ნიკოლოზ ხაჩიძე: მითხრეს, შეგიძლია ენით გააპო ქვა და რკინა, და მირჩიეს, მაქსიმალურად უნდა ეცადო, ეს თვისება დაივიწყოო
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 24.06

როგორია ნიკოლოზ ხაჩიძიც დამოკიდებულება ასტროლოგიასთან, საკუთარი ნიშნის რა თვისებებია მასში დომინანტური და რას შეცვლიდა საკუთარ ხასიათში, ამას ჩვენი ინერვიუდან შეიტყობთ.
ნიკოლოზ ხაჩიძე: დეკემბერში ვარ დაბადებული და ზოდიაქოთი მშვილდოსანი ვარ. ასტროლოგიის მჯერა, სანდო მეცნიერებად მიმაჩნია. პირადი რუკა ერთხელ მაქვს გაკეთებული და იმდენად საინტერესო დეტალები ამოვიდა ჩემთან მიმართებაში, რომ ვირწმუნე. ყოველდღიური ჰოროსკოპები სისულელედ მიმაჩნია და არც ვკითხულობ, მაგრამ როდესაც ჩემი ზოდიაქოს ნიშნისთვის რთული პერიოდებია, მაშინ შედარებით ფრთხილად ვარ, მსგავს ინფორმაციებს ვიღებ და ვითვალისწინებ.
– განვიხილოთ შენი ზოდიაქოს თვისებები. მშვილდოსნებს განსაკუთრებული ერთგულება ახასიათებთ...
– ასეა. მე შუალედურობა არ მახასიათებს. ადამიანი ან მიყვარს, ან საერთოდ არ მაქვს კონტაქტი. როცა მიყვარს, მისი ძალიან ერთგული ვარ. ნივთებისა და მატერიალური ფასეულობების მიმართ მიჯაჭვულობა საერთოდ არ მახასიათებს, მაგრამ ადამიანების მიმართ – კი. თუმცა, თუ რამე მოხდა და ურთიერთობა გაწყდა, ამისგან ტრაგედიას არ ვქმნი.
– თუ მას უღალატებ, ძალიან დაუნდობელი გახდება.
– ესე იგი, გავუსწარი კითხვას. ნამდვილად ასეა. თუ ურთიერთობა დასრულდა, მერე საერთოდ აღარ მაინტერესებს ადამიანი. შემიძლია, მას ხაზი გადავუსვა. გამარჯობის დონეზე დავტოვებ და იმის იქით, დამთავრებულია. რაც არ უნდა ეცადოს, აღარაფერი შეიცვლება. დაუნდობლობა ჩემთვის ადამიანის გვერდზე გაწევაა და მე შემიძლია ამის გაკეთება. შეიძლება, არ არის მთლად კარგი საქციელი, მაგრამ ასეთი ვარ.
– რამდენად უშიშარი ხარ, ეს თვისებაც ახასიათებთ მშვილდოსნებს.
– ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან უშიშარი ვარ. უშიშარი მაშინ ვხდები, როცა ჩემს ახლობლებს ექმნებათ პრობლემა. სხვა მხრივ, ბევრი შიში მაქვს. მაგალითად, სიმაღლის მეშინია. ასევე, ცოტა უცნაურია, მაგრამ ძალიან დიდი ძეგლების მეშინია. წლების მერე გავიგე, რომ ეს ფობია ყოფილა. ბავშვობაში, როგორც წესი, ურჩხულები და საშიში არსებები ხომ გვესიზმრება და მე სულ მესიზმრებოდა ადგილი, სადაც იყო ძალიან მაღალი ძეგლები, რომლებიც მოძრაობას იწყებდნენ და მეშინოდა, ჩემთვის ფეხი არ დაედგათ (იცინის). ეს შიში იმდენად გამომყვა, ვაშინგტონში რომ ჩავედი, თეთრ სახლთან მავზოლეუმში შესვლა ვერ გავბედე (იცინის). პატარა ძეგლების შიში არ მაქვს, რაც ჩვენ ქალაქშია თვალი მაქვს შეჩვეული და ისე ავუვლი გვერდს, ვერც შევამჩნევ, მაგრამ უცხო ქვეყანაში, რომ ძალიან დიდ ძეგლს ვხედავ, იმის აღარ მეშინია, რომ ფეხს დამაბიჯებს, მაგრამ ძალიან უსიამოვნო განცდა მეუფლება (იცინის).
– მშვილდოსნები ძალიან ამაყები არიან.
– არა, პირიქით. ვისურვებდი, რომ ეს თვისება ჩემში ცოტა გააქტიურდეს (იცინის). ხშირ შემთხვევაში, ვიღაცისგან შეხსენება მჭირდება, რომ რაღაც გამიკეთებია, კარგად გამომსვლია და შემიძლია, ვიამაყო. მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ რაღაც დავაკელი და კიდევ უფრო კარგად შემიძლია. ძალიან თვითკრიტიკული ვარ, ზედმეტადაც კი.
– ძალიან ჯიუტია, შეუვალი ხასიათი აქვს. ასეა?
– კი, საშინელი სიჯიუტე მახასიათებს. ერთი პატარა გასაღები არსებობს ამ დროს, რაც ჩემმა გარშემო მყოფებმა უკვე იციან. როგორც არ უნდა ვცდებოდე და ჯიუტად ვცდილობდე ჩემი აზრის გატანას, საკმარისია დამეთანხმო, ორი წუთი რომ გავა, სიფიცხე და სიჯიუტე გადამივლის, დავფიქრდები და მაშინვე ვხვდები, რომ ვცდებოდი (იცინის). მთავარია, წინააღმდეგობა არ გამიწიონ, თორემ ბოლომდე ჯიუტად მივაწვები ჩემს აზრს (იცინის).
– ძალიან გონებაგახსნილი და საზრიანი ნიშანია. რამდენად ემადლიერები საკუთარ თავს ამ კუთხით?
– ძალიან მიჭირს, უხერხულია ამაზე ჩემგან შეფასებების გაკეთება, მაგრამ თუ ასეა, ძალიან მადლიერი ვარ ამ ნიშნის (იცინის).
– ისეთი ენა აქვს, მკვდარსაც კი აალაპარაკებს...
– ასი პროცენტით ვეთანხმები. არ არსებობს ადამიანი, რომელთანაც საერთო ენის გამონახვას ვერ შევძლებ. მით უმეტეს თუ ეს ჩემს საქმეს სჭირდება. როცა ჟურნალისტი ხარ, ყველა ენაწყლიანი და გახსნილი ვერ შეგხვდება, მაგრამ ყველას უნდა მოუძებნო გასაღები. მადლობა ღმერთს, რომ ეს გამომდის. ეს ნამდვილად შემიძლია (იცინის). ხომ ამბობენ, უდაბნოში რომ აღმოჩნდეს, ქვასთანაც შევა კონტაქტშიო, არ ვიცი ეს რამდენად გამომივა, მაგრამ რესპონდენტის ამპლუაში ვინც მხვდება, მათთან მაქსიმალურად ვცდილობ, რომ კონტაქტი გამომივიდეს (იცინის).
– მშვილდოსნები ძალიან ოპტიმისტი და მხიარული ადამიანები არიან, მათ ცოცხალ ანტიდეპრესანტებს ეძახიან.
– კი, ამასაც ასი პროცენტით ვეთანხმები. ოპტიმიზმი ყველაზე რთულ და სტრესულ სიტუაციაშიც არ მღალატობს და შემიძლია, ჩემს თავს „შემოვუძახო“. საკუთარ თავს ვახსენებ, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, ამიტომ დღევანდელი მაქსიმალურად მშვიდად უნდა გადავაგორო. ჩემი ოპტიმიზმი კიდევ უფრო კარგად მჟღავდნება სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში. როგორც კი გარშემო მყოფებს ვატყობ, რომ რაღაც კარგად ვერ აქვთ, მაშინვე იუმორს „ვრთავ“ და ისე ვიქცევი, რომ რაც შეიძლება, მალე გამოვიყვანო ადამიანები არასასიამოვნო მდგომარეობიდან. ძალიან მიყვარს გარშემო მყოფებსა და მათ განწყობაზე ზრუნვა. იმას უფრო განვიცდი, როცა მათ ცხოვრებაში რთული ეტაპი დგება, ვიდრე საკუთარ სირთულეებს. სხვებზე ზრუნვა მართლა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს და საბედნიეროდ, გამომდის ადამიანების მხიარულ ტალღაზე გადმორთვა.
– მშვილდოსანი ვერ იტანს შეზღუდვებსა და ჩარჩოებს.
– სრულიად ვეთანხმები. ურთიერთობებში ძალიან ერთგული ვარ, მაგრამ აღარ მჭირდება ზედმეტად აქცენტირება რაღაცებზე, ეს მზღუდავს და მბოჭავს. მგონია, რომ ადამიანი აღარ მენდობა და ეს ამიტომაც ხდება, რაც დისკომფორტს მიქმნის. ზოგადად, ურთიერთობებს მიღმაც ასეთი ვარ. 16 წლიდან ვმუშაობ, მაგრამ ჩარჩო ძალიან მთრგუნავს და არ მქონია სამსახური, სადაც დილის 9-იდან საღამოს 6-ამდე ვმუშაობდი. რადიოწამყვანობის დროს მქონდა გარკვეული საათები დაწესებული, მაგრამ ეს კიდევ შედარებით თავისუფლების საშუალებას მაძლევდა. ჩარჩოები ძალიან მძაბავს, მარწუხებად აღვიქვამ და სულ ვცდილობ, მისგან გავიქცე. თუმცა, ერთიცაა, უპასუხისმგებლოდ მოქცევა არ მახასიათებს, გამორიცხულია ასეთი რამ და იმიტომაც არ მიყვარს ჩარჩოები, ანუ, არ მჭირდება მითითება. პასუხისმგებლობა ისედაც ყველაფერს დროულად მაკეთებინებს. ეგ კი არა, რვათვიანი ვარ და ყველაფერი დღეს და ახლა მინდა. ერთ კვირაზე გადასანაწილებელი საქმე თუ მაქვს, მირჩევნია, ღამე გავათიო და დავასრულო, რომ შემდეგი დღეები გავითავისუფლო. თუმცა, ეს ჩემი გადასაწყვეტია. დაწესებული ჩარჩო ძალიან მძაბავს. პირად ურთიერთობებშიც ადამიანს მაქსიმალურად ვენდობი და მისგანაც იმავეს მოვითხოვ.
– პირად ურთიერთობებში მშვილდოსნები ძალიან რომანტიკულები, ყურადღებიანი, მოსიყვარულეები არიან. მათთან არ მოიწყენ, მაგრამ ოჯახის შექმნას ძალიან დიდხანს გაურბიან და მაინცდამაინც ერთგულებაც არ ახასიათებთ, პარალელური ურთიერთობებიც სჩვევიათ.
– აქვე გეტყვი, რომ რომანტიკული ნაკლებად ვარ. ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით ვეთანხმები, ამის ცოცხალი მაგალითი ვარ (იცინის). რაც შეეხება ერთგულებას, პირიქით, ჩემს ყველა ურთიერთობაში ძალიან ერთგული ვიყავი. როგორც კი თვალი ან გონება სხვა მხარეს გამექცეოდა, ამასაც ყოველთვის პირდაპირ ვამბობდი და თუ ურთიერთობა დასასრულებელი იყო, სრულდებოდა. პარალელურად ორი და სამი ურთიერთობა გამორიცხულია. პატარა ასაკში არასერიოზულ ურთიერთობებს არ ვთვლი, როცა ჯერ არ იცი, რა გინდა. ზრდასრულ ასაკში პარალელური ურთიერთობები და სასიყვარულო სამკუთხედები ჩემი არ არის (იცინის).
– ძალიან პირდაპირი და ზოგჯერ ცოტა ენამკვახეც არის.
– დაღმავალი მორიელში მყავს. როგორც განმიმარტეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ცუდად ვიცი სიმართლის თქმა. შეგიძლია, ენით გააპო ქვა და რკინაო, მითხრეს და მირჩიეს, მაქსიმალურად უნდა ეცადო, ეს თვისება დაივიწყოო, მაგრამ გონებას და ენას ყოველთვის ვერ უბრძანებ და ზოგჯერ გამექცევა (იცინის).
– რა თვისებები მოგწონს საკუთარ თავში და რას გამოასწორებდი?
– სიფიცხეს გამოვასწორებდი. სიჯიუტეც მისი მეგობარი თვისებაა და მასზეც ვიტყოდი უარს. ჯობია, რაციონალური იყო ყველა სიტუაციაში, ვიდრე წამიერ ემოციებს აჰყვე, რაც მე მახასიათებს. შეიძლება, მომენტებში ცოტა სიზარმაცეც მახასიათებს და ამასაც ამოვიღებდი ჩემი ხასიათიდან. ძალიან მომწონს პირდაპირობა. შეიძლება, რაღაცები დამიკარგავს ამის გამო და გარკვეულ სიტუაციებში დავზარალებულვარ კიდეც, მაგრამ ასე კომფორტულად ვგრძნობ თავს. არ მინდა, ტყუილში ვიცხოვრო ან ვერ ვთქვა ის, რასაც კონკრეტულ მომენტში ვფიქრობ. ოპტიმისტი რომ ვარ, ესეც ძალიან მომწონს.
ჩემს თვისებებს ცოტა რომანტიკულობას შევმატებდი (იცინის). მგონი, მხოლოდ მე მეზიზღება სიურპრიზები. ყველაზე არარომანტიკული ადამიანი ვარ და ეს დაგეგმილი სიურპრიზები სტრესს იწვევს ჩემში. ჩემს თავს რომანტიზმს შევმატებდი იმ მხრივ, რომ კარგი იქნებოდა, რაღაცებისთვის უფრო მსუბუქად და სხვა ფერებში შემეხედა, ანუ რეალობა რომ უფრო მსუბუქად და სასიამოვნოდ მივიღო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან