულზე, 24 აპრილს ვარ დაბადებული. ვცდილობ, ყოველ წელს განსაკუთრებული დაბადების დღე მქონდეს, არ მიყვარს დაბადების დღის ჩვეულებრივად აღნიშვნა. სულ რაღაცას ვგეგმავ, მინდა, სხვა სიტუაციაში აღვნიშნო, მაგრამ ჯერ ვერ მოვახერხე, სურვილი ვერ ავიხდინე, რომ გოგოებთან ერთად წავიდე უცხოეთში და იქ აღვნიშნო, მაგალითად, რიოში და კარნავალი დაემთხვეს (იცინის). სხვათა შორის, დიდად არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე, რადგან ამ დღეს, სულ ფაციფუცი მიწევს და მღლის. უფრო აღდგომის დღესასწაული მიყვარს, ვიდრე ჩემი დაბადების დღე.
– ვფიქრობ, ეს შენი სურვილი შენმა მეუღლემ არ იცის, თორემ გიგა აუცილებლად აგიხდენდა და დაბადების დღეზე სიურპრიზს მოგიწყობდა.
– გიგა ამიხდენდა, მაგრამ ვფიქრობ, მაინც ჩემი მოსაგვარებელია (იცინის).
– არაჩვეულებრივად გამოიყურები. როგორ უვლი თავს?
– ვიტარებ ბიორევიტალიზაციას, დანარჩენი – არაფერი, ზედმეტი ჩარევები, ჯერჯერობით არ მჭირდება. თუმცა, ყოველდღიურად ვხმარობ შრატებს, დამატენიანებელს, ყოველ საღამოს ვიტარებ რუტინას, არ მეზარება და არ მახსოვს გაუსუფთავებელი სახით დავიძინო. ყოველ საღამოს ვმღერი, მისვია მინიმალური მაკიაჟი, რომელსაც ძილის წინ აუცილებლად, ვიშორებ. და ბოლო წლებში მივხვდი, რომ აუცილებელია სრულფასოვანი და მშვიდი ძილი, რომ ადამიანი კარგად გამოიყურებოდეს. ადამიანს სახეზე ვატყობ, რამდენ ხანს ეძინა. ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანია, მინიმუმ, რვასაათიანი ძილი. ამ ასაკში მივხვდი, რომ გამოძინებულ ქალს, დიდად არ სჭირდება კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება. მე გვიან ვიძინებ, მაგრამ ვცდილობ, ცოტა გვიან გავიღვიძო და ის მინიმუმი რვა საათი გამოვიძინო. ძილი თუ დამაკლდა, არაფერი აღარ მიხარია (იცინის). ზოგადად, ადამიანის გარეგნობა მისი შინაგანი განწყობის ანარეკლია. სახე რაც არ უნდა დაიბოტოქსო და გადაიჭიმო, თუ განწყობა შიგნიდან არ მოდის და ხარ უბედური, არაფერი არ გშველის. მე ყოველთვის ვცდილობ, ვიყო კარგ განწყობაზე და ბედნიერი. შევივსო კარგი, პოზიტიური ენერგეტიკით და ამით ჩემს თავს ვშველი. თუ მთელი დღე სახლში ყოფნა მომიწია, საღამოს ჩემს თავს ვაიძულებ, მოვწესრიგდე და გარეთ გავიდე, მეგობრებს შევხვდე, გოგოებთან ერთად გავერთო. ვცდილობ, შინაგანად არ გავხდე მოსაწყენი ადამიანი, რომ ეს ყველაფერი მერე ვიზუალურად არ დამეტყოს.
– რამდენი წელია, რაც გათხოვილი ხარ?
– 23 წლის გავთხოვდი და 14 თებერვალს გახდება 23 წელი, რაც გიგას ცოლი ვარ. სხვათა შორის, ფეიერვერკები არ ბრწყინავს და ბუშტები არ დაფრინავს ცაში, მაგრამ გიგამ ყოველთვის იცის ამ დღის საჩუქრით მოლოცვა. არასოდეს ავიწყდება 14 თებერვალი, ჩვენი შეუღლების დღე, ამ მხრივ, ჩემგან განსხვავებით, ძალიან ყურადღებიანია (იცინის).
– ამ 23 წლის განმავლობაში რა განსაცდელებს გაუძლო თქვენმა სიყვარულმა და ახლა რომ ფიქრობ, რა ფერების გამოვლა მოგიწიათ ცხოვრების ერთობლივ გზაზე?
– 23 წლის განმავლობაში მე და გიგამ ბევრი რამ გამოვიარეთ და ერთი რამ უდავოა, გიგა, ყველაზე სანდო ადამიანია ჩემთვის. მისთვის, ასევე, საიმედო ვარ მეც. რაც წლები გავიდა, ეს უფრო სხვა ურთიერთობაა, კიდევ უფრო მყარი, საჭირო და ძვირფასი. დროთა განმავლობაში სიყვარულს სხვადასხვა ფერები აქვს და ჩვენ ყველა მათგანი გამოვიარეთ. საბოლოო ჯამში, ხვდები, რომ შენი მეორე ნახევარი შენი საიმედო მეგობარია, ვინც ძალას გაძლევს, გაიმედებს და გეხმარება ისე ჩუმად, შეიძლება, შენ ვერც კი მიხვდე ამას. ჩემი და გიგას სიყვარული დღეს ოქროსფერია, მანამდე კი ნაცრისფრიდან დაწყებული, ყველა ფერი გამოვიარეთ. თავიდან იწყება ვარდისფრით, მერე წითლდება, მერე მწვანდება, ბევრი ფერი აქვს სიყვარულს და ურთიერთობაში ამ ფერების ერთად გავლა არ არის მარტივი, მით უმეტეს – ოჯახის შენარჩუნება.
კიდევ ვამბობ, ნაცრისფერიც ყოფილა ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ იყო კომპრომისი. თუ კომპრომისი არ არის, მაშინ არაფერი არ უშველის არცერთ ურთიერთობას. კომპრომისი საჭიროა არა მარტო ცოლ-ქმარს შორის, დედაშვილობაში, მამაშვილობაში, მეგობრობაში, როცა არ გინდა, ადამიანის დაკარგვა და ერთი ხელის მოქნევით წლების ნაშენების ჩამონგრევა. ზოდიაქოთი მე სტაბილური კურო ვარ, არ მიყვარს ცვლილებები, მიყვარს სიმშვიდე და სულიერი კომფორტი. სხვათა შორის, კირჩხიბი და კურო, ამ მხრივ, საკმაოდ კარგად შერწყმადი ზოდიაქოა. გიგა კირჩხიბია და ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს შეუძლია, კუროს შეუქმნას პირობები, რომ იყოს ისე, როგორც მას უნდა. იმდენი წელია, ერთად მოვდივართ. მე და გიგას ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის, არ ვაწუხებთ ერთმანეთს და არ ვუქმნით დისკომფორტს. ეს თუ არის და ადამიანი თმობ სიჯიუტესა და კაპრიზებს, დაუყვავებ და გაუტარებ საყვარელ ადამიანს რაღაც-რაღაცებს, აუცილებლად შექმნი მყარ ოჯახს. თორემ ყველა ადამიანს თავისი ხასიათი აქვს, ოჯახში დგება მძიმე პერიოდები და არ არის მარტივი ცხოვრება. ასე რომ, კომპრომისზე წასვლა, დათმობა და რაღაც-რაღაცების გატარება აუცილებელია, თუ გინდა, საყვარელი ადამიანის გვერდით მშვიდად იცხოვრო. სხვათა შორის, ადამიანს სახეზე რომ შევხედავ, ზუსტად ვიცი, რამდენად ბედნიერია. ოჯახური იდილია, ჰარმონია და სულიერი სიმშვიდე ქალს სახეზე ემჩნევა და ვხვდები, მას გვერდით ჰყავს მამაკაცი, რომელიც ამ პირობებს უქმნის. რაც არ უნდა შეინიღბო, სახეზე მაინც გეტყობა ის განცდა, რაც ოჯახში ხდება. ეტყობა ის სიმშვიდეც, რაც ასაკში მოდის და როცა ქალს ზურგი გამაგრებული აქვს. ანუ, იმის თქმა მინდა, ადამიანს რომ შევხედავ, სახეზე დაკვირვებით ვხვდები, ვის როგორი მეორე ნახევარი ჰყავს გვერდით. გამომეტყველებაზე და განწყობაზე ემჩნევა რამდენად ბედნიერია თუ უბედური. ადამიანის სახით იმასაც კი ვხვდები, ტოქსიკურ ურთიერთობაშია თუ არა. მარტივი სათქმელია, მაგრამ მაინც უნდა ეცადო და თავად დაალაგო შენი ცხოვრება ისე, რომ გვერდით სწორი ადამიანი გყავდეს, ის, ვინც კომფორტს გიქმნის და არ გფიტავს ენერგეტიკულად.
– თავად რისი დათმობა მოგიწია, წასულხარ კომპრომისზე გიგასთან ურთიერთობაში?
– ძალიან ბევრჯერ წავსულვარ კომპრომისზე გიგასთან. მაგალითად, როცა სახლში მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზორის ყურება ძალიან მიყვარს, არ ვრთავ, რომ არ შევაწუხო. თუ სტუმრებს უნდათ მოსვლა და გიგას არ აქვს განწყობა, მათი ვიზიტი გადამიდია და თავად წავსულვარ მათთან.
– არ ნანობ, რომ ერთ შვილზე მეტი არ გააჩინე?
– ძალიან ვნანობ, ერთ შვილზე მეტი რომ არ გავაჩინე. სანდრო რომ სამი-ოთხი წლის იყო, მეორეც უნდა გამეჩინა. მაგრამ, იმედია, სანდრო რომ დაქორწინდება, მას ეყოლება ბევრი შვილი და ვიქნები ბევრი შვილიშვილის ბებია. მე და გიგა სულ ვმუშაობდით და სანდრო დამოუკიდებლად იზრდებოდა. დამოუკიდებლობას ადრეული ასაკიდან მივაჩვიე. დღეს დიდი ბიჭია და ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ყოველთვის ვიცი, სად არის ჩემი შვილი, ვისთან ერთად და რა გარემოში. ყველაფერს მიყვება. 22 წლისაა და არაფერს ვუშლი, ვიცი, არსად არაფერს ისეთს არ გააკეთებს, რაც არ მომეწონება და არ არის მისაღები. ძალიან ყურადღებიანია. არ უყვარს ღამის კლუბები, არ ეწევა, არ სვამს, ვარჯიშობს, მობილიზებული და მოწესრიგებული ტიპია. ერთადერთს, რასაც სულ ვთხოვ, ტელეფონი ჩართული ჰქონდეს და რომ დავურეკავ, მიპასუხოს. ხანდახან, პირად ცხოვრებაზე რომ მიყვება, ვფიქრობ, როგორ მალე გავიდა დრო. ვერ ვიჯერებ, რომ ასე გაიზარდა. ახლა უკან რომ ვიყურები, დრო კატასტროფულად მალე გავიდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





