შოუბიზნესი

ნინი მოხევიშვილი: ცხოვრებამ კადრებივით ჩამიარა, ყველაფერი გამახსენდა, რაც დამრჩა გასაკეთებელი და ვერ მოვასწარი

№32

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 21.08

ნინო მოხევიშვილი
დაკოპირებულია

ნინი მოხევიშვილმა ეკრანზე პირველივე გამოჩენისთანავე მიიპყრო ყურადღება. ჯერ იყო ამიკო ჩოხარაძის „გვიანი შოუ“, სადაც ის სიმღერით გამოჩნდა სცენაზე, შემდეგ – კლიპი ქუთაისზე, სადაც ის გაბუს შეყვარებულის როლს თამაშობდა. ამას მოჰყვა მისი ეპიზოდური როლები „კომედი შოუს“ სკეტჩებში და სერიალი „თეთრი, მშრალი ხიდი“. ნინი სპეციალობით ჟურნალისტია, ამ სფეროში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, თუმცა, ფიქრობს, რომ ეს სფერო მისი არაა.

– ნინი, მიგაჩნია, რომ დამოუკიდებელი ადამიანი ხარ? და რა ასაკში დაიწყე მუშაობა, როდის გაგიჩნდა საკუთარი შემოსავალი?

– ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. 18 წლის ვიყავი, უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე და მალევე დავიწყე დამოუკიდებლად ცხოვრება – ბავშვებს ვამზადებდი ინგლისურ ენაში. თავიდან ერთი ბავშვით დავიწყე და რამდენიმე თვეში, უკვე 10-15 ბავშვი მყავდა. ჩემთვისაც პრაქტიკა იყო და პატარებსაც რომ ვეხმარებოდი, ძალიან მსიამოვნებდა, პლუს ამას საკუთარი ფინანსებიც მქონდა. არ დამავიწყდება, პირველი შემოსავალი რომ ავიღე, მაშინ მივხვდი, როგორი დიდი გოგო ვიყავი და გავიაზრე, დამოუკიდებელ ცხოვრებას მართლა სხვა ხიბლი აქვს. მერე „მიუზიკ ბოქსში“, გასართობ გადაცემაში მიმიყვანა ჩემმა ნაცნობმა სტაჟიორ-ჟურნალისტად. სხვათა შორის, ჩემი ბავშვობის ოცნება ოყო, ვამბობდი, რომ გავიზრდები, ჟურნალისტი უნდა გამოვიდე-მეთქი და ეს ნატვრა ავიხდინე. მერე „რუსთავი 2-ში“ ვმუშაობდი ია ფარულავას „ფარულ კონვერტში“ და იქ გავიაზრე, რომ ჟურნალისტიკა – ეს სფერო ჩემი არ არის. მოკლედ, ჟურნალისტის ცხოვრების ეტაპები რომ გავიარე, მაშინ მივხვდი, ეს პროფესია ჩემი არ ყოფილა. ასე გამოვიდა, რაც ჟინი და ოცნება მქონდა, ის ავისრულე და მივხვდი, ბავშვობაში სხვა წარმოდგენები და სურვილები მქონდა და ეს პროფესია – ჟურნალისტიკაც, ბავშვურ ოცნებებში დავტოვე. თუმცა, ჟურნალისტის დიპლომი მაქვს. მერე, ჩემი უსაყვარლესი ალეკო მალხაზიშვილისგან მივიღე შემოთავაზება და „კომედი ჯგუფს“ შევუერთდი, თავიდან ოფის-მენეჯერი ვიყავი, ჩემი ბავშვობის კუმირების გვერდით მიწევდა ყოფნა და ეს უდიდესი ბედნიერება იყო ჩემთვის. მერე, სამსახიობო მტვერი რომ შემეყარა, მივხვდი, ეს არის ის, სადაც თავს კარგად ვგრძნობ, მსიამოვნებს და გაცილებით მეტ ბედნიერებას მანიჭებს, ვიდრე ჟურნალისტიკა. პირველად ამიკო ჩოხარაძის გადაცემაში გამოვჩნდი სიმღერით, მერე გაბუს კლიპში ვმონაწილეობდი, შემდეგ სკეტჩების ეპიზოდები და ბოლოს, სერიალში. თუმცა, მე თუ მკითხავთ ხალხმა უფრო ლაშა გაბუნიას კლიპით გამიცნო, სადაც მის შეყვარებულს ვთამაშობდი და დღემდე ახსოვთ და ჭკუიდან გადამიყვანეს, წერენ ნინი და გაბუ შეყვარებულები იყვნენო (იცინის). ქუთაისზე კლიპი გადავიღეთ, იქ გამოვჩნდით ერთად, ამდენი წელი გავიდა და დღემდე ბევრს ჰგონია, რომ მართლა მისი შეყვარებული ვიყავი და ხუთი წელია, ამის გამო სიცოცხლე გამიმწარეს (იცინის). ახლა რომ მეუბნებიან, შენ ის არ ხარ, გაბუს შეყვარებულიო, უკვე რეაქცია აღარ მაქვს (იცინის). სხვათა შორის, ამის მერე, სერიალ „თეთრი მშრალი ხიდში“ რომ გამოვჩნდი, იქ გიგა ტაბიძის შეყვარებული ვიყავი, რომელიც ქუთაისიდან იყო და ნიკა არაბიძე დამცინოდა: შენ მოგენიჭა სტატუსი – ქუთაისელი რძლის როლის საუკეთესო შემსურლებელიო (იცინის).

– ზოგადად, გემოვნება ხშირად გეცვლება წლების მატებასთან ერთად?

– იმდენად ცვალებადი ხასიათი მაქვს, სულ ვამბობ, ამინდივით არის ჩემი ხასიათი-მეთქი. შეიძლება, დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ შემეცვალოს გემოვნება და ხასიათი. მაგალითად, თუ სადმე ვაპირებ წასვლას, გადმოვიღებ ტანსაცმელს, რის ჩაცმასაც ვაპირებ და ბოლო მომენტში გადავიფიქრებ, სულ სხვა ლუქს ვიცვამ, მაგრამ სახლიდან გასვლის წინ, უკან ვბრუნდები და ისევ ვიცვლი (იცინის).

– ვინც შენს სოციალურ ქსელს ადევნებს თვალს, დამეთანხმება, რომ არაჩვეულებრივ ფოტოებს დებ, სხვადასხვა ქვეყნის საოცარი ადგილებიდან. პირველად როდის გახვედი ქვეყნიდან?

– ბავშვობაში კი დავდიოდი თურქეთში დასასვენებლად, ოჯახის წევრებთან ერთად, მაგრამ ის იყო ოჯახური დასვენება. რასაც სამოგზაუროდ წასვლა ჰქვია, ეს იყო პირველად იტალიაში, სადაც ექვსი წლის წინ ვიყავი მეგობრებთან ერთად. შარშანაც ვიყავი და რაც მაშინ დამაკლდა, ავინაზღაურე – უამრავი საინტერესო და საოცარი ადგილი მოვინახულე. მიუხედავად იმისა, რომ ფრენის სასწაულად მეშინია, მაინც ვცდილობ, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მაინც წავიდე უცხოეთში სამოგზაუროდ. გარდა იტალიისა, პორტუგალიამ მოახდინა ძალიან დიდი შთაბეჭდილება. წელს ვიყავი საფრანგეთში და იმდენად საოცარი ადგილები ვნახე ნიცაში, კანსა და მონაკოში, ისე კარგად დავისვენე, ვფიქრობ: მგონი, წინა ცხოვრებაში ფრანგი ვიყავი-მეთქი (იცინის). მოგზაურობა კი მიყვარს, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ხშირად ვერ დავდივარ და ერთადერთი ამის მიზეზი ის არის, რომ ფრენის შიში მაქვს.

– როგორ იმშვიდებ თავს, როცა თვითმფრინავში ჯდები? ალკოჰოლი გშველის თუ დამამშვიდებელ აბებს სვამ?

– ზოგადად, როცა სადმე ვაპირებ წასვლას, წინასწარ ყველა დეტალს კარგად ვგეგმავ. არ ვარ ის ადამიანი, ავდგე და უცებ სადმე გავფრინდე. წინასწარ უნდა მქონდეს ყველაფერი დალაგებული და დაწყობილი – ბილეთი იქნება თუ სასტუმრო. ცუდი ჩვევა მაქვს: სანამ სადმე გავფრინდები, წინა დღეს ვჯდები და ვუყურებ ავიაკატასტროფის ვიდეოებს, თვითმფრინავი რომ ვარდება. სანამ თვითმფრინავში ავალ, ნევროზი მეწყება და აუცილებლად ვსვამ დამამშვიდებელ აბებს, რომ მშვიდად ვიყო. თუმცა, ჩემი საუკეთესო დაქალი ელენე, ვისთან ერთადაც მიწევს ფრენა, იმდენად მშვიდია, მას რომ ვუყურებ, მერე მეც ვმშვიდდები. არ დამავიწყდება, პორტუგალიიდან რომ მოვფრინავდით, ხუთსაათიანი ფრენა გვქონდა. ჩემს ორ დაქალს ეძინა, მე რა დამაძინებდა ფრენის დროს? მოკლედ, გამოაცხადეს, ტურბულენტურ ზონაში შევდივართ და ღვედები გაიკეთეთო. უნდა გენახათ, როგორ ვტიროდი, ყველა ლოცვა წავიკითხე, რაც გამახსენდა. ისეთი რყევა იყო, სკამებიდან გვაგდებდა. ბორტგამცილებელი გოგონა რომ მიხვდა, სრული პანიკა მქონდა, მოვიდა და დამამშვიდა: ჯერ არ დაფიქსირებულა თვითმფრინავის დაზიანება ან ვარდნა ტურბულენტურ ზონაში, ასე რომ, მშვიდად იჯექი, ამის ალბათობაც კი არ არის, დამშვიდდიო. ამ სიტყვებმა ისე დამამშვიდა, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩამეძინა (იცინის). თუმცა, სანამ დავიძინებდი, ცხოვრებამ კადრებივით ჩამიარა, ყველაფერი გამახსენდა, რაც დამრჩა გასაკეთებელი, რაც ვერ მოვასწარი... მოკლედ, მშვიდობით ჩამოვფრინდით, მაგრამ მართლა ძალიან შემეშინდა. სხვათა შორის, ჩემთვის იმხელა სტრესია ფრენა, როცა მოგზაურობიდან ვბრუნდები, დაახლოებით, ორი კვირა მჭირდება, გონზე რომ მოვიდე. საქართველოშიც მიყვარს მოგზაურობა და მეგობრები თვეში ორი-სამი დღით გავდიოდით დედაქალაქიდან. ხან კახეთში ვიყავით, ხან ყაზბეგში, ხან ბათუმში... სხვათა შორის, ჩემი წლევანდელი დასვენება და ზაფხული ნაადრევად დაიწყო, მაისში თურქეთში ვიყავი დასასვენებლად. სულ ვამბობ, კარგია უცხოეთში მოგზაურობა, მაგრამ ვერ ვისვენებ, უფრო ვიღლები სიარულით და ბევრი ადგილის მონახულებით. დასვენებით კი თიანეთში, ჩემს სოფელში ვისვენებ, სადაც ახლა მივდივარ ბებია-ბაბუასთან. ჩემი სოფელი, სადაც ჩემი საყვარელი ადამიანები მელოდებიან, განსატვირთად და სულიერი სიმშვიდისთვის ყველაზე კარგი ადგილია მსოფლიოში.

– შენი გარეგნობის გამო, ალბათ, უცხოეთშიც გაგქცევენ ყურადღებას და შენი წარმომავლობით ინტერესდებიან.

– სხვათა შორის, ხშირად მაჩერებდნენ მილანში, მეკითხებოდნენ, საიდან ხარო და ქუჩაში მიმავალს კომპლიმენტებს მეუბნებოდნენ. მაშინ გრძელი, ქერა თმა მქონდა და ყველას უკრაინელი ვეგონე. რომ იგებდნენ, საქართველოდან ვიყავი, უმეტესობამ იცოდა ჩვენი ქვეყნის შესახებ და აღფთოვანებით ამბობდნენ: ო, ჯორჯია, ხაჭაპური! (იცინის) ერთხელ, ჩემმა ქართველმა ფარულმა თაყვანისმცემელმა საქართველოდან პორტუგალიაში, სასტუმროში ულამაზესი თაიგული გამომიგზავნა და დღემდე არ ვიცი მისი ვინაობა. სულ ვამბობ, თუ არ უთითებ ვინაობას, ვერ ვხვდები, ასეთი სიურპრიზის აზრს-მეთქი. ჯერ ვიფიქრე, ადრესატი ხომ არ შეეშალათ-მეთქი, მაგრამ – არა. ამხელა მანძილზე რომ გამომიგზავნა, ველოდებოდი, ან ახლა გამოჩნდება, ან ახლა-მეთქი, მაგრამ არ გამოჩნდა, თუმცა მადლობა მას თაიგულისთვის. თუ ამ სტატიას წაიკითხავს, მადლობას გადავუხდი და ვეტყვი, რომ მაშინ, ძალიან გამახარა (იცინის).

– ნინი, პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– არ გეწყინოთ, მაგრამ გეტყვით, რომ პირად ცხოვრებაზე არ ვსაუბრობ. უბრალოდ ვიტყვი, რომ თვალებში ვარსკვლავები ციმციმებს, ყველაფერი კარგადაა და თავს ბედნიერად ვგრძნობ. ახლა ყველაზე კარგი პერიოდი მაქვს და ამაზე საჯაროდ, ხმამაღლა საუბარს ვერიდები, რადგან ცუდი გამოცდილება მაქვს, როცა ვისაუბრე, უკუღმა წავიდა ყველაფერი და თან, თვალის ცემისაც მჯერა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა