ნია წივწივაძე: თუ ადამიანი სათანადოდ არ მაფასებს, ოჯახის წევრის რომ იყოს დისტანციას დავიჭერ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 11.02

მოდელ ნია წივწივაძეს საკუთარი ზოდიაქოს შესახებ ვესაუბრეთ. და ამ ინტერვიუდან გავიგებთ, არის თუ არა ის ქალწულის ტიპური წარმომადგენელი.
ნია წივწივაძე: დაბადების დღე პირველ სექტემბერს მაქვს, შესაბამისად, ზოდიაქოთი ქალწული ვარ. ასტროლოგიის მჯერა, მაგრამ ყოველდღიურ პროგნოზებს არ ვკითხულობ. ჩემი ზოდიაქოს თვისებების შესახებ რაც წამიკითხავს, ძალიან ჯდება ჩემს ხასიათში.
– ქალწულს ძალიან უყვარს წესრიგი. მასზე მეტად პედანტ ადამიანს დედამიწის ზურგზე ვერ შეხვდებთ...
– კი, წესრიგი ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს მარტო ოთახს ან სახლს არ ეხება, საქმის მიმართაც ძალიან მოწესრიგებული ვარ. მიყვარს, როცა ყველაფერს წინასწარ ვგეგმავ, სადმე რომ მივდივარ, წინასწარ ვიწერ ტელეფონში, რისი წაღებაც მჭირდება. ამით არავის ვაწუხებ, არც მე ვწუხდები, პირიქით, მსიამოვნებს. მიყვარს, როცა ყველაფრისთვის წინასწარ განვსაზღვრავ დროს. წლის ბოლოს ყოველთვის ვიწერ, რა მინდა, შემდეგ წელს გავაკეთო. სადმე წასვლა თუ მინდა, შესაბამის პერიოდსაც წინასწარ ვგეგმავ. ასევე, არ მიყვარს დაგვიანება.
– ურთიერთობებშიც ძალიან მოწესრიგებული და მაქსიმალისტია და სხვებისგანაც ანალოგიურს ითხოვს.
– კი, მართლა ასეთი ვარ. თუ რამეს ვსწავლობ, აქაც მაქსიმალისტი ვარ – აუცილებლად კარგად უნდა ვისწავლო და დავრწმუნდე, რომ ვიცი. ურთიერთობაშიც ბევრს ვდებ და რასაც გავცემ, მეგობრის თუ ქმრის მიმართ, მინიმუმ, იმის ნახევარს მაინც ველი მისგან.
– რადგან ბევრს ითხოვს საკუთარი თავისგან თუ სხვისგან, შესაძლოა, სხვა მისი კრიტიკის ობიექტიც გახდეს.
– იყო ასე, მაგრამ ვისწავლე ჩემი თავის დარწმუნება იმაში, რომ ყველა ერთნაირი არ არის. შენ რომ ასე იქცევი, ეს არ ნიშნავს, რომ ასიდან ასი იმავეს გააკეთებს. ადრე ძალიან მეშლებოდა ნერვები, ელემენტარული რომ ავიღოთ, ვიღაც ორი-სამი საათით რომ აგვიანებდა სადმე. მე თუ შევძელი დანიშნულების ადგილას დროულად მისვლა, სხვას რატომ არ უნდა შეეძლოს-მეთქი, ვფიქრობდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ყველას ერთნაირად არ გვაქვს დროის შეგრძნება, ზოგს საერთოდ არ აქვს და ამას ძალით არ აკეთებს. დროთა განმავლობაში ჩემს თავს ვასწავლე, რომ არ არსებობს სრულყოფილი ადამიანი, შესაბამისად, მსგავს მომენტებზე აღარც ვბრაზდები.
– რადგან დარდს არ გამოხატავს, არ ნიშნავს, რომ სიმშვიდის შესანარჩუნებლად შინაგანი ბრძოლა არ უწევს.
– კი, მართალია. ჩემი დარდის გამოხატვა არ მიყვარს, მით უმეტეს, ბევრი ადამიანის წინაშე. არ მომწონს, როცა ჩემს ემოციებს სხვები ხედავენ. თუმცა, შინაგანად, ალბათ, მე ორმაგად განვიცდი. გამოხატვის დროს ემოციებისგან იცლები და ეს გეხმარება. მე მარტო ყოფნა მირჩევნია. შეიძლება, რამდენიმე საათი ემოციების ზემოქმედების ქვეშ ვიყო, მაგრამ მერე ისევ დავუბრუნდები ძველებურ ხასიათს. საერთოდ არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ალბათ, ამიტომაც არ გამოვხატავ ემოციებს ღიად.
– არასდროს გაჩერდება იქ, სადაც მისი ფასი არ იციან.
– კი ბატონო. თუ ვიგრძენი, რომ ადამიანი სათანადოდ არ მაფასებს, ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც ოჯახის წევრი, ყოველთვის დავიჭერ დისტანციას და კარგი სალმით შემოვიფარგლები.
– არასდროს აქვს სხვისი იმედი, ყველაფერს საკუთარი შრომით აღწევს.
– ჩემს ცხოვრებაში არსებობენ ადამიანები, ვისი იმედიც მაქვს, თუნდაც, რჩევის სახით. ზოგადად, დღევანდელი ცხოვრება ისეთია, ყველაზე მეტად შენი თავის უნდა გჯეროდეს. თუ ასე არ არის, გარშემო ვინც არ უნდა გყავდეს, ვერავინ დაგეხმარება, რამეს მიაღწიო. შეიძლება, მეუღლე, დედა და ასე შემდეგ, გვერდში დამიდგნენ, მაგრამ მე თუ არ მოვინდომე და გავაკეთე რამე, ვერ მივაღწევ იმას, რაც მინდა.
– ადამიანების ცნობა ძალიან კარგად შეუძლიათ.
– ჩემი მეუღლე რომ გვისმენდეს, იტყოდა, რომ მართლა ასეა. ძალიან ხშირად გამიფრთხილებია და გარკვეული პერიოდი რომ გასულა, მერე დარწმუნებულა, რომ მართალი ვიყავი. ამის გამო არაერთხელ გაჰკვირვებია. ჩემთვის ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს ადამიანების ქცევები და თითოეული სიტყვა. ბევრ რამეს ვაკვირდები, მაგრამ მიმაჩნია, რომ ზოგჯერ არ არის კარგი ასეთი დაკვირვება. ჯობს მიუშვა და რაც იქნება, იქნება, მაგრამ რადგან არ ვცდილობ, რომ ყველასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდეს, ჩემდაუნებურად ვაკვირდები და მეუღლისთვისაც ხშირად მითქვამს, ეს ადამიანი შესაძლოა, ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორიც გგონია-მეთქი და არაერთხელ გამართლებულა ჩემი სიტყვები. არიან ადამიანები, რომლებსაც ყველა კარგი, ყველა მეგობარი ჰგონიათ, მე ამ კუთხით არავის ვუყურებ. მით უმეტეს, ასაკი რომ გემატება, ბევრ რამეს უფრო სხვანაირად ხედავ.
– ქალწულები გრძნობებს საგულდაგულოდ მალავენ, მხოლოდ ერთეულებს უშლიან გულს.
– კი, ასეა. არც ვფიქრობ, რომ საჭიროა, ყველას ყველაფერი გაუზიარო. არ იცი, ხვალ ვისთან რა ურთიერთობა გექნება და არ ღირს ყველასთან ყველაფერზე საუბარი. საერთოდ, თუ ძალიან გულწრფელად არ ვგრძნობ რამეს, ისე ვერ ვიტყვი. მაგალითად, ვერ მივწერ ადამიანს მომენატრეო, თუ მართლა ასე არ არის. აი, არ შემიძლია, ხელს ვერ ავწევ ამ ტექსტის ასაკრებად. ან თუ ვინმეს ნახვა გულით არ მინდა, ვერ ვეტყვი, სადმე გავიდეთ-მეთქი. არადა, შეიძლება, ეს რამეში საჭიროც იყოს. შეიძლება ძალიან ცუდი თვისებაა ჩემი კარიერისთვის და ასე შემდეგ, ხანდახან საჭიროა, მაგრამ არ შემიძლია ასე მოქცევა (იცინის).
– სიტყვამოსწრებულიცაა და როცა საჭიროა, საკმაოდ მწარე ენაც აქვს. ასეა?
– კი, ვეთანხმები (იცინის). თუმცა, ეს ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანებს ეხებათ. უცხოს არასდროს ვეტყვი რამეს მწარედ. საერთოდ, მიმაჩნია, რომ სჯობს ახლობელ ადამიანს სიმართლე პირდაპირ უთხრა, ვიდრე არასწორ რამეში დაარწმუნო, რაც შეიძლება, მისთვის საზიანო აღმოჩნდეს. პირადად მეც მირჩევნია, მწარე სიმართლე პირდაპირ მითხრან, ვიდრე დამიმალონ და არასწორად ვიფიქრო.
– ისეთ დეტალებს აქცევს ყურადღებას, სხვას რომ აზრადაც არ მოუვა.
– კი, კი. მაგალითად, სახლში ოთახი მოვაწყვე. შეიძლება, თვალში ისეთი დეტალი მომხვდეს ცუდად, სხვა რომ საერთოდ ვერ ამჩნევდეს. ან ფოტოს რომ გადავიღებ, ისეთი დეტალის გამო დავიწუნო, სხვა რომ არასდროს გაამახვილებს ყურადღებას. ბოლო პერიოდში ვცდილობ, დეტალებს ძალიან არ ჩავეძიო. მართლა ძალიან რთულია ამდენ დეტალზე კონცენტრირება ითრგუნები, სიამოვნებას ვეღარ იღებ. ვცდილობ, ეს თვისება შევცვალო. ასეა, დროთა განმავლობაში ცუდ თვისებებს ვებრძვი, როგორც შემიძლია (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან