შოუბიზნესი

ნინი წიკლაური: ქმარი არ მაძლევს საშუალებას ვიფიქრო, თითქოს ჩემს ცხოვრებაში რაღაც დამთავრდა

№4

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 03.02, 2021 წელი

ნინი წიკლაური
დაკოპირებულია

ნინი წიკლაურის ახალი სიმღერა – „ახალი წელია“, განსაკუთრებული სითბოთი და თბილისის უზომო მონატრებით შეიქმნა. ნინიმ კლიპში შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები გააერთიანა, მსმენელს ოთხწლიანი პაუზის შემდეგ თავი შეახსენა და პასუხად ძალიან დიდი სითბო და უამრავი კომპლიმენტი მიიღო. ამერიკულ ცხოვრებას და ახალ კლიპზე ნინი ,,თბილისელებს“ ესაუბრა.

ნინი წიკლაური: მუსიკისა და ტექსტის ავტორი მე გახლავართ. ეს სიმღერა, თავიდან ბოლომდე, თბილისსა და მისდამი ჩემს დამოკიდებულებას ეხება. მეოთხე წელია, შტატებში ვცხოვრობ და ნოსტალგია შემომაწვა. ცხადი იყო, რომ ამ პერიოდში საქართველოში ჩამოსვლას ვერ ვახერხებდი, ამიტომ გადავწყვიტე, რადგან კლიპში მე ვერ ვიქნებოდი, ყოფილიყვნენ ის ადამიანები, ვინც ჩემს თბილისთან ერთად მენატრება და ძალიან მიყვარს. მომღერლისთვის დიდი ბედნიერებაა, როცა საკუთარ ნამუშევარზე არცერთ უარყოფით შეფასებას არ ხვდება. პირიქით, ძალიან ბევრი დადებითი შეფასება მივიღე. კლიპის პრემიერა რომ შედგა, ძალიან ბედნიერი ვიყავი და მივხვდი, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. მინდა, მილიარდი მადლობა ვუთხრა ჩემს მეგობრებს, რომლებიც ამ ვერაგ ვირუსს არ შეუშინდნენ და შუაღამისას მიდიოდნენ გადაღებებზე შეფუთულები და გალამაზებულები. მათ მე სამაგალითო მეგობრობა მაჩვენეს. ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო კლიპში ჩემი ოჯახის წევრების გამოჩენა და ამდენი წლის უნახავები რომ დავინახე, ემოციებისგან ისე ცუდად გავხდი, ლამის სასწრაფოს გამოძახება დაგვჭირდა. მეგონა, გული გამიჩერდებოდა. უდიდესი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ამ კლიპზე იმუშავა. ამ კლიპმა ჩემთვის კიდევ უფრო დიდი დატვირთვა შეიძინა. ბევრი წერდა სოციალურ ქსელში, არავის მოუფიქრებია საკუთარი კოლეგების ასე გაერთიანებაო. ხალხს ჰგონია, რომ ვინც სცენაზე ვდგავართ, ერთმანეთთან მტრული დამოკიდებულება გვაქვს. ამ კლიპში ჩანს, რომ ასე არაა. პირიქით, გვიყვარს და გვენატრება ერთმანეთი.
– დიდი ცვლილებები მოხდა ბოლო წლებში და ბუნებრივად გამოვიდა ისე, რომ აქტიური კარიერიდან პასიურზე გადახვედი. ამიტომ, ეს სიმღერა ამ მხრივაც მნიშვნელოვანია.
– სამწუხარო რეალობაა ჩემს ცხოვრებაში. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ეს ჩემი პირველი ნამუშევარია. ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი მქონდა ამ პაუზისთვის – ორი შვილი, რომელსაც მარტო ვზრდი, რადგან ჩემი მეუღლე სულ მუშაობს და ფაქტობრივად, იშვიათად ვხედავთ ერთმანეთს. იმის დროც არ მაქვს, სალონში წავიდე და თმა დავივარცხნო. მით უმეტეს, ამ პერიოდში ორი ბავშვით სიარული ძალიან რთულია. ასე რომ, გასამართლებელი საბუთი მაქვს, მაგრამ ამ სიმღერაში გარდა იმისა, რომ მეგობრები გავაერთიანე, ვიღაცას თავიც გავახსენე. მასში მონატრების გარდა, ძალიან დიდი სევდა ჩანს. ჩანს ოთხწლიანი გულისწყვეტა, რომელსაც განვიცდიდი მაშინ, როდესაც ვხედავდი, რომ ჩემი მეგობრები სცენაზე იდგნენ და მე ვერაფერს ვაკეთებდი. მერე, თითქოს, გადავეჩვიე კიდეც. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც მგონია, რომ სწორად გამოვჩნდი და ამ სიმღერით ბევრი ვთქვი.
– მეუღლე როგორ გეხმარება ყველაფერთან გამკლავებაში?
– აქ რომ ჩვეულებრივი ნინი წიკლაური ჩამოსულიყო, მისთვის ბევრად მარტივი იქნებოდა ცხოვრება, მაგრამ საქართველოში იმდენად ბევრი დავტოვე, რომ ძალიან გამიჭირდა. ეს შეიძლება, არ ყოფილა ისეთი გრანდიოზული კარიერა, როგორიც ამერიკაში აქვთ მომღერლებს, მაგრამ ის, რაც მე მივატოვე, ჩემი ქვეყნისთვის ბევრი იყო, მით უმეტეს, რომ ყველაფერი საკუთარი ხელით შევქმენი. დღემდე არ მაქვს გააზრებული, რომ ეს დავთმე. მგონია, რომ დროებით დავტოვე და მალე დავუბრუნდები. თუმცა რეალობასაც თვალს ვუსწორებ და ვხვდები, რომ მოქმედი მომღერალი, რომელიც ამდენი ხანი ახალს არაფერს აკეთებს, წარსულის ნაწილი ხდება. მეუღლე დღემდე ცდილობს, ფსიქოლოგიურად გამაძლიეროს და არ მაძლევს საშუალებას ვიფიქრო, თითქოს ჩემს ცხოვრებაში რაღაც დამთავრდა. სულ მეუბნება, რომ ეს ყველაფერი ჩემი ოფლითაა მიღწეული და ვერავინ წამართმევს. მაიმედებს, რომ მალე დავუბრუნდები ჩემს შემოქმედებას. რაღაცები უკვე მზად მაქვს და მსმენელს ვპირდები, რომ ამ ერთი გამოჩენით არ შემოვიფარგლები. პირიქით, ვგრძნობ, რომ ამ კლიპით ხელმეორედ დავიბადე. თუმცა ის, რომ ემიგრანტის სახელს ვატარებ, ძალიან არ მიყვარს. ჩემი ქვეყანა ისე მენატრება, როგორც პიროვნება. მე და თემოს მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს და კარგად ვუგებთ ერთმანეთს. როდესაც ის სახლში მოდის, მართალია, ეს ძალიან გვიან არის და უფრო ხშირად ამ დროს ბავშვებს სძინავთ, ჩვენ გვაქვს დრო ერთმანეთისთვის, თუნდაც რამდენიმე საათი და ვცდილობთ, დანაკლისი ავინაზღაუროთ. რაც კი შეუძლია, ყველანაირად მეხმარება და ცდილობს, ეს ნოსტალგიაც შემიმსუბუქოს. რამდენად გამოდის ეს, სხვა საქმეა – ძალიან რთულია, რადგან აქ აბსოლუტურად მარტო ვცხოვრობთ.
– სოციალურ ქსელში რასთან დაკავშირებით დაწერე – „შესრულებული მისია 2“?
– ეს ჩემი შვილის პასპორტს ეხებოდა. არასდროს ყოფილა ჩემი მიზანი, ჩემი შვილი ამერიკის მოქალაქე ყოფილიყო, მაგრამ ასე გამოვიდა. ცოტა ხნის წინ ძალიან გვინდოდა საქართველოში წამოსვლა, მაგრამ ვირუსის გამო ყველაფერი დაიკეტა და მეორე შვილის – ილიას პასპორტი ვერ მოესწრო. ამიტომ წამოსვლის გეგმა ჩაგვეშალა. ამან ისე იმოქმედა ჩემზე, მეგონა, ცხოვრება დავამთავრე. ამიტომ, როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცა, პასპორტი ავიღეთ. ახლა ის სრულუფლებიანი ამერიკელია და გზები რომ გაიხსნება, ჩამოსვლასაც მოვახერხებთ.
– ძალიან ლამაზი ბავშვები გყავთ, ხასიათით როგორები არიან?
– სხვათა შორის, საბავშვო მაღაზიაში რომ შემყავს, სულ მეუბნებიან, რომ ქასთინგებზე მივიყვანო. თან ორივე ძალიან კომუნიკაბელურია, რაც აქაურ ბავშვებს ცოტა უჭირთ. ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. რამდენადაც მშვიდია საბა, იმდენად აქტიურია ილია. გარეთ გაყვანას ვერ ვრისკავ, სულ სახლში არიან და აღარ იციან, რა ქნან, მალე კედლებზე სიარულს დაიწყებენ (იცინის). ვცდილობ, მათი შესაძლებლობების განსავითარებლად ცოდნა ინტერნეტის მეშვეობით მივიღო. ბავშვებს ორი ენა ესმით და ვნერვიულობ, არ მინდა, რომელიმემ ქართული არ იცოდეს და ამაზე განსაკუთრებულად ვზრუნავ.
– ემიგრაციამ რა შეცვალა?
– საკუთარ თავში კიდევ ერთი და ძალიან ძლიერი მე აღმოვაჩინე. არ არსებობს გაუკეთებელი საქმე, ამას კარგად მივხვდი ემიგრაციაში. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამხელა ოჯახს გავუძღვებოდი – ერთი ბებოს ნებიერა და გათამამებული გოგო ვიყავი. დღეს ყველაფერს ვაკეთებ და აღმოჩნდა, რომ შემძლებია. რაც, საბოლოო ჯამში, შეიძლება, დადებითად ჩავთვალო, მაგრამ რა შრომისა და ნერვების ფასად დამიჯდა, ეს კიდევ ცალკე საკითხია. ამასთან ერთად, რაც აქ ვარ, ძალიან სენსიტიური გავხდი. თითქოს უკეთ დავინახე, მანდ რა მდგომარეობაა. ვინმე რომ მომწერს, მიჭირს და დახმარება მჭირდებაო, არც დავფიქრდები, ჩემს ოჯახს მოვაკლებ და მას დავეხმარები. ლუკმას ვერ ვყლაპავ, როცა მახსენდება, რამდენ ადამიანს უჭირს ჩემს საახლობლოში. კიდევ, ბევრი რამ გადავაფასე, ადამიანების შეცნობაც უკეთ შემძლებია, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მეგობრობის სია შემითხელდა. მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ვაფასებ მათ, ვინც, უბრალოდ, ტელეფონს აიღებს და მომიკითხავს: „ნი, როგორ ხარ?“ – მე მეტი არაფერი მჭირდება. სულიერად აქაური ვერასდროს გავხდები, მაგრამ აქ ცხოვრებას მივეჩვიე. უკვე აქაც ჩემი ადგილი მაქვს. ვმუშაობ, ჩემს საქმეს ვაკეთებ, სიმღერის გარდა, ქართული კულტურის ცენტრ „ფესვებში“ ვოკალის პედაგოგი ვარ, ამასთან, სტუდია „ციცინათელას“ მუსიკალური ხელმძღვანელი.
– ხომ ამბობენ, ამერიკა ოცნებების ახდენის ქვეყანააო...
– ბევრ მეგობართან მისაუბრია ამაზე. ამერიკა რეალურად ისეთი არაა, როგორი ფერადიც ეკრანზეა. უფრო სწორად, არის, მაგრამ როდესაც აქ ცხოვრებას იწყებ, ლამაზ ბანერებსა და აბრჭყვიალებულ ქუჩებს ვეღარ ხედავ. სამუშაოდან დაბრუნებულს თავის აწევის უნარიც აღარ გაქვს. აქ ძალიან მძიმე სამუშაო უნდა გასწიო და ამიტომ რაღაცები უფერული ხდება. მე არ ვსაუბრობ იმ ფენაზე, უკვე საკუთარი ბიზნესი და დიდი შემოსავალი რომ აქვთ. ჩემი გადმოსახედიდან ამერიკა არაა ბრჭყვიალა და ოცნებები აქ მარტივად არ ხდება. ოცნებებს თავად იხდენ შენივე შრომით. ფულის დასაზოგად ძიძა რომ არ აჰყავს და თვითონ არის შვილებთან, ამ დროს კი ყველანაირ პირად კომფორტს იკლებს, ასეთ ხალხზე ვსაუბრობ. 20-30 წლის შემდეგ რომ ოცნებების ახდენას დაიწყებ, ამის მჯერა, მაგრამ ჩამოსვლისთანავე, იმისთვის, ვინც აქ დიდი ფულით არ ჩამოდის, გამორიცხულია. სხვა ყველაფერი მითია – ვინც ჩემსავით ნულიდან იწყებს ცხოვრებას, მათთვის ამერიკა არც ლამაზია და არც საყვარელი – ესაა ერთი ჩაკეტილი სივრცე გასაქანის გარეშე. თუმცა, მადლობა ღმერთს, ჩემს საქმეს ვაკეთებ და მჯერა, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე მოსჩანს.
– ასეთ ფონზე ამ სიმღერის ამდენი თბილი გამოხმაურება, ალბათ, დიდი სტიმულია შენთვის.
– კი. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს მომენტია. თითქოს ეს კლიპი და სიმღერა ჩემს აქაურ ცხოვრებაზე გამარჯვებაა. მგონია, რომ გავიმარჯვე, თითქოს იმ დეპრესიას ვაჯობე, რომელიც ამდენი წელი სახლში ჯდომისგან დამემართა. მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობ და აქაც უამრავი კონცერტი მაქვს, ეს ჩემთვის სრულიად უცხო გარემოა. ამიტომ დეპრესიამ მაინც შემიპყრო და საკმაოდ ძლიერად. თან, მშობიარობის შემდეგ ქალს ისედაც დეპრესიული ფონი აქვს. ამ სიმღერითა და კლიპით, თითქოს, ჩემს თავსაც დავუმტკიცე, რომ იმ ნათელს მივადექი, რომელსაც ამდენი ხანი ველოდი. მინდა, რომ ჩემნაირი ადამიანებისთვის მაგალითი ვიყო – ვინც ფიქრობს, რომ ცხოვრებაში რაღაც დაამთავრეს, მიხვდნენ, რომ ცდებიან. თუნდაც, ორი ბავშვითაც შეიძლება საქმის გაკეთება – სიმღერის ჩაწერა და კლიპის გადაღება. ბოლო კადრს რომ ვიღებდით, ჩემი ორი შვილი და მეუღლე მანქანაში მელოდებოდნენ. რაღაცების ხარჯზე ყველაფერი გამოდის, მთავარია, არავინ დავაზიანოთ. ეს ვიდეორგოლი უკვე ჩემი და არა მხოლოდ ჩემი, ცხოვრების ისტორიად იქცა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა