შოუბიზნესი

ნინი ქარსელაძე: ხათუნას რაღაც პერიოდში ჩემ მიმართ აგრესია ჰქონდა

№45

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 15.11, 2021 წელი

ნინი ქარსელაძე
დაკოპირებულია

ახლახან ხათუნა ჟორდანიამ სიმსივნე დაამარცხა. მოულოდნელი დიაგნოზი მძიმე შესაგუებელი აღმოჩნდა ყველასთვის, თუმცა, ხათუნას გვერდით უამრავი ადამიანი დაუდგა და სამწლიანი ბრძოლის შემდეგ სასურველი შედეგიც დადგა.

ნინი ქარსელაძე: ვინც ამ დაავადებას შეჯახებია, ყველა ელოდება მომენტს, როცა მასზე გამარჯვების შეგრძნებას გამოცდის – ჩვენ ამას სამი წელი ველოდით და ეს დღეც დადგა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს ის სიხარული არ იყო, რომელიც უნდა ყოფილიყო. ხათუნას ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ჩემი დეიდაშვილი დაიღუპა ავარიაში. ამ ტრაგედიის გამო, ძალიან დაძაბულები და განადგურებულები ვიყავით, მაგრამ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ჩვენ მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს. უნდა გენახათ, დეიდაჩემი როგორ ელოდა გამოკვლევებიდან ხათუნას დაბრუნებას. უნდა გენახათ, როგორი იყო მათი შეხვედრა. ამ წლების განმავლობაში, ისიც ისე ელოდა ხოლმე ხათუნას პასუხებს და ისიც ისე იყო ხათუნას ანალიზების კონტროლში ჩართული, როგორც მე და განკურნებული ხათუნას დაბრუნების შემდეგ მათი პირველი შეხვედრით გამოწვეული ემოციები ჩემი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება. დედაც ტიროდა და დეიდაც – ქალი, რომელმაც ერთადერთი შვილი დაკარგა, ყველა ძალიან დიდ განცდებში ვიყავით. ის და დედაჩემის სხვა მეგობრები საოცრად დაგვიდგნენ გვერდით, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. რამდენად მტკივნეულიც იყო ხათუნას ამბები, იმდენი კარგიც დავინახე, რომ დედაჩემს ჰყავს მეგობრები, რომლებიც ჩემი დეიდები არიან და მათ გარეშე მე ამ გზას ვერ გავივლიდი. რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახთან ერთად, მათზე არც ვსაუბრობ. რამდენიმე მათგანს ნერვიულობის ნიადაგზე შაქარიც დავმართე. თქვენი ჟურნალის მეშვეობით მათ ბოდიშს მოვუხდი და მადლობას ვეტყვი ყველა წამისთვის და გვერდში დგომისთვის. მთელი ცხოვრება ვილოცებ იმისთვის, რომ უფალმა მათ თავისნაირი ადამიანები არ მოაკლოთ.

– ნინიმ სად იპოვა საკუთარ თავში ამხელა ძალა?

– რომ არა ღმერთი, ხათუნა ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვიდოდა. ღმერთმა ინება, რომ ხათუნა გადარჩენილიყო და ასეც მოხდა. მე ღმერთმა მომცა ძალა იმისთვის, რომ ყველაფერს გავმკლავებოდი. ეს ამბავი ყველასთვის შოკი იყო. მე იმდენად არაადეკვატური ვიყავი, რომ ჩემს მეგობრებს არ სჯეროდათ: ვიცინოდი, ვერთობოდი, კარგ ხასიათზე ვიყავი და ცოტა უცნაურად მიყურებდნენ. საქმე ისაა, რომ მე ტვინში დავბლოკე ეს ინფორმაცია და ცხოვრებაში ერთადერთი მიზანი დავისახე – ხათუნა უნდა გადამერჩინა. ამ მიზნისთვის ყველაფერი გავაკეთე, თუმცა, უფლის წყალობის გარეშე არაფერი გამომივიდოდა.

– რწმენისადმი მანამდე როგორი დამოკიდებულება გქონდათ?

– დედაჩემის დედა ძალიან ეკლესიური იყო, ის უწმიდესის მრევლი გახლდათ. მას დავყავდი ტაძარში და მაზიარებდა – ასე იყო ბავშვობიდან. თუმცა, მისი ცხოვრების წესთან მე ვერასდროს მივალ. მერე, რაღაც პერიოდში, ძალიან ჩამოვშორდი ეკლესიას და ყველაფერს ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი. ალბათ, ბევრმა რამემ მოახდინა ჩემზე გავლენა, რაც სწორი არ იყო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, პროპაგანდა გავლენას ახდენს ადამიანებზე და ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. ალბათ, ღმერთს ძალიან ვუყვარვარ, ალბათ, ეს გზა იმიტომ გავიარე, რომ მასთან ახლოს მივსულიყავი და ამ გამოცდილების შემდეგ მე სულ სხვანაირი გავხდი.

მადლობა ყველა იმ მამაოს და დედაოს, ვინც ამ პერიოდში ძალიან დავიღალე. კრიტიკულ მომენტებში ყველას ვწერდი, რომ დედა ლოცვებში მოეხსენიებინათ და რა დროც არ უნდა ყოფილიყო, ყველა ფეხზე იდგა.

– სასწაულმოქმედი ადგილებიც შემოიარეთ, არა?

– ყველგან ვიყავით, არც ეპიდემიამ შემაშინა და არც დედაჩემის დაბალმა იმუნიტეტმა. მივდიოდით ყველგან, სადაც სასწაულმოქმედი ხატი ან წმიდა ნაწილია დაბრძანებული, საქართველოში თუ ისრაელში, თითქმის ყველგან ვიყავით მე, ხათუნა და ზურა.

– ვინმეს ეგონა, რომ ამდენს შეძლებდით?

– ეს ჩემი ხასიათია. ბავშვობიდან ძალიან დამოუკიდებელი და დიდი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი ვარ. ორგანიზებაც შემიძლია და აქამდეც ამიღია საკუთარ თავზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები, მაგრამ მართლა არ ვიცი, ამხელა ძალა საიდან მომეცა. თან, ექიმები ძალიან ცუდ პროგნოზებს მეუბნებოდნენ, არავინ დამინდო. განსაკუთრებით უცხოეთში, იქ პირდაპირ გეუბნებიან დიაგნოზს, თუმცა მათ მეტი ძალა და მოტივაცია მომცეს. ისინი არ ვიცის რომ მეუბნებოდნენ, მე კის ვამბობდი. ჩემი აზრით, განწყობის თეორია საოცრად მუშაობს.

– ფარ-ხმლის დაყრის მომენტიც იყო?

– ბევრჯერ, მაგრამ ეს არავის უნახავს. ოთახში შევდიოდი, ვიკეტებოდი, ძალიან ბევრს ვტიროდი, ემოციებისგან დავიცლებოდი და ხათუნასთან ისევ მხიარული გამოვდიოდი. მას არაფერი არ უნდა შეემჩნია. სრული დიაგნოზი მარტო მე ვიცოდი. ყველას დავუმალე, ყველა მოვატყუე. არავის ვენდე, რადგან ვინმესთვის რომ მეთქვა, შეიძლებოდა, ეს ამბავი ხათუნამდე მისულიყო. ამიტომ მარტოს მიწევდა მთელი ტვირთის ზიდვა, მაგრამ ეს ინფორმაცია ისე დავბლოკე, იმდენად არ დავიჯერე, რომ ხათუნას ეს სჭირდა და შეიძლებოდა, ამ დაავადებას დედა ემსხვერპლა, რომ ალბათ, ამანაც იმოქმედა. სულ ვამბობდი, არაფერია, ადრეულ სტადიაზე მივუსწარით, ახლა ქიმიებს გაიკეთებს და ვსიო-მეთქი. ღმერთმა შეისმინა ჩემი ლოცვა. მთელი გულით ვეხვეწებოდი და ვიცოდი, რომ არ გამწირავდა. ხათუნას რაღაც პერიოდში ჩემ მიმართ აგრესია ჰქონდა: არ წამოვალ, წამალს არ დავლევ და ასე შემდეგ, სულ მეწინააღმდეგებოდა. ასეთ მომენტებში მეუბნებოდნენ ხოლმე, თავი დაანებე, შენ რომ ასე გჯერა და გწამს, ღმერთი შენ არ გაგწირავსო.

– ბებო, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, თურმე, არ იჯერებდა ხათუნას ავადმყოფობას.

– როგორც ჩემმა, ისე ბებოს ტვინმაც არ მიიღო ეს ამბავი. ამბობდა ხოლმე, დედაშენს არაფერი არ სჭირსო და მე მისი ბოლომდე მჯეროდა. მე ბებიაჩემის გაზრდილი ვარ, მისთვის მესამე შვილი ვიყავი, დედას ვეძახდი და იმდენად ვენდობოდი, რომ ჩემი ქვეცნობიერი მის სიტყვებს იჯერებდა და არა იმ ექიმების, რომლებიც კოშმარული დიაგნოზის შესახებ მეუბნებოდნენ.

– ბებიას საკუთარი გარდაცვალება უწინასწარმეტყველებია.

– ბებია ისეთი მორწმუნე და მადლიანი ადამიანი იყო, იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, რომ ღმერთმა არც კი აწვალა. როცა თქვა, მაშინ დატოვა ეს სამყარო. სამი დღით ადრე გაგვაფრთხილა მე და ხათუნა. ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო, მაგრამ როდესაც კანონზომიერება არ ირღვევა, ეგუები.

– ამასობაში მამა დაკარგეთ. ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიდა...

– ამასობაში არა, ჯერ მამა გარდაიცვალა და ზუსტად ერთ კვირაში გავიგე ხათუნას ამბავი. გარდაცვალებამდე მამაჩემი 24 დღე საავადმყოფოში მყავდა და ის პერიოდი და ის სტრესი ჩემს ტვინს არ ახსოვს. ცუდად ჟღერს, მაგრამ ჩემი ტკივილი ტვინის რაღაც ნაწილში ჩავკეტე, რომ ცხოვრება გამეგრძელებინა. არ ვიცი, ამაზე მეტი რა უნდა დაატყდეს ადამიანს თავს?! მამაჩემის გარდაცვალებამ ძალიან დამარტყა. მისი სახით მე ძალიან დიდი ძალა დავკარგე. ის იყო ყველა ჩემი პრობლემის წამში მომგვარებელი, ცხოვრებაში მისთვის მოუგვარებელი არაფერი არსებობდა. ხასიათით მე მას ვგავარ. ასეთი ადამიანი ხელიდან მეცლება და რამდენიმე დღეში ვიგებ დედაჩემის უმძიმეს დიაგნოზს. თუმცა თავში ფიქრადაც კი არ გამივლია, რა მეშველება, ახლა დედაც რომ დავკარგო-მეთქი.

– ამ დროს ოჯახიც შექმენით. როგორ გამოგივიდათ ყურადღების განაწილება?

– ოჯახი რომ შევქმენი, ისე დაემთხვა, რომ ერთ კვირაში ხათუნას კატეს გადაღება უწევდა. მე ვერ დავყვები დედაჩემს კატეზე. მეგობრებს დაჰყავთ. ერთ-ერთის ზარს ველოდები ხოლმე და სანამ ის დამირეკავს, ისეთ დღეში ვარ, რომც აღვწერო, ვერ მიხვდებით. მოკლედ რომ ვთქვა, ამქვეყნად არ ვარ. ზუსტად ვიცი, რომ კარგი პასუხით გამოვა, მაგრამ მაინც ისეთ დღეში ვვარდები, ჩემმა ქმარმა რომ მნახა, ყველანაირად ეცადა, ჩემი ყურადღება რამეზე გადაეტანა, მაგრამ ვერაფერმა მიშველა. როცა ხედავენ, დედა როგორ გიყვარს, რაც ბუნებრივია, მერე ყველა შედის შენს მდგომარეობაში. მე ამაში ძალიან გამიმართლა. თაზომ კარგად იცის გვერდში დგომა და სანამ სასურველი შედეგი არ მივიღეთ, მე მანამდე სულ ხათუნას ირგვლივ ვტრიალებდი. თუმცა, ვცდილობდი, არც მისთვის მომეკლო ყურადღება და მისივე დახმარებით ყველაფერი გამომივიდა.

– ახლა როგორია ცხოვრება, რა შეიცვალა?

– მოდუნების საშუალება არ გვაქვს, სულ ტონუსში უნდა ვიყოთ. ზუსტად იგივე რეჟიმით ვაგრძელებთ წამლების მიღებას. მცენარეული საშუალებებით ვმკურნალობთ, ეს არასტანდარტული მკურნალობაა, რომელმაც არაჩვეულებრივი შედეგი მოგვცა. დიდი რწმენით ვასმევდი ამ ყველაფერს ხათუნას და კარგი შედეგი მივიღეთ. ყურადღება მუდმივად საჭიროა და ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა, შეიცვალა მხოლოდ ის, რომ ხათუნა მეორედ დაიბადა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა