შოუბიზნესი

ნინო ჩხეიძე: ტორტი ოცი წელი არ მქონდა ნაჭამი

№3

ავტორი: ქეთი კაპანაძე 11:00 26.01, 2021 წელი

ნინო ჩხეიძე
დაკოპირებულია

მიუხედავად პანდემიისაა და უამრავი შეზღუდვისა, 2020 წელი ნინო ჩხეიძისთვის არა ჩვეულად, მაგრამ მაინც აქტიური იყო. ამ წლისთვის კი უფრო დიდი გეგმები აქვს – ახალ და საინტერესო პროექტებს ამზადებს, რომლითაც მსმენელს მალე გაახარებს. 

ნინო ჩხეიძე: წლევანდელი ახალი წელი სახლში, ოჯახთან ერთად გავატარე. ჩემი მეუღლე ისევ კიევშია, მაგრამ მე და მარიკოს ვიდეოზარით შემოგვიერთდა. ბოლო წლებში ამ დღესასწაულს არც სახლში ვხვდებოდით და არც საქართველოში. მარიკო მიმყავდა და სამივე სხვა ქვეყანაში ვზეიმობდით. ისიც ძალიან კარგი იყო, მაგრამ საკუთარ სახლში რომ არ ხარ, საახალწლო განწყობას თითქოს ბოლომდე ვერ შეიგრძნობ, ამიტომ წელს განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ.
– რამდენი ხანია, მეუღლე არ გინახავს?
– მარტში ვიყავი ისრაელში – ალბომის პრეზენტაცია და კონცერტი მქონდა. მას შემდეგ არსად წავსულვარ. რაღაც მომენტში იყო კიევში წასვლის შესაძლებლობა, მაგრამ სავალდებულო კარანტინი და პანდემიით გამოწვეული სხვა რეგულაციები ძალიან ართულებს საქმეს, ამიტომ თავი შევიკავე. მაქსიმალურად ვცდილობ, ამ სიტუაციაში სიფრთხილე გამოვიჩინო. საახალწლო გადაღებებისგანაც თავს ვიკავებ და საერთოდ, ვცდილობ, თვითიზოლაციის წესი დავიცვა, რამდენადაც ამის საშუალება მაქვს. შესაბამისად, დიდი ხანია, ერთმანეთი არ გვინახავს, რაც ნამდვილად რთულია. თუმცა, გასულ წელს ცალსახად უარყოფითად ნამდვილად ვერ შევაფასებ. მიუხედავად პანდემიისა და სახლში ჯდომისა, დღემდე ვცდილობ, რაღაც ახალი გავაკეთო და ერთფეროვნება თავიდან ავირიდო. 2020-ში გამოვიდა ჩემი ალბომი, რომელშიც 12 ახალი სიმღერაა შესული. ისრაელის შემდეგ საქართველოშიც ვაპირებდი პრეზენტაციის გამართვას, მაგრამ რომ დავბრუნდი, ყველაფერი ჩაიკეტა და ვეღარ მოვახერხე. თუმცა, მაინც ბევრი რამ გავაკეთე და ახლაც ვმუშაობ ახალ სიმღერებსა და პროექტებზე. ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა, თუმცა, შეიცვალა ის, რომ ძალიან ბევრი კონცერტი მქონდა დაგეგმილი და მათგან ზოგი ჩაიშალა, ზოგი გადამედო. თვეში სამი კონცერტი მაინც მქონდა სხვა ქვეყანაში და ახლა უამისოდ ძალიან მიჭირს. ოცნებად მექცა სამოგზაუროდ წასვლა (იცინის).
– როცა ჯანმრთელობას ეხება საქმე, ემოციური ხარ?
– ზომიერად. ზედმეტი ემოციურობითაც შეიძლება, დავაზიანოთ საკუთარი თავი. თუმცა ისრაელიდან რომ ჩამოვედი, სულ მეჩვენებოდა, რომ სიცხე მქონდა და ყოველ წამს ვიზომავდი. მას შემდეგ მაქსიმალურად ვცდილობ, ისე მოვიქცე, რომ მერე სანერვიულო არ მქონდეს.
– ეკრანზე ყოველთვის გამორჩეულ ფორმაში ხარ. სახლში ყოფნის გამო ხომ არ მოდუნდი?
– სხვათა შორის, ამ პერიოდმა მასწავლა სახლში დამოუკიდებლად საკუთარი თავის მოწესრიგება. მაგალითად, ვისწავლე თმის შეღებვა და ახლა უკვე თვითონ ვიღებავ. დავხვეწე მაკიაჟი და თუ ადრე ტელევიზიაში სპეციალისტები მიკეთებდნენ, ახლა თავად ვიკეთებ. სალონში საერთოდ აღარ დავდივარ, არ მინდა, სხვას ან საკუთარ თავს საფრთხე შევუქმნა. იმ პროცედურებს, რომლისთვისაც ადრე სალონებს მივმართავდი, ახლა თავად ვიკეთებ. ასე რომ, ამ პანდემიამ რაღაც კარგიც მოიტანა. თუმცა, ვაღიარებ, თმის მოწესრიგება ძალიან მიჭირს. უთოები შევიძინე: დასახვევი, გასასწორებელი და ვცდილობ, ამ მხრივაც დავიხვეწო (იცინის).
– წონას რაც შეეხება?
– პანდემიას და ახალ წელს შედეგად ჩემი წონის რეკორდული მაჩვენებელი მოჰყვა. უკვე მივმართე ენდოკრინოლოგს და ძალიან სერიოზულად დავიწყე ამაზე ზრუნვა. ერთხელ თუ გამექცა, მერე ძალიან მიჭირს ხოლმე დაკლება. დიდად მჭამელი არ ვარ, ჭამით რომ თავს ირთობენ იმ ადამიანებს არ მივეკუთვნები, მაგრამ სულ სახლში რომ ვზივარ, გემოებს მივეჩვიე (იცინის). იყო პერიოდი, როდესაც სულ დიეტაზე ვიყავი – ეს ცხოვრების წესად მქონდა გადაქცეული. არც ტკბილს ვჭამდი და არც ცომს. მაგალითად, ნამცხვარი 17 წლის ასაკიდან 15 წლის განმავლობაში საერთოდ არ გამისინჯავს. ერთი ნაჭერიც კი არ შემიჭამია. ორსულობის დროსაც, მთელი ცხრა თვის განმავლობაში, დიეტაზე ვიყავი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია წონა, მაგრამ მგონი, ასაკთან ერთად ნებისყოფა ქრება (იცინის). ხომ არიან მშობლები, რომლებიც შვილს ტკბილეულს არ აჭმევენ, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია. მაგალითად, მე ბევრი საკვების გემოც არ ვიცოდი. რომ არ ვსინჯავდი, მეგონა, რომ არც მიყვარდა. ტორტი ოცი წელი არ მქონდა ნაჭამი. პანდემიის დროს დავიწყე მისი ჭამა და ეს ნამდვილი კატასტროფაა (იცინის). რა თქმა უნდა, აისახა ჩემს წონაზე. მაგრამ არ ვმეტიჩრობ და ერთ კილოგრამზე არ ვწუწუნებ, 7 კილომდე მაქვს მომატებული, რაც უკვე საგანგაშოა და ამიტომაც დავიწყე მოქმედება.
– როგორც ჩანს, დამოუკიდებლად არ მიმართავ დიეტებს, რადგან ენდოკრინოლოგი ჩართე ამ პროცესში.
– 14 წლიდან დიეტებზე ვარ და თუკი რამე დიეტა არსებობს, ყველა გამომიცდია საკუთარ თავზე, მონოდიეტები იქნება, ჩაის დიეტა თუ სხვა. წლობით ვაშლზე ვიყავი და წონას ვინარჩუნებდი. ფეხმძიმობისას არ მომიმატია ზედმეტი, მაგრამ მარიკო რომ 4 წლის იყო, ისევ გამექცა წონა. ჩემი დიეტები უშედეგო აღმოჩნდა. რაც უნდა ცოტა მეჭამა, ყველაფერი მასუქებდა. მაშინ მივმართე ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას და მისი დახმარებით ორ თვეში 17 კილოგრამი დავიკელი. ეს იყო ყველაზე შედეგიანი, თუმცა საკმაოდ რთული გზა, რომელსაც მეტი ნებისყოფა დასჭირდა. მაგრამ საკუთარმა გამოცდილებამ მიჩვენა, რომ ყურმოკრულ დიეტას, ნამდვილად სჯობს სწორად კვება.
მარიამზეც ვისაუბროთ. იზრდება და ძალიან იცვლება, იხვეწება. გგავს გარეგნობაზე ზრუნვით?
– მარიკო მაგ ამბავში ჩემი დაქალია და არა შვილი. სულ ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს აღმოჩენებს, კვებას ეხება საქმე, თმის შეღებვას თუ სხვა მსგავს თემას. მას ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებული გემოვნება აქვს, მაგრამ ძალიან კარგი რჩევის მოცემა შეუძლია. რომელსაც აუცილებლად ვითვალისწინებ, იმიტომ, რომ ის ახალი თაობის წარმომადგენელია და ვცდილობ, დროს არ ჩამოვრჩე.
– შენი ულამაზესი ბრენდული კაბები, მგონი, მთელმა საქართველომ იცის და ძალიან მოსწონთ. მარიამი რას ფიქრობს ამ სტილზე და საერთოდ, როგორი გოგოა?
– მარიკოს, რაც უფრო სადაა სამოსი, მით უფრო მოსწონს. ჩემს შვილს არ უყვარს ბრენდები და ძვირად ღირებული ტანსაცმელი. ამით ძალიან განსხვავდება ჩემგან. ცოტა მეუხერხულება მასზე საუბარი, მაგრამ ვხედავ, რომ ძალიან ჭკვიანია და კარგად აზროვნებს, კარგად სწავლობს და დიდი ადამიანივით ჩამოყალიბებულია.
– გარდატეხის ასაკის სირთულეები აქვს?
– რაღაცები არის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ კაპრიზები. უბრალოდ, თავისი ხასიათი აქვს. არაფერს აფუჭებს და არავის აზიანებს. მე მაქსიმალურ თავისუფლებას ვაძლევ, არ ვეწინააღმდეგები, მის აზრს პატივს ვცემ.
უკვე დიდი გოგოა და ამას რომ აფიქსირებ, თუ ღელავ ხოლმე შენს ასაკზე?
– მარიკოს რომ ვუყურებ, მაშინ არა, მაგრამ ისე ორმოც წელს ვუახლოვდები და ამ დროს ვფიქრობ, რომ ყველა ქალი შფოთავს. მაგრამ ვცდილობ, მსგავს ფიქრებს არ ავყვე (იცინის). შინაგანად ვერ ვგრძნობ ასაკის მატებას და მგონია, რომ იმდენი წლის ხარ, რამდენსაც ასხივებ. ზოგჯერ, ვფიქრობ ხოლმე: „ვაიმე 40 წლის რომ გავხდები, რა იქნება მერე?“ სახეს ვაკვირდები, ნაოჭი ხომ არ მომემატა-მეთქი, მაგრამ მართლა ვფიქრობ, რომ ყველა ასაკი დასაფასებელია. მთავარია, ორმოცის რომ გავხდებით, არ ვთქვათ, თურმე 30 წლის რა ახალგაზრდა ვყოფილვარ და როგორ ვნერვიულობდიო. ვცდილობ, ეს არ დავივიწყო და ყველა ასაკი შევირგო და გავილამაზო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი