ნინო დარასელი: ვიდრე ჯერ კიდევ აინტერესებ, უნდა ადგე და წამოხვიდე
ავტორი: ეთო ხურციძე 22:00 02.11, 2021 წელი

ბლიცინტერვიუ ნინო დარასელთან 👇
სახელი: ნინო.
გვარი: დარასელი.
პროფესია: ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, PR.
– ბავშვობა...
– ჩემი ბავშვობის ყველა მოგონება აფხაზეთთან არის დაკავშირებული, სადაც ყოველ წელს ვატარებდით ზაფხულს. ასეთი მარშრუტი გვქონდა: ჯერ მივდიოდით სამეგრელოში და მერე გადავდიოდით სოხუმში, გაგრაში...
– მშობლების როლი...
– ყველას ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია, არც ჩემთვისააა გამონაკლისი. ვცდილობ, მათი მსგავსი და სამაგალითო ვიყო. მამა ჩემთვის მარტო მამა არ ყოფილა, ის იყო ჩემი პირველი უფროსი, პირველი ადამიანი, ვისთანაც მოვხვდი სამსახურში. დედა, კი – გამძლეობის, თავშეკავების, ენერგიისა და დიდსულოვანი ადამიანის მაგალითია.
– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...
– სულ მინდოდა, ვყოფილიყავი იმ ტელევიზორის ყუთში, სადაც მამა მუშაობდა. მთელი ბავშვობა დავდგებოდი სარკესთან და ვკითხულობდი გადაცემების პროგრამას. დიქტორი მინდოდა გამოვსულიყავი და რაღაც მომენტში მართლა გავხდი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და მაშინ მივხვდი, ოცნებები ნამდვილად ხდება.
– ჩემი მეტსახელი...
– „დარსო“ – გვარიდან გამომდინარე და ბევრი ადამიანი ნინოს ვეღარ მეძახის. ხანდახან ეთერშიც კი დარსოთი მოუმართავთ (იცინის).
– ადამიანში ვაფასებ...
– ადამიანში ვაფასებ ადამიანობას. ამ ბოლო დროს ამის დეფიციტია, სამწუხაროდ.
– წარმატებული ადამიანი არის...
– აუცილებელი არაა, წარმატებული ადამიანი განსაკუთრებულ თანამდებობაზე მუშაობდეს, დიდი ანაზღაურება ჰქონდეს, ტელევიზიით ხშირად ჩანდეს და ასე შემდეგ. ბევრ ისეთ ადამიანს ვიცნობ, რომლებიც დიდ საქმეებს ჩუმად აკეთებენ. თვითკმარი ადამიანია ჩემთვის წარმატებული, როცა კმაყოფილია იმით, რასაც აკეთებს. შეიძლება, ის დიასახლისი იყოს, მაგრამ ისე კარგად უძღვებოდეს საქმეს და ამ ყველაფრით იმდენად კარგად გრძნობდეს თავს, რომ საერთოდაც არ ჩამოუვარდებოდეს ვიღაც პოლიტიკოსს.
– მეშინია...
– სიბერის. ჩვენს ქვეყანაში ხანშიშესული ადამიანები უფუნქციოები ხდებიან და თითქოს, მხოლოდ ცხოვრების დასასრულს ელოდებიან, მსგავსი რამ არსად ხდება. უცხოეთში პენსიაზე გასვლის შემდეგ თავისუფალ დროს და დაზოგილ თანხას მოგზაურობისთვის, გართობისთვის იყენებენ, ჩვენთან პირიქითაა. მეშინია, რომ უმოქმედო გავხდები და ადამიანებისთვის საჭირო აღარ ვიქნები. აქ არ ვგულისხმობ სამსახურს. თუნდაც, როგორც ბებია, ამ სტატუსით რომ აღარ ვიყო საჭირო – ეს ხომ ძალიან საპატიო წოდებაა. მგონია, ბედნიერი იქამდე ხარ, ვიდრე ბებია და ბაბუა გყავს. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც ბედნიერებას ქმნიან. ამიტომ ძალიან ვდარდობ, როცა მოხუცები უყურადღებოდ რჩებიან. ამ უყურადღებობისა და საყვარელი ადამიანების დაკარგვის მეშინია, რაც წლების მატებასთან ერთად გარდაუვალია. ამიტომ არ მომწონს სიბერე.
– მწამს...
– სიყვარულის, ღმერთის, კარგი ენერგიისა და საკუთარი თავის.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– რაც დავიბადე, მასთან ერთად ვცხოვრობ და მგონია, რომ სულ თან დამყვება.
– ვრისკავ...
– ხშირად. რისკიანი ვარ და ბევრი რამე არ მაშინებს. ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, ჩვენი თაობა, 90-იანების, ფენიქსებივით ვართ, რომ გვგონია მორჩა ყველაფერი, უცებ ფერფლიდან, სულ თავიდან ვიბადებითო. მართლა ასეა, ჩვენ არაერთხელ დავიბადეთ და კიდევ ბევრჯერ დავიბადებით.
– მაკვირვებს...
– ბევრი ადამიანი თავისი ამბიციურობით, რომელიც არ შეესაბამება მათ შესაძლებლობებს. ეს ამბიციები არ მომწონს. მგონია ხოლმე, აწი აღარაფერი გამიკვირდება, მაგრამ მერე ისეთი რამ ხდება, მაინც გაკვირვებული ვრჩები.
– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია...
– სიყვარულის. სოციალური ქსელების გამო გადავეჩვიეთ ურთიერთობებს და შეხვედრებს. თითქოს ვეღარ ვასწრებთ ერთმანეთის ნახვას. ეს მარტო ონლაინსამყაროს გამოც არ ხდება, ვფიქრობ ცხოვრების ტემპიც ისე აჩქარდა, დრო აღარ გვრჩება ერთმანეთისთვის. სოციალურ ქსელში თუ შევეხმიანებით ადამიანს, ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება, თითქოს ვნახეთ, ვესაუბრეთ, სინამდვილეში ისე გადის წლები, ერთმანეთს ფიზიკურად ვერ ვნახულობთ. დღევანდელ რეალობაში ურთიერთობების ნაკლებლობა მაქვს.
– ვერიდები...
– კონფლიქტებში ჩართვას, თავადაც არ ვარ კონფლიქტური ადამიანი და თუ სადმე მსგავს სიტუაციაში მოვხვდები, დიდი დისკომფორტი მაქვს ხოლმე.
– ბედისწერა...
– მგონია, რომ რაღაც არსებობს და თითქოს დაწერილია ის, რაც უნდა გადაგხდეს, მაგრამ შეცვლა და შემოტრიალება ყოველთვის შეიძლება როგორც უკეთესობისკენ, ასევე უარესობისკენ. არ მჯერა, რომ ბედისწერა ასეთია და მაინც ასე იქნება, ყოველ შემთხვევაში, მე არ ვნებდები ხოლმე.
– რთული პერიოდი...
– ბოლო ხუთი წელი განსაკუთრებით მძიმე იყო, რადგან ჩემი ოჯახის ყველა წევრი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, ვახო გარდაიცვალა და შავ სიზმარშიც რომ არ დამსიზმრებია ისეთი ამბავი გადაგვხდა. მგონია, ყველამ ღირსეულად გავიარეთ ეს პერიოდი ჩემს ოჯახის თითოეულმა წევრმა. არ გავბოროტებულვართ, არ დავბოღმილვართ და ჩვენი სიბრაზე არ გამოგვიხატავს – გამწარებულმა ადამიანმა შეიძლება, ბევრი რამ იკადრო. კმაყოფილი ვარ, რომ არ დავკარგეთ საკუთარი თავი ამ ყველაფერში.
– სიყვარული არის...
– ის ძალა, რაც აცოცხლებს ადამიანს. ის, რასაც ამქვეყნად ყველა პრობლემის მოგვარება შეუძლია. თუ სიყვარული გაქვს, ვერასოდეს ვერაფერი მოგერევა.
– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია...
– არ ვიცი, რა არის უპატიებელი, რადგან ბევრი რამ მიპატიებია ადამიანებისთვის, ისიც კი, რასაც მეგონა, ვერ ვაპატიებდი. ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, ჩემთვის უპატიებელია ბევრი რამ, მათ შორის: ძალადობა, ადამიანების შანტაჟი, დაკნინება, მორალური და ფიზიკური განადგურება.
– სამაგიეროს გადახდა...
– ადამიანმა, რომელმაც მატკინა, უბრალოდ, მივუშვებ და ცხოვრებას, ჩემი ჩარევის გარეშე, ბევრად კარგად გამოსდის ეს ამბავი.
– ბოდიშის მოხდა...
– არ მიჭირს, მარტივად შემიძლია, მოვიხადო. და თუ ის ადამიანი ჩემთვის ღირებულია, მაშინ, ამ მხრივ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა.
– ვიტყუები...
– ხშირად (იცინის). წლების წინ, როცა მხოლოდ ქალაქის ტელეფონები იყო, ოფისში დარეკა უცხო ადამიანმა და მეკითხება: ოფისში ხართ, რომ მოვიდე? ვუპასუხე: არა, ამ წამს გავედით-მეთქი (იცინის). ასეთი ამბები ხშირად გადამხდენია, თუმცა რაღაც დიდი ტყუილი არ მითქვამს. ჯობს, საერთოდ არ მოიტყუოს ადამიანმა.
– არ მომწონს...
– არ მომწონს ბევრი რამ, მაგრამ სულ ვცდილობ, დავბლოკო და კარგი ვეძებო.
– არასოდეს დამავიწყდება...
– შვილების გაჩენა. ეს იმდენად დიდი სიხარულია, რომ დეტალები გავიწყდება ადამიანს და მარტო ემოცია გახსოვს. საერთოდ, ემოციური მახსოვრობა მაქვს და შეიძლება, დაწვრილებით რაღაც ვერც მოვყვე, მაგრამ ემოციურად ბევრი რამ მახსოვს. საბედნიეროდ, ცხოვრებაში კარგი ემოცია მეტი მქონია, ვიდრე ცუდი.
– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
– ბოლო 5 წლის ამბებმა, რაც ჩემი ოჯახის ირგვლივ დატრიალდა. ბევრად მშვიდი და ძლიერი გავხდი. იმაზე ძლიერი აღმოვჩნდი, ვიდრე მე და სხვებს წარმოგვედგინა. რატომღაც ეგონათ, ერთი განებივრებული ბავშვი ვიყავი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– დიდი ბებია მყავდა, ჟუჟა ბებო და მისი ყველა სიტყვა ნელ-ნელა მიტივტივდება ცხოვრების გზაზე. საოცარი, ბრძენი ქალი იყო. ერთხელ მითხრა: ვიდრე ჯერ კიდევ აინტერესებ, უნდა ადგე და წამოხვიდე, თავი არავის უნდა მოაბეზროო. მაშინ ვერ გავიგე, რა იგულისხმა, მეგონა, დაბადების დღიდან უნდა წამოვსულიყავი დროზე ადრე. დიდი რომ გავიზარდე მივხვდი და მართლაც ასეა, მანამდე უნდა წახვიდე, სანამ შენზე გული სწყდებათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან