შოუბიზნესი

ნინი შერმადინი: მამაჩემის გარეშე სუპერმარკეტშიც კი არ დავდიოდი

ავტორი: ქეთი კაპანაძე 15:53 17.11, 2020 წელი

ნინი შერმადინი
დაკოპირებულია

ნინი შერმადინი წლებია, ამერიკაშია და ცდილობს, შვილის უზრუნველი მომავლისთვის ბევრი იშრომოს, რასაც თან უამრავი სირთულე ახლავს. თუმცა, განსაკუთრებით რთული წლევანდელი წელი აღმოჩნდა, რადგან პანდემიას პირადი ტრაგედიაც დაემატა.
ნინი შერმადინი: მთელი პანდემიის განმავლობაში გაუჩერებლად ვმუშაობ. ბანკის თანამშრომელი ვარ და ჩემი სამსახური სავალდებულოდ და გადაუდებლად ითვლება. ამიტომ სახლში ვერ დავჯდებოდი, კამპანია „დარჩი სახლში“ ჩემზე არ ვრცელდებოდა. ჩემ გარშემო ძალიან ბევრი დაინფიცირდა. ჯვარი მწერია, მე რამდენჯერაც ტესტი გავიკეთე, ვირუსი არ აღმომაჩნდა. აქ არანაირი რესტორანი, კლუბი, კაფე არ არის ღია. მეტრანახევრიანი დისტანციაა ყველგან დაცული. ყველა ატარებს ნიღბებს და ხელთათმანებს.
– ძალიან სტრესული იქნებოდა ამ პერიოდში მუშაობა.
– ემოციურად ძალიან გამიჭირდა. ძალიან ცუდი წელია ყველასთვის, საგიჟეთია. შავი ჭირივით ეპიდემიას, ჩაკეტილ სამყაროს, ჩემს შემთხვევაში, მამის გარდაცვალება დაემატა. ყველაზე მძიმე ისაა, რომ მამაჩემის დაკრძალვაზე ვერ ჩამოვედი, იცით, რომ საჰაერო გზები დაკეტილი იყო.
– რა დაემართა მამას?
– მამას თებერვალში დაუდგინდა მეოთხე სტადიის ფილტვის სიმსივნე. მაშინვე სტამბოლში გადავაფრინეთ. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ დავეხმარებოდით. ექიმმა ექვსი თვე მომცა და აპრილში გარდაიცვალა. თებერვლამდე არაფერი აწუხებდა, ყველაფერი ძალიან სწრაფად, გაუაზრებლად მოხდა. ჯერ ამ დიაგნოზს ვერ შევეგუე, ვერ ვიჯერებდი. მანახვეს, რომ უკვე ყველგან იყო მეტასტაზები წასული: თავში, გულის კედლებზე, ღვიძლზე, ფილტვები, ფაქტობრივად, აღარ იყო, მაგრამ მაინც მჯეროდა, რომ გადარჩებოდა. მამა ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი იყო და ალბათ, მთელი ცხოვრება იქნება. ქრისტიანებს გვჯერა, რომ ოდესმე შევხვდებით ერთმანეთს. მე ისედაც მიჩვეული ვიყავი გადახვეწილ ცხოვრებას. არავის ვუსურვებ, იგივე გამოიაროს. მარტში ჩამოვედი, მოვასწარი მამაჩემის ნახვა. ძალიან იმედიანად დამემშვიდობა: აი, რომ ჩამოხვალ, ნახავ, რა კარგად დაგვხდებიო. იცოდა, რაც სჭირდა, მაგრამ მთელ ორგანიზმზე თუ ჰქონდა მოდებული, ეს – არა. ჩემი წამოსვლიდან ერთ თვეში გარდაიცვალა.
– როგორ გაუმკლავდი ყველასგან შორს, თან, ამ მდგომარეობაში ამას?
– ეს ტკივილი არ ყუჩდება. მამა მძიმე მარხვაში გარდაიცვალა, ბრწყინვალე შვიდეულში. მეცხრე დღე იყო აღდგომა. ასეთ დროს, ალბათ, უფლის რწმენა გაძლიერებს. ფიქრობ, რომ ადამიანი ტანჯვიდან გაიყვანა და ახლა ბევრად უკეთეს ადგილასაა. მონატრების გრძნობაა ძალიან მტკივნეული, თან იცი, რომ ეს გრძნობა არ შეგიმსუბუქდება. გარდაცვალების შიში არ მაქვს, ადრე თუ გვიან, ყველანი წავალთ, მთავარია, აქ რა სახელს დატოვებ. როგორი სუფთა კაციც იყო, ისე სუფთად წავიდა ამქვეყნიდან. ერთი ადამიანი არ მეგულება, ვინც მამას იცნობდა და არ უყვარდა. ბავშვობიდან ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი იყო. მეც მან გამზარდა და ჩემი შვილიც. ჩემს შვილს აბანავებდა, აცმევდა, აძინებდა. სასწაული იუმორი ჰქონდა და ძალიან კეთილი იყო. მამაჩემის გარეშე სუპერმარკეტშიც კი არ დავდიოდი. 31 წლის გოგო: კონცერტზე, ივენთებზე, გადაღებებზე, ღამის კლუბში, ყველგან მამას დავყავდი. ჩემი მეგობრების ყველაზე ახლო მეგობარი იყო. ყველაფერზე შემეძლო, მასთან მელაპარაკა, ჩემი ყველა საიდუმლო იცოდა. სულ ერთად ვიყავით. ძალიან გამიჭირდა მასთან განშორება ამერიკაში წამოსვლის შემდეგ და მიჭირს ახლაც. ალბათ, ჩემს აქ ყოფნას ერთი პლუსი აქვს – ბოლომდე არ ვნახე ის სურათი და მამა ჩემთვის, გულის სიღრმეში, ჯერ კიდევ ცოცხალია. ღმერთმა ყველას აშოროს ტკივილი, მაგრამ ადამიანი ისეთებს უძლებს, რისი გაძლებაც ცხოველსაც კი არ შეუძლია და ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრებას მაინც ვაგრძელებთ.
– მით უმეტეს, როცა ულამაზესი შვილი გყავს, რომელსაც თურმე, ძალიან უხარია დედას რომ ამსგავსებენ. როგორი გოგოა?
– კარგი გაზრდილი ბავშვია, ძალიან მეგობრული. მიკვირს, მის ასაკში ისეთი მაგარი იუმორი აქვს. ძალიან გახსნილი და უზომოდ კეთილია, მიუხედავად იმისა, რომ დედისერთაა. დედისერთები, როგორც წესი, ეგოისტებად ითვლებიან და ის ამ დროს თავისთვის არაფერს იჩერებს.
– მისი მომავლისთვის ხარ მანდ, მაგრამ ფიზიკური დისტანცია რთულად შესაგუებელია. როგორ ცდილობ, ეს სირთულე დააბალანსო?
– როცა მივხვდი, რომ ბავშვს ფსიქოლოგიურად ძალიან უჭირდა, ჩამოვედი და ერთი წელი დავრჩი. მერე წამოვედი. მერე ისევ ძალიან გაუჭირდა. კიდევ ჩამოვედი და ერთი წელი დავრჩი. თუ არ ვრჩები, წელიწადში ორჯერ მაინც ჩამოვდივარ. გზას ვარ გამოკიდებული. ყოველდღე ვლაპარაკობთ, მეც, ჩემი მშობლებიც ბევრს ველაპარაკებოდით იმაზე, რომ მისი აქ წამოყვანა დროსთან იყო დაკავშირებული. ბევრჯერ მომიწია მასთან ამ თემაზე მკაცრად ლაპარაკი, მოფერებით, მეგობრულად... მე თუ აქ ვარ, იმიტომ, რომ მას ჰქონდეს ის ყველაფერი, რაც მე მაკლდა. ძალიან კარგად გაიგო და მორალურად გვერდით მიდგას. იცის, რომ ჩემთვისაც არაა მარტივი და ცდილობს, უფრო მეტად არ დამსტრესოს. ფაქტობრივად, ბოლოში გავედით. საბუთები გავუკეთეთ, ახლა გასაუბრებას გაივლის და მერე წამოვიყვან. მამამისიც აქაა, ჩემი ბევრი მეგობარიც აქაა. სანამ მე ვიმუშავებ, სკოლაში ივლის და არ გაგვიჭირდება.
– ბოლო პერიოდში ახერხებ მუსიკისთვის დროის გამონახვას?
– იშვიათადაა ივენთები. ზაფხულში, ღია ცისქვეშ უფრო ტარდებოდა. ცოტა ხნის წინ მე, ნინი წიკლაური, სალომე ქათამაძე და „სეიშენის“ ზაზა ბანძელაძე ვიყავით ბენდთან ერთად ერთ-ერთი რესტორნის პრეზენტაციაზე. ძალიან ბევრი ივენთი გვქონდა პანდემიამდე, მოსწავლეებიც მყავდა, მაგრამ ახლა აღარავის ემღერება და ღმერთის წყალობით, იმედია, მომავალ წელს ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით. რაც ბანკში დავიწყე მუშაობა, ბიზნესვუმენობისკენ უფრო გადავიხარე. თუმცა სიმღერა ჩემთვის ფინანსური კეთილდღეობის წყარო კი არა, სულის მასაზრდოებელია და მის გარეშე ვერ გავძლებ.
– პირად ცხოვრებაში თუ შეიცვალა რამე?
– ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი საინტერესო არ ხდება. მეც ვიმედოვნებ, რომ რამე შეიცვლება და ამას აუცილებლად გაგაგებინებთ.
შენთვის მამაკაცის ეროვნებას აქვს მნიშვნელობა?
– ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ტოლერანტული ვარ და ყველა ეროვნების წარმომადგენელი მიყვარს, მაინც მგონია, რომ თუ ოდესმე ჩემ გვერდით ვინმე იქნება, ქართველი უნდა იყოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი