შოუბიზნესი

ნინო ჩხეიძე: ვისაც არ მოსწონს, ისინი უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ ჩემს საქმიანობას, ვიდრე ვისაც მოსწონს

№29

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 28.07

ნინო ჩხეიძე
დაკოპირებულია

ბევრი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნინო ჩხეიძე საზოგადოებამ გაიცნო, შეიყვარა და მისი შემოქმედების გულშემატკივარი გახდა. ამ ხნის განმავლობაში ნინოს თითქმის არ უსაუბრია პირადი პრობლემების შესახებ და მისი პოზიტიურობიდან გამომდინარე, ალბათ, ბევრისთვის რთულად წარმოსადგენია, რომ წარმატებული კარიერის პარალელურად, მას საკმაოდ ბევრი ტკივილის გამოვლა მოუხდა.

ნინო ჩხეიძე: ჩემს წარმატებაში დიდი როლი საკუთარი საქმის სიყვარულმა ითამაშა. ასე ძალიან რომ არ მიყვარდეს ქართული სიმღერა, ვერ შევძლებდი ამდენი სირთულის გადალახვას, რასთან შეჯახებაც მომიწია. მომღერლობაზე საერთოდ არ ვფიქრობდი, მაგრამ სულ ვმღეროდი, მუსიკასა და სიმღერაზე დავდიოდი, მაგრამ ვერც ვიოცნებებდი, რომ ერთ დღეს მომღერალი გავხდებოდი და მეც სცენაზე ვიდგებოდი. ჩემი შვილი მომავალ წელს აბარებს და სულ იმას ვურჩევ, ისეთი პროფესია აირჩიე, რომელიც ძალიან გეყვარება და მუშაობის დროს საათებს არ დათვლი-მეთქი. გული ბევრჯერ მტკენია, მაგრამ ხელი არასდროს ჩამიქნევია. წინააღმდეგობები სტიმულს მიძლიერებს და ამის ენერგიას უამრავი ადამიანის სიყვარული მაძლევს. გამორიცხულია, ამხელა სიყვარული მცირედმა ნეგატივმა გადაწონოს.

– იყო პერიოდი, როცა თვითონ ვაგზავნიდი რადიოში მესიჯებს და ნინო ჩხეიძის სიმღერის გაშვებას ვითხოვდიო. მერე, როცა მოვიდა დრო და ნებისმიერ რადიოში შენი სიმღერა ისმოდა, უკვე ხალხის მოთხოვნით, რას გრძნობდი?

– ისევ ისე ვმუშაობ, როგორც თავიდან. მართალია, ახლა რადიოში მე აღარ ვგზავნი მესიჯებს ტექსტებით – „გაუშვით ნინო ჩხეიძის სიმღერა“, იმიტომ, რომ მსმენელები თვითონ ითხოვენ, მაგრამ თვითკმაყოფილების შეგრძნება არ მაქვს და ახლაც თითოეული დადებითი გამოხმაურება პირვანდელივით მიხარია.

– გწყინს ხოლმე, როცა ამ ჟანრზე ცოტა ქილიკობენ და კრიტიკას შენი მისამართითაც არ იშურებენ?

– ძალიან ნორმალურად ვიღებ ამას. ყველას ვერ მოეწონები ან კი რატომ უნდა მოსწონდე? არ მწყინს. მე ძალიან მიყვარს ჩემი მსმენელი და იმდენად დიდი აუდიტორია მყავს, არა მხოლოდ საქართველოში, საზღვარგარეთაც, იმდენად მადლიერები და კარგები არიან, როგორ შეიძლება, ქილიკს ყურადღება მივაქციო?! თუმცა, მგონია, რომ ვისაც არ მოსწონს, ისინი უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ ჩემს საქმიანობას, ვიდრე ისინი, ვისაც მოსწონს (იცინის).

– წონის კომპლექსი – ეს ფონად გასდევს შენს ცხოვრებას.

– კი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია წონა. სცენა არის ადგილი, სადაც ყველაფერი ჩანს, ისიც, რომ თავს კომფორტულად ვერ გრძნობ, თუნდაც მომატებული ერთი კილოგრამის გამოც. კამერაშიც ასეა, ყველა კომპლექსი და დისკომფორტი იკითხება. ვიზუალურად შესაძლოა, სულ არ იყოს შესამჩნევი, მაგრამ მე მართლა ზეპირად ვიცი, რომელ გამოსვლაზე რამდენი კილოგრამი ვარ. სულ ვცდილობ, წონა „დავიჭირო“, ასეა ბავშვობიდან მოყოლებული. ძალიან გამხდარი არასდროს ვყოფილვარ. პუტკუნა ვიყავი, მაგრამ არა ჭარბწონიანი. ისეთიც რომ დავრჩენილიყავი, არაფერი დაშავდებოდა, მაგრამ მე შემაწუხა და კომპლექსად მექცა. საქართველოში, რატომღაც ყველა ითხოვს, რომ ძალიან გამხდარი იყო. სიგამხდრის ისტერიაა.

– ამ კომპლექსს თუ მიუყვანიხარ რთულ მდგომარეობამდე?

– იქიდან გამომდინარე, რომ რაც წონას და სწორ თუ არასწორ დიეტებს შეეხებოდა, ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე და პრაქტიკულად, სულ მშიერი დავდიოდი, ცუდ შედეგამდე მივედი. ცუდად ვხდებოდი, ჰაერის უკმარისობა მქონდა ხოლმე. თავს ცუდად ვგრძნობდი. პანიკური შეტევები მემართებოდა – შფოთვა მქონდა, ვაიმე, ცუდად არ გავხდე-მეთქი და ამაზე ნერვიულობით გული მიმდიოდა. ვისაც გამოუცდია, იცის ამ დაავადების სიმპტომები. დავიწყე გამოკვლევა და ეს პრობლემები სწორი კვებითა და ცხოვრების ჯანსაღი წესით მოვიშორე. მთლიანად შევცვალე საკვებთან ჩემი დამოკიდებულება. გავაცნობიერე, რომ ის ჩემი მტერი არ არის და ვჭამ ყველაფერს, თუმცა კალორიებს ვითვლი. ჩემი ორგანიზმი ძალიან დიდ სტრესში იყო და ეს სტრესი თავიდან მოვიშორე.

– ყველა გიცნობს და გაკვირდება. ამ პრობლემების მიუხედავად, ალბათ, არ გქონდა უფლება შემოქმედებითი ცხოვრება დაგეპაუზებინა.

– კი, არ გაქვს უფლება გაჩერდე და ვერც იმას ვამბობდი, რაც მაწუხებდა. არ ვიცოდი, რა იყო სწორი იმ სიტუაციაში. ზოგადად, არ მიყვარს ჩემს პრობლემას რომ ვინმეს თავს ვახვევ, საერთოდ, საუბარიც არ მიყვარს პრობლემებზე. ნანუკა ჟორჟოლიანმა რომ დაიწყო ხმამაღლა საუბარი პანიკურ შეტევებზე, მეც მოტივაცია მომცა. ვიგრძენი, რომ არ „ტეხავს“ და შევგულიანდი. მივხვდი, რომ ძალიან კარგია ამაზე საუბარი. თავიდან ნანუკას დაველაპარაკე, მერე კიდევ სხვებთან შევძელი საუბარი. თითქოს, დასამალი კი აღარ იყო, პირიქით, შემეძლო ამაზე ხმამაღლა მესაუბრა და ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ინდივიდუალური გამოცდილება, რჩევები მიგვეღო და გაგვეცა. ძალიან კარგად ვიგრძენი თავი. ჩემთვის სამაგალითო იყო ნანუკას ნაბიჯი. მანვე მიმასწავლა ძალიან კარგ ექიმთან და საბოლოო ჯამში, სწორედ, მან მიშველა, მაგრამ ფიქრი იმაზე, როგორ მიიღებდა ამას საზოგადოება, მაბნევდა და ნანუკამ, ამ მხრივაც, ძალიან მიშველა. აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება იმავე პრობლემით. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩვენგან მოდის და უნდა გავთავისუფლდეთ იმ მარწუხებისგან, რომელშიც საკუთარ თავს ვაქცევთ.

– იმ პერიოდში შემოქმედებითად აქტიური ცხოვრების გაგრძელება როგორ მოახერხე?

– ეს პერიოდი დაემთხვა იმ დროს, როცა მე ყველაზე მეტი კონცერტი მქონდა. არაფრით დავნებდი. არ ვიცი, როგორ, მაგრამ საკუთარ თავს ვაბიჯებდი და ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ სცენაზე გავსულიყავი და იქ არაფერი შემტყობოდა. არ მინდოდა გაჩერება და მადლობა ღმერთს, მგონი, გამომივიდა. გადაცემაში და გადაღების დროს იმდენად ცუდად ვყოფილვარ, მთელი სხეული დამბუჟებია, მეგონა, ჰაერი არ მყოფნიდა, მაგრამ მერე ის გადაცემა რომ მიყურებია, გამიცნობიერებია, რომ ეკრანზე არაფერი მეტყობა. არ ვნებდებოდი და ყველას ვურჩევ, როდესაც მსგავსი შეტევა გექნებათ, მაქსიმალურად შეეცადეთ, მას ყურადღება არ მიაქციოთ. არ დანებდეთ, იბრძოლეთ, საკუთარი საქმის კეთება გააგრძელეთ, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ნაბიჯების გადადგმა არ შეწყვიტოთ. არ თქვათ: მე ავად ვარ და მორჩა, ვეღარაფერს გავაკეთებ! – ეს მიდგომა უფრო ჩაგითრევთ. ეს პრობლემა ნახევარ მსოფლიოს სჭირს და ასე რომ მოვიქცეთ, არაფერი გამოვა. რაც უფრო ძლიერ წინააღმდეგობას გავუწევთ, არ მოვდუნდებით და ჩვენი საქმის კეთებას განვაგრძობთ, ის ნელ-ნელა უკან დაიხევს. მათ, ვისაც პანიკური შეტევები აქვს, მინდა, ვუთხრა, რომ იყვნენ უფრო ლამაზები, უფრო წარმატებულები და უფრო აქტიურები. ენერგია, რომელსაც პანიკური შეტევების მოსაგერიებლად ხარჯავენ, საკუთარი საქმისკენ მიმართონ და ყველაფერი კარგად იქნება.

– კიდევ ერთი მტკივნეული თემა – მუცლის მოშლა... ეს პერიოდი როგორ გამოიარე?

– კი, პირველი მუცელი მომეშალა. საკმაოდ დიდი ორსული ვიყავი და ეს ძალიან დიდი სტრესი იყო. შოკში ვიყავი, მაგრამ კორახა ძალიან დამიდგა გვერდით. მაგრძნობინებდა, რომ მთავარი ჩემი ჯანმრთელობა იყო. საზოგადოებიდან ბევრმა არ დამინდო. დაიწყო საუბარი, რომ პირველი მუცელი რომ მომეშალა, შეიძლებოდა, საერთოდ ვეღარ დავფეხმძიმებულიყავი. ეს იმდენად მტკივნეული თემა იყო, ჩემს ოჯახთანაც კი არ მისაუბრია. როგორღაც გავიარეთ, ვცდილობდი, არ შემემჩნია, რაც მოხდა და გულში ვფიქრობდი, რომ კიდევ მექნებოდა შანსი, დედა გავმხდარიყავი. მაგრამ დაიწყო: უი, მუცელი მოგეშალა? ვაიმე, არ მინდა გითხრა, მაგრამ აი, ჩემს ახლობელს მოეშალა პირველი და მერე აღარ გაუჩნდა ბავშვი... მოკლედ, პანიკები დამეწყო. ოჯახიც ცოტა დაძაბული იყო, თუმცა, კორახას ერთი წამიც კი არ შეუმჩნევია რამე, არც სხვებს, მაგრამ დაძაბულობა იგრძნობოდა. ამ დროს გარშემო მყოფები აგრძელებდნენ სხვისი მძიმე გამოცდილებების გაზიარებას და მოკლედ, საშინელი შიში გამიჩნდა, რომ შესაძლოა, მართლა ვეღარ გავმხდარიყავი დედა. რამდენიმე თვის შემდეგ, თურქეთში წავედით დასასვენებლად და წმინდა მარიამის საფლავზე მოვხვდით. იქ ამბობდნენ, რომ მოდიოდნენ უშვილოები, სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანები და ყველა იკურნებოდა. უფალს ძალიან ვთხოვე: ღმერთო, გეხვეწები, თუ შვილი მეყოლება, მარიამს მე დავარქმევ-მეთქი. არავისთვის არაფერი მითქვამს. რომ ჩამოვედი, ზუსტად ათ დღეში გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. ყველას მინდა ვუთხრა: ხალხო, ბოლომდე გწამდეთ, გჯეროდეთ და ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმას, რასაც სხვები გეუბნებიან. ყველას ვუყვები ჩემს ისტორიას და ვეუბნები, რომ გჯეროდეთ, გჯეროდეთ...

– ყველას ჰგონია, რომ ძალიან ლაღი და მხიარული ცხოვრება გაქვს. როგორ გამოგივიდა საზოგადოებისთვის თავის ასეთად გაცნობა ამ განცდების ფონზე?

– ყოველი დღის გათენება მიხარია, ძალიან მიყვარს ადამიანები, მათთან ურთიერთობა, მიყვარს ჩემ გარშემო სილამაზის შექმნა. შეიძლება, დღეს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდეს, მაგრამ ყვავილი ვიყიდო, ერთი კრუასანი შევჭამო, ლამაზი ფოტო გადავიღო და ამით გავბედნიერდე. ვცდილობ, პატარ-პატარა ბედნიერებები შევაგროვო და ვხვდები, რომ მერე ისინი დიდ ბედნიერებად იქცევა ხოლმე. მინდა, ყველას იგივე ვურჩიო, რადგან ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ ასე უფრო პოზიტივისკენ მიდის ცხოვრება. სამწუხაროდ, ნეგატივით გაჯერებულ სამყაროში ვცხოვრობთ და ამიტომაც არის, რომ პრობლემებზე საუბარი კი არა, ფიქრიც არ მიყვარს. გასაჭირი ყველას გვაქვს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, პოზიტივის გავრცელებისკენ ვიყოთ მომართულები და ერთმანეთს დადებითი ემოციები გადავცეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

13 -19 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ნუგზარ კვაშალი

რატომ ვერ გაიხსნა 49 წლის განმავლობაში ნუგზარ კვაშ...