შოუბიზნესი

ნინი ონიანი: ეს სხეული უფრო მომწონს, მასში უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს

№33

ავტორი: ქეთი მოდებაძე 23:00 22.08, 2022 წელი

ნინი ონიანი
დაკოპირებულია

ვარჯიში და სპორტული ცხოვრება ნინი ონიანისთვის უცხო არასდროს ყოფილა, თუმცა ბოლო პერიოდში ეკრანს ჩამოშორდა და მთავარ საქმედ სპორტი აქცია. უპირველესად, საკუთარი თავის ტრანსფორმაცია მოახდინა და ახლა, როგორც ფიტნესტრენერი, სხვებს ეხმარება.

ნინი ონიანი: რამდენიმე წლის წინ, მიზნად დავისახე, რომ საკუთარი თავის ტრანსფორმაცია მომეხდინა, არა მხოლოდ ფიზიკურ, პირველ რიგში, მენტალურ დონეზე. დავიწყე ინტენსიური ვარჯიში და ყველანაირად გავძლიერდი. გაცილებით მაგარი ტიპი გავხდი, ვიდრე მანამდე ვიყავი (იცინის). გადავწყვიტე, ეს საქმე პროფესიონალურ დონეზე შემესწავლა და მართლაც, ერთი წელი ვსწავლობდი. დღეს სერტიფიცირებული ფიტნესინსტრუქტორი ვარ. როცა ამ პასუხისმგებლობას იღებ, ბევრი უნდა ისწავლო. ერთი არასწორი ნაბიჯით შეიძლება, ადამიანის ჯანმრთელობა დააზიანო, ამიტომ ყოველდღიურად უნდა განვითარდე. ასე რომ, სულ ახლის ძიებისა და სწავლის პროცესში ვარ.

– ტელევიზიაში ძალიან აქტიური იყავი და მერე უცებ ჩამოშორდი ეკრანს. ამ დროს, ცნობადობისთვის, ადამიანები ძალიან ბევრს აკეთებენ იქ მოსახვედრად. მოგბეზრდა თუ რა იყო მიზეზი?

– როცა მე ეკრანზე გამოვჩნდი და რაღაცები ვაკეთე, მაშინ ძალიან ცოტა ადამიანი ჩანდა ისე, როგორც მე. მერე გავიზარდე, წლები გავიდა, დედა გავხდი, ბევრი რამ მოხდა და ცოტა შევწუხდისავით, სიმშვიდე მომინდა. ამიტომ მეტ-ნაკლებად ჩამოვშორდი. ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ყველაფერზე უარი ვთქვი, იმიტომ, რომ არ მინდა წრეზე სიარული. თუ ეკრანზე დავბრუნდები, დავბრუნდები უფრო მაგრად, ვიდრე მანამდე ვიყავი. რასაც აქამდე ვაკეთებდი, იმანაც ამოწურა თავი, მეც ამოვწურე თავი იმ საქმეში. თუ რამე დამაინტერესებს, სიამოვნებით გავაკეთებ, რადგან კამერები და ეკრანი ძალიან მიყვარს და სიმართლე თუ გაინტერესებთ, ეს ყველაფერი ძალიან მენატრება. მარტო საქმეში კი არა, ერთფეროვნება ცხოვრებაშიც ძალიან მოსაბეზრებელია და რომ მივხვდი, ვეღარ ვვითარდებოდი და ერთ ადგილას გავიჭედე, ცოტა არ იყოს, მომბეზრდა, თორემ რომ ვთქვა, არ გამიჭირდა წამოსვლა და სულ ჰარი-ჰარალეთი დავემშვიდობე-მეთქი, რა თქმა უნდა, ტყუილი იქნება. თუმცა, იქ, სადაც ახლა ვარ, თავს ბევრად უკეთესად ვგრძნობ, ვიდრე იქ ბოლო პერიოდში.

– გიყვარს სიახლეები და ნაბიჯის გადადგმისაც არ გეშინია?

– ვგიჟდები სიახლეებზე და გამოწვევებზე. არანაირი შიში, ძალიან მსიამოვნებს. გადაწყვეტილების მიღების პროცესი მარტივი არ არის. მაგრამ თუ გადავწყვიტე, მერე „ვსო“. სიახლეები მიყვარს, ერთფეროვნება ჩემი საქმე არ არის.

– ეს სიახლე არაჩვეულებრივად აისახა შენს ვიზუალზეც. მანამდეც ნამდვილად მშვენიერ ფორმაში იყავი, მაგრამ როგორი შედეგები გაქვს ახლა?

– დღეს სარკეში რომ ვიყურები და ხუთი წლის წინანდელ ნინის ვიხსენებ, ვხვდები, რომ რადიკალურად სხვა ადამიანი ვარ. ხშირად მეუბნებიან, შენ რად გინდოდა ვარჯიშიო?! ვარჯიში ყველას სჭირდება და პირველ რიგში, ვიზუალის კი არა, ჯანმრთელობის გამო. დღეს სარკიდან სულ სხვა ადამიანი მიყურებს, პირველ რიგში, მენტალურად ბევრად ძლიერი და გაწონასწორებული. არც შევადარებ წლების წინანდელ ნინის. ვიზუალს რაც შეეხება, მარტო ბრმა თუ ვერ დაინახავს შედეგს ან ბოროტი და ბოღმა ადამიანი (იცინის). ეს სხეული უფრო მომწონს, ამ სხეულში უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს.

– ამბობ, რომ მენტალურად გაცილებით ძლიერი ხარ. მენტალურადაც ყოველთვის ძლიერი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებდი. რა შეიცვალა?

– ნამდვილად, სუსტი არასდროს ვყოფილვარ. ყოველთვის ძლიერი ხასიათი მქონდა. თან, არ დაგვავიწყდეს, სვანი ვარ (იცინის). მაგრამ ვარჯიშის დროს, გარდა იმისა, რომ ვიზუალურად იცვლები, ორგანიზმში მიდის პროცესები, რომლის შედეგადაც ხვდები, რომ ბევრად მშვიდი ხარ, რაზედაც ადრე ბრაზდებოდი, ახლა ვეღარ გაბრაზებს, ყურადღებასაც აღარ აქცევ. ენდორფინები გაქვს მოზღვავებული, რაც ბედნიერებას განიჭებს. როცა ბედნიერი ხარ, ძლიერიც ხარ, ჯანმრთელიც და ლამაზიც. ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია მენტალურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან. ხდები უფრო გაწონასწორებული. თან, როცა მეტი ფიზიკური ძალა, გეძლევა, ფსიქოლოგიურად ეს კიდევ უფრო გაძლიერებს, რადგან ძალიან სასიამოვნო პროცესია.

– მგონი, ორმაგად საშიში გოგო გახდი. ყველა მიმართულებით პლუსები ჩაიწერე.

– სწორად აღნიშნე, უკვე ორმაგად საშიში ვარ, აქამდე ერთმაგად ვიყავი (იცინის). ეს არის ცხოვრება, თუ არ განვვითარდით და ერთ ადგილას ვდგავართ, საერთოდ რა აზრი აქვს რამეს? წინ აუცილებლად უნდა წავიდეთ.

– ასაკი და გამოცდილებაც ბევრს გვასწავლის. ამან როგორ შეგცვალა?

– პიროვნულად ძალიან არ შევცვლილვარ. რა ფასეულობებითაც 15 წლის წინ ვცხოვრობდი, იგივე მაქვს ახლა. თუმცა, გამოცდილებას ბევრი რამ მოაქვს. ცხოვრებაც ბევრს გასწავლის. უფრო სწორად, ცხოვრება არაფერს გასწავლის, თუ შენ არ ისწავლე. ცხოვრება გამოცდებს გიწყობს და შენ მათ ან გამოიყენებ საშენოდ, ან დაჯდები და „ვაი, ვაის“ ძახილს დაიწყებ. მე ვარჩიე, რომ საჩემოდ გამომეყენებინა. ცუდი მოხდება თუ კარგი, ვცდილობ, ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენო. განსაცდელი იქნება თუ სიხარული, ადამიანს აქვს უნარი, ისე დაინახოს, როგორც თვითონ სურს. ეს მარტივი არ არის, საკუთარ თავზე მუშაობა სჭირდება, მაგრამ მე იმდენი ვიმუშავე, რომ დღეს მაქვს ძალა, ყველაფერი საჩემოდ შემოვატრიალო. ეს წლების წინ არ შემეძლო. ემოციებს აყოლილი ახალგაზრდა გოგონა ვიყავი. ახლა გაძლიერებული ახალგაზრდა გოგონა ვარ (იცინის).

– არის მომენტები, როცა თავს მოდუნებისა და მოშვების საშუალებას აძლევ?

– ყოველთვის ენერგიული ვარ. არ მაქვს დეპრესიებისა და მელანქოლიების დრო, არც სურვილი. მილიონი საქმე მაქვს, შვილი მყავს და ასე შემდეგ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხანდახან ცუდ ხასიათზე არ ვარ, არ ვტირი ან მელანქოლია არ მაწვება. დეპრესიაც მქონია და ყველაფერი ხდება. არის მომენტები, როცა ვამბობ ხოლმე, დავიღალე, არ მინდა არაფერი, ორი დღე არ დამელაპარაკოთ! მინდა, ვიყო ცუდ ხასიათზე და მორჩა (იცინის). ესეც საჭიროა. სევდა ძალიან მაგარი რამეა. დარდი საჭიროა. გააჩნია, როგორ გამოიყენებ იმ სევდიან განწყობას. ასეთ განწყობაზე მყოფი ბევრ რამეს აცნობიერებ და ეს ყველაზე მაგარი მომენტია. მერე ამას აუცილებლად საჩემოდ გამოვიყენებ.

– როგორია გაბრაზებული ნინი?

– არავის ვურჩევ გაბრაზებული ნინის ნახვას (იცინის). ადრე ესეც არ შემეძლო, ახლა შემიძლია, ბევრი რაღაც მოვითმინო, „გავატარო“. მაგრამ თუ ავფეთქდი, რაც უკვე ძალიან იშვიათად ხდება, ძალიან ფიცხი ვარ. რომ გითხრა, ჩემი თავი მომწონს მაგ მდგომარეობაში-მეთქი, მოვიტყუები. ვცდილობ, რომ ასეთი რამ ძალიან იშვიათად მოხდეს. ტყუილს, უპატივცემულობას, ღალატს, ადამიანის, რომელიც ცხოვრებაში ვერაფერს ხვდება და ამ დროს ჰგონია, რომ შენზე ჭკვიანია, ამ ყველაფერს გამოვყავარ წყობიდან. მაგრამ ყველაზე მეტად მაშინ ვბრაზდები, როცა ვხვდები, რომ მატყუებენ და ყოველთვის ვხვდები (იცინის).

– რაც არ გაბრაზებს და ყველაზე მეტად გაბედნიერებს, შენი შვილია. როგორი ბიჭია და რამდენად მოგწონს საკუთარი თავი დედის ამპლუაში?

– მიჭირს ჩემს შვილზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ძალიან ჭკვიანი და მაგარი ბიჭია. მოაზროვნე ბავშვია. ხასიათებით ძალიან მგავს, იმხელა მსგავსებას ვიჭერ, ხანდახან მეშინია ხოლმე (იცინის). ზრდილობიანი, მორიდებული და ცოტათი ეშმაკუნა ბიჭია. მეგობრები ვართ და ბევრს ვსაუბრობთ. ჩემთვის მთავარია, რომ კარგი ადამიანია. დანარჩენი, მთავარია, თვითონ იყოს ბედნიერი, მე მის პირად სივრცეში არც ვიჭრები, არც შემდეგში შევიჭრები და დისკომფორტს არ შევუქმნი, როგორც ხშირ შემთხვევაში იქცევიან დედები საქართველოში. მერე რა, .რომ ხუთი წლის არის, ხუთის იქნება თუ 45 წლის, პიროვნებაა და თავისი სივრცე უნდა ჰქონდეს. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ვერბალურ დონეზე ჩემს შვილთან კარგად გამომდის კომუნიკაცია. არ მახსოვს, ლუკასთვის დამეყვიროს. იმდენი შევძელი, რომ ჩემი შვილი მენდობა. აბსოლუტურად გახსნილია ჩემთან, მაგრამ რიდიც აქვს. ვერ ვიტყვი, რომ როგორც დედა, აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით. რა თქმა უნდა, კიდევ მეტი მინდა, გავაკეთო. ყოველდღე ვცდილობ, უკეთესი ვიყო და შვილს ყველანაირად უკეთესი გარემო შევუქმნა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა