შოუბიზნესი

ნინი შერმადინი: ამერიკამ დამანახვა, რამდენად ძლიერი და დამოუკიდებელი ვარ

№42

ავტორი: ეკატერინე პატარაია 22:00 24.10, 2022 წელი

ნინი შერმადინი
დაკოპირებულია

2021 წელი ნინი შერმადინისთვის ძალიან მძიმე იყო. ჯერ მამა დაკარგა, რამდენიმე თვეში კი – დედა. მათთან იზრდებოდა ნინის გოგონა. ამჟამად ნინი ამერიკაში შვილთან ერთად ცხოვრობს. ცდილობს, უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსვლას და კვლავ ფეხზე დადგომას, საკუთარი თავისთვისაც და შვილისთვისაც ისევ ისეთი მხიარული გოგო იყოს, როგორიც ადრე და ბევრ წარმატებას მიაღწიოს. ამერიკა ხომ ოცნებების ასრულებისა და თვითრეალიზების ქვეყანაა.

– ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს საქართველოს. შენ ერთ-ერთი მათგანი ხარ, ვინც რამდენიმე წლის წინ წავიდა ამერიკაში და მგონი, უკან დაბრუნება აღარც უცდია. ყველას წასვლის სხვადასხვა მიზეზი აქვს. მოდი, შენს შემთხვევაზე ვისაუბროთ.

– ამერიკაში დიზაინერმა ფატუნა ბუშიჰედმა წამიყვანა. მისი ჩვენება იყო „ვოლდორფ ასტორიაში“, რომელიც სიმღერით გავხსენი და დავხურე. ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს, ბევრი კომპლიმენტი მივიღე. ცხადია, მომეწონა. იმ დღიდან გადავწყვიტე, ბედი აქ მეცადა და ჩემი ადგილი მეპოვა. შემდეგ ისე მოხდა, რომ სოსო თოლორაია (ალბათ, საქართველოში ყველას ახსოვს) მაშინ ბროდვეის სპექტაკლისთვის ემზადებოდა და მეც შემომთავაზა, მასთან ერთად წავსულიყავი, რაზედაც, რა თქმა უნდა, მაშინვე დავთანხმდი. აი, ასე წამოვედი ბედის საძებნელად ამერიკის შეერთებულ შტატებში.

– მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად ხომ არ ხდება, აიღო ჩემოდანი, ჩაალაგო და წახვიდე.

– 300 დოლარით ჩამოვედი. მაშინვე ვიპოვე სამსახური რესტორან „პასაჟში“, მერე – რესტორან „მიმინოში“ ვმღეროდი. პარალელურად, ვსწავლობდი ბროდვეის „ნოლა სტუდიოში“. ასე ჩავები მეც ამერიკულ ემიგრაციაში. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო. დღეს უკვე მეც და ჩემი შვილიც ამერიკის მოქალაქეები ვართ. ვფიქრობ, ძალიან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე და ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა.

– ამ ბოლო დროს შენს ცხოვრებაში ძალიან არასასიამოვნო ამბები მოხდა. ვგულისხმობ მშობლების უეცარ გარდაცვალებას, რამაც ბუნებრივია, ძალიან დაგთრგუნა, დეპრესიაში ჩაგაგდო. ვიცი, გიმძიმს ყველაფრის თავიდან გახსენება, მაგრამ მოგვიყევი რა მოხდა.

– ჯერ მამას ავადმყოფობის ამბავი გავიგე, ფილტვის სიმსივნე დაუდგინდა. გადავაფრინე სასწრაფოდ სტამბოლში, იმის იმედად, რომ რამე უკეთესს ეტყოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ექიმმა სიცოცხლის 3-6 თვე მოგვცა. მეტასტაზები უკვე ყველგან იყო წასული. მარტში, პანდემიის დროს მოვახერხე, მენახა. აქეთ მამშვიდებდა მომაკვდავი კაცი: მამი, ნუ გეშინია, კარგად ვიქნებიო. მეც მჯეროდა ამის. 11 აპრილს სამსახურში ვიყავი, ჩემმა ძმამ დამირეკა და მითხრა, რომ მამა აღარ იყო. როგორ გამოვედი ქუჩაში, არ მახსოვს. ვერ წამოვედი – საზღვარი იყო ჩაკეტილი. ნოემბერში მე ამერიკაში დამემართა კოვიდი, დედაჩემს კი – თბილისში. დედას ხშირად ვერც ველაპარაკებოდი, იმიტომ რომ სულ მეძინა, ცუდად ვიყავი. როცა ველაპარაკებოდი, ვარიგებდი რა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ არაფერს მიჯერებდა. უცებ დამძიმდა და საავადმყოფოში დააწვინეს. რამდენიმე დღეში ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს და იქიდან აღარც გაუღვიძია. ვერც მოვეფერე. ვერ მოვასწარი მისთვის მეთქვა, როგორ მჭირდება და როგორ მიყვარს. 22 დეკემბერს დედა გარდაიცვალა. მე იმ დღეს ჩამოვფრინდი, მაგრამ რაღა აზრი ჰქონდა. იმ დღიდან სამყარო ნაცრისფერი გახდა. მართლა ნაცრისფრად ვხედავდი ყველაფერს. უემოციო და ცარიელი გავხდი. ასე გადიოდა თვეები. სინანულის გრძნობა არ მასვენებდა. თითქოს ყველაფერში მე ვიყავი დამნაშავე. ძალიან მძიმე დეპრესია დამემართა, იმდენად მძიმე, რომ ფსიქიატრთან სიარული დამჭირდა, ანტიდეპრესანტები, ნევროლოგი, ფსიქოლოგი - ყველასთან ერთდროულად დავდიოდი. ნუ მომაყოლებთ, რა ფიქრები მქონდა, არაა საჭირო. 8 თვე არც სამსახურში წავსულვარ. არც მიმღერია. გარეთაც არ გავდიოდი. მერე ნელ-ნელა მოვედი აზრზე. ვაიძულე საკუთარი თავი, ფეხზე ავმდგარიყავი. დღეს ისევ ვიღიმი, ისევ მღერი და ისევ ის ნინი ვარ, ვინც აქამდე იცოდით, უბრალო;დ უფრო სევდიანი, ვიდრე აქამდე იყო.

ცხოვრება გრძელდება. თქვი, ისე ვგრძნობ თავს, თითქოს მე ვიყავი ყველაფერში დამნაშავეო. რა არის, რასაც ნანობ ცხოვრებაში?

– ვნანობ იმას, რომ თუ ასე მალე უნდა დამეკარგა მშობლები, ნეტა უფრო მეტი დრო გამეტარებინა მათთან, უფრო მეტად მოვფერებოდი ან, სულაც, არსად წავსულიყავი.ახლა მხოლოდ ის მინდა, რომ მქონდეს ბევრი ფული; რათა გაჭირვებულ ადამიანს დავეხმარო. მოხუცთა თავშესაფარს და ბავშვთა სახლს გავაკეთებდი, სადაც ყველანაირი პირობა ექნებოდათ, ისწავლიდნენ და ძალიან ბედნიერები იქნებოდნენ. მოხუცებს კი, ჩემს სითბოსა და სიყვარულს არ მოვაკლებდი. ესაა ჩემი ოცნება და იმედია, აუცილებლად ამიხდება. ოცნებები სრულდება თუ ამას მიზნად დაისახავ, აუცილებლად სრულდება!

– ძალიან კარგი საქმე გაქვს ჩაფიქრებული და გისურვებ, მართლაც აგსრულებოდეს გულის წადილი. რა მოგცა ამდენი წლის მერე ამერიკამ, როგორ რეზიუმეს გაუკეთებდი საკუთარ თავს ამერიკაში ცხოვრებით?

– ამერიკამ მე საკუთარი თავი მასწავლა. დამანახვა, რამდენად ძლიერი და დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. არაფრის არ შემშინებია. არც ტკივილმა და არც ტრაგედიებმა არ შემცვალა, არ გამაბოროტა. პირიქით, ახლა უფრო მეტად მიყვარს ყველა და მადლიერი ვარ ყველასი, ვისაც ერთი თბილი სიტყვა მაინც უთქვამს ჩემთვის. ბევრი მასწავლა ამ ქვეყანამ. რაც მთავარია, საკუთარი თავი გამაცნო და თავდაჯერებულობა შემმატა.

– აქ შენ ბევრი მეგობარი გყავდა, სულ მათ გარემოცვაში იყავი, დროს მხიარულად ატარებდი. ალბათ, ახლა ეს ყველაფერი გენატრება. თუ არის რამე ისეთი, რასაც შეცვლიდი ან წარსულიდან დაიბრუნებდი. ცხადია, მშობლებს დაიბრუნებდი, მაგრამ კიდევ რას?

– არაფერს შევცვლიდი. ჩემი მეგობრებით მე აქაც ძალიან ბედნიერი ვარ, ტანსაცმელი ისე მაცვია, რაც მომწონს და როგორც მინდა, რისი საშუალებაც საქართველოში არ მქონდა. ვგულისხმობ ჩაცმის სტილს. გარეგნობას ჯერ არ ვუჩივი. თუ მოვბერდები, მერე შეიძლება, შევავლო ხელი საკუთარ თავს.

– როგორც შენგან ვიცი, დეპრესიის გამო წონაშიც მოიმატე. ეს, ალბათ, ძალიან გადარდებს.

– კი. ამწუთას რაც მაწუხებს, მომატებული კილოგრამებია. დეპრესიის ფონზე მომემატა წონა. ამას თან დაერთო ფარისებრი ჯირკვლების პრობლემაც და ასე შემდეგ მაგრამ ვმკურნალობ. სწორი კვებითაც ვუწყობ ხელს. დღეს 18-საათიანი დიეტა დავიწყე და ვნახოთ, რა იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა